მუნდიალი 2018. ევროპა. შესარჩევი ციკლი. I ტურის წინ: ევროპა მუნდიალს იწყებს

AutoSharing Option
ორ წელიწადში რუსეთში მსოფლიოს რიგით 21-ე ჩემპიონატი დაიწყება. 32-დან 31 საგზური მთელი მსოფლიოს მასშტაბით თამაშდება. მსოფლიოს ჩემპიონატზე ოთხი ნაკრების დებიუტი შედგა (ან შედგება): ბჰუტანის, სამხრეთ სუდანის, გიბრალტარისა და კოსოვოსი. შესარჩევი ეტაპი მარტიდან დაიწყო აზიაში. კვირიდან კი ევროპის ჯერია...

ევროპაში მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე 54 ქვეყანა ჩაებმება (რუსეთი, როგორც მასპინძელი ფინალურ ტურნირზეა დაშვებული), რომლებიც 9 ჯგუფად არიან დაყოფილი. ფინალური ეტაპის საგზური ევროპის ნაკრებებისთვის 13-ია (9 ჯგუფების გამარჯვებულები, 4 პლეი ოფიდან). პლეი ოფში 8 მეორეადგილოსანი გუნდი თამაშობს ორ-რაუნდიან ბრძოლაში. როგორც ხედავთ, ჯგუფებში ერთი
მეორეადგილოსანი (უარესი ქულების მიხედვით) თამაშგარეში რჩება.

C ჯგუფი: შვაინის გარეშე
გერმანიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის დაცვას ოსლოს "ულევაალზე" იწყებს. იოახიმ ლიოვის კრებული მსოფლიოს რეიტინგში 50-ე ქვეყანას, ნორვეგიას სტუმრობს. უნდა ითქვას, რომ გერმანიას მაინცდამაინც ძლიერი ჯგუფი არ შეხვედრია - ჩეხეთი, ჩრდილოეთ ირლანსია, აზერბაიჯანი, სან მარინო და ზემოთ ნახსენები ნორვეგია.

ნორვეგიის ნაკრები ბოლოს მუდამ აკლდება დიდ საერთაშორისო ტურნირებს. სკანდინავიელები არც ევრო 2016-ზე ყოფილან. პიერ-მათიას ჰიოგმოს გუნდი ვერც ამხანაგურ მატჩებში ყოჩაღობს. ბოლო 6 ესეთი შეხვედრიდან ვიკინგებმა მხოლოდ ორი მოიგეს. ბოლოს კი ახლახან შინ ბელარუსთან 0:1 დამარცხდნენ. ასე რომ, ნორვეგიის ნაკრებს გენერალური რეპეტიცია მარცხიანი გამოუვიდა. 56-ე წუთზე გამარჯვების გოლი "პლოცკში" გიორგი მერებაშვილის თანაგუნდელმა სერგეი კრივეცმა გაიტანა. მსოფლიოს ჩემპიონთან სასტარტო თამაშის წინ ბელარუსთან საშინაო მარცხი ვერაფერი მოტივატორია.

გერმანელები კი მათთვის წარუმატებელი ევრო 2016-ის შემდეგ განწყობის ამაღლებას შეეცდებიან. შეგახსენებთ, რომ ლიოვის გუნდი "ველოდრომზე" მასპინძელ საფრანგეთთან 0:2. ორივე გოლი ანტუან გრიზმანმა გაიტანა. გერმანიამ ახლახან ბასტიან შვაინშტაიგერი გააცილა ნაკრებიდან. ლიოვის გუნდის შემადგენლობა ოსლოში კი შესაძლოა, ასეთი იყოს: ნოიერი - კიმიხი, ბოატენგი, ჰიოვედესი, ჰექტორი - ჯანი, სანე - იოზილი, კროოსი, დრაქსლერი - მიულერი.

პრაღაში, "გენერალი არენაზე" ჩეხეთის ნაკრები ევრო 2016-ის მონაწილე ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს მასპინძლობს. ჩეხეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატს მოუგებლად დაემშვიდობა. 0:2 მარცხი თურქეთთან ლანსში უკანასკნელი იყო პეტრ ჩეხის სანაკრებო კარიერაში. მის გარდა ნაკრებს დაემშვიდობნენ დავიდ ლიმბერსკი, რომან ჰუბნიკი და იაროსლავ პლაშილი. ასე რომ, კარელ იაროლიმის გუნდი ბევრი არაფრით ჰგავს პაველ ვრბას ნაკრებს. "მწვანე და თეთრი არმია" კი ევრო 2016-ზე დიდებულად გამოვიდა, გუნდმა გააღწია ჯგუფიდან, სადაც გერმანიისა და პოლონეთის ნაკრებები თამაშობდნენ.

მერვედფინალში ჩრდილოირლანდიელთა გმირული სვლა გარეთ ბეილის გარეშე მოთამაშე უელსმა 1:0 მოგებით დაასრულა. მარტინ ო'ნილი შეეცდება, გუნდში ივნისისეული განწყობა შეინარჩუნოს. პრაღაში მასპინძელთა კარს სავარაუდოდ, ტომაშ ვაცლიკი დაიცავს, "ბაზელის" გოლკიპერი.

სან მარინოში ჯგუფში აუტსაიდერებად შერაცხული სან მარინოსა და აზერბაიჯანის ნაკრებთა დაპირისპირება გველის.

E ჯგუფი: პარკენზე
კოპენჰაგენის "პარკენზე" დანიის ნაკრები სომხეთს მასპინძლობს სასტარტო მატჩში. მაშინ, როცა საფრანგეთში ევრო 2016-ის ბატალიები იყო გაჩაღებული, დანიის ნაკრები უსაქმოდ რომ არ ყოფილიყო, მონაწილეობას იღებდა იაპონიაში საერთაშორისო ტურნირში, სადაც ბოლოს ბულგარეთის ნაკრები 4:0 გაანადგურა. იმ შეხვედრაში კრისტიან ერიქსენმა ჰეთ თრიკი შეასრულა.

დანიამ ახლახან ამხანაგურ მატჩში ლიხტენშტაინის ნაკრებზე წაივარჯიშა - 5:0 იმარჯვა. ხოლო სომხეთი 0:3 დამარცხდა ჩეხეთის ნაკრებთან ამხანაგურ დაპირისპირებაში.

თქმა არ უნდა, დანიის ნაკრები აშკარა ფავორიტია ჩვენს მეზობლებთან დაპირისპირებაში. იმ თამაშში ჰენრიხ მხითარიანი პირველ ტაიმში შეცვალეს, თუმცა საგანგაშო არაფერია და "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალწვეული კოპენჰაგენში ითამაშებს.

ამავე ჯგუფში ყაზახეთის ნაკრები "ასტანა არენაზე" რობერტ ლევანდოვსკის და კომპანიას მასპინძლობს, ხოლო "კლუჟ არენაზე" რუმინეთის ნაკრები ჩერნოგორიას დაუპირისპირდება.

F ჯგუფი: დიდი სემის დებიუტი
ტრნავაში ევრო 2016-ის რემატჩი გველის - ერთმანეთის პირისპირ სლოვაკეთისა და ინგლისის ნაკრებები დადგებიან. ამ შეხვედრაში შედგება სემ ელარდაისის დებიუტი "სამი ლომის" თავკაცის პოსტზე. საფრანგეთში ინგლისისა და სლოვაკეთის ნაკრებებმა 0:0 ითამაშეს.

მიუხედავად იმისა, რომ ალბიონელებმა კარისკენ 30-ჯერ დაარტყეს და ჯეიმი ვარდი ძალიან ახლოს იყო გოლის გატანასთან, ეს არ მოხდა. საბოლოოდ, ამ ქულამ ინგლისს პლეი ოფის საგზური მაინც მოუტანა, ამიტომ როი ჰოჯსონის ბიჭებს თავი დიდად არ მოუკლავთ. ელარდაისის გუნდში მაიკლ ანტონიოს დებიუტს ველით.

ამავე ჯგუფში შოტლანდიელები მალტას ესტუმრებიან, ლიტვა კი სლოვენიას მასპინძლობს

კვირა. 4 სექტემბერი
C ჯგუფი
სან მარინო-აზერბაიჯანი 20:00
ჩეხეთი-ჩრ. ირლანდია 22:45
ნორვეგია-გერმანია 22:45

E ჯგუფი
დანია-სომხეთი 20:00
ყაზახეთი-პოლონეთი 20:00
რუმინეთი-ჩერნოგორია 22:45

F ჯგუფი
ლიტვა-სლოვენია 20:00
სლოვაკეთი-ინგლისი 20:00
მალტა-შოტლანდია 22:45

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული