რობერტ ლევანდოვსკის ისტორია: ქვიშა, უწყლობა და... დიდი ფეხბურთი!

AutoSharing Option
რობერტ ლევანდოვსკი დიდებულ ფორმაშია. მიმდინარე სეზონი ჯერ მისია. "ბაიერნში" იქნება თუ პოლონეთის ნაკრებში, ის, უბრალოდ, შეუჩერებელია. ლევანდოვსკის ყველა შეხვედრაში გააქვს და თანაც არაერთხელ.

"როცა "ლევამ" ხუთი გოლი გაიტანა "ვოლფსბურგის" კარში, მე, უბრალოდ, გავიღიმე. მე არ მაინტერესებს, რომელ გუნდში თამაშობს ის - მხოლოდ ვტკბები მისი გოლებით. ლევანდოვსკის არავისთვის არაფერი აქვს დასამტკიცებელი. ის საუკეთესოა", - თქვა ლევანდოვსკის ყოფილმა თანაგუნდელმა "დორტმუნდში" მატს ჰუმელსმა.

გაიტანა რა "ვოლფსბურგის" კარში 5 გოლი 8 წუთსა და 59 წამში, პოლონელმა არაერთი რეკორდი დაამხო. ოთხ ტოპ-ჩემპიონატში აქამდე 5 გოლი
ასე სწრაფად არავის გაუტანია. აღსანიშნავია, რომ რობერტი იმ შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. 21-ე საუკუნეში ბუნდესლიგაში 5 გოლი არავის შეუგდია.

ამ ამბის მერე ორი დღე გავიდა და ლევანდოვსკიმ დუბლი უთავაზა "მაინცს", რის შემდეგაც ბუნდესლიგაში 101 გოლი დაუგროვდა. ამისათვის მას მხოლოდ 168 მატჩი დასჭირდა - სარეკორდო მაჩვენებელი ლეგიონერებში.

ამას მოჰყვა ჩემპიონთა ლიგაზე შესრულებული ჰეთ თრიკი ზაგრების "დინამოსთან". ის პოლონელ ფეხბურთელთა შორის ყველაზე მეტი გოლის ავტორია ევროთასებზე.

"რობერტის მომავალთან დაკავშირებით ჩემს თავში შემუშავებულია კონკრეტული გეგმა. "მანჩესტერი"? იქ სულ წვიმს. ბარსელონა ან მადრიდი? ეს კარგია. ესპანეთში საუკეთესო საფეხბურთო ატმოსფეროა", - აცხადებს ფეხბურთელის აგენტი ცეზარ კუხარსკი, ვინც ადრე ცნობილი ფეხბურთელი იყო და პოლონეთის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავდა.

რობერტი სუპერსპორტულ ოჯახში დაიბადა. მამამისი ძიუდოში ევროპის ჩემპიონი იყო ახალგაზრდებს შორის. ამასთან ერთად, ის ფეხბურთს თამაშობდა პოლონეთის მეორე დივიზიონში. რობერტის დედა პროფესიონალი ფრენბურთელი იყო. ლევანდოვსკის დამ არაერთი მატჩი ჩაატარა პოლონეთის ფრენბურთელთა ახალგაზრდულ ნაკრებში.

ცოლიც კი სპორტული სამყაროდან შეარჩია. ანა კარატეში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელია. მან ბავშვობიდანვე აირჩია სპორტის ეს სახეობა...

ის ბავშვობაში ვარჯიშობდა ქვიშაზე. მისთვის უცხო არ იყო არაკომფორტული დარბაზები. ხშირად პატარა ლევანდოვსკი შინ დაუბანელი ბრუნდებოდა, რადგან ცხელი წყალი ყოველთვის არ მოდიოდა.

ლევანდოვსკი ვარშავიდან 30 კილომეტრში ცხოვრობდა, მაგრამ მაშინ პოლონეთს არ ულხინდა.

ქვეყანა სოციალისტური წარსულის ნაშთებს იშორებდა, ეკონომიკა რთულად, მაგრამ მაინც დგებოდა ფეხზე.

რობერტმა პოლონეთის ფეხბურთის გრანდში, "ლეგიაში" სცადა დამკვიდრება. პირველი ორი მცდელობა წარმატებული ვერ გამოდგა. პირველ შემთხვევაში მას უთხრეს, რომ მისი ასაკის გუნდი არ იყო საკლუბო აკადემიაში. მეორედ კი დუბლებში მოთამაშე ლევანდოვსკი პირველ გუნდში არ გადაიყვანეს, კონტრაქტი არ გაუგრძელეს.

"ჩემი აზრით, რობერტი მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდია. "ბაიერნში" გადასვლამდე მას სისტემატურად გაჰქონდა "დორტმუნდში" გადამწყვეტი გოლები. ის ამ გუნდში ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო.

მეტად მნიშვნელოვანი, ვიდრე მარიო გიოტცე. მისი მნიშვნელობის შესაფასებლად მე სიტყვები არ მეყოფა", - ამბობს გერმანული ფეხბურთის ექსვარსკვლავი დიტმარ ჰამანი.

ისევ უკან დავბრუნდეთ. 18 წლის ლევანდოვსკი სათამაშოდ პოლონეთის მესამე ლიგაში წავიდა. მის გუნდს სათვალავში არავინ აგდებდა. არადა, ამ გუნდმა ტურნირი მოიგო. ლევანდოვსკი საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

მერე იყო მეორე ლიგა და "ზნიჩუ", რომელიც კინაღამ აღზევდა უმაღლეს ლიგაში. რობერტმა ისევ ყველაზე მეტი გოლი გაიტანა. ამ დროს "ლეგია" გამოფხიზლდა და ფეხბურთელს კარგი კონტრაქტი შესთავაზა, მაგრამ ლევანდოვსკიმ "ლეხი" აირჩია.

"ლეხის" ფორვარდი პოლონეთის ნაკრებში მიიწვიეს. მანამდე მან უეფას თასზე მოახერხა გოლის გატანა. სეზონის ბოლოს ლევანდოვსკის 48 მატჩში 20 გოლი დაუგროვდა. ერთი წლის შემდეგ 34 მატჩში 21 ბურთი გაიტანა.

ის გახდა პოლონეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელი.

რობერტს რამდენიმე კლუბმა შესთავაზა სამსახური, მათ შორის - "ვესტ ბრომვიჩმა". ლევანდოვსკიმ "დორტმუნდი" აირჩია. გერმანულმა კლუბმა შემტევში 4,75 მილიონი ევრო არ დაინანა.

"დორტმუნდში" პოლონელს გვარიანი კონკურენტი დახვდა - ლუკას ბარიოსი. პირველი სეზონი თვალისმომჭრელი არ ყოფილა - მხოლოდ 15 მატჩი და 8 გოლი. მომდევნო სეზონში ლევანდოვსკი "დორტმუნდისათვის" უკვე შეუცვლელი ფეხბურთელი იყო. მან გუნდის შემადგენლობაში 34 მატჩი ჩაატარა და 22 გოლი გაიტანა.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო გერმანიის თასის ფინალში "ბაიერნის" კარში შესრულებული ჰეთ თრიკი. ერთი წლის შემდეგ მან უკვე ლონდონში გამართული ჩემპიონთა ლიგის ფინალი ითამაშა. იქ მან ვერ გაიტანა. ბუნდესლიგაში "დორტმუნდი" მეორე იყო, მაგრამ რობერტისათვის ყველაზე წარმატებულად მაინც ეს სეზონი ითვლება.

ლევანდოვსკის არასოდეს დაავიწყდება ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი მადრიდის "რეალთან". ამ შეხვედრაში მან პოკერი შეასრულა.

"ლევა" 27 წლისაა. ის მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში თამაშობს. მას უნდა, რომ ჩემპიონთა ლიგა მოიგოს და ევროპის ჩემპიონატზე გაიბრწყინოს. ეს სავსებით შესაძლებელია.

თუ ეს ასე მოხდა, კითხვის ნიშნები აღარ იქნება - ლევანდოვსკი მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდი იქნება!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გახდება კიარა ეხლაც არის. როგორ მინდოდა ეს მანჩესტერში, მაგრად მევასება ყველაზე მაგარია
GGMU
10:41 17-10-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული