თუმცა არაერთი ვეტერანის გახსენება შეიძლება, რომლებიც თავიანთ გუნდებში მოწინავე პოზიციაზე არიან და შვილისტოლა თანაგუნდელებს არათუ არაფერში ჩამოუვარდებიან, ჯობნიან კიდეც. მაშ ასე, "ბაბუების" შესანიშნავი შვიდეული...
როჟერიო სენი
გუნდი: სან პაულო (ბრაზილია)
ამპლუა: მეკარე
ასაკი: 40 წელი
მეკარე-ბომბარდირი, რომელიც "სან პაულოში" 17 წლის ასაკში ჩაირიცხა და დღემდე ამ გუნდის ღირსებას იცავს. მართალია, მიმდინარე სეზონში "სან პაულო" ვერ ბრწყინავს, მაგრამ ამაში სენი ყველაზე ნაკლებად არის დამნაშავე.
ზე რობერტო
გუნდი: გრემიო (ბრაზილია)
ამპლუა: ნახევარმცველი
ასაკი: 39 წელი
ფეხბურთის ევროპელი გულშემატკივრებისთვის ზე რობერტოს ზედმეტი წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება. ბრაზილიელი ნახევარმცველი კვლავაც მოქმედი ფეხბურთელია და "გრემიოს" ერთ-ერთი ლიდერიც გახლავთ. ზე შეუცვლელია შუა ხაზში და "გრემიოს" ბოლოდროინდელ წარმატებებში ლომის წილიც მიუძღვის. ბრაზილიური ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდი მიმდინარე ჩემპიონატში ლიდერთა შორის გახლავთ.
ალესანდრო დელ პიერო
გუნდი: სიდნეი (ავსტრალია)
ამპლუა: თავდამსხმელი
ასაკი: 38 წელი
ლეგენდარული იტალიელი ფორვარდი გასულ სეზონში გუნდის ბომბარდირი გახდა, მთლიანად ავსტრალიის ჩემპიონატში კი საუკეთესო მეგოლეთა შორის მოხვდა. ახალი სეზონიც შესანიშნავად დაიწყო და პირველივე შეხვედრებში გამოიჩინა თავი. "იუვენტუსში" ბოლო დრომდე ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ეჭვი გვაქვს, დღესაც რომ ტურინულ გრანდში ირიცხებოდეს, არავისზე ნაკლები არ იქნებოდა.
რაიან გიგზი
გუნდი: მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლისი)
ამპლუა: ნახევარმცველი
ასაკი: 39 წელი
მართალია, მიმდინარე სეზონში რაიან გიგზი ვერ ბრწყინავს, მაგრამ საუკეთესო ბაბუების რიცხვში მას ნამდვილად გარანტირებული აქვს ადგილი. უელსელმა ვეტერანმა თვით ალექს ფერგიუსონი მოინელა და პრემიერლიგაში სარეკორდო გოლის გასატანად ემზადება. ნოემბერში რაიანი 40 წლის გახდება, მიმდინარე სეზონში კი გუნდის მწვრთნელის სტატუსითაც სარგებლობს.
ჟუნინიო პერნამბუკანო
გუნდი: ვასკო და გამა (ბრაზილია)
ამპლუა: ნახევარმცველი
ასაკი: 38 წელი
მართალია, მიმდინარე სეზონში "ვასკო და გამა" წარუმატებლად ასპარეზობს და გასავარდნ ზონაშია, მაგრამ 38 წლის ჟუნინიო პერნამბუკანო თავის საქმეს შესანიშნავად აკეთებს. მისი საქმე კი ფორვარდების პასებით მომარაგება და რაც მთავარია, საჯარიმო დარტყმით გოლების გატანაა. ჟუნინიოს ჯარიმები უკვე მსოფლიო ფეხბურთის საკუთრებაა, თუმცა ვალმოხდილ ბრაზილიელ დირიჟორს არაფრით სურს ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება.
ხავიერ ძანეტი
გუნდი: ინტერი (იტალია)
ამპლუა: მცველი
ასაკი: 40 წელი
მძიმე ტრავმის გამო მიმდინარე სეზონში ჯერ არ უთამაშია, მაგრამ სარეაბილიტაციო კურსს წარმატებით გადის და გვპირდება, რომ მოედანს აუცილებლად დაუბრუნდება. ადვილი წარმოსადგენია, თუ რა მოხდება ჯუზეპე მეაცას სახელობის სტადიონზე, როდესაც ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოედანს 40 წლის არგენტინელი დაუბრუნდება. "ინტერის" ცოცხალი ლეგენდა უდავოდ იმსახურებს შვიდეულში ყოფნას.
ფრანჩესკო ტოტი
გუნდი: რომა (იტალია)
ამპლუა: თავდამსხმელი
ასაკი: 37 წელი
შესანიშნავ შვიდეულში ყველაზე უმცროსი ფრანჩესკო ტოტია, რომელიც მხოლოდ 37 წლისაა და იგივე ძანეტიმდე მთელი სამი წელი და შესაბამისად, სამი სეზონი უკლია. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტოტი დღემდე ლიდერობს "რომას" და ამ გუნდის საუკეთესო ფეხბურთელია. აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ ფრანჩესკო იტალიის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნდება და მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს. მოვლენათა ასეთი განვითარების შესაძლებლობას კი თვით "სკუადრა აძურას" თავკაცი, ჩეზარე პრანდელი ადასტურებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
დღეს რომ მუნდიალი იწყებოდეს...