უეფას ახალი პრეზიდენტი: ფეხბურთს არა რევოლუცია, არამედ ევოლუცია სჭირდება!

AutoSharing Option
ალეკსანდერ ჩეფერინმა უეფას პრეზიდენტად არჩევის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

14 სექტემბერს, ათენში გამართულ ორგანიზაციის რიგგარეშე კონგრესზე სლოვენიელმა ერთადერთ კონკურენტს, ჰოლანდიელ მიხაელ ვან პრააგს დიდი უპირატესობით აჯობა. ჩეფერინმა 55 ხმიდან 42 მიიღო და ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციას 2,5 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

- უეფას ახალი პრეზიდენტის ვინაობა ცნობილია, პლატინი ოფიციალურად წავიდა
- ლევან კობიაშვილი: ჩეფერინის ხედვა ძალიან სასარგებლოა ქართული ფეხბურთის განვითარებისათვის

"ძვირფასო მეგობრებო, გმადლობთ ფანტასტიკური მხარდაჭერისთვის. ჩემთვის ეს დიდი პატივია, მაგრამ ამასთან, უდიდესი პასუხისმგებლობაც. ჩემი არჩევა - საამაყოა ჩემი ოჯახისა და პატარა
სლოვენიისთვის. იმედია, ერთ დღეს ჩემით თქვენც იამაყებთ. დიდი მადლობა ყველას.

ვფიქრობ, ფეხბურთის სამსახურში მნიშვნელოვანი როლის შესრულებას მოვახერხებ. ფეხბურთს არა რევოლუცია, არამედ ევოლუცია სჭირდება. სწორედ ამისთვის ვარ აქ.

მას შემდეგ, რაც რამდენიმე ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მითხრა, რომ ფეხბურთში ცვლილებები იყო საჭირო, ჩავთვალე, რომ ჩემი მოქმედების დრო მოვიდა. მე ეს შემიძლია", - თქვა ჩეფერინმა.

უეფას ახალ პრეზიდენტს მის წინამორბედ მიშელ პლატინიზეც ჰკითხეს აზრი.

"ის კარგი და ქარიზმატული უეფას პრეზიდენტი იყო, რომელმაც ფეხბურთისთვის ძალიან ბევრი გააკეთა", - დასძინა სლოვენიელმა.

შეგახსენებთ, რომ სლოვენიელ კანდიდატს მხარდაჭერას ღიად უცხადებდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.