ბევრისათვის მოულოდნელად, ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო გახდა. უეფას ყოფილი გენმდივნის გამარჯვებისა არავის სჯეროდა, მათ შორის, არც ბუკმეკერებს. ისინი ფავორიტად მეორე კანდიდატს, შეიხ სალმანს მიიჩნევდნენ. დიახ, ფავორიტი ბაჰრეინელი იყო, თუმცა ინფანტინო ბოლომდე იყო საკუთარ თავში დარწმუნებული.
პატარა შვეიცარიულ ქალაქში დაბადებული ინფანტინო (დიახ, ის ბლატერის თანამემამულეა, ისინი დაბადებულნი არიან ერთსა და იმავე კანტონში, ერთმანეთისგან 6 მილის მანძილზე), დაახლოებით
როგორც ჩანს, სწორედ უეფაში ისწავლა ინფანტინომ ხმაურიანი განცხადებების გაკეთება, ხმამაღალი ფრაზებით ლაპარაკი, რომლებიც კონკრეტულ შინაარსს არ შეიცავს. ეს მას გარკვეულწილად აახლოებს ზეპ ბლატერთან.
და მაინც, ყველაზე მეტად მის სახელს მიშელ პლატინის უკავშირებენ. ის წლების განმავლობაში იყო ფრანგი ლეგენდის დამხმარე და მარჯვენა ხელი. პლატინის ბოლო დროს ყველასათვის ცნობილი სკანდალი რომ არა, სწორედ ის იყრიდა დიდი ალბათობით კენჭს ამ არჩევნებზე.
რატომ გაიმარჯვა?
ყველაზე მარტივი ახსნა ისაა, რომ მისი არ ეშინიათ. რაც უნდა თქვას ინფანტინომ, ის არ ივლის ბეწვის ხიდზე. არ დაანგრევს წესრიგს, რომელიც მსოფლიო ფეხბურთში წლების განმავლობაში დამყარდა.შეიხ სალმანის შემთხვევაში სხვანაირად იყო. მისი წინასაარჩევნო პროგრამა ძალიან ამბიციურად გამოიყურებოდა. ბოლომდე ვერავინ იწინასწარმეტყველა, რას იზამდა სალმანი არჩევნებში გამარჯვების შემდეგ.
შეიხის პროგრამა გულისხმობდა კორუფციასთან ბრძოლას და გარიგებული მატჩების გამოვლენას. დავამატოთ ამას ისიც, რომ სალმანი სამეფო ოჯახის წარმომადგენელია და მას აუცილებლად ექნებოდა ლტოლვა აბსოლუტური მმართველობისაკენ.
მის ფონზე ინფანტინო თეთრი და რბილი იყო. თანაც, შეიხს მხარი არ დაუჭირეს ლათინური ამერიკისა და კონკაკაფის ქვეყნებმა, რაც ძალიან მოულოდნელი იყო. ევროპა მხარს ყველას დაუჭერდა, ოღონდ თავისი კანდიდატი ყოფილიყო.
მაშ, ინფანტინოს გამარჯვება ლოგიკურადაც შეიძლება აიხსნას, თუმცა უნდა ითქვას, რომ არჩევნების დაწყებამდე ძალიან ბევრს მისი შანსებისა საერთოდ არ სჯეროდა.
რას აკეთებდა ინფანტინო უეფაში?
უეფაში არ ყოფილა არც ერთი ბოლოდროინდელი წამოწყება, მათ შორის, ფინანსური ფეარ პლეის ზღვარის დამკვიდრება, რომელშიც ინფანტინოს მონაწილეობა არ მიეღოს. ეს, სხვათა შორის, სწორედ მისი იდეაა.სწორედ მან შეიტანა წვლილი იმაში, რომ ევროპის ჩემპიონატზე 24 გუნდი ითამაშებს. ამან ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა, თუმცა ინფანტინომ შეძლო და კიდევ ერთი მისი იდეა მაგრად დაიცვა.
რასაც ვერ წაართმევ, ისაა, რომ ინფანტინო ძალიან ინიციატივიანი ადამიანია. არის ხოლმე შემთხვევები, როცა ის უფროსობის აზრს არ ეთანხმება. მაგალითად, ცნობილია, რომ მიშელ პლატინი სასტიკი წინააღმდეგია ფეხბურთში ვიდეოტექნოლოგიების დანერგვის. რაც შეეხება ინფანტინოს, მას მიაჩნია, რომ დრომ ამის აუცილებლობა მოიტანა.
ინფანტინოს მთავარი პლუსი ფინანსებისადმი დამოკიდებულებაა. ის მიიჩნევს, რომ კლუბებმა თანხის ხარჯვისას რაღაც ზღვარი უნდა დააწესონ. ამავე დროს, ინფანტინოს სურს, დაეხმაროს კლუბებს, რათა მათ მეტი ფული გამოიმუშაონ.
რას გააკეთებს ფიფაში
პრეზიდენტად არჩევისთანავე ინფანტინომ რამდენიმე ორაზროვანი ფრაზა წარმოთქვა კონკრეტული შინაარსის გარეშე. მან მადლობა გადაუხადა მიშელ პლატინის და არ გადაუხადა ბლატერს - ეს უკვე მეტისმეტი იქნებოდა. სამაგიეროდ, ზეპი მიესალმა მისი მემკვიდრის წარმატებას.რეფორმების დაპირების მიუხედავად, ინფანტინო არცთუ ბევრი სტრუქტურული ცვლილების განხორციელებას აპირებს. მაგალითად, ფიფას აღმასკომს ამიერიდან საბჭო ერქმევა და მისი წევრების რაოდენობა 20-დან 36-მდე გაიზრდება.
ამასთან ერთად, საბჭოში აუცილებლად უნდა იყოს ექვსი ქალი. საბჭოს ნაკლები გავლენა ექნება, ვიდრე აღმასკომს. ერთი შეხედვით, ეს კარგია, მაგრამ რა ვუყოთ იმას, რომ პრეზიდენტისა და გენერალური მდივნის უფლებამოსილება იზრდება? ამასთან ერთად, ინფანტინომ პირობა დადო, რომ გამოაქვეყნებს ფიფას ტოპ-მენეჯერების ხელფასს. კიდევ ერთი კარგი პიარსვლა.
ინფანტინო დაჰპირდა საზოგადოებას, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ფორმატს 40 გუნდამდე გაზრდის. ამით მან აშკარად გაიზარდა მხარდამჭერთა რაოდენობა. გარდა ამისა, ის აპირებს სატრანსფერო სისტემის რეორგანიზაციას. წესით, აგენტების ცხოვრება მალე ძველებურად მშვიდი აღარ უნდა იყოს.
დღეს ინფანტინოს უჭერენ მხარს ზეპ ბლატერი, მიშელ პლატინი, ევროპა, მდიდარი კლუბები. ის ბოლო დროს არაერთ პატარა ქვეყანას ეწვია და იქაც წარმატებით მოიპოვა ხმები. მოკლედ, შესაძლოა, შვეიცარიელს დიდი ხანი არ გამოუჩნდეს ალტერნატივა.
დოსიე
ჯოვანი ვინჩენცო ინფანტინო
დაიბადა: 1970 წ. ბრიგი (შვეიცარია)
მოქალაქეობა: შვეიცარია და იტალია
კარიერა: 2000 წლიდან უეფაში, 2009 წლიდან - უეფას გენერალური მდივანი; 2016 წლიდან - ფიფას პრეზიდენტი
ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები
I ტური: 88 - ჯანი ინფანტინო, 85 - შეიხ სალმანი, 27 - პრინცი ალი, 7 - ჟერომ შამპანი, ტოკიო სეკსვალემ მოხსნა კანდიდატურა.
II ტური: 115 - ჯანი ინფანტინო, 88 - შეიხი სალმანი, 4 - პრინცი ალი, 0 - ჟერომ შამპანი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"