რობერტო ბაჯო: დედას ვთხოვდი, თუ გიყვარვარ, მომკალი-მეთქი

AutoSharing Option
მუხლის ტკივილი რობერტო ბაჯოს მწარედ ახსოვს. მსოფლიო ფეხბურთის იტალიელი მშვენება იგონებს, რომ იყო დრო, როცა მეტის ატანა აღარ შეეძლო და... დედას ეხვეწებოდა, მომკალიო. არადა, ტკივილი - ზოგჯერ დაუნდობელი, ზოგჯერ კი უფრო ლმობიერი - "ღვთაებრივი ცხენისკუდას" კარიერას ლაიტმოტივად გასდევდა.

ის ტკივილთან ერთად გახდა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, ხოლო 2004 წლის 16 მაისს, როცა უკანასკნელად გავიდა მოედნიდან, გულშემატკივარს რიტორიკული კითხვა დაუტოვა: ტკივილი რომ არა, როგორ სპექტაკლებს დაგვიდგამდა, წარმოგიდგენიათ?!.

დამიფასდა!..
"ფეხბურთის თამაშს თავი რომ დავანებე, მოვისვენე, - უამბო ამ შემოდგომაზე ბაჯომ "კორიერე დელო
სპორტს", - მთელი კარიერის ტკივილით გატარება ნამდვილი წამება იყო. განსაკუთრებით, ბოლო წლებში გამიჭირდა. მეტს ვეღარ ვუძლებდი. "ბრეშაში" ყოველი შეხვედრის შემდეგ ორი დღე ვერ დავდიოდი.

სტადიონიდან შინ დაბრუნებული მანქანიდან ძლივს გადმოვდიოდი. კარს რომ გავაღებდი, ჯერ ცალ ფეხს დავდგამდი მიწაზე, მერე დავისვენებდი და კარზე დაყრდნობით, რის ვაი-ვაგლახით ვდგებოდი. ერთი კვირის მერე კი კვლავ მოედანზე უნდა გავსულიყავი. ცხადია, უამრავ ტკივილგამაყუჩებელს ვიკეთებდი, მაგრამ მომდევნო კვირას ისევ ვთამაშობდი...

ყველაფერი ფეხბურთს შევწირე. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ იმ პერიოდისთვის, როცა კარიერა დავასრულე, თავს ბედნიერ და ვალმოხდილ ადამიანად ვგრძნობდი. მეტს ნამდვილად ვეღარ გავაკეთებდი. სერია A-ში უკანასკნელად "სან სიროზე" ვითამაშე, ნაკრების ფორმა კი ბოლოს გენუაში მეცვა. და ამ ორ შეხვედრაში გულშემატკივარმა ისეთი სიყვარული მაგრძნობინა, რომ მივხვდი: დამიფასდა".

პირველად იყო... 1985 წელს
როცა ვამბობთ, რომ "ღვთაებრივი ცხენისკუდას" კარიერამ ტკივილთან ერთად ჩაიარა, არაფერს ვაჭარბებთ. მუხლი პირველად 1985 წელს, 18 წლისამ დაიშავა. ეს იყო საშინელი ტრავმა. ბაჯო იგონებს:

"ასე დაიწყო ჩემი ცხოვრება ფეხბურთში. ხალხი "ფენომენს" მეძახდა. შეიძლებოდა, თავსაც გამსვლოდა, მაგრამ რეალობამ მიწაზე დამანარცხა. ფეხი ცუდად დავდგი, მენისკი და ჯვარედინი მყესები დავიზიანე. პროფესორები მუხლზე მიყურებდნენ და თავს აქნევდნენ. მეუბნებოდნენ, რომ ალბათ ვეღარასოდეს ვითამაშებდი. მუხლებზე ექვსი ოპერაცია მაქვს გაკეთებული - ოთხი მარჯვენა ფეხზე, ორი კი მარცხენაზე...

იმ წლებში მენისკის ტრავმა კატასტროფას უდრიდა. ეს დღეს გახდა ოპერაცია ადვილი, თორემ მაშინ რთული საქმე გახლდათ. უმძიმესი ქირურგიული ჩარევები დამჭირდა. ყოველ ჯერზე კარიერის დამთავრების რისკის წინაშე ვიდექი, მაგრამ არ დავნებდი, ბედს არ შევეგუე...

ყველაზე კოშმარული ოპერაცია საფრანგეთში გამიკეთეს. ექიმებს წვივის გახვრეტა დასჭირდათ, იქ გაწყვეტილი მყესი რომ გამოებათ. თან, ალერგიული ვარ და ანთების საწინააღმდეგო წამლებს ვერ ვსვამდი. მარტო ფეხში, შიგნით, 220 ნაკერი დამადეს. აგონიაში ვიყავი. ოპერაციის შემდეგ დედაჩემს ვთხოვდი, თუ გიყვარვარ, მომკალი-მეთქი. სასოწარკვეთილი გახლდით. ეს იყო იმ ბიჭის ტრაგედია, რომელმაც ცხოვრების უდიდეს ოცნებას თითი მიადო, მაგრამ ყველაფერი დაემსხვრა...

ახდენილი სიზმარი
ოპერაციიდან ორი კვირის შემდეგ 12 კილო მქონდა დაკლებული. ვერ ვჭამდი. მორალური და ფიზიკური ტკივილისგან ვტიროდი. რომ გითხრათ, დანებება თავში აზრად არასდროს მომსვლია-მეთქი, მოგატყუებთ. რამდენჯერმე უკიდურესად ბნელი და მძიმე პერიოდიც მქონდა, მაგრამ ბოლო წამს თავს შევძახებდი ხოლმე... რაღაცნაირად ვახერხებდი ამას. შემდეგ კი გადავწყვიტე, საკუთარი სისუსტისთვის ბრძოლა გამომეცხადებინა. მინდოდა, დამემტკიცებინა, რომ უიღბლობაზე ძლიერი ვიყავი; რომ ოცნების ასრულება მუხლის ტკივილად მიღირდა...

ფეხბურთი ყოველთვის ჩემი გატაცება, ვნება იყო. ბურთი აბაზანაშიც კი შემქონდა. ბავშვობაში ერთსა და იმავე სიზმარს ვხედავდი - თითქოს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ბრაზილიას ვეთამაშებოდი და გამიმართლა - იმ იშვიათ ადამიანთაგანი ვარ, სიზმარი საოცრად რომ აუხდა. ვიტანჯე, ვიტირე, მეშინოდა, მაგრამ საბოლოოდ ეს დღე მართლა დადგა.

გაინტერესებთ, ჩემი კარიერის უბედნიერესი მომენტი რომელი იყო? სრულიად გულწრფელად გიპასუხებთ, რომ არ ვიცი, ვერ გამოვარჩევ. ტრავმებმა და ტკივილთან ბრძოლამ მასწავლა, რომ ნებისმიერი ბედნიერება მყიფეა, ის შეიძლება დაიმსხვრეს. ამიტომაც ცხოვრების პრინციპად ასეთი ლოზუნგი ვაქციე: ხვალინდელი დღე აუცილებლად დღევანდელზე უკეთესი იქნება!

ბაჯო და ბოკა
ჩემი გოლებიდან ყველაზე ლამაზი რომელი იყო? ალბათ, ის, "ბრეშას" შემადგენლობაში "ატალანტას" რომ გავუტანე. თუმცა, შეიძლება ის, იმავე "ბრეშაში" თამაშის დროს "რომას" რომ შევუგდე...

"ბრეშაში" ყოფნისას კარლო მაცონემ ძალიან ბევრი რამ მომცა. მას ჩემი ყოველთვის სწამდა და გაჭირვების დროს ფეხბურთში კიდევ ოთხი სრულყოფილი წლით დარჩენის საშუალება მაჩუქა. ის მატყუარების, მლიქვნელებისა და ჩასაფრებულების სამყაროში ყოველთვის რჩებოდა პატიოსან, პირში მთქმელ კაცად...

დღემდე მიყვარს ყველა გუნდი, სადაც კი მითამაშია, მაგრამ გულშემატკივრობით... "ბოკა ხუნიორსის" გულშემატკივარი გახლავართ"...

"ღვთაებრივი ცხენისკუდას" სიყვარული არგენტინული გუნდისადმი მათთვის იქნება გასაკვირი, ვინც არ იცის, რომ რობის სამხრეთ ამერიკის ეს ქვეყანა ყოველთვის განსაკუთრებით აღაფრთოვანებდა. სხვათა შორის, ის ფლობს ესპანურს და რივერაში აგარაკიც აქვს. რივერა სადღაა? ბუენოს აირესის პროვინციაში, ადოლფო ალსინას მუნიციპალიტეტში, ანუ იქაურად - პარტიდოში, არის 16-ათასიანი ქალაქი კარჰუე, ამ კარჰუესთან კი პატარა დასახლებას რივერა ჰქვია. ის აღმოსავლეთ ევროპიდან ნაცისტებს გარიდებულმა ებრაელებმა დააარსეს, თუმცა კარჰუეს ისტორიის მოყოლა ახლა შორს წაგვიყვანდა...

ჩვენთვის მთავარია, რომ იქ ბაჯომაც შეიძინა საცხოვრებელი და თავისი საყვარელი "ბოკა ხუნიორსის" გულშემატკივრებს ახლოდან დააკვირდა. "ლურჯ-ყვითელი" კლუბისადმი მათმა ერთგულებამ დიდი ვარსკვლავი ისე მოხიბლა, რომ კიდევ უფრო გაუძლიერდა დიეგო მარადონას "ალმა მატერის" ქომაგობის ჟინი.

ბუდიზმი ჩემი რელიგიაა!..
საქვეყნოდ არის ცნობილი, რომ ცხოვრების ურთულესი პერიოდები რობერტო ბაჯოს ბუდისტურმა რწმენამ გადაატანინა.

"მე კათოლიკეთა ოჯახში ვარ აღზრდილი, ბუდიზმი კი ერთმა ფლორენციელმა მეგობარმა გამაცნო, რომელიც თავად მისდევდა ამ რელიგიას. თავიდან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, მაგრამ სამ დღეში მივხვდი, რომ ეს ჩემი სარწმუნოება იყო.

მივხვდი, რომ ყოველთვის, როცა საქმე ცუდად მიდის, ადამიანი ცდილობს, სხვები დაადანაშაულოს, თავი კი მსხვერპლად წარმოაჩინოს. ადრე მეც ასე ვიყავი, მაგრამ ბუდიზმის წყალობით დავინახე, რომ ეს სწორი მიდგომა არ არის. მარჩიელობა იმაზე, თუ რატომ ვერ მიაღწიე მიზანს, დროის ფლანგვაა და მეტი არაფერი. შენი ბედი შენს ხელშია"!

გასასვლელი ზეცაში
რას აკეთებს რობერტო ბაჯო ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ? 2010 წლის აგვისტოში იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ის აძელიო ვიჩინის ნაცვლად თავისი ტექნიკური სექტორის პრეზიდენტად დანიშნა, სადაც 2013 წლის 23 იანვრამდე იმუშავა. როგორც თავად განაცხადა, თანამდებობა იმიტომ დატოვა, რომ ფედერაცია მის იდეებს ყურად არ იღებდა - მას უნდოდა, ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენის სისტემა შეეცვალა.

2011 წელს რობი სერია A-ს "დიდების დარბაზის" წევრად აკურთხეს. იმავე წლის შუაში მან იტალიის მეორე კატეგორიის მწვრთნელის ლიცენზია მიიღო, რაც ფიფას A ლიცენზიის ტოლფასია და Lega Pro-ს გუნდების გაწვრთნის ან სერია A-სა და სერია B-ს გუნდებში მეორე მწვრთნელად მუშაობის უფლებას იძლევა. რაც შეეხება პირველ კატეგორიას, რომელიც უეფას "პრო ლიცენზიის" ტოლია, ის ბაჯომ 2012 წელს მიიღო.

1991-2012 წლებში რობერტო ბაჯო ვიჩენცაში სპორტული ნაწარმის მაღაზიას ფლობდა, რომელიც ეკონომიკური კრიზისის პერიოდში ზარალის გამო დახურა...

კიდევ რა შეიძლება ითქვას ამ უდიდეს ფეხბურთელზე, რომლის მიერ 2001 წელს გამოცემულმა ავტობიოგრაფიულმა წიგნმა Una porta nel cielo, ანუ "გასასვლელი ზეცაში" შემდეგ წელიწადს იტალიაში ფეხბურთის თემაზე დაწერილი წიგნების კონკურსში გაიმარჯვა? უპირველეს ყოვლისა, ის, რომ მას გაცილებით დიდი დაფასება ეკუთვნოდა. ხშირად გაიგებდით, რომ ბაჯო იტალიელმა მწვრთნელებმა 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში პენალტის აცილების გამო აითვალწუნეს. თითქოსდა, მას დააბრალეს ბრაზილიელებთან ("ახდენილი სიზმრის" შეხვედრაში) მარცხი.

ვითომ, ასეა? რა გითხრათ. შესაძლოა, ამაში იყოს კიდეც სიმართლის მარცვალი, თუმცა ნურც ის ტრავმები დაგვავიწყდება, რომლებზეც ამდენი ვილაპარაკეთ და... მოდი, ისიც გავიხსენოთ, რომ "ღვთაებრივი ცხენისკუდა" უდიდესი "ფანტაზისტა" ბრძანდებოდა, მე-20 საუკუნის 90-იანი წლების მეორე ნახევარში კი იტალიურ ფეხბურთში ტაქტიკის წილმა იმატა, წამოვიდა "დავთრებისა და სახაზავების" ეპოქა, სადაც დიდი შემოქმედებისთვის ადგილი ნაკლებად იყო...

თუმცა, რას გაიგებ...

ილია ბაბუნაშვილი
ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 18 /
კარგი სტატიაა, ბევრმა ფეხბურთელმა უნდა გაიგოს, რომ პროფესიონალიზმი ტკივილი და შრომსს.
0
ბაჯოს ძალიან ბევრი თამაში მახსოვს, რაც კი შეიძლებოდა იმ დროს გვეყურებინა და მართალია ყველაზე კარგი პერიოდი მას იუვენტუსში თამაშის დროს ჰქონდა, მაგრამ ახლა ყველაზე კარგად მახსენდება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩი ინტერსა და მადრიდის რეალს შორის, რომელშიც ბაჯო შეცვლაზე შემოვიდა და მადრიდელებმა ორ ეპიზოდში ზედ ცარიელი კარის წინ აშკარად მოცელეს იგი. მსაჯმა არც ერთხელ არ დააჯარიმა მეტოქე არადა პენალტი კი არა ორივე საწითლე იყო. ბაჯოს არც ერთ ეპიზოდში მსაჯის მიმართ პროტესტი არ გამოუხატავს, წყნარად ადგა, გააგრძელა თამაში და მაინც დუბლი შეუსრულა რეალს. დღევანდელი ვარსკვლავები კი ასეთ შემთხვევაში ზოგი ატირდებოდა, ზოგი კი იკოტრიალებდა მწვანე მინდორზე ერთი 10 წუთი მაინც
დუდუ
21:56 30-09-2018
0

სიახლეები პოპულარული