ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები დღეს გაიმართება

AutoSharing Option
შვეიცარიის ქალაქ ციურიხში დღეს ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. გამარჯვებულს ფიფას 209 დელეგატი გამოავლენს. არჩევნებში მონაწილეობს მოქმედი პრეზიდენტი ზეპ ბლატერი, რომელიც ფიფას უკვე 17 წელია მართავს. მისი ერთადერთი კონკურენტი საპრეზიდენტო არჩევნებში იორდანიის პრინცი ალი ბინ ჰუსეინია.

არჩევნებს წინ უძღოდა გახმაურებული კორუფციული სკანდალი ფიფაში. ორი დღის წინ, ციურიხში ფიფას მაღალჩინოსნები, მათ შორის, ვიცე-პრეზიდენტები – ჯეფრი ვები და ეუხენიო ფიგერედო დააკავეს.

ფიფას ხელმძღვანელებს ქრთამის აღებასა და კორუფციაში ადანაშაულებენ.

აშშ-ის საგამოძიებო უწყებების ცნობით, მათ 1990-იანი წლების შემდეგ ლათინურ ამერიკაში ფეხბურთის ჩემპიონატებისთვის 100 მილიონი დოლარის
ოდენობის ქრთამი აიღეს. გამოძიება საუბრობს ასევე 2018 და 2022 წლების ჩემპიონატების ჩატარების ადგილის არჩევის დროს ჩადენილ უკანონო ქმედებებზეც. მომდევნო ორი ჩემპიონატის ჩატარების ადგილად საბოლოოდ რუსეთი და ყატარი შეირჩა.

ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელი პირები შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ყოველწლიურ შეხვედრაზე დასასწრებად იყვნენ ჩასულნი.

ზეპ ბლატერის განცხადებით, მას გამოვლენილ კორუფციასთან კავშირი საერთოდ არ აქვს და საპრეზიდენტო არჩევნებში ფავორიტი სწორედ ის არის.

რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნების ფორმატს, გამარჯვებულის გამოსავლენად 209 ხმიდან 2/3-ის აღებაა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მეორე ტური გაიმართება.

ბლატერს ძლიერი მხარდაჭერა აქვს აზიური, ლათინური ამერიკის და აფრიკული ქვეყნებისგან. იორდანიის პრინცს კი მხარდაჭერას უცხადებენ ევროპის ქვეყნები.

ბლატერს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებს საფეხბურთო მაღალჩინოსნების ნაწილი. მათ შორის არის უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული