ვარსკვლავი VS ვარსკვლავი: ზლატანი ლიონელის წინააღმდეგ [VIDEO]

AutoSharing Option
სტოკჰოლმში საკმაოდ საინტერესო ამხანაგური მატჩი შედგა. ერთმანეთს შვედეთის და არგენტინის ეროვნული ნაკრები გუნდები დაუპირისპირდნენ.

მატჩი სტუმართა გამარჯვებით, 3:2 დასრულდა (იხილეთ ვრცლად).

მიუხედავად იმისა, რომ ორივე ნაკრებში უამრავი ვარსკვლავია, ეს დაპირისპირება ინტერესს, პირველ რიგში, ზლატან იბრაჰიმოვიჩის და ლიონელ მესის ფაქტორის გამო იწვევდა.

ფიფას ოფიციალურმა საიტმა ამ ორი ფეხბურთელის შედარება გადაწყვიტა და ეს ციფრების დახმარებით გააკეთა...

VideoSportall.Ge
შვედეთი - არგენტინა 2:3


სიმაღლე
იბრაჰიმოვიჩი: 1.95 მეტრი
მესი: 1.69 მეტრი


11 წლის ასაკში "პულგას" ზრდის ჰორმონის დეფიციტის დიაგნოზი დაუსვეს. მიუხედავად იმისა, რომ "რივერ პლეიტი"
ნიჭიერი ფეხბურთელით დაინტერესებული იყო, "მილიონერებმა" მკურნალობის ხარჯების გაღებაზე უარი თქვეს. სამაგიეროდ, უარი არ თქვა "ბარსელონამ".

დანარჩენი კი უკვე ისტორიაა. იბრაჰიმოვიჩმა, რომელიც მესიზე 26 სანტიმეტრით მაღალია, ცოტა ხნის წინ იხუმრა:

"შესაძლოა, მესის ოთხი "ოქროს ბურთი" აქვს, სამაგიეროდ, მე სკამზე დადგომა არ მჭირდება იმისთვის, რომ აპარატიდან შოკოლადი ვიყიდო".

ქვეყნები, რომელთა ღირსების დაცვაც შეეძლოთ
იბრაჰიმოვიჩი: 3
მესი: 2


იბრაჰიმოვიჩი შვედეთში დაიბადა. მამა ბოსნიელი ჰყავს, დედა ხორვატი. მას სამივე ამ ქვეყნის ნაკრებში შეეძლო თამაში, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი შვედეთის სასარგებლოდ გააკეთა.

მესი 2004 წელს ესპანეთის 20-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს, მაგრამ მან შეთავაზება უარყო და არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრებში გაემგზავრა.

საერთაშორისო გოლები:
იბრაჰიმოვიჩი: 39 გოლი 85 თამაშში
მესი: 31 გოლი 76 თამაშში

იბრაჰიმოვიჩი, რომელსაც საშუალოდ ერთ შეხვედრაში 0.46 გოლი გააქვს, შვედეთის ნაკრების ყველა დროის ბომბარდირებში მესამე ადგილზეა. მასზე წინ მხოლოდ სვენ რიდელი (49 გოლი) და გუნარ ნორდალი (43 გოლი) არიან.

მესი არგენტინის ნაკრების ყველა დროის მეოთხე საუკეთესო ბომბარდირია. პირველზე გაბრიელ ბატისტუტაა (56 გოლი), მეორე ადგილს ერნან კრესპო იკავებს (35 გოლი), მესამეზე კი დიეგო მარადონა გახლავთ (34 გოლი).

არგენტინელმა 2012 წელს, ნაკრებში ჩატარებულ 9 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა, მაგრამ მიუხედავად ამისა, საშუალო შედეგიანობით იბრას ოდნავ ჩამორჩება (0.41).

გოლები მსოფლიოს ჩემპიონატზე:
იბრაჰიმოვიჩი: 0 გოლი 5 თამაშში
მესი: 1 გოლი 8 თამაშში


მესის დებიუტი 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე შედგა, როდესაც 18 წლის ფეხბურთელი ცვლილებაზე გამოვიდა და პირველივე შეხვედრაში გოლი გაიტანა. არგენტინამ იმ დღეს სერბეთის და ჩერნოგორიის ნაკრებს 6:0 მოუგო.

ამის შემდეგ მესი მოედანზე კიდევ ორჯერ გავიდა, მაგრამ გოლის გატანა ვერ შეძლო. ყველას გასაკვირად, მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო მუნდიალზე მესიმ არგენტინის ნაკრების ხუთივე შეხვედრაში ითამაშა, "პულგამ" ვერცერთი გოლი ვერ გაიტანა.

ტრანსფერებში გადახდილი თანხის ჯამი
იბრაჰიმოვიჩი: 171.1 მილიონი ევრო
მესი: 0

მესი "ბარსელონაში" თინეიჯერობამდე ჩაირიცხა და გუნდის დატოვებასთან ახლოს არასდროს ყოფილა.

"მალმიოდან" ამსტერდამის "აიაქსში" გადასვლის შემდეგ (ჰოლანდიელებმა 80 მილიონი შვედური კრონა გადაიხადეს) იბრამ ბევრი კლუბი მოიარა. შვედმა შემდეგ კლუბებში ითამაშა: "იუვენტუსი" (16 მილიონი ევრო), "ინტერი" (24.8 მილიონი ევრო), "ბარსელონა" (69 მილიონი ევრო), "მილანი" (24 მილიონი ევრო) და "პარი სენ ჟერმენი" (20 მილიონი ევრო).

საჩემპიონო ტიტულები
იბრაჰიმოვიჩი: 7
მესი: 5


იბრაჰიმოვიჩი ორჯერ ჰოლანდიის ჩემპიონი გახდა ("აიაქსთან" ერთად), შემდეგ კი იტალიაში გადაბარგდა, სადაც "იუვესთან" ერთად ორი სკუდეტო მოიგო. შემდეგ იყო მილანის "ინტერი", სადაც სამივე სეზონში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ამას მოჰყვა სეზონი და ჩემპიონობა "ბარსელონაში", შემდეგ კი ტრანსფერი "მილანში", სადაც გატარებული ორი წლიდან პირველში შვედმა კვლავ მოიგო სკუდეტო.

მესიმ ესპანეთის ჩემპიონის ტიტული 2005, 2006, 2009, 2010 და 2011 წლებში მოიპოვა.

ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული
იბრაჰიმოვიჩი: 2
მესი: 2


იბრაჰიმოვიჩმა 2008/09 წლების სეზონში 25 გოლი გაიტანა და გუნარ ნორდალის შემდეგ სერია "ა"-ს პირველი შვედი ბომბარდირი გახდა. "კაპოკანონიერის" წოდება იბრამ მეორედ "მილანთან" ერთად, 2012 წელს მოიპოვა, როდესაც 28 გოლი გაიტანა.

მესი ზედიზედ ოთხჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი, ლა ლიგაში კი ეს ტიტული სულ ორჯერ მოიგო (2009/10 და 2011/12 წლების სეზონში).

გოლები 2012/13 წლების სეზონში (მხოლოდ კლუბში)
იბრაჰიმოვიჩი: 22 გოლი 26 თამაშში
მესი: 45 გოლი 34 თამაშში


იბრას საოცარი შედეგი აქვს (ლიგა 1-ში 20 გოლი 20 თამაშიდან), მაგრამ მესისთან შედარებით მისი მაჩვენებელი ფერმკრთალდება.

25 წლის ფორვარდმა, ესპანეთის ჩემპიონატის 22 შეხვედრაში 34 გოლი გაიტანა (საშუალოდ 1.55). თუ ასე გააგრძელა, მესი წინა სეზონში დამყარებულ რეკორდს (50 გოლი ერთ ჩემპიონატში) დაამხობს.

გარდა ამისა, მესიმ ჩემპიონთა ლიგის 6 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და ახლა ამ ტურნირზე 56 გოლი აქვს გატანილი.

მაისურის ნომერი
იბრაჰიმოვიჩი: 10, ნაკრებშიც და კლუბშიც
მესი: 10, ნაკრებშიც და კლუბშიც


იბრაჰიმოვიჩი "მალმიოში", "აიაქსსა" და "იუვენტუსში" მე-9 ნომრით თამაშობდა. "ინტერში" 8-ნომრიანი მაისური ემოსა, "ბარსელონაში" ისევ 9, "მილანში" კი უკვე მე-11 ნომერი იყო.

2002 წლის მუნდიალზე შვედეთის ნაკრების განაცხადში 21-ე ნომრით ეწერა, მაგრამ მომდევნო წლიდან ნაკრებში მუდამ 10-ნომრიანი მაისურით თამაშობს.

მესი "ბარსელონაში" 30-ნომრიანი მაისურით გამოჩნდა, შემდეგ მე-19 ნომერი იყო, ხოლო 2008/09 წლების სეზონის დაწყების წინ, როდესაც გუნდიდან რონალდინიო წავიდა, მესი "ბარსას" 10-იანი გახდა.

2005 წელს, 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, მესის მე-18 ნომერი მიანიჭეს, არგენტინის ნაკრების 10-იანი კი პატრისიო პერესი იყო, რომელიც ახლა "ბოკა უნიდოსში", არგენტინის ჩემპიონატის მეორე დივიზიონში თამაშობს. მიუხედავად ამისა, მესი იმ ტურნირის გამარჯვებული, საუკეთესო ფეხბურთელი და საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ეროვნულ ნაკრებში, როსარიოში დაბადებულ ფეხბურთელს, სხვადასხვა ნომრის მაისური ემოსა (7, 15, 18, 19), მაგრამ 2008 წლიდან მოყოლებული, მუდამ 10 ნომრით თამაშობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
[შვედეთი-არგენტინის წინ] ზლატან იბრაჰიმოვიჩი: მესი ინდივიდუალურად ყველაზე მაგარია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული