იგი "მანჩესტერ იუნაიტედის" ვარსკვლავი უნდა გამხდარიყო, მაგრამ სერ ალექს ფერგიუსონმა ვერ მოარჯულა და "ვესტ ჰემში" გაუშვა. ვერც "ჩაქუჩებში" მოიკიდა ფეხი და ახლა მორისონი ცხოვრებისა და კარიერის აწყობა-დალაგებას იტალიაში, კერძოდ კი, "ლაციოს" რიგებში ცდილობს. იგი ირწმუნება, რომ ცუდი ბიჭისა და პრობლემურის სტატუსი უკვე ბრმად აქვს მიკერებული, არც ჩხუბისთავია და ზოგადად, კარგი ადამიანია, უბრალოდ, ვერ უგებენ.
"არ ვარ
რაველი ის ბიჭია, 17 წლის რომ იყო, ქურდობაში ამხილეს. იგი ორ მოწმეს დანის ტრიალით ემუქრებოდა. მას უკავშირდება გელფრენდთან და გოგონას დედასთან, რბილად რომ ვთქვათ - ჩხუბი, მუქარა და ასე შემდეგ.
"გულწრფელად განვიცდი იმას, რაც ჩავიდინე. უბრალოდ, დროა, წინ წასვლის უფლება და საშუალება მომცენ. არავინ ლაპარაკობს იმაზე, როგორ ვთამაშობ და უნდა ვითამაშო, ყველა ჩემი წარსულის პრობლემებზეა ხოლმე კონცენტრირებული" - სინანულით ამბობს "ძნელად აღსაზრდელი ბავშვი".
როგორც ჩანს, რაველმა ცხოვრებას მართლაც ცოტა სხვა თვალით შეხედა და ამბობს იმასაც, რომ აქამდე ვერც ერთ გუნდში ნორმალურად ათამაშება რომ ვერ შეძლო, ეს, პირველ რიგში, მისი ბრალია და არა ვინმესი ან რამის. ის მიიჩნევს, რომ "ვესტ ჰემში" თუ იმდენად არა, "მანჩესტერ იუნაიტედში" მართლაც კარგი და არაერთი შანსი მისცეს, მაგრამ...
"ალალად უნდა ვაღიარო, რომ "მანჩესტერმა" და ალექს ფერგიუსონმა ბევრი შანსი მომცეს. არ მგონია, რომელიმე სხვა ფეხბურთელისთვის ამდენი შესაძლებლობა მიეცათ, რამდენიც მე მივიღე. მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დავაბრალო, რომ ისინი ვერ გამოვიყენე. თავის გამართლებას არ ვაპირებ.
"იუნაიტედში" ყოფნის დროს ბევრი სისულელე ვაკეთე. მხოლოდ იმაში არ არის საქმე, რომ ძარცვებში ჩაბმული ვიყავი. ზედმეტად ბევრ დროს ვუთმობდი კომპიუტერულ თამაშებს, მეგობრებთან ერთად გართობასა და დანარჩენს, როდესაც უფრო ვარჯიშსა და ფეხბურთის თამაშზე უნდა ვყოფილიყავი კონცენტრირებული" - განაცხადა რაველმა.
აი, ასეთია მორისონის აღსარება. ვნახოთ, მართლაც გაიაზრა თუ არა შეცდომები მან და გახდება თუ არა ჯიმი მორისონივით მორისონი ან შემოგვთავაზებს თუ არა რაველი რაველის "ბოლეროს" მინდორზე, მაგრამ ნამდვილად პერსპექტიული რომ არის, ეს ფაქტია და იქნებ რომაულმა ატმოსფერომ იგი სწორ გზაზე დააყენოს, ტყუილად კი არ ამბობენ, ყველა გზა რომში მიდისო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"