ფიფა: როგორი იქნება ფეხბურთის მომავალი [ნაწილი III]

AutoSharing Option
დასასრული, იხილეთ დასაწყისი:

ფიფას ახალი პრეზიდენტის პირველი გამოწვევა მექრთამეობასთან ბრძოლა და ამ უმსხვილესი ორგანიზაციის კორუფციისგან გაწმენდაა; შესაბამისად, მსოფლიოს უმაღლესი საფეხბურთო ორგანოს შელახული იმიჯის აღდგენა. თუმცა, ამის გარდა, კიდევ უამრავი საკითხია, რომელიც ბოლო წლებში მუდმივი განხილვის საგანი იყო და აქტუალობას არც დღეს კარგავს...

კონსერვატორი ბლატერი
ზეპ ბლატერი, მისი პრეზიდენტობის მთელი 17 წლის განმავლობაში, გამოირჩეოდა კონსერვატული ხედვით და მეტწილად, ეწინააღმდეგებოდა სხვადასხვა სიახლეის დანერგვას როგორც თვითონ თამაშში,
ისე ორგანიზაციულ თუ ტექნიკურ საკითხებში.

აი, რას ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში შვეიცარიელი ფუნქციონერი: "ფეხბურთი არის სრულყოფილი ქმნილება და მასში აღარაფერს შევცვლიდი. ბოლო პროგრესული ნაბიჯი ის იყო, როდესაც მეკარეს თანაგუნდელის პასის შემდეგ ბურთის ხელში აღება აეკრძალა.

მას შემდეგ იყო ბევრი იდეა და ხედვა, მაგრამ არც ერთი არ იმსახურებდა თუნდაც განხილვას. მაგალითად, ერთ-ერთი საინიციატივო ჯგუფი მიიჩნევდა, რომ ცოცხალ კედელში სამ ფეხბურთელზე მეტი არ უნდა მდგარიყო, რაც სრული აბსურდია - ფეხბურთის ხიბლი გოლების რაოდენობაში არაა, ის ისედაც გენიალური სპორტია.

გახსოვთ ოქროს გოლი? - ეს იყო ყველაზე დიდი შეცდომა, რაც კი ოდესმე მინახავს და დიდი იმედი მაქვს, რომ ფიფა მსგავს სისულელეს აღარ დაუშვებს".

სასარგებლო ბიუროკრატია
მას შემდეგ, რაც ფეხბურთის მამები ოქროს გოლის აბსურდულობაში დარწმუნდნენ, ფიფას კოდექსის საფუძველზე, კიდევ უფრო გაართულეს ის გზა, რომლის გავლითაც არის შესაძლებელი თამაშის წესების შეცვლა.

დღეს ფიფას ერთბაშად რამდენიმე კომიტეტმა უნდა მოიწონოს იდეა, რომ შემდეგ განსახილველად დირექტორთა საბჭოს გადაეგზავნოს და ბოლოს, ყველასგან მოწონებულ პროექტს, უკვე საარბიტრაჟო კომიტეტი განიხილავს, რომელიც უაღრესად კონსერვატული პლატფორმიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, მას ვეტოს დაადებს.

ეს არის ხედვა, რომელიც ფიფას ყოველთვის ახასიათებდა, მაგრამ ზეპ ბლატერის დროს კიდევ უფრო განმტკიცდა. საგულისხმოა, რომ ეს მიდგომა არა მარტო თამაშის წესებს, არამედ მის გარშემო თითოეულ პროცესს ეხება და ამაზე ქვემოთ ვისაუბროთ...

ტექნოლოგიები
რამდენიმე დღის წინათ მსოფლიოს სარაგბო ჩემპიონატი დასრულდა და ყველამ კარგად ვნახეთ, რომ თამაშებზე თითოეული სადავო ეპიზოდი ვიდეოგამეორებაზე ირჩეოდა. თითოეულ თამაშს ჰყავდა ვიდეორეფერი, რომელიც მთავარ არბიტრს დეტალურ ინფორმაციას აწვდიდა. ანალოგიური ტექნოლოგია გამოიყენება კალათბურთშიც, განსაკუთრებით დახვეწილი კი ეს სისტემა NBA-შია.

ფეხბურთში, სპორტის უპირველეს სახეობაში, რომელიც ხშირად სპორტის ფარგლებსაც სცდება, თითოეული სადავო ეპიზოდი მსაჯის მახვილ მზერაზეა დამოკიდებული.

აღარ ჩამოვთვლით იმ ეპიზოდებს, როდესაც მსაჯის შეცდომის გამო თუნდაც მსოფლიო ჩემპიონატებზე მატჩების და შესაბამისად, ქვეყნების ბედი გადაწყვეტილა, თუმცა ეს რომ მომხდარა და თანაც არაერთხელ, ფეხბურთის გულშემატკივრებს კარგად მოეხსენებათ...

რატომ დუმს ფიფა და რატომ არ ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებს, რაც თითქოს მარტივად მოაგვარებს ამ პრობლემას? - აქაც მთავარი მიზეზი კონსერვატული ხედვაა, ზეპ ბლატერის კიდევ ერთი კომენტარი კი სწორედ ამაზე მეტყველებს:

"ცდებიან ფეხბურთელებიც და ცდება მსაჯიც, ეს ადამიანური ფაქტორია, რომელიც ფეხბურთში ყველაზე ფასეულია. ჩვენი მიზანი ამ შეცდომების მინიმუმამდე დაყვანაა, მაგრამ მსაჯთა კვალიფიკაციის ამაღლებით და არა ტექნოლოგიების დანერგვით, რაც თამაშის ტემპს შეანელებს და თანასწორობის პრინციპებს დაარღვევს.

ფეხბურთი ასეთია როგორც მსოფლიო გრანდებისთვის, ისე აფრიკის ქუჩებში მოთამაშე ბავშვებისთვის და ეს მთავარი ღირებულებაა".

რას ნიშნავს თანასწორობა?
რომელ თანასწორობაზეა ლაპარაკი? - იკითხავთ და აქვე პასუხი: ფიფას კოდექსში არის პუნქტი, რომელიც გვეუბნება, რომ ფეხბურთი ნებისმიერ დონეზე ერთი წესებით უნდა ტარდებოდეს, იქნება ეს მსოფლიოს ჩემპიონატი თუ რომელიმე ნაკლებად პრესტიჟული გათამაშება.

ანუ, თუ საქართველოს ჩემპიონატში ვერ ვნერგავთ ვიდეოგამეორებას, მაშინ ამის გაკეთება არც მუნდიალზე შეიძლება.

სწორედ ფიფას თანასწორობის კოდექსით არის განსაზღვრული, რომ არ არსებობენ პირველი, მეორე თუ მესამე ხარისხის ქვეყნები და შესაბამისად, თითოეული ასოციაცია უნდა იყოს თანაბარ პირობებში. სწორედ ამიტომ არის, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს მუდმივად უწევს მსოფლიოს საუკეთესო გუნდებთან თამაში, რადგან ყველა ქვეყანა შესარჩევი ეტაპის ერთიან სისტემაშია მოქცეული.

ფიფა კრძალავს შესარჩევი ეტაპის დაყოფას ძლიერების და სუსტების მიხედვით და გამორიცხავს ისეთ სისტემას, როგორიც მაგალითად რაგბიშია, როდესაც არავითარი მექანიზმი არ არსებობს, რომ ერთა თასიდან, რომელსაც ევროპის ჩემპიონატი დაარქვეს, 6 ერში გადახვიდე.

მით უმეტეს, ფიფა გრანდებს არ მისცემს იმის უფლებას, რომ შედარებით სუსტ მეტოქესთან A ან B გუნდით ითამაშონ. აღარაფერს ვამბობთ გუნდების ისეთ უცნაურ დასახელებებზე, როგორიცაა მაგალითად მზარდი ირლანდია...

პრეზიდენტობის კანდიდატთა მოსაზრებები
მიშელ პლატინიმ უკვე განაცხადა, რომ ის ამ თანასწორობის პირველი გულშემატკივარია და მისი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ამ მხრივ, ფიფას პრინციპები არ შეიცვლება.

მუსიე მიშელი იმასაც გვახსენებს რომ უეფას პრეზიდენტის პოსტზე მისი ნაბიჯები სწორედ ამის დასტურია, რადგან ყოველმხრივ ხელს უწყობდა პატარა საფეხბურთო ქვეყნების კიდევ უფრო წამოწევას და მათთვის მეტი შანსის მიცემას.

პლატინის მთავარი კონკურენტი პრინცი ალი მიიჩნევს, რომ თანასწორობის პრინციპები ხელშეუხებელია, თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით, მეტი სითამამეა საჭირო. ამ თემაზე ალიმ მეტად საინტერესო კომენტარი გააკეთა:

"სიახლეების დანერგვის თვალსაზრისით, ფიფა ძალიან კონსერვატული ორგანოა და ერთადერთი, რისი გაკეთებაც შედარებით მოკლე დროში შეიძლება, ეს სიახლის საცდელი პერიოდით დანერგვაა. სწორედ ასე დაინერგა გარკვეულ ტურნირებში ბურთში ჩიპის ჩამონტაჟება, რომელიც კარის ხაზის გადაკვეთას აფიქსირებს და რომლის ერთ-ერთი მომხრე მეც ვიყავი.

რეალურად, ჩიპი ერთადერთი გზაა, უტყუარად გავიგოთ, გავიდა თუ არა გოლი, რადგან არის შემთხვევები, როდესაც ბურთის მიერ კარის ხაზის გადაკვეთა არც ვიდეოგამეორებაზე ჩანს. ცნობილია, რომ 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გატანილი სკანდალური გოლი თანამედროვე ტექნოლოგიებით ათასჯერ გადაამოწმეს და მაინც არ ჩანს, იყო თუ არა რეალურად გოლი.

ჩემი აზრით, ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით, გონივრული სითამამეა საჭირო".

G 14
გასული საუკუნის ბოლოს განსაკუთრებულად აქტუალური გახდა G 14-ის თემა, რომელიც დღესაც ცოცხალია და ამ ორგანიზაციის მესვეურები დღემდე ცდილობენ მიზნის მიღწევას. ლაპარაკია ევროპული საკლუბო ფეხბურთის რეფორმაზე, რომლის მიხედვითაც გაუქმდება ჩემპიონთა ლიგის და ევროპალიგის გათამაშებები და ჩატარდება ერთი დიდი ტურნირი წრიული სისტემით, რომელსაც G 14 ეწოდება.

ლაპარაკია ევროპის წამყვანი კლუბების მიერ ერთი ლიგის შექმნაზე და ამ გზით, ყოველწლიურად ევროპის საუკეთესო გუნდის გამოვლენაზე. ამ ლიგაში მოიაზრებიან: მადრიდის "რეალი", "ბარსელონა", "ინტერი", "იუვენტუსი", "მილანი", "ლივერპული", "მანჩესტერ იუნაიტედი", "ბაიერნი", დორტმუნდის "ბორუსია", "აიაქსი", პსვ, მარსელის "ოლიმპიკი", პსჟ და "პორტუ".

მოგვიანებით, ამ გუნდებს ლონდონის "არსენალი", ლევერკუზენის "ბაიერი", "ლიონი" და "ვალენსია" დაემატნენ, G 14 კი G 18-ად გადაკეთდა.

ამ რეფორმის მიხედვით, იტალიის, ესპანეთის, საფრანგეთის, ინგლისის, ჰოლანდიის და პორტუგალიის ჩემპიონატები სწორედ ამ ტოპ-გუნდების გარეშე უნდა გაგრძელდეს. თუმცა...

ფიფა და უეფა ამ მხრივაც შეუვალნი არიან და G 14-თან თანამშრომლობის შემთხვევაში, გრანდებს უეფას ეგიდით ჩატარებული ტურნირებიდან მოკვეთით ემუქრებიან. შედეგად, G 14 დღეს მარგინალური ორგანიზაციაა, რომელიც ჰაერში არსებობს და ამ ეტაპზე, არავითარი პერსპექტივა არ უჩანს.

მართალია, მიშელ პლატინიმ ჩემპიონთა ლიგის ფორმატში გარკვეული ცვლილებები შეიტანა, ხოლო უეფას თასს სულაც სახელი შეუცვალა და ევროპალიგა დაარქვა, მაგრამ როგორც თავად აცხადებს, ეს არის კორექტივები, რევოლუციური ცვლილებები კი ევროპულ საკლუბო ფეხბურთს არ სჭირდება.

ფიფას პრეზიდენტობის სხვა კანდიდატები ამ თემას და ზოგადად, ტურნირების ფორმატებს ნაკლებ დროს უთმობენ, თუმცა არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მოუწევთ პოზიციების დაფიქსირება.

დასკვნა
2016 წლის 26 თებერვალს ფიფას საპრეზოდენტო არჩევნებია - და მაინც, როგორი უნდა იყოს მომავალში ფეხბურთი და რა უნდა მოიმოქმედოს ფიფას ახალმა პრეზიდენტმა? - არის თუ არა თვითონ თამაშის წესებში ცვლილებები შესატანი? - ან იქნებ ტურნირების ფორმატები და სისტება უნდა შეიცვალოს? - უნდა დაინერგოს თუ არა თანამედროვე ტექნოლოგიები და კიდევ არაერთი თემა, რომელიც საფეხბურთო მსოფლიოში აქტუალურია...

ბოლოს, იტალიელი საფეხბურთო ექსპერტის ერთ ფრაზას მოვიშველიებთ, რომელმაც საფეხბურთო მსოფლიოს შემდეგი გზავნილი დაუტოვა:

"შეეშვით ფეხბურთს, რადგან ის სრულყოფილია, მსაჯის მიერ დაშვებული შეცდომები კი იწვევს იმ ადამიანურ ემოციებს, რომლებზეც შემდეგ ათწლეულები საუბრობენ. ებრძოლეთ კორუფციას, გარიგებულ თამაშებს და ყველაფერი კარგად იქნება"...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ფეხბურთი სულაც არ არის სრულყოფილი.მეტიც, როცა დღევანდელ ფეხბურთს ვუყურებ მიკვირს კიდეც-ნუთუ ეს ტანჯვა-წვალებაა სპორტის ნომერ პირველი სახეობა?დღეს ისე გიაზარდა ფეხბურთელების ფიზიკური კონდიციები რომ უაღრესად რთულია მოწინააღმდეგის კარამდე ბურთის ჩატანა და კარის აღება.ადამიანებს გაცილებით უკეთ შეუძლიათ ბურთის ფეხით თამაში და ამაში ძალიან მალე ყველა ჩვენგანი დავრწმუნდებით.საქართველოში უნიკალური ინოვაცია მზადდება და ძალიან მალე, სულ ორ თვეში დინამო თბილისში დაინერგება.აი მერე ვნახავთ როგორია სრულყოფილი ფეხბურთი.
zaza
01:03 07-11-2015
0
ყველაზე მაგარი სტატიაა დღეს:)
კარგია ძაან
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული