ამერიკელები იურგენ კლინსმანს ბოლო დროს ხშირად აკრიტიკებდნენ - ჩვენს ნაკრებს პროგრესი არ ეტყობა და ხომ არ მოვიდა იმის დრო, რომ დავფიქრდეთ, არის თუ არა 48 წლის გერმანელი აშშ-ის ნაკრებისთვის მართლაც ღირსეული მწვრთნელიო.
სწორედ ამ დროს შეხვდა აშშ გერმანიას ამხანაგურად და თამამად
შეგახსენებთ, რომ კლინსმანი გერმანიის ნაკრებს 2004-დან 2006 წლამდე წვრთნიდა და მაშინ მისი ასისტენტი სწორედ დღეს უკვე 53 წლის ლიოვი გახლდათ და კლინსის წასვლის შემდეგ ბუნდესგუნდი მან ჩაიბარა. იოგისა და იურგენის დუელი პირველად სწორედ ახლა, ვაშინგტონში გამართულ ამხანაგურ მატჩში შედგა.
მეგობრები ერთმანეთს თბილად მიესალმნენ. კლინსმანმა გერმანიის ჰიმნი იმღერა (ისევე, როგორც ბუნდესგუნდის ყველა ფეხბურთელმა, ლუკას პოდოლსკის გარდა), მერე კი მეგობრული განწყობა დამთავრდა და აშშ-ის ნაკრებმა გერმანიას დიდი ბრძოლა გაუმართა, რაც იმის დამსახურებაცაა, რომ ეს აშშ-ის ნაკრებისთვის საიუბილეო მატჩი გახლდათ - აშშ-ის ფეხბურთის ფედერაცია 100 წლის გახდა.
29 გრადუს სიცხეში გერმანელებს სირბილი აშკარად ეზარებოდათ და საქმეს ხეირიანად მხოლოდ მაშინღა მიხედეს, როცა ანგარიში ამერიკელთა სასარგებლოდ უკვე 4:1 იყო.
"ჩვეულ სტილში არ ვირბინეთ და მონდომებაც გვაკლდა, რაც ძალიან ცუდია. გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი ყოველთვის ასი პროცენტით უნდა იხარჯებოდეს", - აღნიშნა მატჩის შემდეგ მიროსლავ კლოზემ, რომელმაც გერდ მიულერის რეკორდი (68 გოლი ბუნდესგუნდის ფორმით) ჯერ ვერ დაამხო.
ალტიდორის გოლი პერ მერტეზაკერის სინდისზეა, რომელსაც მანამდე ანგარიშის გახსნა შეეძლო, მერე კი ამერიკელთა თავდამსხმელს ჯეროვანი ყურადღება ვერ მიაქცია.
ზუსტად სამ წუთში ბუნდესგუნდის სათადარიგო მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა უპატიებელი, სასაცილო და სამარცხვინო შეცდომა დაუშვა, ავტოგოლი გამოუვიდა და ანგარიში 0:2 გახდა.
ტერ შტეგენი და მისი შეცდომები გერმანიის ნაკრებში ცალკე სალაპარაკო თემაა, აქ კი მხოლოდ იმას დავძენთ, რომ გერმანიის ნაკრები მე-16 წუთისთვის 0:2-ს ბოლოს 2006 წლის მარტში აგებდა (გერმანია-იტალია 1:4) და მაშინ ბუნდესმწვრთნელი კლინსმანი გახლდათ...
ვესტერმანის მიერ თავით გატანილ გოლს დემპსიმ დუბლით უპასუხა, რის შემდეგაც მატჩის ბედი ყველას გადაწყვეტილი ეგონა, მაგრამ მაქს კრუზემ და იულიან დრაქსლერმა გერმანიის ნაკრები თამაშში დააბრუნეს, თუმცა გამარჯვება ბოლოს მაინც კლინსის დარჩა.
"ამერიკელები უფრო მონდომებულები იყვნენ. იურგენ კლინსმანის გუნდმა ეს გამარჯვება ნამდვილად დაიმსახურა", - განაცხადა მატჩის შემდეგ ლიოვმა.
"იოგის ბევრი წამყვანი ფეხბურთელი აკლდა და გერმანიის ნაკრები მთელ რიგ მომენტებში ალბათ ამიტომაც დავჯაბნეთ, თუმცა ზოგადად, ძალიან კარგად ვითამაშეთ, რადგან გერმანიის ნაკრების მეორე შემადგენლობაც შესანიშნავია", - ეს კლინსმანის სიტყვებია.
ასეა თუ ისე, ფაქტი ისაა, რომ "ბაიერნისა" და დორტმუნდის "ბორუსიას" ფეხბურთელების გარეშე გერმანიის ნაკრები დიდი ვერაფერი გუნდია.
იხილეთ ვიდეო
ამხანაგური მატჩი
აშშ-გერმანია 4:3
გოლები: 1:0 ალტიდორი (13), 2:0 ტერ შტეგენი (16-საკ. კარში), 2:1 ვესტერმანი (52), 3:1 დემპსი (60), 4:1 დემპსი (64), 4:2 მ. კრუზე (79), 4:3 დრაქსლერი (81)
აშშ (4-2-2-2): ჰოვარდი - ევანსი, გონსალესი, ბესლერი, ბიზლი (56. კასტილიო) - ზუსი (56. ე. ჯონსონი), ჯ. ჯონსი, ბრედლი, ფ. ჯონსონი (46. დევისი) - ალტიდორი (80. ბოიდი), დემპსი.
გერმანია (4-2-3-1): ტერ შტეგენი - ლ. ბენდერი (46. ვესტერმანი), მერტეზაკერი (46. ვოლშაიდი), ჰიოვედესი, იანსენი (46. აოგო) - ს. ბენდერი (46. მ. კრუზე), რაინარტცი - შიურლე (65. სემი), დრაქსლერი, პოდოლსკი - კლოზე (79. ნ. მიულერი).
მაყურებელი: 47 359
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"