ამ რეფორმების ერთ-ერთი მთავარი შედეგი შეიძლება იყოს 2026 წლის მუნდიალი, სადაც სავარაუდოდ, არა 32 ნაკრები, არამედ 40 ნაკრები იასპარეზებს. თითოეულ ჯგუფში (ჯგუფი ისევ რვა იქნება) 5-5 ნაკრები ითამაშებს, ამიტომაც მუნდიალს 32 თამაში და ერთი კვირა დაემატება.
ასე რომ, მომავალი მასპინძელი ქვეყნის საფეხბურთო ფუნქციონერები ასჯერ დაფიქრდებიან, სანამ თავიანთ კანდიდატურას წარადგენენ მუნდიალის სამასპინძლოდ. ფაქტია, ორგანიზატორებს ხარჯი და პრობლემა აუცილებლად მოემატებათ.
გასული წლის მუნდიალმა საოცარი მოგება მოიტანა - 2,6 მილიარდი დოლარი. ამიტომაც არის, რომ ფიფას ბოსებმა გაფართოებაზე დაიწყეს ფიქრი. ბედის ირონიით, 40-გუნდიანი მუნდიალის იდეა მიშელ პლატინის ეკუთვნის, ეს მან ჯერ კიდევ 2013 წელს თქვა, ახლა კი უეფას პრეზიდენტი დროებით ჩამოშორებულია საქმიანობას და თუ ბრალდება დაუმტკიცდა, ციხე ელის.
აღსანიშნავია, რომ ამით ევროპა ნაკლებად მოიგებს, რადგან 8 დამატებული ქვეყნიდან შესაძლოა, ერთიც არ იყოს ევროპული. ევროპის ნაკრებებს მომდევნო მუნდიალზე 14 ადგილი აქვთ, რაც ისედაც ყველა კონტინენტზე მეტია. შეგახსენებთ, რომ პირველი მუნდიალი, რომელიც 1930 წელს ურუგვაიში ჩატარდა, 13-გუნდიანი იყო.
* * *
რეფორმა რეფორმად, მაგრამ იმავე დღეს ციურიხის სასტუმროში რეიდის შედეგად, რამდენიმე ჩინოსანი დაიჭირეს და მათ შორის ორი ფიფას ვიცე-პრეზიდენტია - ხუან ანხელ ნაპუტი და ალფრედო ჰევიტი. ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"