სპორტრეტი. ქანდაკება ვარშავაში - თუ მარიო გძულს, ესე იგი, ფეხბურთი არ გესმის, არ გიყვარს...

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ "ლივერპულმა" და "ტოტენჰემმა" ისეთი თამაში გააჩაღეს, ტანში რომ რაღაც გივლის, ჟრუანტელს რომ ეძახიან, ეს იყო... არა აინშტაინი, არამედ ნელი ჟრუანტელი.

ხშირად ბანალურობაც კარგია და სულაც არ არის უადგილო. ჰოდა, ჩვენც გაცვეთილად ვთქვათ - აი, ასეთი მატჩების გამო გვიყვარს ფეხბურთი. უადგილო არც ის ადგილი გახლდათ, სადაც დრამა დაიდგა - თვით "ენფილდი".

დანიელ სტარიჯი კანიდან ამოხტა, ისე ითამაშა; სტივენ ჯერარდმა სცადა, მორიგი პენალტი ისევე აღენიშნა, როგორც ამას იქამდე აკეთებდა, სანამ მისი წასვლა გადაწყდებოდა. მაინც რაღაცნაირი სევდიანი აღნიშვნა იყო, მაგრამ
ჯერარდმა კარგად ითამაშა. ფანებსაც მეტი რა უნდათ, ზოგს თვალები აუცრემლდა, ზოგმა ყელში გაჩხერილი მტკივნეული ბურთები ყლაპა.

თუმცა, პარალელურად, არ ისვენებდა მორცხვი პროვინციელივით წითელლოყება პატარა ბიჭი - ჰარი კეინი მადაზე მოვიდა. ისეთი წესიერიც აღარ არის - ასე იციან, იცვლებიან, თამამდებიან.

ვაი, რომ ხშირად თავხედდებიან კიდეც - კეინიც ზედმეტებში გადავიდა, ოღონდ ჯერჯერობით, კარგი გაგებით. ამბიციებს აკონტროლებს, მაქსიმუმ, თმა ჰქონდეს დაყენებული, კარგად დავარცხნილი, ისიც ძველ ყაიდაზე, ვინმე გამოწკეპილ-გამოპრანჭული კაცის წამხედურობით.

ფაქტია, ცაზე ვარსკვლავებს კი ეთამაშება. ახალ წელს, ცხვრის წელს, ჰარიც ცხვრის ტყავში გადაცმულ მგლად იქცა და მარტო პრემიერლიგაში უკვე იმდენი გოლი დააგროვა, რაც ევროპის წამყვან 5 ჩემპიონატში ლიონელ მესისთან ერთად საუკეთესო შედეგია.

ჰოდა, მესი რა, ვარსკვლავი არ არის? აბა, რა არის.

და მაინც, ენფილდური სანახაობის გმირი სულ სხვა იყო. გაგრძელებული წინასიტყვაობის მერე სცენაზე მთავარი პერსონაჟი გამოვაჩინოთ - მარიო ბარვუა, იგივე მარიო ბალოტელი.

"ლივერპულმა" ბალოტელიში, თანამედროვე ფას(ეულობ)ების მიხედვით, შედარებით ცოტა, მაგრამ მაინც იმდენი გადაიხადა, მთელი მსოფლიოს ხალხთა მიერ ნათამაშები "მარიოს" მონეტებისთვის თავის კაკუნით რომ ვერ შეაგროვებდით. ბალოს კი ერთხელაც არ ჰქონდა პრემიერლიგაში მეტოქის კარზე მიკაკუნებული.

ეს იყო თამაში, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მეომარ "ლივერპულს" აუცილებლად უნდა მოეგო. "კოპის ბიჭები" კბილებს ილესავდნენ. ბრენდან როჯერსი კი ფიქრობდა, რა ექნა, ვინ შეეშვა მინდორზე... მას შეტევაში სიმძლავრე აკლდა.

Sportall.Geსიმძლავრე და სიძლიერე ახლანდელ რეალობაში, სამწუხაროდ, პირდაპირ ფულთან ასოცირდება, მერსისაიდელებს კი სტერლინგი არ ჰყავდათ. ჰოდა, სტერლინგიც ხომ ფულია და მერე როგორი, დედოფლის ფული. რაჰიმი რომ ყოფილიყო, ძირითადშიც მოხვდებოდა.

როჯერსმა იფიქრა და კონკიადქცეული რიკი ლამბერტის გამოშვებას ისევ საყოველთაო და საერთაშორისო "ცუდი ბიჭის", მარიო ბალოტელის გამოყვანა არჩია.

ნაკრიტიკები, გალანძღული, ჩამოწერილი და ტანჯული ბალო მინდორზე 74-ე წუთზე შევიდა. ის მაშინაც სუპერმარიოა, როდესაც ვერ თამაშობს, სისულელეებს ამბობს ან აკეთებს, ასეთები კი ხშირად ხდება და მაშინაც, როდესაც მინდორზე ზარმაცად შემოსული, რამდენიმე წუთში ასეთ თამაშს იგებს.

ის მარიოა მარად და მარად, თანაც სუპერი.

ეს ბალოს პირველი პრემიერლიგური გახლდათ, მე-13 ცდიდან. ვინ იცის, მიმდინარე პრემიერლიგაში "ლივერპულმა" "ტოტენჰემთან" გარდამტეხი გამარჯვება მოიპოვა და სეზონის ბოლოს ეს გადამწყვეტი გამოდგეს.

ბალოს იქამდეც არაფერი გაუკეთებია და შეიძლება, არც ამის მერე გააკეთოს რამე, ვარჯიში დაეზარება ან ვინმეზე გაბრაზებული, უბრალოდ, არ ითამაშებს. თუმცა თუ ბოლოს "ლივერპულმა" ლიგის საგზური მოიპოვა, იცოდეთ, რომ ეს მარიო ბალოტელის დამსახურებაა. არადა, რა გააკეთა?

ამჯერად გაქცევა არ დაეზარა, გაიხსნა, ევასგან შეცდენილი საწმინდეთიდან გამოქცეული ადამ ლალანას პასს დაუხვდა და ცარიელ კარში შეაგდო (იხილეთ ვრცლად).

კი, გეთანხმებით, ლალანამ უფრო მეტი გააკეთა ამ გოლისას. გაიტანა ბალოტელიმ, გმირი ბალოტელია, ასეთია ცხოვრება. ის ყველაზე საჭირო დროს აღმოჩნდა სწორ ადგილას.

რატომ? სხვებსაც ხომ გაუტანიათ გადამწყვეტი გოლებიო, იკითხავს ვინმე, მაგრამ სხვა ლივერპულელები ბალოტელები არ არიან, მარიო ბალოტელია.

ზოგადად, როდესაც ასეთი მატჩის მიწურულს გადამწყვეტი გოლი გაგაქვს, თანაც, მრავალგზის გაკიცხული, განდეგილი და უგოლო ხარ, სულ მინიმუმ, ღიმილით უნდა შეგეტყოს სიხარული და სიამოვნება. ზოგი ზეიმით კისერს იტეხს ან მხარს იგდებს. თუმცა ბალოტელის არ უზეიმია, უბრალოდ, ჩაიძუნძულა, ფეხები დააბაკუნა და დაბღვერილი მზერა ესროლა არემარეს. ვითომ ასეც უნდა იყოს, რა არის განსაკუთრებული იმაში რომ ასეთ დროს და ასეთ ადგილას გამარჯვების გოლი გაგაქვს?

არაფერი, მისთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია - ის ხომ მარიო ბალოტელია. ეს იყო ბრაზიანი რეაქცია გაბუტული ბავშვის, რომელსაც ბევრი უსაყვედურეს.

ბალო შეიძლება არ გიყვარდეს, მაგრამ ყოველთვის სასიამოვნოდ მზაკვრულად გაგეღიმება, როცა ახსენებ ან დაინახავ.

ვერც შეგძულდება. თუ გძულს, ესე იგი, ფეხბურთი არ გესმის, არ გიყვარს. ბალოტელი ფიგურაა, აი, ის ფიგურა, ვარშავაში გერმანიასთან მოგებული ნახევარფინალისას გატანილი ბურთის მერე რომ თავად გამოძერწა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჰაჰა კაი იყო კარგად ვიხალისე :))

"ბალო შეიძლება არ გიყვარდეს, მაგრამ ყოველთვის სასიამოვნოდ მზაკვრულად გაგეღიმება, როცა ახსენებ ან დაინახავ.

ვერც შეგძულდება. თუ გძულს, ესე იგი, ფეხბურთი არ გესმის, არ გიყვარს. ბალოტელი ფიგურაა, აი, ის ფიგურა, ვარშავაში გერმანიასთან მოგებული ნახევარფინალისას გატანილი ბურთის მერე რომ თავად გამოძერწა..." თAვიდან ბოლომდე ვეთანხმები ავტორს :))
SuperMario_45
19:14 24-02-2015
0

სიახლეები პოპულარული