საუკეთესო ფეხბურთელი, ვინც კი ოდესმე ევროპაში დაბადებულა

AutoSharing Option
კრუიფს დიდხანს არ პატიობდნენ 1978 წლის მუნდიალზე უარის თქმა
როგორი რეაქცია ჰქონდათ ჰოლანდიაში იოჰან კრუიფის გარდაცვალებაზე? როგორი იყო ჰოლანდიაში დიადი ფეხბურთელისა და მწვრთნელის მიმართ დამოკიდებულება მისი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე?

ამის შესახებ ჰყვება ცნობილი ჰოლანდიელი ჟურნალისტი, ქვეყნის წამყვანი საფეხბურთო გამოცემის, Voetbal International-ის ყოფილი მთავარი რედაქტორი კეეს ვან კეილენბორგი.

"რა თქმა უნდა, მისი გარდაცვალების ცნობა ყველასთვის ნამდვილი შოკი იყო - ისე მოულოდნელად და სწრაფად წავიდა ამ ცხოვრებიდან. ბუნებრივია, ყველამ იცოდა მისი ავადმყოფობის შესახებ, მაგრამ თვის დასაწყისში გაჩნდა დამაიმედებელი ინფორმაცია, თითქოს თავს უკეთ გრძნობდა...
ჰოლანდია გლოვობს, თანაც არამხოლოდ საფეხბურთო საზოგადოება. იოჰან კრუიფი არა იყო მხოლოდ ჰოლანდიური ფეხბურთის სიმბოლო და საუკეთესო მოთამაშე მის ისტორიაში: თამამად შეიძლება ითქვას - ის იყო ეროვნული ბრენდი, მთელ მსოფლიოში ყველასთვის ჩვენი ქვეყანა კრუიფის სახელთან ასოცირდებოდა.

ვერ ვიტყვი, რომ მას ახლოს ვიცნობდი, თუმცა ურთიერთობა გვქონდა. საერთოდ, კრუიფი არ იყო იოლი ადამიანი და არ განეკუთვნებოდა იმათ რიცხვს, ვისაც ჟურნალისტებთან გულახდილი ლაპარაკი უყვარს. განთქმული იყო რთული ხასიათით.

შესაძლოა, იმის გამო, რომ 13-14 წლის ასაკიდან მოყოლებული, საფეხბურთო ნიჭით ყოველთვის აღემატებოდა ნებისმიერ თანაასაკელს. კრუიფი საუკეთესო იყო ბავშვთა გუნდებში, იუნიორებში და ბოლოს, პროფესიულ დონეზე. და არასოდეს რცხვენოდა ამის დემონსტრირება. რა თქმა უნდა, ამის გამო ის მაინც და მაინც არ უყვარდათ. მოგვიანებით, უკვე ვარსკვლავის სტატუსში, მუდმივად კონფლიქტში იყო ფეხბურთის ეროვნულ ფედერაციასთან, ხშირად აკრიტიკებდა მას, უარს ამბობდა ნაკრებში თამაშზე - ეს ყველაფერიც, რა თქმა უნდა, პოპულარობას არ მატებდა.

სავარაუდოდ, კრუიფისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა 1973 წელს "ბარსელონაში" გადასვლა. ამ კლუბში გატარებული დრო - საუკეთესოა მის ცხოვრებაში და ამან ძალიან სასარგებლოდ იმოქმედა მასზე: კატალონიაში თავისიანი გახდა, იქ მას აღმერთებდნენ, შვილსაც კატალონიური სახელი დაარქვა - ჟორდი. და, თანდათან, უკეთესობისკენ შეიცვალა - დამშვიდდა, ურთიერთობაში უფრო გახსნილი გახდა, დაბრძენდა. თუმცა, რა თქმა უნდა, სამშობლოში დიდხანს არ პატიობდნენ არგენტინაში მსოფლიოს 1978 წლის ჩემპიონატში გამოსვლაზე უარის თქმას.

ბოლო წლებში, ჰოლანდიელებმა დაივიწყეს კრუიფის მიმართ ძველი პრეტენზიები. ამას ხელი შეუწყო მის მიერ შექმნილმა ფონდმა, რომელიც ბევრ კეთილ საქმეს აკეთებს - ეხმარება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, ყოფილ სპორტსმენებს, ღარიბ რაიონებში აგებს საფეხბურთო მოედნებს. ჩვენთან ასეთი ნაბიჯების დაფასება იციან. კრუიფი ხომ თავად გაიზარდა ღარიბ ოჯახში და ბურთის დევნა ამსტერდამის ქუჩებში დაიწყო. ადამიანებს მოსწონდათ ის, რომ უკვე სახელგანთქმულმა და მდიდარმა საკუთარი ფესვები არ დაივიწყა".

იოჰან კრუიფის ხუთი საუკეთესო ციტატა ფეხბურთზე და საკუთარ თავზე
"ფეხბურთის თამაში - ძალიან მარტივია, მაგრამ მარტივი ფეხბურთის თამაში - ყველაზე რთული, რაც კი შეიძლება იყოს".

"არ არის საჭირო ბევრი სირბილი. ფეხბურთს თავით თამაშობენ, ფეხები კი მხოლოდ ეხმარებიან ამაში".

"რატომ არ შეიძლება მდიდარი გუნდის დამარცხება? არასოდეს მინახავს, რომ ფულის ტომარას გოლები გაჰქონდეს".

"არ არსებობს იმაზე უკეთესი პრიზი, ვიდრე პუბლიკის მიერ შენი სტილის აღიარება!"

"სხვათა შორის, ალბათ, მე უკვდავი ვარ".

რა თქვეს კრუიფზე საფეხბურთო სამყაროში
"აიაქსის" ყველა დროის უდიადესი მოთამაშე გასული წლის ოქტომბრიდან იყო ავად ფილტვების კიბოთი. ეს უდიდესი დანაკარგია ჩვენთვის", - კრუიფის მშობლიური კლუბის, "აიაქსის" განცხადება.

"ვერ გადმოვცემთ ჩვენს ტკივილსა და მწუხარებას იოჰან კრუიფის დაკარგვის გამო. ის სამუდამოდ დარჩება ჩვენი კლუბის ლეგენდად. ყოველთვის გვეყვარები, იოჰან!" - საფეხბურთო კლუბი "ბარსელონა".

"ის - ღმერთის საჩუქარი იყო ფეხბურთისთვის", - ვიკ ბაკინგჰემი, "აიაქსში" კრუიფის პირველი მწვრთნელი.

"კრუიფი - ჰოლანდიური ფეხბურთის ნათლიმამაა", - ფრანკ რაიკაარდი.

"ის საუკეთესო ფეხბურთელია, ვინც კი ოდესმე ევროპაში დაბადებულა", - ფრანც ბეკენბაუერი.

"კრუიფმა ააგო სათამაშო ტაძარი და "ბარსელონას" ყოველი მომდევნო მწვრთნელი მხოლოდ უვლიდა და რაღაცას მატებდა მას", - ხოსეპ გვარდიოლა.

"მან ყველაზე დიდი გავლენა იქონია ფეხბურთზე მთელ მსოფლიოში - ჯერ, როგორც მოთამაშემ, შემდეგ მწვრთნელმა", - ხოსეპ გვარდიოლა.

"თანამედროვე "ბარსელონა" არ დაბადებულა ბოლო რამდენიმე წელიწადში. სტილი, რომლითაც ის თამაშობს, 90-იანი წლების დასაწყისში კრუიფმა მოიტანა. აგერ, უკვე 20 წელიწადია, ჩვენ აღფრთოვანებულნი ვართ ამ სტილით", - იურგენ კლინსმანი.

"კრუიფმა ნამდვილი რევოლუცია მოახდინა ფეხბურთში. ის იყო ამ თამაშის გული. "აიაქსმა" შეცვალა ფეხბურთი და ის ამის სათავეში იდგა. კრუიფს რომ მოენდომებინა, საუკეთესო იქნებოდა მოედანზე ნებისმიერ პოზიციაზე", - ერიკ კანტონა.

"კრუიფმა სრულიად შეცვალა ფეხბურთზე შეხედულება ესპანეთში", - მიგელ ანხელ ნადალი.

"ის - პითაგორაა ბუცებში. ცოტა ვინმეს თუ შეეძლო ასეთი გავლენა ჰქონოდა თამაშის მსვლელობაზე, თანაც, როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად", - დევიდ უინერი, ავტორი წიგნისა "ბრილიანტის ფორთოხალი".

"ეს იყო საუკეთესო მომენტი ჩემს კარიერაში. დარწმუნებული ვიყავი, რომ ბურთს წავართმევდი, მაგრამ გამასულელა. ერთი შანსიც არ მქონდა. კრუიფი - გენიოსია", - მსოფლიოს 1974 წლის ჩემპიონატზე შვედეთის ნაკრების მცველი იან ოლსონი, რომელიც ჰოლანდიელმა მოატყუა თავისი ლეგენდარული ფინტით - "კრუიფის ბრუნი".

"დიდი მადლობა იმისთვის, რაც მიეცი ფეხბურთს, "აიაქსსა" და "ბარსელონას" - ლუის სუარესი.

"იოჰან კრუიფი - ფეხბურთის ნამდვილი მეფეა. არ მგონია, რომ ვინმეს უფრო დიდი გავლენა ჰქონოდეს ამ თამაშზე", - ვენსან კომპანი.

"მშვიდობით, ფეხბურთის ლეგენდავ. ყველა დროის ფეხბურთელი და მწვრთნელი", - სერხიო რამოსი.

"ნომერი 14 ძველებური აღარ იქნება", - ჩაბი ალონსო.

"ის იყო ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი, რომელიც სამუდამოდ დარჩება ფეხბურთის ისტორიაში. ის იყო ელეგანტურობის ეტალონი. გვჩუქნიდა აღმაფრენას და აღაფრთოვანებდა გულშემატკივრებს", - ჯანი ინფანტინო.

"დავკარგე მეგობარი, მსოფლიომ დაკარგა უდიდესი ადამიანი. მე აღფრთოვანებული ვიყავი მისით. კრუიფი განსაკუთრებული მოთამაშე იყო, ყველა დროის საუკეთესო", - მიშელ პლატინი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმოუდგენელ სასწაულებს აკეთებდა მოედანზე უბრალოდ ბრწყინვალე იყო
shah name
20:59 30-03-2016
0

სიახლეები პოპულარული