უცნაური საფეხბურთო ისტორიები: მითხარი, ვისი გორისა ხარ?

AutoSharing Option
თანამედროვე ფეხბურთში მოთამაშეთა ნატურალიზაცია აღარავის უკვირს. ამის მიუხედავად, მაინც გვხვდებიან ისეთი ნაკრებები, რომელთა შემადგენლობაშიც ასეთი მოთამაშეები უმრავლესობას შეადგენენ.

თემა, თავისთავად, საინტერესოა და ეგზოტიკური. დღევანდელ ჩვენს წერილში სწორედ რამდენიმე ასეთი ქვეყნის ნაკრებზე გვექნება საუბარი.

ეკვატორიული გვინეა
ამ პატარა აფრიკული ქვეყნის საფეხბურთო ნაკრებში ყოველთვის დიდი ადგილი ეკავათ ნატურალიზებულ ფეხბურთელებს. ეს დღესაც ასეა - გუნდის ძირითად ბირთვს ესპანეთში დაბადებული მოთამაშეები შეადგენენ და რამდენიმე მათგანს "სამშობლოსთან" არანაირი შეხება არ აქვს.

დღევანდელობაზე ბოლოს ვთქვათ, ახლა კი წარსულს გადავხედოთ. ეკვატორიულ გვინეას მსოფლიო ფეხბურთში ანალოგი არ ჰყავს ფეხბურთელების
ნატურალიზაციის მხრივ. ჟურნალისტებმა ამ მოვლენას "აფრიკული ანომალია" უწოდეს.

ყველაფერი შემდეგნაირად დაიწყო. 2005 წლის ბოლოს ეკვატორიული გვინეის პრეზიდენტის, ტეოდორო ობიანგის შვილმა, რუსლან ობიანგ ნსუემ ბრაზილიელ მწვრთნელ ანტონიო დუმასს სთხოვა, რამდენიმე ბრაზილიელი ფეხბურთელი შეერჩია ამ ქვეყნის ეროვნული ნაკრებისათვის.

მართალია, ამ მოთამაშეებს ეკვატორიულ გვინეასთან არც შეხება ჰქონდათ და არც ამ ქვეყანაში უთამაშიათ თუმცა ფიფამ (გასაგებია, რა მოტივებითაც) თვალი დახუჭა ყოველივე ამაზე. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ 2012 წელს, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან გამართულ შეხვედრაში ეკვატორული გვინეის ღირსებას ცხრა ბრაზილიელი ფეხბურთელი იცავდა.

ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ კონგოელთა ფრანგმა დამრიგებელმა კლოდ ლე რუამ ეკვატორული გვინეის ნაკრებს "გაერთიანებული ერების ორგანიზაცია" უწოდა. ფრანგს იუმორის გრძნობამ არ უღალატა.

ამას მოჰყვა ნატურალიზებულ ფეხბურთელთა მეორე ტალღა. ამჯერად ეკვატორიული გვინეის ფეხბურთის მამების ყურადღება კოლუმბიამ მიიპყრო. მაგალითად, ერთ-ერთი კოლუმბიელი, მცველი ჯიმი ბერმუდესი ნაკრებში ჩატარებული ყოველი მატჩის სანაცვლოდ ბოლო დრომდე 3000 ევროს იღებდა.

სიტუაცია არც ახლა იცვლება. ეკვატორიული გვინეის ნაკრების ძირითად ბირთვს ესპანეთის სხვადასხვა პროვინციებში დაბადებული ფეხბურთელები შეადგენენ. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ გუნდის ლიდერიც ესპანეთშია დაბადებულ - აღზრდილი, თუმცა წარმოშობით გვინეელია. ეს გახლავთ "მიდლსბროს" ფორვარდი ემილიანო ნსუე.

ტოგო
2002-04 წლებში ამ აფრიკული ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს ჩვენი ძველი ნაცნობი, ანტონიო დუმასი თავკაცობდა. ტოგოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის დაჟინებული მოთხოვნით, დუმასმა მიაღწია იმას, რომ რამდენიმე ბრაზილიელმა მოთამაშემ ამ ქვეყნის ეროვნული ნაკრების მაისურა მოირგო.

ესენი იყვნენ ჰამილტონი, ბილი, ნიკიმბა, ფაბიო ოლივეირა, კრისი და ფაბინიო. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ამ ფეხბურთელებს ცუდად არ უთამაშიათ, თუმცა ტოგოს ნაკრების შედეგები დუმასის ხელში იდეალურისაგან შორს იყო და წასულ ბრაზილიელ დამრიგებელს მის მიერ მოყვანილი ფეხბურთელებიც ციმციმ გააყოლეს.

ტიმორ-ლესტე
ტიმორ - ლესტემ (აღმოსავლეთ ტიმორი) ცოტა ხნის წინ მოიპოვა დამოუკიდებლობა ინდონეზიისაგან. პორტუგალიის ყოფილ კოლონიაში იმდენად სპეციფიკური ნიადაგია, რომ ფეხბურთის თამაში წელიწადის ყველა დროს როდი შეიძლება.
ადგილობრივი ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები არ დაიბნენ.

მათ საწვრთნელი ცენტრები მოაწყვეს ბრაზილიასა და პორტუგალიაში. ამასთან ერთად, ამ ქვეყნის მოქალაქეობა მისცეს ახალგაზრდა ბრაზილიელებს, რომლებიც 21 და 23 წლამდელთა ნაკრებში თამაშობდნენ. ასევე დაიმატეს რამდენიმე გამოცდილი ბრაზილიელი მოთამაშე.

სულ ცოტა ხნის წინ მსოფლიოს ერთ-ერთი უსუსტესი ნაკრები ყველასათვის ანგარიშგასაწევ ძალად იქცა. ამ დროისათვის ტიმორ - ლესტეს ნაკრებში ბრაზილიელთაგან თამაშობენ პაულო მარტინში, დიოგო რანგელი, ჟუნინიო, როდრიგო სილვა, პაულო ჰელბერი, პატრიკ ფაბიანო, ჟაირო ნეტო და ალვეში.

სხვები
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ძალიან კარგად ითამაშა გუამის ნაკრებმა, რომელიც აქამე ოფიციალურად იყო მიჩნეული მსოფლიოს ერთ-ერთ უსუსტეს ნაკრებად. აღსანიშნავია, რომ ამ ნამცეცა ქვეყანამ ინდოეთის დამარცხება შეძლო. გუამის ნაკრების ძირითად ბირთვს ამერიკელი ფეხბურთელები წარმოადგენენ.

ექვსი ინგლისელი ფეხბურთელი თამაშობს სენტ კიტსისა და ნევისის ნაკრების შემადგენლობაში. თითქოს, ამ მოთამაშეებს ციდა სენტ კიტსთან წინაპრები აკავშირებენ, მაგრამ ეს, დიდი ალბათობით, აბსურდია.

ფეხბურთელების ნატურალიზებას სხვა არაერთი ქვეყანაც მიმართავს. აქ საუბარია ძირითადად პატარა ქვეყნებზე, რომლებიც ირჩევენ იმ ქვეყნების ლიგებს, რომელთა კოლონიებიც იყვნენ წლების წინ და დაბალი ლიგებიდან აჰყავთ ფეხბურთელები ეროვნულ გუნდებში.

რას აკეთებს ფიფა?
ფეხბურთელთა ნატურალიზაციისას ხშირად ისე ხდება, რომ მთელი რიგი აუცილებელი რეგულაციებისა არ არის დაცული. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე ნაკრები კი დაისაჯა (მაგალითად, ეკვატორული გვინეა), მაგრამ ხშირად ყველაფერი იმალება და იფარება.

ეს სპეციალისტებში კიდევ ერთხელ აჩენს ვარაუდს იმის თაობაზე, რომ თანამედროვე ფიფა და კორუფცია ერთ სივრცეში ცხოვრობენ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული