ფიფას პრეზიდენტის არჩევნები: ვინ გახსნის შამპანურს?

AutoSharing Option
საბოლოოდ გაირკვა, თუ ვინ იბრძოლებს ფიფას პრეზიდენტობისთვის. ის, რომ ამ ორგანოს მოქმედ მმართველს, ზეპ ბლატერს კვლავაც, ზედიზედ მეხუთედ სურს პოსტის შენარჩუნება, არახალია.

ახლა კი უკვე დანამდვილებით ვიცით, რომ მას 3 კონკურენტი ეყოლება - იორდანელი პრინცი ალი ბინ ალ ჰუსეინი, პორტუგალიელი ვარსკვლავი ლუიშ ფიგუ და ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი მიშელ ვან პრააგი.

39 წლის ალი ბინ ალ ჰუსეინი იორდანიის და მთლიანად აზიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია. ის, პარალელურად, ფიფას ვიცე-პრეზიდენტადაც გვევლინება. ექსპერტები თვლიან, რომ იგი, ბლატერის გარდა, ყველაზე სერიოზული კანდიდატურაა და გამარჯვების
შანსი აქვს.

ფიგუს მხრიდან განაცხადის შეტანა ცოტა მოულოდნელი იყო და როგორც ხედავთ, ამბიციები აქვს ჰოლანდიური ფეხბურთის თავს, ვან პრააგსაც, მაგრამ მათ ფეხბურთის მმართველი ორგანოს სათავეში მოქცევის ნაკლები შანსი აქვთ. თუმცა ვინ იცის... საარჩევნო კამპანია ჯერ კიდევ წინ არის.

ერთი რამ, რაზეც ყველა თანხმდება, ისაა, რომ ფიფაში უამრავი პრობლემაა და ცვლილებებია საჭირო. სწორედ ამიტომ, მაგალითად, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ უკვე საჯაროდ დააფიქსირა საკუთარი აზრი და აღნიშნა, რომ მხარს პრინც ალის დაუჭერს.

შეგახსენებთ, რომ ფიფაში 209 ასოციაცია შედის და თითოეულ მათგანს ხმის უფლება აქვს. არჩევნები 29 მაისისთვისაა დაგეგმილი.

კანდიდატთა შორის ველოდით ფრანგებს - დავიდ ჟინოლასა და ჟერომ შამპანსაც, მაგრამ... ჟინოლა ცოტა ხნის წინ გააქტიურდა, მას მხარს საბუკმეკერო კანტორა "პედი პოუერი" უმაგრებდა, თუმცა საბოლოოდ პროექტი ჩაიშალა.

ხოლო შამპანმა საჭირო მხარდაჭერა ვერ მოიპოვა იმისთვის, რომ ბრძოლა გაეგრძელებინა და ძალიან გულდაწყვეტილმა კიდევ ერთი მწარე კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, მან დიდი ხნის წინ დაიწყო ხმამაღალი განცხადებების კეთება და ფაქტობრივად, პირველი გახლდათ, ვინც განაცხადა, რომ ბლატერს შეებრძოლებოდა. იგი ფიფას ყოფილი გენერალური მდივანია.

"სხვადასხვა ინსტიტუტითა და მექანიზმით მათ ხელი შემიშალეს და ბრძოლას გამოთიშეს ერთადერთი დამოუკიდებელი კანდიდატი" - აღნიშნა გულდაწყვეტილმა და მხარდაჭერის გარეშე დარჩენილმა 56 წლის შამპანმა.

არც ის დაგვავიწყდეს, რომ ფიფას პრეზიდენტობა სურდა უეფას თავკაცს, მიშელ პლატინისაც და აპირებდა კიდეც არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, მაგრამ რამდენიმე თვის წინ გადაიფიქრა და ეს საქმე მომავლისთვის გადადო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული