100 – ოთხშაბათს მსოფლიოს მასშტაბით უამრავი საერთაშორისო მატჩი გაიმართა. ეს დღე რამდენიმე ფეხბურთელისთვის მართლაც გამორჩეული იყო, რადგან მათ საკუთარი ქვეყნის ღირსება მეასედ დაიცვეს. ესპანეთის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი კარლეს პუიოლი და ინგლისის ნაკრების მარცხენა მცველი ეშლი კოული 100-იანთა კლუბის წევრები გახდნენ. ორივე ეს მოთამაშე საკუთარი ნაკრების ისტორიაში მეშვიდე
ინგლისისა და ესპანეთისგან განსხვავებით, ხორვატიის ნაკრებმა მოედანზე ასეთი ერთბაშად სამი ფეხბურთელი გამოიყვანა. კორეის ნაკრებთან გამართული მატჩი სტიპე პლეტიკოშასთვის, დარიო სრნასთვის და იოსიპ შიმუნიჩისთვის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული მეასე მატჩი გამოდგა.
19 – წელია, ნიგერიას აფრიკის თასი არ მოუგია. ამ სერიის დასრულებას ნიგერიელები კვირას ეცდებიან, როდესაც ფინალში სენსაციურად გასულ ბურკინა ფასოს დაუპირისპირდებიან. თითქმის 20 წლის წინ ჯეი ჯეი ოკოჩას, რაშიდ იეკინის და სანდეი ოლისეს ნაკრებმა ტუნისში ზამბია დაამარცხა და აფრიკის თასი უკანასკნელად მოიგო. "სუპერარწივების" ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი სტივენ კეში 1994 წელს ნაკრების წევრი იყო. ნიგერია, რომელიც აფრიკის ყველაზე დასახლებული ქვეყანაა, ფინალში ბოლოს 2000 წელს იყო, მათი მეტოქე ბურკინა ფასო კი აფრიკის ერთა თასის გადამწყვეტ შეხვედრაში პირველად ითამაშებს.
68 – მატჩი ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე. ვისენტე დელ ბოსკე "ფურია როხას" თანარეკორდსმენი გახდა, წამოეწია რა ლადისლაო კუბალას, რომელიც ესპანეთს სათავეში 11 წლის განმავლობაში ედგა. უნგრეთში დაბადებული "ბარსელონას" ლეგენდის ხელმძღვანელობით, ესპანელებმა 31 თამაში მოიგეს, 21 ფრედ დააასრულეს და 16 წააგეს. დელ ბოსკემ "ლა როხას" 57 შეხვედრაში მოუტანა გამარჯვება, 5 მატჩი ფრედ დასრულდა და ესპანელები მხოლოდ 6-ჯერ დამარცხდნენ. საინტერესოა, რომ ლადისლაო კუბალას ბოლო მატჩი (1980 წელს) ასევე უკანასკნელი იყო ფეხბურთელი ვისენტე დელ ბოსკესთვის, თუმცა ნახევარმცველი იმ შეხვედრაში სათადარიგო სკამზე იჯდა.
"კუბალა, ყველაფერთან ერთად, ნამდვილი ჯენტლმენი და კარგი ადამიანი იყო, რაც ეროვნული ნაკრების მწვრთნელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე ის დამამახსოვრდა, როგორც კეთილი ადამიანი, ვისაც ძალიან უყვარდა ფეხბურთი," – განაცხადა კუბალას შესახებ დელ ბოსკემ.
23 – წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც ინგლისმა უკანასკნელად შეძლო ბრაზილიის დამარცხება. 1990 წელს ბრიტანელებმა "სელესაოს" 1:0, გარი ლინეკერის გოლის წყალობით მოუგეს და მას შემდეგ ბრაზილიას 9 შეხვედრის განმავლობაში ვერ ამარცხებდნენ. ეს უიღბლო სერია ოთხშაბათს დასრულდა, როდესაც რუნის და ლამპარდის გოლების წყალობით, ინგლისმა "უემბლიზე" 2:1 მოიგო.
გარდა ამისა, ეს იყო პირველი შემთხვევა 1984 წლის შემდეგ, როდესაც ინგლისმა ბრაზილიას ერთზე მეტი გოლი გაუტანა. მაშინ, "მარაკანაზე" გამართულ შეხვედრაში, ბრიტანელებმა მასპინძლებს 2:0 მოუგეს. ის შეხვედრა ბევრს ჯონ ბარნსის საოცარი გოლის გამო დაამახსოვრდა, როდესაც მაშინ "უოტფორდში" მოთამაშე "ლივერპულის" მომავალმა ლეგენდამ, ბრაზილიელთა კარი ბრწყინვალე დრიბლინგის შემდეგ აიღო.
0.5 – გოლი საშუალოდ ერთ შეხვედრაში – ასეთი შედეგი ყველა ფორვარდისთვის საამაყო იქნებოდა, მით უმეტეს, საამაყოა მცველისთვის... ავსტრალიელმა მცველმა რობი კორნტვეიტმა რუმინეთთან შეხვედრაში ნაკრების რიგებში მესამე გოლი გაიტანა. არადა, ეს მისთვის მხოლოდ მეექვსე მატჩი იყო. საინტერესოა, რომ ლუკას ნილს, კორნტვეიტის პარტნიორს დაცვის ცენტრში, "სოკერუზის" რიგებში ჩატარებულ 89 შეხვედრაში გოლი არ გაუტანია; არადა, ნილი ნაკრებში უკვე 17 წელია, თამაშობს.
27 წლის კორნტვეიტი, რომელიც 6 წლის განმავლობაში "ადელაიდაში" თამაშობდა და ამ გუნდში ჩატარებულ 103 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა, ახლა კორეული კლუბის, "ჩუნამ დრაგონსის" ღირსებას იცავს.
აქვე აუცილებლად უნდა გავიხსენოთ კიდევ ერთი ყოფილი "ადელაიდელი", ფორვარდი კოსტას სალაპასიდისი, რომელმაც 1997 წლის 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მომავალ ჩემპიონ არგენტინას 4 გოლი გაუტანა. არადა, ამავე დროს, საკლუბო კარიერაში ჩატარებულ 51 შეხვედრაში სულ 1 გოლი ჰქონდა გატანილი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
კვირა ციფრებში: პოკერები, ფავორიტთა დაცემა და საოცარი გოლი