აფრიკის თასი: სუპერკვირა სუპერარწივებისთვის

AutoSharing Option
აფრიკის თასზე მესამე ადგილი მალიმ დაიკავა, რომელმაც განას 3:1 მოუგო. ორივე გუნდმა გადახალისებული შემადგენლობით ითამაშა და როგორც გამოჩნდა, მეტი მოტივაცია მალელ ფეხბურთელებს ჰქონდათ.

პირველ ტაიმში "პორტ ელიზაბეტზე” შეკრებილმა 6 000-მა მაყურებელმა მხოლოდ ერთი გოლი იხილა – თავი მამადუ სამასამ გამოიჩინა. მეორე ნახევარში კი მალელთა მხრიდან გოლები კაპიტანმა სეიდუ კეიტამ და ცვლილებაზე გამოსულმა სიგიმარი დიარამ გაიტანეს. კეიტას და დიარას გოლებს შორის კვადვო ასამოას გასროლა იყო – "იუვენტუსის” ნახევარმცველმა 82-ე წუთზე სხვაობა შეამცირა, მაგრამ კვასი აპიას შეგირდებმა ანგარიშის გათანაბრება ვერ მოახერხეს.

განელებს
სხვაობის შემცირება ადრეც შეეძლოთ, კერძოდ, 58-ე წუთზე ვაკასომ 11-მეტრიანი ვერ გამოიყენა. არადა, რომ გაეტანა, ემანუელ ემენიკეს გაასწრებდა და ბომბარდირთა დავაში ერთპიროვნულად გალიდერდებოდა. საინტერესოა, რომ ტურნირზე გატანილი 4 გოლიდან სამი ვაკასო მუბარაქმა პენალტით გაიტანა.

ვაკასოს გაუმართლა, რადგან ემანუელ ემენიკემ ფინალში თამაში ვერ მოახერხა – მოსკოვის "სპარტაკის” ფორვარდმა მატჩის წინ ტრავმა მიიღო. მატჩის წინ ბურკინა ფასოს ნაკრებს დაუბრუნდა ალან ტრაორე, რომელიც ბოლომდე მომჯობინებული არ იყო, მაგრამ უკანასკნელ წამებზე მოედანზე მაინც გამოჩნდა. ასევე, დისკვალიფიკაცია მოუხსნეს გუნდის ერთ-ერთი ლიდერს, ჯონათან პიტროიპას, რომელიც განასთან 1/2-ფინალურ შეხვედრაში გააძევეს.

ბურკინა ფასოს ნაკრები აფრიკის ერთა თასის ფინალში პირველად გავიდა. ამასაც რომ თავი დავანებოთ, პოლ პუტის გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე ეთიოპიასთან მიღწეული გამარჯვებით საკუთარი ნაკრების 15-წლიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა – აფრიკის თასის ფინალურ ეტაპზე ბოლო გამარჯვება ბურკინა ფასოს 1998 წელს ჰქონდა მოპოვებული. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მათი ფინალში გასვლა, რა თქმა უნდა, დიდი სენსაცია იყო, თანაც, გუნდმა პლეი ოფის ეტაპზე ალან ტრაორეს გარეშე ითამაშა.

მატჩის ფავორიტი, მიუხედავად ემენიკეს გამოკლების, ნიგერიის ნაკრები იყო. საბოლოოდ, მოზესმა და კომპანიამ სტატუსი გაამართლეს და 1994 წლის შემდეგ აფრიკის ჩემპიონობა პირველად მოიპოვეს. სხვათა შორის, ნიგერიელთა დამრიგებელი სტივენ კეში 1994 წელს აფრიკის თასის გამარჯვებული ფეხბურთელის რანგში გახდა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი 1/4-ფინალური მატჩის (კოტ დივუართან) გმირმა, სანდეი მბამ მე-40 წუთზე გაიტანა – 24 წლის ფეხბურთელმა ბურთი საჯარიმოს გარეთ მიიღო, ბაკარი კონეს თავზე გადაუგდო და ორი მეტოქის წინააღმდეგობის მიუხედავად, ისე, რომ მიწაზე არ დაუშვია, შორეული კუთხისაკენ გაგზავნა.

მეორე ტაიმში ბურთს უმეტესად ბურკინა ფასოს ნაკრები ფლობდა, ნიგერია კი კონტრშეტევაზე თამაშობდა და რამდენიმე რეალური შანსიც გაანიავა. საბოლოოდ, მატჩი ლოგიკურად, უფრო ძლიერი გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

ნიგერიამ, გარდა იმისა, რომ ისტორიაში აფრიკის თასი მესამედ მოიგო, ზაფხულში ბრაზილიაში გასამართი კონფედერაციის თასის საგზური მოიპოვა.

2013 წლის აფრიკის ერთა თასის საუკეთესო ფეხბურთელად ვიქტორ მოზესი დაასახელეს, საუკეთესო ბომბარდირის ტიტული კი, როგორც მოგახსენეთ, ვაკასო მუბარაქმა და ემანუელ ემენიკემ გაიყვეს.

აფრიკის თასი. სამხრეთ აფრიკა 2013.

მატჩი მესამე ადგილისთვის

მალი-განა 3:1
გოლები: 1:0 სამასა (21), 2:0 ს. კეიტა (48), 2:1 კ. ასამოა (82), 3:1 ს. დიარა (90).
მალი (4-4-1-1): სუმბეილა დიაკიტე – ფ. დიავარა, ა. კულიბალი, ს. კულიბალი, ტამბურა – ო. კულიბალი, მ. ტრაორე, კ. ტრაორე, ს. კეიტა – სამასა (78. ს. დიარა), დიაბატე.
განა (4-4-2): დაუდა – კისი ბოატენგი, ვორსა, ბოიე (46. მენსა), აფული – ავალი, ასანტე, კ. ასამოა, ვაკასო – ატსუ (70. ადომა), ასამოა გიანი (75. კლოტი).
გამოუყენებელი პენალტი: ვაკასო (58. განა).
გაფრთხილება: ტამბურა – ვაკასო, ვორსა, ასანტე.
ბურთის ფლობა: 50-50; კუთხური: 2-6; კარში დარტყმა: 8 (5) – 13 (4); ჯარიმა: 15-14; თამაშგარე: 1-1.

ფინალი

ნიგერია-ბურკინა ფასო 1:0
გოლი: 1:0 მბა (40).
ნიგერია (4-3-3): ენიეამა – ემბროუსი, ობოაბონა, ომერუო, ეჩიეჯილე (67. ოშანივა) – ობი მიკელი, მბა (89. მბა), ონაზი – ბ. იდეიე, მოზესი, ი. უჩე (53. მუსა).
ბურკინა ფასო (4-3-2-1): დ. დიაკიტე – კოფი, ბ. კონე, პოლ კულიბალი (84. დაგანო), პანანდეტიგუირი – რუამბა (65. აბდუ რაზაკ ტრაორე), დ. კონე (89. ა. ტრაორე), კაბორე – ნაკულმა, პიტროიპა – ბანსე.
გაფრთხილება: ონაზი, ომერუო, ობი მიკელი, ოშანივა, ბ. იდეიე – რუამბა.
ბურთის ფლობა: 48-52; კუთხური: 3-6; კარში დარტყმა: 10 (3) – 8 (1); ჯარიმა: 17-11; თამაშგარე: 2-5;

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
აფრიკის თასი: მალის ვერც მამადუ სამასამ უშველა და ვერც... მამადუ სამასამ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული