ფრაზები: ზინედინ ზიდანი, როგორც ქანდაკება და კინომოყვარული ტიერი ანრი

AutoSharing Option
როგორია კარლო ანჩელოტი და როგორ და ვინ დაიყოლია იგი "მილანის" მწვრთნელობაზე? რას ფიქრობს თომას მიულერი ქალთა ბალეტზე; ვინ მიაჩნია საუკეთესოდ რაულს; რას გვეუბნება მარსელო ბიელსა ზინედინ ზიდანზე და რამდენად ერკვევა ტიერი ანრი კინემატოგრაფიაში?

ამ და არამარტო ამ შეკითხვებზე პასუხს თქვენ უკანასკნელი პერიოდის გამორჩეული გამონათქვამების მორიგ კრებულში აღმოაჩენთ:

"მიუნხენის "ბაიერნისთვის" თამაშს არაფერი აქვს საერთო ქალთა ბალეტთან. არ მინდა ქალთა ბალეტს შეურაცხყოფა მივაყენო! "ბაიერნისთვის", გოლი რომ გაიტანო, ამისთვის თვალის ჩაშავებაც კი ღირს", - უცნაური კომენტარის ხასიათზე იყო თომას მიულერი.

"ზიდანი ფეხბურთის ცოცხალი
მონუმენტია. მე მას უფრო ქანდაკებად ვხედავ, ვიდრე ცოცხალ ადამიანად. მისტერ ზიდანის გუნდში ყოლა დაუვიწყარი რამ გახლდათ. იგი საუცხოო მსმენელი იყო, ყველაფერს ისმენდა და აანალიზებდა. მას დაუჯერებელი გავლენა ჰქონდა, განასახიერებდა გარშემო მყოფებზე ზეგავლენისა და ზემოქმედების უნარს", - ამბობს მარსელო ბიელსა.

"რამდენი "ქამბექი" უნდა გააკეთო? ერთხელაც ეს ცუდ ფილმად გადაიქცევა. ჩვენ ყველას გვიყვარს პირველი როკი, რასაც ბოლოზე ვერ ვიტყვით. ან შესაძლოა, სჯობდა, რემბო მეთქვა", - როგორც ხედავთ, ტიერი ანრი კინომოყვარულიც ყოფილა.

რაული: "ვის ავიყვანდი ჩემს გუნდში რონალდოსა და მესის შორის? ადვილია ამაზე პასუხის გაცემა - ორივეს. ფეხბურთის ისტორიაში ორ საუკეთესო მოთამაშეზე ვსაუბრობთ, რომლებიც იქ არიან, პელესთან და დიეგო მარადონასთან ერთად. დელ პიერო კი იტალიური ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეა".

"მან იცის, როგორ გაუმკლავდეს ფეხბურთელთა ჯგუფებს, რაც ალბათ, მწვრთნელების სამსახურის ურთულესი ნაწილია. განსაკუთრებით, მადრიდის "რეალში", სადაც ამდენი ბრწყინვალე ფეხბურთელი და ამდენი ეგოა. იგი კი ამ საქმეს იდეალურად აკეთებს. გუნდში სიმშვიდე და სიწყნარეა. თუმცა, როდესაც ბრაზდება, აჯობებს, სადმე დაიმალო...", - ამბობს კარლო ანჩელოტიზე "სამეფო გუნდის" თავდამსხმელი ხესე, თუმცა კარლიტოს შეგირდის შექებამ ვერ უშველა.

"ანჩელოტის ველაპარაკე და მან მითხრა, რომ "პარმას" ჩაბარებას აპირებდა. შემდეგ ჩვენ "ტორინოსთან" წავაგეთ და მწვრთნელის შეცვლა გადავწყვიტეთ. უმალვე კარლოს დავურეკე, რომელმაც მითხრა, რომ უკვე მეორე დღეს "პარმას" ჩაიბარებდა. ასე რომ, მას დილითვე სახლში გამოვეცხადე", - იხსენებს ადრიანო გალიანი, თუ როგორ გადაიბირა "მილანმა" ანჩელოტი პირველად.

"ჯორჯ ბესტის დაბრუნება მინდა! ამას წინათ რაღაც ჩანაწერებს ვუყურებდი და საუკეთესო წლებში ბესტი საოცარი იყო, იგივე დღევანდელ საუკეთესოებთან შედარებით. იგი უბრალოდ ბრწყინვალე მონაცემების კი არ გახლდათ, არამედ მოაზროვნე იყო, როგორც მინდორზე, ასევე მის მიღმა", - თქვა ლეგენდარულმა გოლფისტმა რორი მაკილროიმ.

"პირობები ურთულესი იყო, ასეთ გარემოში ცხოვრებაში ერთხელ თუ მოგიწევს თამაში. თუმცა მე დიდი შემართებით ვიყავი. შეუძლებელი გახლდათ მწვრთნელის დავალებების შესრულება, უბრალო შემართებითა და ინსტინქტით ვმოქმედებდით. რაც უფრო მეტად ციოდა, მით უფრო ვხურდებოდი. ისე ვიყავი თამაშში ჩაფლული, რომ დამცხა. მთელი გუნდი ასეთი შემართული იყო, ძმებივით ვთამაშობდით.

ნორმალურად არაფერი ჩანდა, რადგან თოვლი არ წყდებოდა. სილუეტებს ვარჩევდი და შევნიშნე, რომ მეკარე ცოტა წინ იყო გამოსული. ასე რომ, პირდაპირ დავარტყი და იმედი მქონდა, რომ ამჯერად გამიმართლებდა, რადგან ცოტა ხნით ადრე რამდენიმე სანტიმეტრით ავაცილე.

მთელი გუნდი გაშეშდა და გაიყინა, ყველანი ველოდით, რა მოხდებოდა. ძალიან გვინდოდა, რომ გოლი გასულიყო და ბურთმაც ნელ-ნელა, მაგრამ საბოლოოდ გადაკვეთა ხაზი. ეიფორიაში ვიყავით", - იხსენებს "პორტუს" ყოფილი ფეხბურთელი რაბაჰ მაჯერი 1987 წლის საკონტინენტთაშორისო თასზე "პენიაროლის" კარში გატანილ გამარჯვების გოლს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რაული: "ვის ავიყვანდი ჩემს გუნდში რონალდოსა და მესის შორის? ადვილია ამაზე პასუხის გაცემა - ორივეს. ფეხბურთის ისტორიაში ორ საუკეთესო მოთამაშეზე ვსაუბრობთ, რომლებიც იქ არიან, პელესთან და დიეგო მარადონასთან ერთად. დელ პიერო კი იტალიური ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეა".
Del Piero 10
22:00 03-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული