წლევანდელი ტურნირის საბოლოო შედეგი რადიკალურად განსხვავდებოდა შარშანდელისგან, რომელზეც ნიგერიის ნაკრები საერთოდ ვერ მოხვდა, ფინალისტმა ბურკინა ფასომ კი ჯგუფში სამივე მატჩი წააგო...
ჩემპიონი
ტურნირის დაწყების წინ ნიგერიის ნაკრებს ფავორიტად არავინ მიიჩნევდა. სტივენ კეშის შეგირდებმა ასპარეზობა არც ისე დამაჯერებლად დაიწყეს და ზედიზედ ორი ფრე (ბურკინა ფასოსთან და ზამბიასთან) ითამაშეს, რის შემდეგაც გუნდი, უბრალოდ, შეუჩერებელი გახდა. აფრიკის ყველაზე დიდი მოსახლეობის პატრონი ქვეყნის ნაკრებმა დარჩენილი 4 მატჩი მოიგო, თანაც
ფავორიტები
მოქმედი ჩემპიონი ზამბია ჯგუფში ჩარჩა, რაც 1992 წლის შემდეგ პირველად მოხდა (მაშინ პირველი ეტაპი ალჟირმა ვერ გაიარა), თუმცა ჩისამბა ლუნგუს და კომპანიის გასამართლებლად შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ ზამბიელებთან ჯგუფში ტურნირის ფინალისტები იყვნენ.
2012 წელს ზამბიას მიერ დამარცხებული კოტ დივუარი წელსაც მთავარი ფავორიტი იყო, მაგრამ სპილოს ძვლის სანაპიროს წარმომადგენლებმა გაცემული ავანსები ვარ გაამართლეს და 1/4-ფინალში ნიგერიასთან დამარცხდნენ. ცუდად ითამაშა დიდიე დროგბამ, ვისთვისაც ეს ბოლო აფრიკის თასი იყო. როგორც ჩანს, "ჩელსის" ლეგენდა სანაკრებო კარიერას ტიტულის გარეშე დაასრულებს.
ვერ გაამართლა იმედები განის ნაკრებმაც, რომელმაც მეოთხედფინალში კაბო ვერდეს დამაჯერებლად კი მოუგო (2:0), მაგრამ შემდეგ ბურკინა ფასოსთან დამარცხდა და ზედიზედ მეორედ გავიდა მეოთხე ადგილზე (შარშანაც მალისთან წააგო).
სენსაცია
მთავარი აღმოჩენა, რა თქმა უნდა, ბურკინა ფასოს ნაკრები გახდა, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ბოლო 10 ტურნირიდან ბურკინა ფასო 8-ში მონაწილეობდა, თუმცა ჯგუფიდან მხოლოდ ერთხელ, 1998 წელს, შინ გამართულ ტურნირზე გავიდა.
მოულოდნელი იყო ისიც, რომ პირველად 1992 წლის შემდეგ, მეოთხედფინალში ვერც ერთი ჩრდილოაფრიკული ნაკრები ვერ ვიხილეთ – ალჟირი, მაროკო და ტუნისი ჯგუფში ჩარჩნენ.
სამაგიეროდ, ტურნირი წარმატებული გამოდგა დასავლეთ აფრიკისთვის. პირველად ამ ტურნირის ისტორიაში, ოთხივე ნახევარფინალისტი კონტინენტის ამ რეგიონიდან იყო და გარდა ამისა, მეოთხედფინალში კაბო ვერდეს და ტოგოს ნაკრები გუნდებიც გავიდნენ. სხვათა შორის, ორივე ნაკრებმა ამის გაკეთება პირველად შეძლო.
ვარსკვლავები
ემანუელ ემენიკემ ოთხი გოლი გაიტანა (ოთხივე თამაშიდან) და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ნამდვილი გმირი იყო სანდეი მბა, რომელმაც გამარჯვების მომტანი გოლები კოტ დ'ივუართან (1/4-ფინალში) და ბურკინა ფასოსთან (ფინალში) გაიტანა. კვლავ ბრწყინავდა ვინსენტ ენიეამა, რომელმაც არაერთი რთული ბურთი მოიგერია.
თუმცა ნაკრების ნამდვილი ლიდერები ჯონ ობი მიკელი და ვიქტორ მოზესი იყვნენ – "ჩელსის" ფეხბურთელები მთელი ტურნირის განმავლობაში დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ და საკუთარი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელები იყვნენ.
ბურკინა ფასოს რიგებში გამორჩეული იყო ჯონათან პიტროიპა, რომელიც საბოლოოდ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ჯგუფური ეტაპის პირველ ორ შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა ალან ტრაორემ, მაგრამ "ლორიანის" ფორვარდი მესამე ტურში დაიმტვრა და თამაში მხოლოდ ფინალში, ისიც ტრავმირებულს და მხოლოდ ერთი წუთით მოუწია.
ტურნირის თანაბომბარდირი გახდა ვაკასო მუბარაქი, ვინც ასევე ოთხი გოლი გაიტანა, ოღონდ სამი პენალტით. ახალგაზრდა ტუნისელი იუსუფ მსაკნი კი საუკეთესო გოლის ავტორი გახდა – 22 წლის ფეხბურთელმა პირველი ტურის მატჩის ბოლო წუთზე ალჟირის ნაკრებს მართლაც ულამაზესი გოლი გაუტანა.
მალის ნაკრების ნამდვილი ლიდერი იყო სეიდუ კეიტა, რომელიც თავის მეექვსე აფრიკის თასზე თამაშობდა.
იცოდით თუ არა, რომ...
* ბურკინა ფასოს ნაკრები, რომელსაც წინა 5 ტურნირზე სულ 4 ქულა ჰქონდა მოპოვებული, გახდა ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე ნაკრები, ვისაც ოდესმე აფრიკის თასის ფინალში გაუღწევია (92-ე).
გარდა ამისა, პოლ პუტის შეგირდებმა ფინალურ ეტაპზე გასვლა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ნაკრებთან გამართული შესარჩევი მატჩის მე-6 დამატებულ წუთზე გატანილი გოლის წყალობით შეძლეს.
* სტივენ კეში, რომელიც 1994 წელს ნიგერიის ნაკრების კაპიტანი იყო, გახდა მეორე ადამიანი, ვინც აფრიკის თასი ფეხბურთელის (1994) და მწვრთნელის (2013) ამპლუაში მოიგო. აქამდე ასეთი რამ მხოლოდ ეგვიპტელ მაჰმუდ ელ გოჰარის ჰქონდა გაკეთებული.
ინდივიდუალური პრიზები:
საუკეთესო ფეხბურთელი – ჯონათან პიტროიპა (ბურკინა ფასო).
საუკეთესო ბომბარდირები – ემანუელ ემენიკე (ნიგერია) და ვაკასო მუბარაქი (განა) – 4 გოლი
ფეარ პლეის პრიზი – ვიქტორ მოზესი (ნიგერია)
საუკეთესო გოლი – იუსუფ მსაკნი (ტუნისი) – ალჟირის წინააღმდეგ
სიმბოლური ნაკრები (3-2-3-2):
ენიეამა (ნიგერია) – ბაკარი კონე (ბურკინა ფასო), ნანდო (კაბო ვერდე), ეფე ემბროუსი (ნიგერია) – ჯონ ობი მიკელი (ნიგერია), სეიდუ კეიტა (მალი) – ჯონათან პიტროიპა (ბურკიან ფასო), ვაკასო მუბარაქი (განა), ვიქტორ მოზესი (ნიგერია) – ემანუელ ემენიკე (ნიგერია), ასამოა გიანი (განა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ვიქტორ მოზესი: ვამაყობ, რომ ნიგერიელი ვარ