კლუბები VS ნაკრებები: პაუზამ ბევრი ვარსკვლავი დააზარალა

AutoSharing Option
ფეხბურთში ტრავმები სამწუხარო, მაგრამ ჩვეულებრივი მოვლენაა. არც ის არის ახალი, მოთამაშეები სანაკრებო შეხვედრების დროს რომ იღებენ დაზიანებას.

თუმცა "რიგითებსა" და "მოკვდავებს" რომ შევეშვათ, ძალიან იშვიათია, ერთბაშად ამდენი გამორჩეული ფეხბურთელი დაშავებულიყოს, რამდენიც უკვე "შეიწირა" ამ სანაკრებო პაუზამ და ვინ იცის, მათ კიდევ დაემატებიან...

ყველაზე მეტად "მანჩესტერ სიტიმ" იზარალა: სერხიო აგუეროს საოცრად უიღბლო სერია გრძელდება, მანუელ პელეგრინიმ "ნიუკასლთან" 5 გოლის ავტორი იმიტომ შეცვალა და მეტი გოლის გატანა და რეკორდის დამყარება იმიტომ არ აცალა, რომ კუნის ტრავმიანობის შესახებ იცოდა და არგენტინელ ფორვარდს მოუფრთხილდა.

საუბედუროდ, იგი ეკვადორთან შეხვედრის დასაწყისშივე დაშავდა. ექიმები აგუეროს ახლაც თავს დასტრიალებენ და საბოლოო დიაგნოზს ველოდებით. თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით, აგუეროს ერთთვიანი სარეაბილიტაციო კურსი გამოუწერეს.

ტრავმა მიიღო დავიდ სილვამაც, არადა, ესპანელი ისედაც ცოტა ხნის წინათ დაბრუნდა და მისი არყოფნა "ქალაქელებს" აშკარად ეტყობოდათ. არც ის დაგვავიწყდეს, რომ "სიტის" ჩემპიონთა ლიგაზეც და პრემიერლიგაშიც უმნიშვნელოვანესი მატჩები აქვს წინ (უშუალო კონკურენტ "სევილიასთან" შეხვედრები, მანჩესტერული დერბი "იუნაიტედთან"...) და პელეგრინი, ალბათ, გლოვაშია. ჩილელს სერიოზული საფიქრალი გაუჩნდა.

კიდევ ერთი დაზარალებული გუნდი "პარი სენ-ჟერმენია", რომელსაც მადრიდის "რეალთან" ელოდება დაპირისპირებები. პარიზელებმა ბრაზილიის ნაკრების მცველი დავიდ ლუისი და გერმანელი მეკარე კევინ ტრაპი დაკარგეს.

მედიკოსებს იმედი აქვთ, რომ ლუისი 21 ოქტომბრისთვის მომჯობინებას მოასწრებს, აი, რიანას საყვარელი გოლკიპერ ტრაპისა რა გითხრათ. ეს იტალიელი სალვატორე სირიგუსთვის არის შანსი, რომელსაც ლორან ბლანმა პირველი ნომრობა ჩამოართვა და ამ სეზონში ტრაპს ათამაშებდა.

გერმანია ვახსენეთ და, ირლანდიასთან მოულოდნელი მარცხი ერთადერთი უბედურება არ იყო, რომელიც მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონს თავს დაატყდა - სერიოზულად დაშავდა მარიო გიოტცე და ეს მიუნხენის "ბაიერნს" დაარტყამს. გიოტცე თავისუფალ დროს თავის მშვენიერ გოგონასთან ასევე მშვენივრად გაატარებს, მაგრამ რეკორდმაისტერს მის გარეშე ყოფნა 12 კვირა მოუწევს. პეპ გვარდიოლასთვის კარგი ამბავი ის მაინც არის, რომ ფრანკ რიბერი და არიენ რობენი, როგორც იქნა, ჯანზე ჩანან.

საკმაოდ უსიამოვნო სიახლეებია ტურინის "იუვენტუსის" ბანაკშიც. "ბებერი ქალბატონის" "მამლაყინწამ", პოლ პოგბამ სომხეთთან ამხანაგურ შეხვედრაში "მამლების" დახმარება ტრავმის გამო ვერ შეძლო და რაღაც პერიოდი გაუცდება. ექიმები ყველაფერს გააკეთებენ, რომ იჯადოქრონ და იგი მწყობრში რაც შეიძლება მალე ჩააყენონ.

რაც შეეხება ალვარო მორატას, ესპანელი თავდამსხმელი, რომელსაც ბოლო პერიოდში ზედიზედ გაჰქონდა გოლები, ისე მძიმედაც არ ყოფილა დაშავებული, როგორც თავიდან ჩანდა, მაგრამ იყო ვარაუდი, 3 კვირამდე მაინც უნდა ეუქმა, მაგრამ შესაძლოა, საქმე კიდევ უფრო მსუბუქად იყოს, რადგან თავად მორატა სოციალურ ქსელში გაიძახის, კვირას "ინტერის" წინააღმდეგ "დერბი დ'იტალიაში" უნდა ვითამაშოო.

ვნახოთ, მისცემენ თუ არა ამის უფლებას ექიმები, რომლებსაც საბოლოო სიტყვა ტრავმის ხარისხზე ჯერ ისევ არ უთქვამთ.

"იუვემ" რობერტო პერეირაც დაკარგა, რომელსაც მასიმილიანო ალეგრი ამ სეზონში ჯერჯერობით, ისედაც არ სწყალობდა და ახლა ფეხბურთელს "სრული ბედნიერებისთვის" ტრავმაც დაემატა. არგენტინის ნაკრებში რაღაც რიგზე ვერ იყო, რაც არამხოლოდ წაგებაში აისახა, რადგან დაშავდა ლუკას ბილიაც და "ლაციოს" კაპიტანი რომაელებს ორი კვირა ვერ მიეხმარება.

სომხეთთან ნახსენებ შეხვედრაში ორი გოლიც გაიტანა და კარგადაც ითამაშა ქარიმ ბენზემამ, რომელიც ამ სეზონს ძალიან შთამბეჭდავად იწყებს, მაგრამ გოლის აღნიშვნისას ანტუან გრიზმანი მას უხერხულად შეახტა და დააზარალა.

სასაცილოდ კი ჟღერს, მაგრამ საქმე შესაძლოა, სახუმაროდ სულაც არ იყოს. ისე, უშუალო კონკურენტების, "რეალისა" და "ატლეტიკოს" მადრიდული დერბი ზუსტად სანაკრებო პაუზის წინ ვიხილეთ და "ათლეტების" შემტევმა "სამეფო გუნდის" თავდამსხმელი დააშავა... ეჭვებს ბადებს, არა? რა თქმა უნდა, ხუმრობით.

ინგლისის ნაკრებმა ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი და კაპიტანი უეინ რუნი დაკარგა, რომელიც თავისიანებს ლიტვასთან ვერ დაეხმარება. სამაგიეროდ, "შრეკმა", წესით, რაღაც პერიოდი მაინც უნდა შეძლოს თამაში თავისი სიყრმის გუნდის, "ევერტონის" წინააღმდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედს" მისი დახმარება ნამდვილად სჭირდება.

პრემიერლიგით დავიწყეთ და მისითვე დავამთავროთ. ბრანისლავ ივანოვიჩმა და ნემანია მატიჩმა ალბანეთთან ბრძოლისას ტრავმები მიიღეს. ისინი ფრონტის წინა ხაზზე იყვნენ და ველზე გმირულად დაეცნენ.

ჟოზე მოურინიოს სერბების პრინციპული დაპირისპირება ნაკლებად აღელვებს, მას ისედაც ბევრი პრობლემა და საფიქრალი ჰქონდა და ახლა ახლები დაემატა. თუმცა, იმედია, რომ მატიჩი და ივანოვიჩი მსუბუქი იარებით გამოძვრებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული