რუსეთი. პრემიერლიგა. II ეტაპის წინათქმა: 5+3 - ქართული ლეგიონის რუსული ფორმულა

AutoSharing Option
2 მატჩით რუსეთის პრემიერლიგა განახლდება: მაისის ბოლომდე გუნდებს 11-11 შეხვედრის ჩატარება მოუწევთ და ამით დასრულდება კიდეც ამ ქვეყნის ისტორიაში პირველი ჩემპიონატი, შემოდგომა-გაზაფხულის სისტემით.

შეგახსენებთ, რომ ამ სეზონამდე, ისე, როგორც სკანდინავიის ქვეყნებსა და ირლანდიაში, რუსეთის ჩემპიონატიც გაზაფხული-შემოდგომის სისტემით ტარდებოდა.

ანუ ყოფილი საბჭოთა კავშირის დროინდელი მოდელი არ შეცვლილა, მაგრამ რუსეთის საფეხბურთო კავშირისა და ამ ქვეყნის პროფესიული ფეხბურთის ლიგის ხელმძღვანელობამ 2010 წელს გადაწყვიტეს, რომ "ევროპულ მოდელზე" გადასულიყვნენ და ამისათვის საჭირო გახდა გარდამავალი ჩემპიონატის ჩატარება, რომლის ხანგრძლივობის ანალოგი მართლაც არ გვახსენდება: წინა სეზონი, რომელიც
სამ წრედ ჩატარდა, 2011 წლის გაზაფხულზე დაიწყო და 2012 წლის ზაფხულში დამთავრდა!

სხვა მხრივ, რუსულ პრემიერლიგაში ბევრი რამ არ შეცვლილა: გუნდების უმრავლესობას სოლიდურზე-სოლიდური ბიუჯეტი გააჩნია და ნებისმიერი უცხოელი ვარსკვლავის გადაბირებაც უკვე ჩვეულებრივი ამბავია.

რუსულ პრემიერლიგაში, ვიდრე ზამთრის პაუზა იყო, არაერთი ხმაურიანი ტრანსფერიც განხორციელდა (ამაზე ოდნავ ქვემოთ) და იგივეს უნდა ველოდოთ ზაფხულშიც.

რაც მთავარია, რუსეთის პრემიერლიგაში კვლავაც ყურადღების ცენტრში იქნებიან ქართველი ფეხბურთელები; თანაც ხუთი ჩვენებურისათვის (ალექსანდრე ამისულაშვილი, ჯანო ანანიძე, ნუკრი რევიშვილი, საბა კვირკველია, გია გრიგალავა) რუსეთის პრემიერლიგა თუ ნაცნობი გარემოა, სამი ქართველი (გიორგი ჭანტურია, მამუკა კობახიძე, აკაკი ხუბუტია) დებიუტის მოლოდინშია.

ჯანო და სხვა ჩვენებურები
20 წლის ჯანო ანანიძემ სეზონი ბასკი სპეციალისტის, უნაი ემერის ხელმძღვანელობით დაიწყო, მაგრამ შემოდგომაზე მოსკოვის "სპარტაკის" მთავარ მწვრთნელად კვლავაც ვალერი კარპინი დააბრუნეს, რომელიც კლუბის გენერალური დირექტორი გახლდათ.

ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელს ტრავმისა თუ ოჯახური ტრაგედიის (მამა გარდაეცვალა) გამო რამდენიმე მატჩი გაუცდა. იმასაც ვერ ვიტყვით, რომ ემერი ხშირად ენდობოდა; თუმცა კარპინის დაბრუნების შემდეგ ჯანო კვლავაც ძირითადის ფეხბურთელი გახდა და იმედი დავიტოვოთ, რომ მეორე ეტაპზეც ასე იქნება.

მით უფრო, რომ კარპინი ყოველთვის აფასებდა ქართველი შემტევის ტალანტს. აქვე დავძენთ, რომ პირველ ეტაპზე ანანიძემ 11 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გუნდი გამოიცვალა ბოლო წლების, ალბათ, ყველაზე სტაბილურმა ქართველმა ლეგიონერმა ალექსანდრე ამისულაშვილმა - 30 წლის მცველი "კრასნოდარიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით "კრილია სოვეტოვში" გადავიდა.

ამისულაშვილს სადაც კი უთამაშია, ყველგან შეუცვლელი ფეხბურთელი გახლდათ და თითქმის 100 პროცენტით შეგვიძლია თქმა, რომ მსგავსი სიტუაცია იქნება ახალ კლუბშიც; მით უფრო, რომ "კრილია სოვეტოვის" ახალი მთავარი მწვრთნელი, გამოცდილი და კვალიფიციური სპეციალისტი გაჯი გაჯიევი ქართველების მიმართ ყოველთვის კეთილგანწყობით გამოირჩეოდა.

ამისულაშვილისგან განსხვავებით, ჯერჯერობით გაურკვეველია ნუკრი რევიშვილის ამბავი - 26 წლის მეკარე კვლავაც "კრასნოდარის" განაცხადშია, მაგრამ არ გაგვიკვირდეს ზაფხულამდე სხვა გუნდში რომ გაანათხოვრონ.

არადა, რევიშვილის დონის მეკარეს სათამაშო პრაქტიკა რომ არ ექნება, მართლაც საცოდაობაა.

კვლავაც ლოკალური ამოცანის გადაჭრა მოუწევს ნიჟნი-ნოვგოროდის "ვოლგას", რომლის შეუცვლელ ფეხბურთელადაც ჩამოყალიბდა გია გრიგალავა. აღსანიშნავია, რომ 23 წლის მცველმა პირველ ეტაპზე ყველა, 19 მატჩი ჩაატარა და 1 გოლიც გაიტანა; თანაც "ვოლგას" იმდროინდელმა თავკაცმა გაჯი გაჯიევმა ამპლუა შეუცვალა: გრიგალავამ სეზონის უმეტესი ნაწილი ცენტრალურ მცველად ჩაატარა.

ნახევარწლიანი პაუზის შემდეგ "რუბინს" დაუბრუნდა 21 წლის საბა კვირკველია, რომელიც ყაზანურ კლუბს პირველი ლიგის "ნეფტეხიმიკში" ჰყავდა განათხოვრებული.

კვირკველიას ჩინებული ფიზიკური მონაცემები აქვს და მასში დიდ პოტენციალს რომ არ ხედავდეს ყაზანელთა გამოცდილი დამრიგებელი ყურბან ბერდიევი, უკან არც დაიბრუნებდა.

კვირკველიას სერიოზული ძალისხმევა დასჭირდება "რუბინის" ძირითადში დასამკვიდრებლად, თუმცა დაცვის ცენტრში ერთი კონკურენტით ნაკლები ეყოლება: იტალიელი სალვატორე ბოკეტი ხომ მოსკოვის "სპარტაკში" გადავიდა.

ამპლუით ასევე ცენტრალური მცველია აკაკი ხუბუტია - 26 წლის ფეხბურთელს რუსეთში სადებიუტო სეზონი ელოდება; თუმცა, ისიც აღვნიშნოთ, რომ მის ახალ გუნდს, სარანსკის "მორდოვიას" უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება.

ასევე არასახარბიელო სატურნირო მდგომარეობა აქვს ვლადიკავკაზის "ალანიასაც", თუმცა ამ ოსური კლუბის ქომაგები ძველ-ახალი მწვრთნელის დაბრუნებით ოპტიმისტურად არიან განწყობილნი: კლუბის პრეზიდენტი ვალერი გაზაევი კვლავაც სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა და "ალანიას" თავკაცის პოსტზე... შვილი შეცვალა!

შეგახსენებთ, რომ არცთუ ისე დიდი ხნის წინათ "ალანიას" სპორტულ დირექტორად ქართული ფეხბურთის ლეგენდა, ვლადიმერ გუცაევი დაინიშნა, გუნდში კი ორი პერსპექტიული ახალგაზრდა, 20 წლის ცენტრალური მცველი მამუკა კობახიძე ("ზესტაფონიდან") და 19 წლის შემტევი გიორგი ჭანტურია ("ვიტესიდან") ჩაირიცხნენ.

განსაკუთრებით დიდ ინტერესს ჭანტურიას თამაში იწვევს - ამ მართლაც ნიჭიერ ფეხბურთელს საკუთარი ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე კონკრეტული მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია...

აშკარა - დასაჯერებელი
ზემოთაც ვთქვით, რომ ბოლო წლებში რუსულ ფეხბურთში განხორციელებული ტრანსფერები უკვე აღარავის უკვირს, ისე, როგორც ავტორიტეტული მწვრთნელების მოყვანა.

ცნობილი იტალიელი სპეციალისტის, ლუჩანო სპალეტის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ზენიტს" ზედიზედ მესამე ჩემპიონობა, ალბათ, გაუჭირდება; სამაგიეროდ, დიდი მოლოდინი აქვთ ცსკა-ს ქომაგებს - ლეონიდ სლუცკის გუნდი რუსეთის ჩემპიონი ბოლოს 2006 წელს გახდა და ამ ტრიუმფის მისაღწევად ბრაზილიური "ფლამენგოდან" 28 წლის ვაგნერ ლავი დაიბრუნეს.

"ზენიტი" და ცსკა ბოლო წლების "მუდმივი" ფავორიტები იყვნენ, თუმცა ახლა მათ "ანჟიც" შეუერთდა: ცნობილი მილიარდერი, სულეიმან ქერიმოვი გუნდის გასაძლიერებლად ასტრონომიულ თანხებს ხარჯავს და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მახაჩყალელები, სულ მცირე, ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებენ.

შეგახსენებთ, რომ "ანჟის" ცნობილი ჰოლანდიელი სპეციალისტი, გუუს ჰიდინკი წვრთნის, ნახევარდაცვაში 27 წლის ლასანა დიარა (საფრანგეთი) თამაშობს, თავდასხმაში კი ცნობილი კამერუნელი გოლეადორი, 31 წლის სამუელ ეტოო.

ამ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში "ანჟიმ" მორიგი ძვირფასი შენაძენი გააკეთა: 35 მილიონ ევროდ დონეცკის "შახტარიდან" მართლაც გამორჩეული ნახევარმცველი, 24 წლის ვილიანი შეიძინა!

ისე, "ანჟიმ" ფეხბურთელების გასხვისებაც სარფიანად იცის: კრისტოფერ სამბა ინგლისურ "ქუინზ პარკ რეინჯერსს" 15 მილიონ ევროდ მიჰყიდა, მის ნაცვლად კი "სევილიიდან" 32 წლის ემირ სპაჰიჩი ინათხოვრა და ეს ექვსთვიანი იჯარა მილიონნახევარი ევრო დაუჯდა.

საკმაოდ სოლიდური ბიუჯეტი აქვს კრასნოდარის ორივე კლუბს: "ყუბანში" ახალი მწვრთნელი მივიდა (ლეონიდ კუჩუკი), "კრასნოდარს" კი კვლავაც სლავოლიუბ მუსლინი ავარჯიშებს და ამ ორივე გუნდმა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში 10 მილიონ ევროზე მეტი დახარჯა.

საინტერესო ტრანსფერები განახორციელა "სპარტაკმაც" - ბოკეტის გადმოყვანა 4,5 მილიონი ევრო თუ დაჯდა, სომხეთის ნაკრების ცენტრფორვარდ იური მოვსისიანში "კრასნოდარს" 8 მილიონი ევრო გადაუხადეს!

"სპარტაკის" კიდევ ერთი ახალწვეულია ხორვატიის ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი ოგნიენ ვუკოევიჩი, რომელიც კიევის "დინამოდან" იჯარით გადმოიყვანეს.

ვილიანის შემდეგ ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი "რუბინმა" განახორციელა: 22 წლის იან მ'ვილას მადრიდის "რეალი" და ლონდონის "არსენალი" ეპატიჟებოდნენ, მაგრამ ფრანგული "რენის" აწ უკვე ყოფილი ლიდერი 12 მილიონ ევროდ ყაზანურ კლუბში გადავიდა!..

რუსეთის პრემიერლიგა. XX ტური
8 მარტი
ვოლგა-ყუბანი 13:30
კრასნოდარი-ამკარი 16:00

9 მარტი
დინამო-ლოკომოტივი 13:30
კრილია სოვეტოვი-ცსკა 16:00
ალანია-როსტოვი 18:30

10 მარტი
სპარტაკი-ტერეკი 13:30
რუბინი-ზენიტი 16:00
მორდოვია-ანჟი 16:30

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჯანო ანანიძის წაყვანა არნემის "ვიტესსა" და პირადად ჟორდანიას სურს!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული