ფიფა: ფეხბურთის დიდი პროგრესი და მისი ბნელი მხარე [ნაწილი II]

AutoSharing Option
გაგრძელება. იხილეთ დასაწყისი

2015 წლის მაისის მიწურულს 79 წლის ზეპ ბლატერი კიდევ ერთხელ აირჩიეს ფიფას პრეზიდენტად, მეორე ტურში მან მისივე ქვეშევრდომი და ერთ დროს თანამოაზრე, ფიფას ვიცე-პრეზიდენტი პრინცი ალი ბინ ალ ჰუსეინი დაამარცხა.

თუმცა ამ დროს უკვე აგორებული იყო სკანდალი, რომელიც ბლატერის მიერ ფინანსების გაფლანგვას და გათეთრებას უკავშირდება. საქმეში, არც მეტი, არც ნაკლები, ამერიკის შეერთებული შტატების პროკურატურა და თავად განსაჯეთ, "თეთრი სახლიც" კი ჩაერთო.

ბლატერს ღია მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და ეს არცაა გასაკვირი, რადგან სწორედ ბლატერის
პრეზიდენტობის ჟამს გადაწყდა 2018 წლის მუნდიალის რუსეთში ჩატარება.

მოკლედ, ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ის და რუსეთის შეტაკების კიდევ ერთ პოლიგონად იქცა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, თუ რამხელა ავტორიტეტის მქონე ორგანოა ფიფა და რა ძალა აქვს თავად ფეხბურთს. აღსანიშნავია, რომ ოფიციალური რეზოლუციით, ბლატერს გადადგომისკენ ევროპარლამენტმაც მოუწოდა.

ზეპ ბლატერმა წნეხს ვერ გაუძლო და 2 ივნისს საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც 2016 წლის 26 თებერვალს რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დააანონსა, თვითონ კი მხოლოდ იმ დრომდე დარჩა დაკავებულ პოსტზე.

10 ოქტომბერს ფიფას საარბიტრაჟო კომიტეტმა ზეპ ბლატერს მიშელ პლატინისთან ერთად, საფეხბურთო საქმიანობა 90 დღით შეუჩერა, მიზეზი კი 2 მილიონი შვეიცარიული ფრანკის გათეთრებაა. შესაბამისად, მისტერ ზეპს 10 იანვრამდე მოვალეობების შესრულება აეკრძალა, 26 თებერვალს კი საბოლოოდ გამოემშვიდობება ორგანოს, რომლის სათავეში 1998 წლიდან იმყოფება. დიახ, ბლატერს 17 წელიწადია, რაც ფიფას საპრეზიდენტო პოსტი უკავია და ეს გზა წინააღმდეგობებით იყო აღსავსე.

დღეს მოდაშია ზეპ ბლატერის კრიტიკა, მისი კორუმპირებულად მოხსენიება და ზოგადად, ფიფას ყველაზე კორუმპირებულ ორგანოდ შერაცხვა. მსოფლიოს უმაღლესი საფეხბურთო ორგანოს დისკრედიტაციამ განსაკუთრებული სიმძლავრით მაშინ იფეთქა, როდესაც 2018 წლის მუნდიალის მასპინძლობის უფლება რუსეთს მიენიჭა, 2022 წლის ჩემპიონატი კი ყატარს გადაეცა.

და მაინც, ალბათ, არ შეიძლება ასე ცალმხრივად და მხოლოდ უარყოფითად შეფასება იმ წლების, რომელშიც ფეხბურთმა კიდევ უფრო განიმტკიცა სპორტის უპირველესი სახეობის სტატუსი და დღეს უდიდესი სოციალური მოვლენაა მსოფლიო მასშტაბით...

შავი ლაქა
2015 წლის 27 მაისს ფიფა დიდ კორუფციულ სკანდალში გაეხვა. შვეიცარიის პოლიციამ მსოფლიოს უმაღლესი საფეხბურთო ორგანოს მაღალჩინოსნები დააკავა, მათ შორის, ვიცე-პრეზიდენტი ჯეფრი უები, კონკაკაფის ზონის ხელმძღვანელი ეუჟენიო ფიგერედო, აღმასკომის წევრი და ურუგვაის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ედუარდო ლი, ფიფას განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი რაფაელ ესკიველი და სხვები...

შვეიცარიის პოლიცია თანამშრომლობდა აშშ-ის სპეცდანიშნულების დანაყოფთან, რომელმაც მყისვე ჩაატარა სამძებრო სამუშაოები კონკაკაფის ზონის შტაბ-ბინაში, რომელიც მაიამიში მდებარეობს. პარალელურად, გაიჩხრიკა ფიფას შტაბ-ბინა, რომელიც ციურიხშია.

ფიფას მაღალჩინოსნებს ბრალი ედებათ ორგანიზებულ კორუფციულ საქმიანობაში ბოლო 24 წლის განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი კი თვითონ ზეპ ბლატერია. როგორც აშშ-ის გენერალური პროკურორი ლორეტა ლინჩი აცხადებს, კიდევ ბევრი საქმეა გასახსნელი და ბრალდებები უფრო დამძიმდება.

ამ დროისთვის, გამოძიება მიმდინარეობს 150 მილიონი დოლარის მითვისება-გაფლანგვაზე, რისი დიდი ნაწილიც უკავშირდება სატელევიზიო ტრანსლირების გაყიდვებს. ცალკე თემაა 2018 და 2022 წლების მუნდიალების მასპინძლობის მინიჭება რუსეთისა და ყატარისთვის, სადაც კოლოსალური თანხების აღებ-მიცემობაზეა საუბარი.

ერთი მხრივ - რუსეთი, რომელიც დასავლურ და როგორც ხშირად ამბობენ, ცივილიზებულ სამყაროსთან არის დაპირისპირებული - ემუქრება საერთაშორისო იზოლაცია და წარმოადგენს იმ ქვეყანას, სადაც ადამიანის უფლებები ყოველ ფეხის ნაბიჯზე ირღვევა; მეორე მხრივ - ყატარი, სადაც პოსტფაქტუმ გაარკვიეს, რომ ძლიერი სიცხის გამო ზაფხულში ფეხბურთის თამაში შეუძლებელია და შესაბამისად, მსოფლიოს ჩემპიონატის ზამთარში ჩატარება იგეგმება.

ამ მხრივ, ბლატერმა მემკვიდრეს უდიდესი პრობლემები დაუტოვა - მუნდიალის რუსეთში და მუნდიალის ზამთარში ჩატარება სერიოზულ რისკებთან იქნება დაკავშირებული.

ყოველივე ზემოთაღნიშნული ზეპ ბლატერის კარიერის დიდ შავ ლაქად დარჩება, ფიფას კი წლები დასჭირდება, რომ შელახული იმიჯი აღიდგინოს.

დიდი ინდუსტრია
მსოფლიო ფეხბურთის კომერციალიზაციის პროცესი ჯერ კიდევ ჟოაო აველანჟის დროს დაიწყო და უდავოა, რომ ამ მხრივ, ფიფას ბრაზილიელი პრეზიდენტი ყველასგან გამორჩეული ფიგურა გახლავთ. სწორედ აველანჟმა ჩაუყარა საფუძველი იმას, რაც შემდეგ ზეპ ბლატერმა არანაკლები წარმატებით გააგრძელა და შედეგად, მივიღეთ ფეხბურთი, როგორც დიდი ინდუსტრია, ფინანსური მონსტრი და სოციალური მოვლენა.

მსოფლიო ფეხბურთში კოლოსალური ფული დატრიალდა, რამაც სპორტის ისედაც უპირველესი სახეობის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა და მის გარშემო კიდევ უფრო მეტი გულშემატკივარი გააერთიანა. დიდ ფულს გარკვეული პრობლემები და მათ შორის, სიბინძურე მოაქვს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ სწორედ ამ კომერციალიზაციამ შეუწყო ხელი ფეხბურთის ასეთ აღმასვლას და პროგრესს.

იდეალური სტრუქტურა
მსოფლიო რაგბის უმაღლესი ორგანო ვერანაირ გავლენას ვერ ახდენს 6 ერის გათამაშებაზე, რადგან ამ ტურნირს რომელიღაც შპს სრულიად ავტონომიურად ატარებს.

შედეგად, არ ტარდება ევროპის ჩემპიონატი, საქართველოს სარაგბო ნაკრები კი რაღაც ჯადოსნურ წრეზე ტრიალებს და ევროპული მასშტაბით მუდმივად ერთსა და იმავე გუნდებს ეთამაშება, პროგრესი კი ამ ეტაპზე თეორიულადაც შეუძლებელია. საერთაშორისო საკლუბო რაგბი ერთი დიდი გაუგებრობაა, რისი ნათელი მაგალითიც ევროტურნისთვის სპეციალურად შექმნილი ქართული გუნდი "კავკასიელები" გახლდათ, რომელიც ტურნირიდან გამოვარდნისთანავე დაიშალა.

თვითონ ამ გუნდის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მაგრამ თავადაც ხვდებით, რომ ასეთი პარადოქსული მოვლენები ფეხბურთში უბრალოდ არ ხდება. შედეგად, რაგბი ნელი ტემპებით ვითარდება და დღეს მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად მორაგბეს, ახალზელანდიელ დენ კარტერს ზუსტად 24 წელი დასჭირდება იმისთვის, რომ კრიშტინო რონალდოს ერთი წლის შემოსავალი აიღოს.

მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატი და ევრობასკეტი, მეტწილად, ცარიელი ტრიბუნების ფონზე ტარდება, არენები კი მხოლოდ იმ იშვიათ შემთხვევაში ივსება, თუ მასპინძელი ქვეყანა ასპარეზობს. ამასთან, სანაკრებო კალათბურთი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება პრესტიჟით NBA-ს და ხშირად ამერიკაში მოასპარეზე უძლიერესი კალათბურთელები უარს აცხადებენ საკუთარი ქვეყნის ღირსების დაცვაზე.

ამასთან, მსოფლიო კალათბურთის უმაღლესი ორგანო (FIBA) ვერანაირ გავლენას ვერ ახდენს ამ პროცესებზე და NBA მისგან სრულიად დამოუკიდებელია. შედეგად, ვიღებთ ნაკლებ პრესტიჟულ სანაკრებო ტურნირებს და როგორც აღვნიშნეთ, ცარიელ ტრიბუნებს.

ერთ დროს საბჭოთა კავშირის, კანადის, ჩეხეთის, შვედეთის, ფინეთის და სხვა გრანდების დაპირისპირებებს ყინულის ჰოკეიში მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს, თუმცა დღეს მსგავსი არაფერი ხდება.

ამერიკამ და კერძოდ, NHL-მა აქაც გადაწონა ყველაფერი და ყინულის ჰოკეი დიდი სანაკრებო ბატალიების გარეშე დატოვა. მსოფლიოს ჩემპიონატი ჰოკეიში უძლიერესი შემადგენლობებით ბოლოს 2004 წელს ჩატარდა და ამით ყველაფერია ნათქვამი.

მხოლოდ ერთი შეგვიძლია დავძინოთ - ყოველივე ზემოთქმულის ფონზე, მსოფლიო ფეხბურთი იდეალური სტრუქტურით გამოირჩევა და ეს უდავოდ არის ფიფას და მასში შემავალი სხვა ორგანოების დამსახურება.

ნომერ პირველი ყველა კრიტერიუმით
როდესაც ვსაუბრობთ, რომ ფიფას საქმიანობის ცალსახად უარყოფითად შეფასება არ შეიძლება, სწორედ იმას ვგულისხმობთ, რომ ბოლო 20 წელიწადში ფეხბურთმა კიდევ უფრო განიმტკიცა სპორტის უპირველესი სახეობის სტატუსი.

ბუნებრივია, რომ დიდწილად, ეს თვითონ თამაშის, როგორც გენიალური ქმნილების დამსახურებაა, მაგრამ არც ფიფას მესვეურებს უნდა დავუკარგოთ გარჯა...

სპორტული კვლევების კომპანია SPORTEOLOGY-მ ყველაზე მსხვილი სოციალური კვლევა აწარმოა მსოფლიო მასშტაბით და 190 ქვეყანაში სპორტის ყველაზე პოპულარული, ნომერი პირველი სახეობა გამოავლინა.

თავად განსაჯეთ, 190 ქვეყნიდან ფეხბურთი ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობა 141 ქვეყანაშია და ბუნებრივია, რომ გამოკვეთილი ლიდერია.

გაგიკვირდებათ და, მეორე ადგილზე კრიკეტია, რომელიც 9 ქვეყანაშია სპორტის უპირველესი სახეობა: ინდოეთი, ანტიგუა და ბარბუდა, ბანგლადეში, გრენადა, გუანა, იამაიკა, პაკისტანი, შრილანკა და ტრინიდადი. შემდეგ მოდის ბეისბოლი, რომელსაც 7 ქვეყანაში სწყალობენ: კუბა, დომინიკის რესპუბლიკა, იაპონია, ნიკარაგუა, პანამა, ტაივანი და ვენესუელა. მხოლოდ შემდეგ მოდიან 3-3 ქვეყნით კალათბურთი (ლიტვა, ესტონეთი, ფილიპინები), რაგბი (ახალი ზელანდია, ფიჯი, პაპუა ახალი გვინეა) და ყინულის ჰოკეი (კანადა, ფინეთი, ლატვია).

20 ქვეყანაში არც ერთი სპორტის სახეობა არ არის გამოკვეთილად პირველი და შეგვიძლია ეს ქვეყნებიც ჩამოვთვალოთ: ანდორა, არუბა, ბაჰრეინი, ბერმუდა, ბრუნეი, კაბო ვერდე, კაიმანის კუნძულები, კომოროს კუნძულები, კვიპროსი, ჰონკონგი, ლიხტენშტეინი, მალდივის კუნძულები, მალტა, მავრიკეთი, მონაკო, ახალი კალედონია, რეიუნიონი, სამოა, სოლომონის კუნძულები, ვანუატუ.

არის კიდევ 5 ქვეყანა, სადაც განსხვავებული გემოვნება აქვთ - ავსტრალიაში ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობა ავსტრალიური ფეხბურთია, აშშ-ში - ამერიკული ფეხბურთი, ირლანდიაში - გაელური ფეხბურთი, მონღოლეთში - ჭიდაობა და კამბოჯაში - ფრენბურთი.

ყველა დანარჩენ ქვეყანაში, ასეთი კი 141-ია, პირველობას არავის უთმობს ფეხბურთი და თქვენი ნებართვით, ამ ქვეყნების ჩამონათვალს აღარ მოვყვებით...

ნომერ პირველი სოციალურ ქსელშიც
სოჭში გამართულ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში და კერძოდ, "ფეისბუქში", 120 მილიონი აქტივობა დაფიქსირდა. ამერიკული ფეხბურთის მთელმა სეზონმა და მათ შორის, ფინალურმა მატჩებმა, რომელიც სუპერბოულის სახელით არის ცნობილი, 185 მილიონი აქტივობა გამოიწვია.

ლონდონში გამართულ ზაფხულის ოლიმპურ თამაშებს 760 მილიონი აქტივობა მოჰყვა, ხოლო "ოსკარის" დაჯილდოების უკანასკნელმა ცერემონიალმა 25.4 მილიონი გამოხმაურება ჰპოვა.

გაინტერესებთ, "ფეისბუქში" რამდენი აქტივობა (კომენტარი, მოწონება, სტატუსი) მოჰყვა 2014 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატს, რომელიც ბრაზილიაში გაიმართა? - 3 მილიარდი (!!!) და ეს აბსოლუტური რეკორდია.

საგულისხმოა, რომ მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატმა სოციალურ ქსელში ისეთ ქვეყნებშიც დაამხო რეკორდები, სადაც ფეხბურთი ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობა არაა. მაგალითად, აშშ-ში მუნდიალმა მნიშვნელოვნად დაჯაბნა სუპერბოულის თამაშები, ავსტრალიაში კი - ავსტრალიური ფეხბურთის ფინალური მატჩები. ესეც იმის მომასწავებელია, რომ ფეხბურთის მიმართ ინტერესი იზრდება იმ მცირე რაოდენობის ქვეყნებშიც, სადაც პოპულარობით ჯერ კიდევ ჩამოუვარდება სპორტის სხვა სახეობებს.

დიახ, 3 მილიარდი აქტივობა და ეს მაშინ, როდესაც სხვა არც ერთ მოვლენას 1 მილიარდი აქტივობაც არ გამოუწვევია. ფეხბურთი პირველია, პრაქტიკულად, ყველა კრიტერიუმით და ბუნებრივია, რომ ამაში თავისი წვლილი ფიფას მესვეურებსაც მიუძღვით.

თუმცა, ერთი ცხადზე უცხადესია - ვერაფრით გამართლდება კორუფცია, მექრთამეობა და სწორედ ამ მანკიერ მხარესთან ბრძოლა იქნება მსოფლიოს უმაღლესი საფეხბურთო ორგანოს ახალი პრეზიდენტის უმთავრესი გამოწვევა.

(გაგრძელება იქნება)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული