593 - თამაში სერია "ა"-ში. ხავიერ ძანეტიმ "კიევოსთან" ჩატარებული მატჩის შემდეგ ჯანლუკა პალიუკას გაასწრო და იტალიის ჩემპიონატის ყველა დროის ყველაზე მეტი მატჩის ჩამტარებელ ფეხბურთელთა შორის მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ახლა მის წინ მხოლოდ "მილანის" ლეგენდა პაოლო მალდინია, რომელმაც სერია "ა"-ში 647 მატჩის ჩატარება მოასწრო.
"კიევოსთან" მატჩში გამოირჩა დიეგო მილიტოც, რომელმაც 2013 წელს თავისი პირველი გოლი
108 - გოლი პრემიერლიგაში – "ევერტონთან" 2:0 მოგებულ შეხვედრაში რაიან გიგზმა ანგარიში გახსნა და "იუნაიტედის" რიგებში გატანილი გოლების მიხედვით, პოლ სქოულზი ჩამოიტოვა, რომელსაც 107 გოლი აქვს. გიგზი, "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებიდან მხოლოდ უეინ რუნის (139 გოლი "იუნაიტედში", სულ პრემიერლიგაში - 153) ჩამორჩება.
გოლების რაოდენობაზე გასაოცარი გახლავთ ის, რომ ვეტერანმა უელსელმა გოლის გატანა პრემიერლიგის ყველა, 21-ივე სეზონში მოახერხა. საინტერესოა, რომ გიგზმა 108-ე გოლი იმ გუნდის კარში გაიტანა, ვისთანაც დებიუტი ჰქონდა და ანგარიში მაშინაც ანალოგიური იყო (1991 წლის 2 მარტს, "წითელმა ეშმაკებმა" "ევერტონს" 2:0 მოუგეს).
რაიან გიგზმა გოლი 39-ე დაბადების დღემდე 73 დღით ადრე გაიტანა, მაგრამ პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი გოლის ავტორი მაინც სხვა ფეხბურთელია. უელსელის ყოფილმა თანაგუნდელმა, ტედი შერინგემმა, 2006 წელს "ვესტ ჰემში" თამაშის დროს გოლი 40 წლის და 268 დღის ასაკში გაიტანა.
55 გატანილი და 7 გაშვებული ბურთი – "ბაიერნს" საოცარი ბურთების შეფარდება აქვს. 21 ტურის შემდეგ +48 მიუნხენური კლუბის ახალი რეკორდია. შაბათს იუპ ჰაინკესის გუნდმა "შალკეს" 4:0 მოუგო – ასეთი ანგარიშით მიუნხენელებს გელზენკირხენელებთან 17 წელი არ ჰქონდათ მოგებული. გარდა ამისა, ამ გამარჯვების წყალობით, "ბაიერნმა" 54 ქულა მოაგროვა, რაც 21 ტურის შემდეგ მათივე რეკორდის გამეორებაა.
"რეკორდმაისტერის" მთავარი კონკურენტი დორტმუნდის "ბორუსია" კი ისეთ რეკორდს "წაეთამაშა", რომელიც ჯობდა, ხელუხლებელი დაეტოვებინა. იურგენ კლოპის გუნდმა შინ "ჰამბურგთან" 1:4 წააგო, რაც "ბორუსიასთვის" ამ გუნდთან დაპირისპირებაში განცდილი ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხის გამეორება იყო.
4 - უპასუხო გოლი ბილბაოს "ატლეტიკის" კარში - "ესპანიოლმა" ბასკები გასვლაზე გაანადგურა და ბოლო 68 წლის განმავლობაში სტუმრად ყველაზე დიდი ანგარიშით მოიგო. ამაზე დიდი ანგარიშით კატალონიელებმა მხოლოდ ერთხელ, 1945 წელს "საბადელთან" იმარჯვეს, როდესაც მეტოქეს გასვლაზე 6:0 მოუგეს.
გაილაღა "ესპანიოლის" მეზობელმა "ბარსელონამ", რომელმაც შინ "ხეტაფეს" 6:1 მოუგო. ტიტო ვილანოვას შეგირდებმა 4 ან მეტი გოლი უკვე 11 შეხვედრაში გაიტანეს. "ხეტაფესთან" გოლი ექვსმა სხვადასხვა ფეხბურთელმა გაიტანა. ასეთი რამ კი 1996 წლის შემდეგ პირველად მოხდა.
კვლავ შესანიშნავად თამაშობს ლეო მესი, რომელმაც თავი ლა ლიგის ზედიზედ მე-13 შეხვედრაში გამოიჩინა. არგენტინელმა გოლი მე-13 წუთზე შეაგდო და გაუტანა მეკარეს, რომელიც 13-ნომრიანი მაისურით ასპარეზობს.
2 - ადამიანს აქვს მოგებული აფრიკის თასი ფეხბურთელის და მწვრთნელის რანგში. ამ საინტერესო კლუბის მეორე წევრი ნიგერიის ნაკრების დამრიგებელი სტივენ კეში გახდა, რომელიც 1994 წლის ნაკრების კაპიტანი იყო. კეშიმ ეგვიპტელი მაჰმუდ ელ გოჰარის (1959 და 1998) მიღწევა გაიმეორა.
კვირას მოპოვებული ჩემპიონობა ნიგერიის პირველი დიდი ტიტული იყო 1996 წლის ოლიმპიური ოქროს მოგების შემდეგ. ქვეყნის ისტორიაში მესამე ჩემპიონობა "სუპერარწივებს" სანდეი მბას ერთადერთმა გოლმა მოუტანა. აღსანიშნავია, რომ ბოლო 5 აფრიკის თასის ფინალში, ჯამში მხოლოდ 3 გოლი გავიდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
კვირა ციფრებში: ასიანთა კლუბის წევრები და შეწყვეტილი სერიები