დავიდ დე ხეა მადრიდის "რეალში" მაინც წავა?

AutoSharing Option
დავიდ დე ხეას ტრანსფერი მადრიდის "რეალში" როგორ ჩაეშალა, ყველასთვის კარგად ცნობილია. შემდეგ ესპანელ გოლკიპერს სხვა რა გზა ჰქონდა, "მანჩესტერ იუნაიტედთან" ახალი, 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ამბობენ, კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის მიხედვითაც, მსურველს მისი გამოსყიდვა 30 მილიონ გირვანქად შეეძლება და თუ თავად გოლკიპერის სურვილიც იქნება, იგი გუნდს გამოიცვლის.

შესაბამისად, ყველას ჰგონია, რომ ჩაშლილი ტრანსფერი მომავალ ზაფხულს მაინც შედგება და "წითელი ეშმაკების" იმედის მიუხედავად, რომ ისინი დე ხეას შენარჩუნებას შეძლებენ, ესპანელი მაინც სამშობლოსკენ აიბარგება და მადრიდის "ატლეტიკოს" ყოფილი კარის დარაჯი საოცნებო "სამეფო გუნდს"
შეუერთდება. თუმცა ამ კითხვაზე პასუხის გაცემას თავად დე ხეამ თავი აარიდა.

"გამოსყიდვის შესახებ პუნქტი? ამის შესახებ აჯობებს, ჩემს აგენტს, ჟორჟე მენდეშს ჰკითხოთ. ასეთ რაღაცებს ყურადღებას ის აქცევს" - თქვა 24 წლის გოლკიპერმა. სამაგიეროდ, მან განაცხადა, რომ თავის კარიერაში საუკეთესო ფორმაში იმყოფება, რაც მართლაც კარგად გამოჩნდა კიევურ მატჩში უკრაინისა და ესპანეთის ნაკრებებს შორის.

აქვე ვთქვათ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფინანსური მდგომარეობა ისევ სტაბილურია და ამ მხრივ საქმეები თურმე ძალიან კარგად მიდის. "ოლდ ტრაფორდის" ბინადრების ვიცე-პრეზიდენტი ედ ვუდვორდი გულშემატკივრებს შეხვდა და საუბრისას აღნიშნა, რომ კლუბის საჭირო ტრანსფერებში ფულის ხარჯვას გააგრძელებს, რადგან ამის საშუალება აქვს.

ცხადია, მანჩესტერელებზე კარგად აისახა ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებაც და ვუდვორდის თქმით, ამ სეზონში შემოსავალმა შესაძლოა, 500 მილიონ გირვანქას გადააჭარბოს. ვახსენოთ ისიც, რომ ლუი ვან გაალმა პოსტზე მოსვლის შემდეგ ახალ ფეხბურთელებში 250 მილიონი გირვანქა დახარჯა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული