მიშელ პლატინი მუნდიალის გადაკეთებას გეგმავს - 40 გუნდი ფინალურ ეტაპზე!

AutoSharing Option
როგორც ამბობენ, 2015 წელს ფიფა-ს პრეზიდენტობაში ზეპ პლატერს უეფა-ს ამჟამინდელი ხელმძღვანელი მიშელ პლატინი შეეცილება. მათ შორის "ღია-ფარული" დაპირისპირება და სიტყვების ომი უკვე დაიწყო.

ცოტა ხნის წინ ბლატერმა თქვა, კარგი იქნებოდა, მსოფლიოს ჩემპიონატებზე ევროპული ნაკრებების რიცხვი შეგვემცირებინა და მათ ხარჯზე მუნდიალზე აფრიკული და აზიური ნაკრებები დაგვემატებინაო. ამ ინიციატივას მალევე გამოეხმაურა პლატინი. ფრანგს ცოტა სხვაგვარი ხედვა აქვს - იგი ფინალურ ეტაპზე 32-ის ნაცვლად 40 გუნდის დაშვების მომხრეა. სავარაუდოდ, ამ შემთხვევაში მასა პლატინის უფრო მიემხრობა, ვიდრე ბლატერს და კონკრეტულად ამ იდეით იგი ბევრის
გულს მოიგებს.

"ჩვენ შეგვეძლება დავამატოთ 2 ნაკრები აფრიკიდან, 2 აზიიდან, 2 ამერიკიდან და ერთიც ევროპიდან"
- განაცხადა პლატინიმ და მერვედ მასპინძელი ქვეყანა მოიაზრა.

როგორც იცით, მუნდიალის ფინალურ ეტაპზე მონაწილე ნაკრებების რაოდენობა დაარსების დღიდან იზრდება. 1930 წელს მსოფლიოს ჩემპიონობისთვის 13 ქვეყანა იბრძოდა, 1934 წელს - უკვე 16, 1982 წელს ესპანეთში 24 ქვეყანა ვიხილეთ, ხოლო 1998 წლიდან მოყოლებული, დასკვნით ეტაპზე 32 ნაკრები გადის.

თუ პლატინიმ თავისი გაიტანა, ისევ 8-ჯგუფიანი მუნდიალი გვექნება, ოღონდ თითოეულ ჯგუფში უკვე არა 4, არამედ 5 ნაკრები მოიყრის თავს. მსოფლიო ჩემპიონატის ხანგრძლივობა კი სამი დღით გაიზრდება. ხმა დაირხა, ეს ყველაფერი შესაძლოა 2018 წელს რუსეთში განხორციელდესო, თუ რასაკვირველია, პლატინი უეფა-დან ფიფა-ს სათავეში გადაინაცვლებს.

"საფეხბურთო ცხოვრებაც იცვლება. ახლა უკვე 209 წევრია ასოციაციაში. ნაკრებები გვემატებიან და შემცირებაზე რატომ ვიფიქროთ? 40-გუნდიანი ჩემპიონატი ცუდი სულაც არ იქნება. სამი დღით იხანგრძლივებ სიამოვნებას და უფრო მეტ ხალხს აბედნიერებ"
- დასძინა პლატინიმ.

ბარემ შეგახსენებთ, რომ ევროპას ამჟამად 13 ქვეყანა გაჰყავს ფინალურ სტადიაზე. აფრიკას - ხუთი, ხოლო აზიას - ოთხი და პლუს ერთი პლეი ოფის საგზურს იღებს. ვინძლო, ნაკრებების დამატებაზე არცერთი კონტინენტი არ იტყვის უარს. ასე რომ, ისღა დაგვრჩენია, არჩევნებს დაველოდოთ. თქვენი არ ვიცი და პირადად მე, პლატინისკენ ვარ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მიშელ პლატინი: შეგვიძლია მსოფლიოს ჩემპიონატი 40-გუნდიანი გავხადოთ
მკითხველის კომენტარები / 1 /
32 ჯობია
მახო
20:18 29-10-2013
0

სიახლეები პოპულარული