ოქროს ბურთის ისტორია: სტენლი მეტიუზიდან კრიშტიანო რონალდომდე

AutoSharing Option
"ოქროს ბურთის" გადაცემის გრანდიოზულმა ცერემონიამ, რომელიც შვეიცარიის ქალაქ ციურიხში 12 იანვარს გაიმართა, BBC-ის სპორტულ გვერდს შთააგონა ერთი საინტერესო საკითხის ანალიზი - როგორ შეიცვალა ფეხბურთი ათწლეულების განმავლობაში.

შედარებისთვის აირჩიეს "ოქროს ბურთის" პირველი მფლობელი სერ სტენლი მეტიუზი და "ოქროს ბურთის" ამჟამინდელი "მეპატრონე" კრიშტიანო რონალდო.

საფეხბურთო სამყაროსთვის ორივე ფეხბურთელი ლეგენდაა. ერთი მათგანი კვირაში 20 გირვანქას გამოიმუშავებდა, მეორე - 300 ათასს. ერთი სიგარეტს უწევდა რეკლამას, მეორე - ქვედა საცვლების საკუთარ ხაზს....
კვება
თევზი მენიუში? რონალდოსთვის, რომელსაც უყვარს საკვები ცილის მაღალი შემცველობით, ეს აუცილებელი ელემენტია. ჩვენს
დროში არ არსებობს არც ერთი მაღალი კლასის ფეხბურთელი, რომელიც არ ითვალისწინებდეს კვების სპეციალისტის აზრს. სწორედ ის წყვეტს - ხომ არ მიიღო ფეხბურთელმა ნახშირწყლების ზედმეტი კალორია, ან იქნებ დღეს D ვიტამინი არასაკმარისად მიიღო.

"რეალს" ჰყავს ასეთი სპეციალისტი, მაგრამ რონალდო ამ საკითხს იქამდეც სერიოზულად უდგებოდა, სანამ კონტრაქტს გააფორმებდა.

როცა კრიშტიანო "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშობდა, მას უკვე ჰყავდა პირადი მზარეული, რომელიც უზრუნველყოფდა სწორ მენიუს. როგორც პორტუგალიის ნაკრების მთავარი მზარეული ამტკიცებს, რონალდოს დიეტა ითვალისწინებს დიდი რაოდენობით თევზს, თან ასორტიმენტი ფართოა - ცილის მაღალი შემცველობით. მიჩნეულია, რომ თევზის ქონი ამ პროდუქტებში ხელს უწყობს პროტეინების ათვისებას, რაც, თავის მხრივ, კუნთის მასას აძლიერებს და ფიზიკურ ამტანობას ზრდის.

შორეულ 50-იან წლებში, როცა ფეხბურთელები ხორცის ღვეზელებით იკვევებობდნენ, ხოლო მატჩის შემდეგ რამდენიმე კათხა ლუდს სვამდნენ, მეტიუზი ნოვატორად მოსჩანდა.

მისი ერთ-ერთი თანაგუნდელი იხსენებდა, რომ მეტიუზი მხოლოდ სტაფილოს წვენს სვამდა. და იმ დროს, ეს ძალიან უჩვეულო იყო. სერ სტენლის ქალიშვილი ჯოანი ამბობს: "ყოველდღე ის ერთი და იგივეს მიირთმევდა. სადილზე სტაფილოს წვენი და ვახშამზე სტეიკი სალათით. ორშაბათობით შეეძლო საერთოდ არაფერი ეჭამა. სტენლი ამბობდა, რომ შიმშილი საშუალებას აძლევს უფრო კარგად იგრძნობს საკუთარი თავი".

მეტიუზს უყვარდა ცხოვრების ჯანსაღი წესი. ორშაბათობით ის რეგულარულად სტუმრობდა თურქულ აბანოს.
ვარჯიშები
სერ სტენლი მეტიუზი ასეთივე პედანტი იყო ვარჯიშების საკითხში. მამამისი მოკრივე გახლდათ და სწორედ მან ჩაუდო ვაჟს რეგულარული ვარჯიშების ჩვევა.

"შესაძლოა, მან რაღაც დაინახა ჩემში და ყურადღებით ადევნებდა თვალს ჩემს ფიზიკურ მომზადებას", - განაცხადა მეტიუზმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

როცა ის "ბლეკპულში" მივიდა, დღევანდელი საზომითაც მეტად ხისტი და რთული დღის განრიგი ჰქონდა. მეტიუზი ექვს საათზე იღვიძებდა, კვირაში სამჯერ ვარჯიშების შემდეგ პლაჟზე მიდიოდა და დაახლოებით 15 კილომეტრს დარბოდა.

აქ არსებობს გარკვეული მსგავსება კრიშტიანო რონალდოსთან. როცა პორტუგალიელი ადრეულ ასაკში ნაკრებში მოხვდა, ძალიან მოქნილი და მსუბუქი მოზარდი იყო, რომელსაც იოლად მოაშორებდი ბურთს. მაგრამ ამის შემდეგ მისმა ფიზიკურმა განვითარებამ მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა. მწვრთნელი, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედში" ფიზიკურ მომზადებაზე აგებდა პასუხს, იხსენებს:

"მას გონებაში ჰქონდა გეგმა. თავის თავს ეუბნებოდა, რომ განსაკუთრებული უნდა გამხდარიყო. მისი დღე მკაცრად უნდა ყოფილიყო გაწერილი კვირების, თვეებისა და წლების განმავლობაში. ის ეუბნებოდა საკუთარ თავს, რომ საუკეთესო უნდა გამხდარიყო, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნებოდა".

რონალდო კვირაში ხუთჯერ ვარჯიშობს. მისი ვარჯიშები მიმართულია ამტანობისა და სისწრაფის გაზრდაზე, ძალაზე, ფეთქებად მოძრაობებზე. და ეს დიდი რაოდენობით გუნდური ვარჯიშებისა და ფეხებთან მუშაობის ფონზე.

პორტუგალიის ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი ანტონიო გასპარი ამბობს: "ვფიქრობ, რომ ისეთი სპორტსმენი, როგორიცაა რონალდო, 33 წლამდე იოლად გაძლებს დიდ ფეხბურთში. ნამდვილი სუპერათლეტია. ის უფრო მაღლა დგას, ვიდრე დანარჩენები".

ხელფასი
თანხამ, რომელსაც მეტიუზი გამოიმუშავებდა კარიერის დასაწყისში, ქაღალდის ქარხანაში მომუშავე 14 წლის ბიჭიც კი აატირა.

როცა მან "სტოკში" თამაში დაიწყო, ხელფასი კვირაში 5 გირვანქას შეადგენდა სეზონის დროს და 3 გირვანქას - ზაფხულში. "ბლეკპულში" გამოსვლისას მეტიუზს კვირაში 20 გირვანქა მიჰქონდა შინ.

რა თქმა უნდა, ის ამ ხელფასს უმატებდა შემოსავალს სარეკლამო კონტრაქტებიდან. მათ შორის იყო სიგარეტის რეკლამა, თუმცა თავად არ ეწეოდა. დღევანდელ ხელფასზე თუ გადავითვლით, 20 გირვანქა კვირაში უთანაბრდება თითქმის 700 გირვანქას. ეს ნიშნავს, რომ ერთ წელიწადში მეტიუზი 35 ათას გირვანქას გამოიმუშავებდა. ეს მხოლოდ 10 ათასით მეტია, ვიდრე დღეს ბრიტანეთში საშუალო წლიური ხელფასი.

ეს მხოლოდ წვეთია იმისა, რასაც რონალდო ერთ წუთში (!) გამოიმუშავებს. პორტუგალიელი თავისი ფანტასტიკური ხელფასით კვირაში 380 ათას გირვანქას იღებს. ამასთან, ის სოლიდურ თანხას გამოიმუშავებს ისეთ კომპანიებთან თანამშრომლობით, როგორებიცაა "ნაიკი", "არმანი", "კასტროლი"... ამას ემატება მისი პირადი მარკის თეთრეულისგან შემოსავალი. ასეთი შემოსავალი კი იმას ნიშნავს, კრიშტიანოს სახლი თითქმის 5 მილიონი გირვანქა ღირს, ავტომობილების კოლექცია კი თითქმის 80 მილიონი გირვანქაა.

და ეს იმ დროს, როცა მეტიუზის მოკრძალებული "ფორდ კლასიკი" 745 გირვანქა ღირდა.

მიღწევები
II მსოფლიო ომმა ინგლისის ჩემპიონატი შვიდი წლით შეაჩერა. ასე რომ, შესაძლო რეკორდების ნაწილი მეტიუზმა ვერ დაამყარა. ომამდე ის დაეხმარა "სტოკს" მეორე დივიზიონის მოგებაში, რის შემდეგაც თამაშობდა "ბლეკპულში", რომელიც 1955-56 წლებში მეორე იყო "მანჩესტერ იუნაიტედის" შემდეგ.

ერთადერთი დიდი პრიზი მან 1953 წელს მოიგო, როცა "ბლეკპულმა" გაიმარჯვა ინგლისის თასის ფინალში. ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში იმ მატჩს "მეტიუზის ფინალს" უწოდებენ. ალბათ, ის მატჩი მისთვის ერთ-ერთი ყველაზე ჯადოსნური იყო კარიერაში. თამაშის დასრულებამდე 22 წუთით ადრე "ბლეკპული" 1:3-ს აგებდა.

სწორედ ამ მომენტში ჩაუდგა სათავეში მეტიუზი თამაშის შემობრუნებას. "ბლეკპულმა" დარჩენილ დროში სამი გოლი გაიტანა - სერ სტენლის ანგარიშზე ორი საგოლე პასი იყო.
რაც შეეხება რონალდოს, მის თერთმეტივე ტიტული მაღალი ღირებულება აქვს.

მოგონება
სტენლი მეტიუზზე
სერ ბობი ჩარლტონი: "მას ნებისმიერის მოტყუება შეეძლო. ხანდახან ამის გაკეთებაც არ იყო საჭირო. ისინი საკუთარ თავს ატყუებდნენ, როგორც კი მეტიუზი მოქმედებას იწყებდა. მისი თამაში სენსაცია იყო".

პელე: "მეტიუზმა ყველას გვანახა, როგორ თამაშობენ ფეხბურთს".

ჯანფრანკო ძოლა: "ის მეუბნებოდა, რომ კვირაში 20 გირვანქად თამაშს მიეჩვია. დღეს მისი ფასი მთლიანად ის თანხა იქნება, რაც ინგლისის ბანკში ინახება".

ბობი რობსონი: "მისი სახელი ისეთი ლეგენდების გვერდით დგას, როგორებიც არიან პელე, მარადონა ან კრუიფი".

კრიშტიანო რონალდოზე
ჟოზე მოურინიო: "ის ისეთივეა, როგორც ზინედინ ზიდანი ფრანგებისთვის. რონალდო დაუჯერებელი ფეხბურთელია, გოლებს გატანის მანქანა. და ამას ვერაფერს დავამატებ - ისედაც ყველამ ყველაფერი იცის".

ალექს ფერგიუსონი: "კრიშტიანო რონალდო ყველაზე ნიჭიერია იმათგან, ვისთან ერთადაც მიმუშავია. ის "მანჩესტერ იუნაიტედის" ყველა იმ ვარსკვლავზე მაღლა იდგა, რომლებსაც მე ვწვრთნიდი. ასეთები კი, მერწმუნეთ, ბევრნი იყვნენ".

ჯორჯ ბესტი: "მრავალი წლის განმავლობაში ბევრი იყო ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც ჯორჯ ბესტს ადარებდნენ. მაგრამ, როცა მე მადარებენ რონალდოს, ეს დიდ პატივად მიმაჩნია".

ლუიშ ფიგუ: "როგორც ფეხბურთელს, რონალდოს ყველაფრის გაკეთება შეუძლია. ის ბურთით ისეთ ილეთებს ასრულებს, რომ ხანდახან კეფაზე ხელს ვისვამ და ვფიქრობ: "როგორ აკეთებს ამას?!"

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული