ახალი ტენდენცია - სუპერვარსკვლავებზე მეტად პერსპექტიული ახალგაზდები ფასობენ

AutoSharing Option
ფეხბურთში რომ კოლოსალური თანხები ტრიალებს, ძველი ამბავია და მაღალი კლასის ფეხბურთელი რომ რამდენიმე ათეული მილიონი ევრო ღირს, ესეც დიდი ხანია ვიცით. თუმცა ის, რაც გასულ ზაფხულს სატრანსფერო ბაზარზე დატრიალდა, ცალკე განხილვის საგანია და საფეხბურთო ექსპერტების ერთი ნაწილის აზრით, სრული აბსურდია.

მსოფლიო ფეხბურთში ახალი ტენდენციაა და თუ ადრე კოლოსალურ თანხებს უდიდეს ვარსკვლავებში იხდიდნენ, დღეს ყველაზე ძვირად ახალგაზრდა და პერსპექტიული ფეხბურთელები ფასობენ. იცით, რომ რაჰიმ სტერლინგის სანაცვლოდ უფრო მეტი თანხაა გადახდილი, ვიდრე არც მეტი, არც ნაკლები, ზინედინ ზიდანში. აღარაფერს ვამბობთ კევინ დე
ბრუინზე, რომელიც ზიზუზე კარგა გვარიანად ძვირია და კიდევ არაერთ ლეგენდას დაჰყურებს ზემოდან.

დე ბრუინი კარგი ბიჭია, ფლანგიდან მშვენივრად ირჯება და ხანდახან გოლებიც გააქვს, მაგრამ 54 მილიონი გირვანქა, რომელიც დაახლოებით 75 მილიონი ევროა, გადამეტებული ხომ არაა? - ბოლოს და ბოლოს, დე ბრუინი უკვე 24 წლისაა, ამ ასაკში კი ლიონელ მესის "ოქროს ბურთი" ჰქონდა მოგებული და თანაც, არაერთი.

20 წლის რაჰიმ სტერლინგში "მანჩესტერ სიტიმ" 49 მილიონი გირვანქა გადაიხადა, რაც 70 მილიონი ევროა. სტერლინგსაც ფლანგიდან უყვარს თამაში და კარიერაში 27 გოლი მოაგროვა, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე.

სწრაფია, ხანდახან კარგი პასიც გამოსდის და აქა-იქ კარშიც ზუსტად ურტყამს, მაგრამ 70 მილიონი ევრო? - სულ ახლო წარსულში, ამ ფულით შეგეძლო ერნან კრესპო და გაბრიელ ბატისტუტა ერთად გეყიდა, ცოტა ფულსაც თუ წაამატებდი, ხუან სებასტიან ვერონსაც დაუყენებდი მათ გამთამაშებლად - ეჭვი გვაქვს, რომ ამ საოცარ არგენტინულ ტრიოს გაცილებით დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია გუნდისთვის, ვიდრე ახალგაზრდა და პერსპექტიულ ინგლისელს, რომელიც, რა დონეზე ითამაშებს, ეგ ჯერ კიდევ საკითხავია.

კიდევ ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება - თუნდაც ანტონი მარსიალი, რომელიც ამ ზაფხულს "მონაკოდან" "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდა და მის ნაცვლად, ინგლისურმა გიგანტმა 48 მილიონი ევრო გადაიხადა. მარსიალი ფორვარდია და აქამდე, არც მეტი არც ნაკლები, 12 გოლი მოუგროვებია კარიერაში. მართალია, ჯერ მხოლოდ 19 წლისაა, მაგრამ აქაც შეგვიძლია მესის მაგალითის მოყვანა, რომელიც მის ასაკში მთებს ატრიალებდა.

აი, 19 წლის მესიში კი უნდა გადაიხადო 49 მილიონი ევრო, მაგრამ მარსიალი? - არადა, სულ ახლო წარსულში, 49 მილიონ ევროდ მინიმუმ სამი მარიო ჟარდელის ყიდვა შეგეძლო, რომელსაც 20 წლის ასაკში 123 თამაშში 93 გოლი ჰქონდა გატანილი. მარსიალის 12 გოლსაც არა უშავს, მაგრამ დაგვეთანხმებით, რომ 93 გაცილებით კარგი შედეგია.

ჯორჯ ბესტი ალბათ, საფლავში ტრიალებს
მოკლედ, ევროპულ ფესბურთში ახალი ტედენციაა და კლუბები უდიდეს თანხებს ხარჯავენ არა მარტო აღიარებულ ვარსკვლავებში, არამედ დამწყებ, პერსპექტიულ ფეხბურთელებში, რომლებსაც ხეირიანი ჯერ ბევრი არაფერი გაუკეთებიათ. ამ თემაზე, საკუთარი მოსაზრება ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა არიგო საკიმ გამოთქვა და შემდეგი განაცხადა:

"ის, რაც ევროპულ ფეხბურთში და კერძოდ სატრანსფერო ბაზარზე ხდება, სრული აბსურდია. კლუბები ისეთ ფეხბურთელებში იხდიან კოლოსალურ თანხებს, რომელთა გვარები არაფერს მეუბნება. ეს ტენდენცია ინგლისური კლუბებიდან წამოვიდა, რისი წყაროც უცხოური, ხშირად არაბული ინვესტიციაა. მიწაზე უნდა დავეშვათ, რადგან ეს ფეხბურთს არ წაადგება. ეს არის აბსურდის თეატრი და მეტი არაფერი".

ამ თემაზე საინტერესო კომენტარს აკეთებს ინგლისური ტაბლოიდის საფეხბურთო ანალიტიკოსი: "წარმოდგენაც კი მზარავს თუ, რა ფასად შეიძლება გაყიდოს "ტოტენჰემმა" ჰარი კეინი, რომელიც ნიჭიერი მოთამაშეა, მაგრამ ჯერ ყველაფერი დასამტკიცებელი აქვს. ის, რაც საატრანსფერო ბაზარზე ხდება, არავითარ ლოგიკაში არ ჯდება. რაჰიმ სტერლინგი 49 მილიონი გირვანქა? - ღმერთო ჩემო, ჯორჯ ბესტი ალბათ, საფლავში ტრიალებს".

და ბოლოს, "არსენალის" მწვრთნელ არსენ ვენგერს გადავცეთ სიტყვა, რომელმაც ჟურნალისტის შეკითხვას შემდეგი პასუხი გასცა:

"რატომ არ ვიყიდეთ ფეხბურთელები ამ ზაფხულს? - არ იფიქროთ, რომ ფული არ გვქონდა. ფული გვაქვს, მაგრამ ფეხბურთელები არ არიან".

ყველა დროის, ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერები
20. ფერნანდინიო (შახტარი - მან. სიტი), სესკ ფაბრეგასი (არსენალი - ბარსელონა), ასიერ ილიარამენდი (სისიედადი - რეალი), ხავი მარტინესი (ატლეტიკო - ბაიერნი), ხავიერ პასტორე (პალერმო - პსჟ), აქსელ ვიტსელი (ბენფიკა - ზენიტი), გონსალო იგუაინი (რეალი - ნაპოლი) - 34 მილიონი ევრო
19. ტიაგო სილვა (მილანი - პსჟ), ენდი კეროლი (ნიუკასლი - ლივერპული), ლუკას მოურა (სან პაოლო - პსჟ), რადამელ ფალკაო (პორტუ - ატლეტიკო) - 35 მლნ.
18. ხუან მატა (ჩელსი - მან. იუნაიტედი) - 37 მლნ.
17. სერხიო აგუერო (ატლეტიკო - მან. სიტი) - 38 მლნ.
16. ხამეს როდრიგესი (პორტუ - მონაკო), ჰალკი (პორტუ - ზენიტი), ერნან კრესპო (პარმა - ლაციო) - 38.5 მლნ.
15. ანხელ დი მარია (მან. იუნაიტედი - პსჟ) - 44.3 მლნ.
14. ზინედინ ზიდანი (იუვენტუსი - რეალი) - 46 მლნ.
13. რაჰიმ სტერლინგი (ლივერპული - მან. სიტი) - 49 მლნ.
12. ფერნანდო ტორესი (ლივერპული - ჩელსი), დავიდ ლუისი (ჩელსი - პსჟ) - 50 მლნ.
11. რადამელ ფალკაო (ატლეტიკო - მონაკო) - 51 მლნ.

10. კევინ დე ბრუინი (ვოლფსბურგი - მან. სიტი) - 54 მლნ.
9. ედინსონი კავანი (ნაპოლი - პსჟ) - 55 მლნ.
8. რიკარდო კაკა (მილანი - რეალი) - 56 მლნ.
7. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (ინტერი - ბარსელონა) - 59 მლნ.
6. ანხელ დი მარია (რეალი - მან. იუნაიტედი) - 59.7 მლნ.
5. ხამეს როდრიგესი (მონაკო - რეალი) - 63 მლნ.
4. ნეიმარი (სანტოსი - ბარსელონა) - 71.5 მლნ.
3. ლუის სუარესი (ლივერპული - ბარსელონა) - 75 მლნ.
2. კრიშტიანო რონალდო (მან. იუნაიტედი - რეალი) - 80 მლნ.
1. გარეთ ბეილი (ტოტენჰემი - რეალი) - 86 მლნ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჟარდელს 123 თამაში და 93 გოლი 23 წლის ასაკში დაუგროვდა, როცა პორტუში გადავიდა. მათემატიკა ისწავლეთ.

იდეაში მართლები ხართ. ახალგაზრდებში გადახდილი მილიონები ძალიან ხშირად არ ამართლებს.
Lasha
14:53 26-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული