პატივცემული გვამები - ფიფასა და უეფას ოჯახი ნათლიმამების გარეშე

AutoSharing Option
20 დეკემბერს ფიფას ეთიკის კომიტეტმა განაჩენი გამოუტანა ფეხბურთის ორ ყველაზე მაღალჩინოსანს - ფიფას პრეზიდენტ ზეპ ბლატერსა და უეფას პრეზიდენტ მიშელ პლატინის. თუ აქამდე ეს პატივცემული გვამები დროებით, გამოძიების დასრულებამდე ჩამოშორებულნი იყვნენ მმართველობას (როგორც ეჭვმიტანილნი), ახლა მათ 8-8 წლით ფეხბურთიდან მოკვეთა შეეფარდათ.

ეს განაჩენი შვეიცარიელი ჩინოვნიკისთვის კარიერის სამარცხვინოდ დასრულების ტოლფასია, ხოლო ფრანგს ეყოფა თუ არა ძალა წამოსადგომად, მხოლოდ მომავალი გვიჩვენებს.

ძალიან მიამიტურია იმის მტკიცება, რომ ეს ყბადაღებული საქმე გუშინ დასრულდა, ჯერ წინ ბევრი რაუნდი გველის: გასაჩივრებები, გასაჩივრებულის გასაჩივრება და ასე შემდეგ,
თუმცა ცხადია, გუშინ ძალიან ბევრ კითხვას გაეცა პასუხი.

მიშელ პლატინი და ზეპ ბლატერი, ორივე მხნედ გამოიყურება და ორივე აპირებს თავისის "სიმართლის" ბოლომდე მიყვანას, მაგრამ მათი სიმხნევე მაინც მოჩვენებითია. ამ რეალობით, პლატინის ფიფას კონგრესზე, რა თქმა უნდა, არ ექნება საპრეზიდენტო კანდიდატურის დაყენების უფლება.

თუ გახსოვთ, ეთიკის კომიტეტმა ერთხელ უკვე უარყო მიშელ პლატინის აპელაცია, როცა ფრანგი 90-დღიან, დროებით მოკვეთას აპროტესტებდა. ახლაც არა გვგონია, მის და შვეიცარიელი ბლატერის აპელაციებს პერსპექტივა ჰქონდეთ.

შეგახსენებთ, რომ შვეიცარიის პროკურატურამ სექტემბრის ბოლოს საქმე გახსნა ზეპ ბლატერის წინააღმდეგ. ბლატერს სულ მცირე, დანაშაულებრივი გულგრილობა ბრალდება ან დიდძალი თანხის მითვისება. 2005 წელს ბლატერმა კონტრაქტი დადო კარიბის აუზის საფეხბურთო კავშირთან. კონტრაქტი აშკარად არახელსაყრელი პირობებით იყო შედგენილი ფიფასთვის, იყო მსოფლიოს ჩემპიონატის ბილეთების განაწილების არაჯანსაღი ნიშნებიც.

და მთავარი, ბლატერს ედავებიან, რომ მან 2 მილიონი შვეიცარიული ფრანკი გადაურიცხა მიშელ პლატინის ფიფას რესურსებიდან. თითქოს, ეს ფული რაღაც ხარჯებზე იყო განსაზღვრული 1999 წლის მომსახურებისთვის. არადა, ფრანგი იმ პერიოდში ჯერ არ იყო უეფას პრეზიდენტი და აბა, უეფას ხარჯები როგორ ექნებოდა.

როგორც ჩანს, ფეხბურთის სამყაროში ეს ჩვეული მოვლენა იყო მაღალ ეშელონებში, სულ უფრო მეტ ადამიანს იჭერენ ბლატერისა და პლატინის გარემოცვიდან (ჯერ ეს დუეტი თავისუფალია), სულ უფრო მეტ სკანდალს ვიგებთ.

როგორც ჩანს, ფიფას ეთიკის კომიტეტს ამ გადაწყვეტილებით, თავად ორგანიზაციების (ფიფა, უეფა) გადარჩენა სურს, პირველი კაცების შეწირვით. თითქოს, ყველა კორუფციონერს დავსჯით, მთავრების ჩათვლით, ორგანიზაცია კი სუფთააო.

ფეხბურთის ნათლიმამებისთვის ყველაფერი კარგად იქნებოდა, ბლატერს რომ არ გამოეჩინა სკამის დიდი სიყვარული, მაშინ, როცა მისი მემკვიდრის გამოცხადების დრო მოვიდა და ამ სტატუსს პლატინი ნამდვილად მოუთმენლად ელოდა. შვეიცარიელმა გადაწყვიტა, რომ ბოლომდე დარჩენილიყო, რისთვისაც პლატინის აჯანყება მიიღო. შედეგად, ბლატერი ჭაობშია, მაგრამ მან იქ პლატინიც ჩაიყოლა.

ისეთი განწყობაა, თითქოს, ფეხბურთში ბოსების დრო წავიდა და ახლა ბიუროკრატიის დრო მოდის. ასეთ სიტუაციაში კი ვინ იქნება ახალი ნათლიმამა 2016 წლის 28 თებერვალს, დიდად მნიშვნელოვანი აღარ არის...

რეაქციები
ფიფას მოკვეთილმა პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა განაცხადა, რომ ის აუცილებლად შეიტანს აპელაციას, რადგან ვერაფრით გაუგია, რის გამო დასაჯეს ასე სასტიკად. ბლატერი ლოზანაში, სპორტულ სასამართლოში იჩივლებს. ის დისკვალიფიკაციის მოხსნას ითხოვს.

უეფაში მხარს უჭერენ პლატინის უფლებას, გაიმართლოს თავი და იბრძოლოს სახელის შებღალვის წინააღმდეგ.

"უეფა გაეცნო ფიფას ეთიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას, მიშელ პლატინის 8 წლით ფეხბურთიდან მოკვეთაზე და ორგანიზაცია იმედგაცრუებულია ამ სანქციით. ეს გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა გასაჩივრდეს. უეფა მხარს უჭერს პლატინის, გაიმართლოს თავი", - წერია უეფას ოფიციალურ საიტზე.

უეფას პლატინის ნაცვლად, სავარაუდოდ, მიხაელ ვან პრაგი უხელმძღვანელებს, ჰოლანდიელი ვიცე-პრეზიდენტი. ეს ყველაფერი კი უეფას აღმასკომის სხდომაზე, 21 იანვარს გადაწყდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
დაახლოებით 10 წელია, რაც ფეხბურთის ნელ-ნელა შოუბიზნესად გადაკეთებას ვუყურებთ, რაც ფეხბურთში დიდმა ფულმა დაიწყო ტრიალი, მის მერე ალ კაპონეს შეშურდებოდა ისეთი მაფია დატრიალდა და სპორტის პირველი სახეობა ისე გააბანძეს, რომ მე და ჩემნაერები ბოლო წლებია აღარც კი ვადევნებთ თვალს. ბევრგან დამიწერია და ეხლაც ამ აზრზე ვარ, სანამ ფეხბურთში კორუფციაზე სერიოზულად არ დასჯიან დამნაშავეებს მანამდე ესე გაგრძელდება. სასაცილოა 6 წლით მოკვეთენ ფეხბურთიდანო, მილიონებს იპარავენ და ასე ისჯებიან??? ადამიანმა რომ ვინმე მოატყუოს და ფული გამოსძალოს ციხეში დაალპობენ და ამათ 6 თვიანი და ამის მსგავსი დისკვალიფიკაცია ფეხბურთიდან---ტაში. ჯერ-ჯერობით ერთი სპორტია სუფთა -- რაგბი და ისიც იმიტომ რომ დიდი ფული არ ტრიალებს, მაგრამ აქაც ვამჩნევ უკვე მაიმუნობას, რა ხდება- სპორტი პოლიტიკის ნაწილი ხდება.
ნეტარ არიან
11:47 22-12-2015
0
დიდი ხანია ორივე მოსაშორებელი იყო. ისე არველაძეებს ვუსამძიმრებ.
irakli
10:57 22-12-2015
0

სიახლეები პოპულარული