ტრანსფერ ONLINE: 25 აგვისტოს ტრანსფერები და ჭორები

AutoSharing Option
12:10. დავიწყოთ "ბარსელონათი". კატალონიურმა გრანდმა "ვალენსიასთან" ფორვარდ პაკო ალკასერის ტრანსფერი შეათანხმა. "ღამურები" ეგრევე მიიღებენ 30 მილიონ ევროს და 5 მილიონსაც - ბონუსებით. "ბარსამ" 22 წლის ალკასერს 5-წლიანი ხელშეკრულება დაუდო.

12:15. "ლესტერი" "სევილიას" სტივ ნზონზის თაობაზე შეეხმიანა. ინგლისის ჩემპიონი 27 წლის ნახევარმცველში 29 მილიონ ევროს იძლევა.

12:20. ყურბან ბერდიევი კვლავ "როსტოვში" იმუშავებს. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრით, რუსეთის ვიცე-ჩემპიონი გვარიან ფულს მიიღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთელებისთვის დავალიანებების გასტუმრებაც იქნება შესაძლებელი და ბერდიევთან მსუყე კონტრაქტის გაფორმებაც.

12:35. ანტონიო კონტემ ხუან კუადრადოს
გაშვებაზე უარი თქვა. არადა, "იუვენტუსი" ერთწლიან იჯარაში "ჩელსის" 3.5 მილიონ ევროს სთავაზობდა.

12:45. "შალკეში" დიდი სატრანსფერო აქტივობაა. "მაღაროელთა" სპორტული დირექტორი ადასტურებს, რომ "ტოტენჰემიდან" ალჟირელ ნახევარმცველს, ნაბილ ბენთალებს ელოდებიან. ამას გარდა, გელზენკირხენში იმედოვნებენ კიდევ ერთი ტოტენჰემელის, სამხრეთკორეელი ხიუნ მინ სონის ტრანსფერს, პლუს, მორიგებას პსჟ-სთან ბენჯამინ სტამბულის (ყოფილი ტოტენჰემელია) თაობაზე.

12:50. "სქაი სპორტი" წერს, რომ შკოდრან მუსტაფი პირად აგენტთან ერთად "ვალენსიას" ბოსებს შეხვდა და წასვლაზე დაელაპარაკა. გერმანიის ნაკრების მცველი "არსენალს" უნდა. გარიგების სავარაუდო ფასი 30 მილიონი ევროა.

13:24. მარიო ბალოტელიზე პრეტენზიას "კრისტალ პალასი", "კიევო", "პალერმო" და შვეიცარიული "სიონი" აცხადებენ. ამათგან მხოლოდ ეს უკანასკნელი ადასტურებს, რომ "ლივერპულთან" მოლაპარაკებებშია ჩართული.

13:30. პაკო ალკასერის ტრანსფერის შემდეგ "ბარსელონა" მზადაა, მუნირ ალ ჰადადი "სელტაში" გაანათხოვროს.

13:35. გარიგება ოფიციალურად დადასტურდა! ნაბილ ბენთალები ერთწლიანი იჯარით "შალკეში" გადავიდა.

13:40. კლაუდიო ბრავომ "ბარსელონა" დატოვა. სადაცაა ჩილელი მეკარე "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელად გამოცხადდება.

13:50. "ბარსელონას" კიდევ ერთი ტრანსფერი! "ბლაუგრანამ" ჰოლანდიელი მეკარე იასპერ სილესენი იყიდა. "აიაქსი" ჯერ 13 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო კიდევ ორ მილიონს - ბონუსების სახით. სხვათა შორის, ეს ის სილესენია, "როსტოვმა" გუშინწინ 4 გოლი რომ გაუტანა. ეს ისე, ცნობისთვის...

14:00. ამბობენ, რომ სამი ნასრი ცალი ფეხით "ბეშიქთაშშია".

14:05. "დეილი სტარის" ცნობით, "ლივერპული" ჩემპიონშიფის ბინადარ "ლიდსისგან" მცველ ჩარლი ტეილორს ყიდულობს. ტრანსფერის საფასური დაახლოებით 8-9 მილიონი ევროა.

14:30. "ინტერის" ნახევარმცველ მარსელო ბროზოვიჩის აგენტი აცხადებს, რომ მისი კლიენტი კლუბმა ტრანსფერზე დააყენა.

14:51. "პორტუმ" ერთწლიანი იჯარის ხელშეკრულება დაუდო "ატლეტიკოს" და 22 წლის ნახევარმცველი ოლივერ ტორესი წაიყვანა.

15:06. 33 წლის შემტევი ალესანდრო დიამანტი ჩინეთიდან იტალიაში დაბრუნდა და "პალერმოსთან" 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

15:38. "დეპორტივო" თანახმაა, ლუკას პერესი 20 მილიონ ევროდ დათმოს. 28 წლის ფორვარდზე პრეტენზიას "ევერტონი" და "ვალენსია" აცხადებენ.

15:45. "გაძეტა დელო სპორტმა" დაწერა, რომ "ჩელსის" ხორვატი ნახევარმცველი, 21 წლის მარიო პაშალიჩი, ვინც წინა სეზონი იჯარით "მონაკოში" გაატარა, "მილანში" სამედიცინო შემოწმებას გადის.

16:03. "ბარსელონას" ნახევარმცველმა, 21 წლის სერხი სამპერმა იჯარით "გრანადას" მიაშურა.

16:15. "სტოკი" "ლივერპულისგან" ფრანგ მცველს, მამადუ სახოს ყიდულობსო, წერს "დეილი ტელეგრაფი".

16:30. რონალდ კუმანმა დაადასტურა, რომ "ევერტონს" ჯო ჰარტი არ სჭირდება.

16:50. "სტოკის" მწვრთნელმა მარკ ჰიუზმა აღიარა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველ ფილ ჯოუნსს უმიზნებს.

17:19. წერტილი დასმულია! კლაუდიო ბრავო "მანჩესტერ სიტის" მეკარეა. "ქალაქელებს" ჩილელი კიპერის ტრანსფერი 18 მილიონი ევრო დაუჯდათ.

17:29. "სქაი სპორტმა" გვამცნო, რომ "ჩელსი" ზაგრების "დინამოს" მეკარე ედუარდოს ელოდება.

17:50. "მილანმა" კიდევ ერთხელ შეუთვალა "ჩელსის", რომ მცველი ალესიო რომანიოლი არ იყიდება.

18:08. "ლევერკუზენმა" ლევინ ოიზთუნალი "მაინცს" მიჰყიდა. 20 წლის ნახევარმცველმა გასული სეზონი იჯარით "ვერდერში" გაატარა.

18:25. მარიო ბალოტელი და "ნიცა" აქამდე ერთად არ უხსენებიათ. ლივერპულური გამოცემა ამტკიცებს, რომ ჭირვეული იტალიელი ვარჯიშიდან პირდაპირ მოლაპარაკებებზე გაემგზავრა. არადა, ფრანგული გუნდის მწვრთნელი ლუსიენ ფავრი ცივ უარზეა - დიდი ხანია ამ ფეხბურთელის თამაში ტელევიზორშიც არ მინახავსო...

19:16. "ჩელსისა" და ედუარდოს ამბავი დადასტურდა. 33 წლის პორტუგალიელმა მეკარემ "არისტოკრატებთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

19:36. "იუვენტუსმა" პოლ პოგბას შემცვლელი მოუძებნა. ტურინელებმა პსჟ-სთან ბლეზ მატუიდის ტრანსფერზე მოილაპარაკეს. 29 წლის ფრანგი ნახევარმცველი "ბებერ ქალბატონს" 25 მილიონი ევრო დაუჯდება.

20:19. "არსენალი" ცდილობს, ალტერნატივა მოუძებნოს შკოდრან მუსტაფის იმ შემთხვევაში, თუ "ვალენსიასთან" ვერ მორიგდება. "მეთოფეები" "რომას" ბერძენ მცველს, კოსტას მონალასს აკვირდებიან.

გიორგი ნინიძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ