მუნდიალი 2018: არგენტინის ნაკრების ახალი სისხლი

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრები მსოფლიოს მეორე გუნდია. არგენტინას ჰყავდა არაერთი დიდი ვარსკვლავი და ალბათ, ყველაზე დიდი მსოფლიოში - დიდი დიეგო. არგენტინას ჰყავს ლიონელ მესი.

მესი დიდია. არგენტინა ფეხბურთით ცხოვრობს.

"ალბისელესტეში" საინტერესო პროცესები მიმდინარეობს. გამოცდილი ფეხბურთელების გარდა, ბოლო დროს რამდენიმე საინტერესო ახალგაზრდა და ბევრისმნახველი მოთამაშე გამოჩნდა. ჩვენი წერილი სწორედ მათზეა.

მეკარეები
ნოელ გუზმანი 26 წლისაა. ამჟამად მექსიკურ "უნალში" თამაშობს. არგენტინის ნაკრებში მის ანგარიშზე უკვე 4 მატჩია. სამშობლოში უთამაშია "ნიუელს ოლდ ბოისსა" და "ინდეპენდიენტე რივადავიაში".

27 წლის აგუსტინ მარკეზინიც მექსიკაში თამაშობს. ის "სანტოს ლაგუნას"
წევრია. მანამდე წლების განმავლობაში იცავდა "ლანუსის" ღირსებას და გუნდის ერთ-ერთი ლიდერიც იყო. არგენტინის მთავარ გუნდში 2 შეხვედრა ჩაატარა.

მცველები
ემანუელს მასი 26 წლის მარცხენა მცველია. მან კარიერა "სან მარტინ დე სან ხუანში" დაიწყო, ახლა კი "სან ლორენსოში" თამაშობს. არგენტინის ეროვნულ ნაკრებში 3 მატჩი ჩაატარა. საიმედოა და შეტევებში ჩართვაც იცის.

"ევერტონის" ახალწვეული, 24 წლის რამირო ფუნეს მორი ცოტა ხნის წინათ "რივერ პლეიტისათვის" შეუცვლელი ფეხბურთელი იყო. ის ინგლისურ კლუბში სულ ცოტა ხნის წინ მივიდა. არგენტინის ღირსება სამჯერ დაიცვა.

მილტონ კასკო 27 წლისაა. ის "ნიუელს ოლდ ბოისიდან" ახლახან გადავიდა "რივერ პლეიტში". არგენტინის ნაკრებში 2 მატჩი ჩაატარა.

"ვალენსიას" 26 წლის მარცხენა მცველის, ლუკას ორბანის ანგარიშზე ეროვნულ გუნდში ნათამაშები ორი შეხვედრაა.

სანაკრებო ჩამონათვალში მცველებიდან ასევე მოიაზრებიან მატეო მუსაჩო (ვილიარეალი), ფედერიკო ფასიო (ტოტენჰემი), სანტიაგო ვერხინი (ხეტაფე) და ჯონათან სილვა (სპორტინგი).

ნახევარმცველები
22 წლის მატიას კრანევიტერი კონტრაქტით "ატლეტიკოს" საკუთრებაა. ამ დროისათვის ის დროებით კვლავ მშობლიურ "რივერ პლეიტში" აგრძელებს ასპარეზობას. დაცვითი სტილის ნახევარმცველი, რომელზეც უდიდესი იმედები მყარდება.

24 წლის იუვენტუსელი რობერტო პერეირა ძალიან საინტერესო ფეხბურთელია. იტალიის სერია A-ში მაღალ დონეზე თამაშით მან უკვე ბევრი დაამტკიცა. არგენტინის ნაკრებში ამ დროისათვის 9 შეხვედრა ჩაატარა.

"ინდეპენდიენტეს" ერთ-ერთი ლიდერი ფედერიკო მანკელო 26 წლისაა. მან არგენტინის ნაკრებში 2 მატჩი ჩაატარა და უკვე მოასწრო გოლის გატანა.

თავდამსხმელები
"სან ლორენსოს" საფეხბურთო სკოლის აღზრდილი, 20 წლის ანხელ კორეა არგენტინული ფეხბურთის დიდ იმედად ითვლება. ის ახლა მადრიდის "ატლეტიკოშია" და საფეხბურთო ოსტატობას თანამემამულე დამრიგებლის, დიეგო სიმეონეს მეთვალყურეობის ქვეშ ხვეწს.

არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში კორეამ 3 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი შეაგდო. "ატლეტიკოში" არსებული უდიდესი კონკურენციის მიუხედავად, ფეხბურთელს არცთუ იშვიათად ვხედავთ მადრიდული კლუბის ძირითად შემადგენლობაში.

21 წლის პაულო დიბალა დიდი ხმაურით მივიდა "იუვენტუსში". ჯერჯერობით ის ისე ვერ ბრწყინავს, როგორც ელიან, მაგრამ ეს ბუნებრივია. ფეხბურთელზე მოქმედებს უდიდესი პასუხისმგებლობა. ის "იუვენტუსში" ახალი კაცია და ჯერ ძალიან ახალგაზრდაა.

შემადგენლობის სიღრმე
დღევანდელ ფეხბურთში გუნდის წარმატების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი არის რეზერვი, შემადგენლობის სიღრმე. არგენტინა ამ მხრივ საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო მაინც არის მსოფლიოში.

არგენტინას ბოლო სანაკრებო ციებ-ცხელებისას ლონელ მესი და სერხიო აგუერო დააკლდნენ. ამ ორ პრიმას სრულფასოვნად ვერავინ შეცვლის, მაგრამ თუნდაც სანახევროდ მათ შეცვლა ხომ სჭირდებათ?

არგენტინის ნაკრებში მოხვედრის შანსი შესაძლოა, ისეთ ფეხბურთელებს გაუჩნდეთ, დღემდე რომ არ უთამაშიათ ეროვნულ გუნდში. ისინი ბევრნი არიან და ხარისხიან ფეხბურთს თამაშობენ.

მარტინოს მიზანი
არგენტინა აუცილებლად გავა მსოფლიოს ჩემპიონატზე. ამაში ეჭვი არავის ეპარება. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ მანამდე შემადგენლობა უნდა ჩამოაყალიბოს. რუსულ მუნდიალზე კი "ალბისელესტეს" მიზანი ჩემპიონობა იქნება.

მათ ეს შეუძლიათ!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული