ვფიქრობთ, "დეილი მეილის" მიერ მომზადებული ეს წერილი დაგაინტერესებთ...
2007 წელს კაკა ისეთივე სუპერვარსკვლავი იყო, როგორებიც დღეს კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი არიან. შვიდი წლის შემდეგ "ოქროს ბურთისთვის" მესი და რონალდო იბრძოდნენ, 2007 კი უდავოდ კაკას წელი იყო.
2009 წელს კაკა 56 მილიონ ევროდ გადავიდა მადრიდის "რეალში". ამ
ბრაზილიელი ძალიან მაღალი აზრისაა ჟოზე მოურინიოზე, ვინც მას "სამეფო კლუბში" წვრთნიდა.
"მოურინიო უნიკალური სპეციალისტია. ეს არის მწვრთნელი, რომელსაც გუნდი მუდამ 3 ქულის მოსაპოვებლად გაჰყავს მინდორზე. მას ყველაზე უკეთ შეუძლია მოთამაშის მოტივირება", - თქვა კაკამ.
როგორც წესი, ბრაზილიელ ფეხბურთელებს გრძელი სახელები აქვთ და მათი წარმოთქმა ყოველთვის განსაკუთრებულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. კაკას სრული სახელია რიკარდო იზეკსონ დოს სანტოს ლეიტე, მაგრამ მას ყველა მხოლოდ კაკათი იცნობს. ფეხბურთელმა გარემოცვას ამის თაობაზე ჯერ კიდევ დიდი ხნის წინათ სთხოვა, როცა მის უმცროს ძმას, დიგაოს, "რიკარდოს" წარმოთქმა უჭირდა და "კაკა" უფრო ეხერხებოდა.
თანამედროვე ფეხბურთში ვერ ნახავთ კაკაზე უფრო რელიგიურ ადამიანს. ის ყველა თავის წარმატებას ღმერთს მიაწერს. ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვების შემდეგ ბრაზილიელი ვარსკვლავი კარგა ხნის განმავლობაში უხდიდა მადლობას უფალს.
მას ეცვა მაისურა, წარწერით - "კაკა ეკუთვნის იესოს". თამაში დასრულდა თუ არა, ბრაზილიელმა მუხლი მოიყარა და საგანგებოდ შესწირა ღმერთს მადლობა.
...ერთმანეთს ვხვდებით ფეშენებელურ სასტუმრო "ალფონდ ოტელში", "ორლანდოს" სათამაშო არენის გვერდით. ასეთ ადამიანთან საუბარი ერთი დიდი სიამოვნებაა.
"მე ბიბლიაზე გავიზარდე. დღეს სამყარო სხვანაირად აზროვნებს, თუმცა მე უზომოდ მორწმუნე ადამიანი ვარ და ჩემი მთავარი ღირებულებები აქედან მოდის", - ამბობს ის და იქვე დასძენს: "ყველა კლუბში მყავდა მოძღვარი. ადამიანი, ვინც ზრუნავდა ჩემს სულიერ სამყაროზე".
კაკა სარწმუნოებაში განსაკუთრებით ღრმად ჩაეფლო მას შემდეგ, რაც 18 წლისა ავტოკატასტროფაში მოყვა და კინაღამ საფეხბურთო კარიერა დაასრულა.
"ექიმთან მივედი და მან მითხრა, რომ იღბლიანი ვყოფილვარ, რადგან გადავრჩი. მე მხოლოდ ამის მოსმენა არ მაკმაყოფილებდა მისგან. წამსვე ვკითხე, ფეხბურთის თამაშს თუ შევძლებ-მეთქი? არაო, მითხრა მან, თავი უნდა შეიკავო და იმითიც ბედნიერი იყო, რომ დღეს შენ სიარული შეგიძლიაო.
ბედს არ შევეგუე და ორი თვის შემდეგ უკვე ბურთს ვკენწლავდი", - ამბობს რიკარდო იზეკსონ დოს სანტოს ლეიტე.
დიახაც, მესისა და რონალდოს ეპოქამდე მსოფლიო ფეხბურთში კაკას ხანა იდგა. ბრაზილიელი 48 საათით მსოფლიოს მეორე ფეხბურთელი იყო სატრანსფერო ფასის მიხედვით. მერე კრიშტიანო რონალდო გადავიდა "რეალში" სარეკორდო თანხად, 80 მილიონ ევროდ.
"მე "ოქროს ბურთი" კრიშტიანო რონალდოსა და ლიონელ მესის მოვუგე, რითიც ძალიან ვამაყობ. ახლა ეს ორი მოთამაშე მსოფლიო ფეხბურთის ყველა ჯილდოს ინაწილებს, მაშინ კი პირველი მე ვიყავი, დღემდე ვამაყობ ამით", - აღნიშნა კაკამ.
გემოვნებაზე არ დავობენ - კაკას თურმე რონალდო ურჩევნია მესის. ისევ ბრაზილიელს მოვუსმინოთ:
"უბედნიერესი ადამიანი ვარ, კრიშტიანოსთან ერთად რომ ვითამაშე. ეს დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის და მისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ჩვენ მინდორზე ერთად ყველაფერი დიდებულად გამოგვდიოდა და მოხარული ვარ, რომ დღესაც ვაგრძელებთ მეგობრობას".
როგორ აღმოჩნდა კაკა "ორლანდოში"? ეს ტრანსფერი კლუბის ბრაზილიელი მეპატრონის, ფლავიო აუგუსტო სილვას დამსახურებაა. გარდა ამისა, თავად კაკასაც უნდოდა, მიეღო ახალი გამოწვევა, ეთამაშა ამერიკულ ლიგაში, რომელსაც ვარსკვლავები აწყდებიან.
"ორლანდოს" რიგებში ჩვენს გმირს დიდებული დებიუტი გამოუვიდა - 63 ათასი მაყურებლის თანდასწრებით, მან პირველივე შეხვედრაში გაიტანა გოლი და ისე ზეიმობდა, თითქოს მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოეჩინოს თავი...
ახლა კაკა კარგ ფორმაშია. კაპიტნობს "ორლანდოს" და რატომ არ უნდა იოცნებოს მსოფლიოს 2018 წლის მუნდიალზე, რომელიც რუსეთში გაიმართება?!
"მანამდე სამ წელიწადზე მეტია დარჩენილი. თუ დუნგას დავჭირდები, სიამოვნებით დავიცავ ბრაზილიის ნაკრების ღირსებას. მეც, როგორც ყველა ბრაზილიელი, ვოცნებობ რუსეთში გასამართ მუნდიალზე", - აღნიშნა კაკამ.
კაკას არასოდეს უთამაშია პრემიერლიგაში. არადა, 2009 წელს ის კინაღამ აღმოჩნდა ჯერ "მანჩესტერ სიტიში", მერე კი - "ჩელსიში".
უახლოესი მეგობრები ბრაზილიელს დღესაც ეპატიჟებიან ნისლიან ალბიონზე. ოსკარი, ვილიანი და ფელიპე ლუიში - "ჩელსიში", მესუთ იოზილი კი - "არსენალში".
"ისინი ხშირად მეპატიჟებიან ინგლისში სათამაშოდ. მე ვიცი, რას ნიშნავს ფეხბურთი ამ ქვეყანაში, მაგრამ "ორლანდოში" თავს უბედნიერეს ადამიანად ვგრძნობ", - ასრულებს კაკა.
ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"