ფრაზები: ფორმულა 1 იტალიაში წელიწადში ერთხელაა

AutoSharing Option
მარიო ბალოტელი, ალბათ, ერთადერთია, ვისაც შეუძლია ჟოზე მოურინიოს დავალება არ შეასრულოს და ამით პორტუგალიელი კი არ გააბრაზოს, გაახალისოს. ჟერემი მენეზი ფეხბურთის ბასტერ კიტონია, ის არასოდეს იცინის, ხოლო თუ იშვიათად გაიღიმებს, მაშინაც სევდიანია.

რაში იყო სერ ალექს ფერგიუსონისთვის ასე საყვარელი მატჩის ბოლო წუთების საიდუმლო, რა აზრის არის ტიერი ანრი თომას მიულერზე და რა შეიძლება აკეთო მაშინ, როდესაც ფეხბურთის თამაში გეკრძალება, შეგიძლიათ გამონათქვამების ახალ კრებულში გაიგოთ.

"იგი ოფისში დავიბარე, 2 საათისთვის, მაგრამ არ მოვიდა და როდესაც დავურეკე, მითხრა, რომ ფორმულა ერთის საკვალიფიკაციო
ეტაპის საყურებლად იყო, შაბათ დღეს, რეისის წინა დღეს! ასევე, დაამატა - შენს ოფისში ყოველდღე შემიძლია მოსვლა, ხოლო ფორმულა ერთი იტალიაში წელიწადში ერთხელაა. ამის შემდეგ რამდენიმე დღე ვიცინოდი" - იხსენებს ჟოზე მოურინიო მარიო ბალოტელისთან თავისი ურთიერთიერთობის დეტალებს.

"სინამდვილეში, ზუსტად არ ვიცოდი ხოლმე, რამდენი დრო რჩებოდა მატჩის დამთავრებამდე. უბრალოდ, ჩემს საათს დავხედავდი ხოლმე, რასაც მსაჯიც ამჩნევდა და მეტოქეებიც ამჩნევდნენ. ეს პატარა ხრიკი იყო. განსაკუთრებით კარგი ატმოსფერო და მომენტი მაშინ გახლდათ, როდესაც "ოლდ ტრაფორდზე" ვთამაშობდით და 10-15 წუთი რჩებოდა, 65 ათასი დამუხტული ფანის გარემოცვაში.

შესვენებაზე ბიჭებს ყოველთვის ვეუბნებოდი ხოლმე, პანიკას არ აჰყვეთ, მშვიდად იყავით, დაიცადეთ და ბოლო 15 წუთში იმას გააკეთებთ, რაც გენდომებათ. მე "მოთამაშე" ვარ, რისკი მიყვარს და ასე ვთამაშობდი ხშირად. ყოველთვის არ ამართლებდა, მაგრამ ბევრჯერ გაუმართლებია. თუ ბოლო წუთზე გავიტანდით, ამის მერე გასახდელში ყოფნა ერთი სიამოვნება იყო. ბიჭები დახტუნავდნენ, ერთმანეთს ულოცავდნენ, ერთმანეთს თავზე ახტებოდნენ...

მთავარი კი ის არის, რომ ფანები, რომლებიც სტადიონს ტოვებენ, პირდაპირ პაბებისკენ მიემართებიან, რათა მატჩზე ისაუბრონ, პერიპეტიები გაარჩიონ, ემოციებისგან დაიცალონ. მიემართებიან სახლისკენ, იმიტომ, რომ აღფრთოვანებით მოუყვნენ ცოლს და შვილებს, თუ რა მოხდა "ოლდ ტრაფორდზე" მატჩის ბოლო წუთზე. ეს იყო ჩემი საქმე, სახლში მათი ბედნიერი გაშვება" - აი, თურმე, როგორ ახდენდა სერ ალექს ფერგიუსონი საათზე დახედვის იმიტაციით ზეწოლას არბიტრებზე.

"რატომ ვერ შეხვდებით "ოქროს ბურთის" კანდიდატთა შორის თომას მიულერს? მესი და რონალდო ექსტრაორდინარული ფეხბურთელები არიან. რასაც ისინი აკეთებენ, არაადამიანურია. ნოიერიც იმსახურებდა ნომინაციას. თუმცა, რატომ არ ვფიქრობთ თომას მიულერზე?

ჩემი ფავორიტი ის იქნებოდა. იგი მეტოქეებს ფეხებშუა არ უძვრენს ბურთს და ფინტებს არ გვთავაზობს, მაგრამ ამ ბიჭს უკვე 13 თუ 14 გოლი აქვს მუნდიალზე გატანილი და მსოფლიოს ჩემპიონია. არ ვიცი, რატომ არ მოხვდა ნომინანტთა შორის" - განაცხადა ტიერი ანრიმ.

ჟერემი მენეზი: "უფრო ხშირად უნდა გავიღიმო, მამაჩემი და ჩემი ძმები მეუბნებიან ამას. თუმცა ადამიანები ცდებიან, არასწორ დასკვნებს აკეთებენ; ფიქრობენ, რომ რადგან ხშირად არ ვიღიმი, ესე იგი, ბედნიერი არ ვარ. უბრალოდ, მორცხვი პიროვნება ვარ. ჩემი აზრით, ფეხბურთში ყალბი უნდა იყო, რომ შეგიყვარონ. თუმცა მე ეს არ მომწონს, თვალთმაქცობა საჩემო არ არის".

"რამდენიმე თამაში არ გამეტანა და ვიფიქრე, იმიჯს შევიცვლი-მეთქი. შევიცვალე და გავიტანე კიდეც. თავიდან ცოტა გამიჭირდა ახალი იმიჯით, მაგრამ ნელ-ნელა შევეგუე" - გაიხსენა ახლა ისევ თმაგაზრდილმა რაჰიმ სტერლინგმა.

"მართლაც ბევრს ვმუშაობდი და ვვარჯიშობდი. კრივით ვიყავი დაკავებული, მოტოციკლით, ცურვით... ცურვა ვიცოდი, მაგრამ არა ისე კარგად, როგორც ახლა. როდესაც ყოველ მეორე დღეს გაქვს პრაქტიკა, ახალ საფეხურზე ადიხარ. კრივში თავდაცვა ჯერ კიდევ მიჭირს, შეტევა მომწონს, თავდასხმა უფრო ადვილია" - სლოვენიელი რობერტ კორენი იხსენებს, თუ როგორ ატარებდა დროს და რას აკეთებდა სარეაბილიტაციო პერიოდის დროს, როდესაც ტრავმის გამო ფეხბურთის თამაში აკრძალული ჰქონდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული