ალექსანდერ ჩეფერინი: ერთ მშვენიერ დღეს თქვენც იმაყებთ ჩემით

AutoSharing Option
უეფას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. გუშინ ათენში, რიგგარეშე კონგრესზე, ევროფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის ახალ, მეშვიდე თავკაცად სლოვენიელი ალექსანდერ ჩეფერინი აირჩიეს. 48 წლის ადვოკატმა 42 ხმა მიიღო, მის კონკურენტს, ჰოლანდიელ მიხაელ ვან პრააგს კი მხოლოდ 13 ქვეყნის მხარდაჭერა ერგო...

ალექსანდერ ჩეფერინმა უნდა დაასრულოს ფეხბურთიდან განდევნილი მიშელ პლატინის მეორე ვადა, რომელიც 2,5 წელიწადს მოიცავს. ამის შემდეგ ჩატარდება უკვე გეგმიური არჩევნები, რომელიც უეფას პრეზიდენტს (შეიძლება, იმავე ჩეფერინსაც) სრული ვადით გამოუცხადებს ნდობას.

"ძვირფასო მეგობრებო! დიდი მადლობა ფანტასტიკური მხარდაჭერისთვის, - თქვა ჩეფერინმა არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, -
ეს ჩემთვის დიდი პატივი და, ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობაცაა. ჩემი ოჯახი ძალიან ამაყობს ამით, ისევე, როგორც ჩემი პატარა და ლამაზი სლოვენია. იმედი მაქვს, ერთ მშვენიერ დღეს თქვენც იმაყებთ ჩემით".

ამის შემდეგ სიტყვა დამარცხებულმა მიხაელ ვან პრააგმა აიღო:

"რა თქმა უნდა, წაგება ყოველთვის ცუდია, მაგრამ მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველას სამართლიანი და გამჭვირვალე კამპანიისთვის, იმ საქმიანი მოლაპარაკებებისთვის, რომელიც მქონდა ჩემს კოლეგებთან. არ დამავიწყდება ჩვენი შეხვედრა იტალიაში, სადაც ალექსანდერმა თქვა, რომ ჩვენ არ ვართ მტრები.

და ეს მართლაც ასეა. ჩვენ არ შეიძლება ვიყოთ მტრები, რადგან მიზანი ერთი გვაქვს, თითქმის ერთნაირია ჩვენი პროგრამებიც. ჩვენ გვინდა, რომ უეფა გახდეს სხვანაირი, გახდეს უკეთესი, ვიდრე დღეს არის. უბრალოდ, მე და ალექსანდერმა ამისთვის სხვადასხვა გზა ავირჩიეთ... ეს არის სწორედ დემოკრატია და მე ამ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო იმ ასოციაციების წარმომადგენლებსაც, ვინც მხარი დამიჭირა და მოვუწოდო, გვერდში დაუდგნენ ახალ პრეზიდენტს. ჩემი მხრიდანაც, თუ თავად ალექსანდერის სურვილი იქნება, რითიც შემეძლება, დავეხმარები".

ხმის მიცემის პროცედურამდე, ორივე კანდიდატმა გამოიყენა 15-წუთიანი კვოტა და კონგრესს ბოლო სიტყვით მიმართა. ჩეფერინთან დაკავშირებით იყო ეჭვები ახალგაზრდულ ასაკსა და გამოუცდელობაზე. ის დაჰპირდა დელეგატებს, რომ იქნება "ყველაზე ადვილად ხელმისაწვდომი პრეზიდენტი" უეფას ისტორიაში, ვიდრე აქამდე ყოფილა.

თავის მხრივ, 68 წლის ვან პრააგმა აღნიშნა, რომ მისი ასაკი და გამოცდილება მისი ყველაზე დიდი აქტივია. სხვათა შორის, საერთო შეფასებით, მის სიტყვაში უფრო მეტი იყო კონკრეტიკა, მაშინ, როცა ჩეფერინის გამოსვლას "სადღეგრძელოს" ელფერი დაჰკრავდა...

კონგრესი საკამათო გადაწყვეტილებით გაიხსნა - მისასალმებელი სიტყვის უფლება მიეცა... მიშელ პლატინის. ეს იყო "ჰუმანური ჟესტი", რომელზეც სპეციალური ნებართვა ფიფას ეთიკის კომიტეტმა გასცა, რათა მოკვეთილი ჩინოსნისთვის მიეცათ საშუალება, დამშვიდობებოდა ორგანიზაციას, რომელსაც 2007 წელს ჩაუდგა სათავეში და, ვიყოთ სამართლიანები, ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილებაც განახორციელა როგორც სანაკრებო, ისე საკლუბო ფეხბურთში...

ყველას ეგონა, რომ თავის 10-წუთიან გამოსვლაში პლატინი გახმაურებული სკანდალის გამო თავის მართლებას მოჰყვებოდა, თუმცა სიტყვის ძირითად ნაწილში მან დითირამბები უძღვნა უეფას, რითიც ხაზი გაუსვა საკუთარ დამსახურებებსაც. მაგრამ რაც შეეხება შეცდომებს...

"დარწმუნებული ვარ, შეცდომა არ დამიშვია და ამას დავამტკიცებ სასამართლოს ყველა ინსტანციაში, - თქვა პლატინიმ, - რაც შეეხება უეფას, ჩემ დროს აქ იყო დიდი გარდაქმნები,

თუმცა ახლა ჩემ გარეშე გააგრძელებთ მუშაობას, მიზეზებს კი აღარ ჩავუღრმავდები... მერწმუნეთ, არ მაქვს გულში წყენა იმ ხალხის მიმართ, ვინც მხარი არ დამიჭირა, რადგან ყველას თავის აზრი აქვს... მაგრამ ახლა ეს არ არის მთავარი, მთავარი ფეხბურთია".

დოსიე
ალექსანდერ ჩეფერინი

დაიბადა 1967 წლის 13 ოქტომბერს გროსუპლიეში (ყოფილი იუგოსლავია)
განათლება: იურისტი
სამუშაო გამოცდილება: საადვოკატო ფირმის (ემსახურებოდა პროფესიონალ სპორტსმენებსა და სპორტულ/საფეხბურთო კლუბებს) დირექტორი; ფუტსალის კლუბ "ლიტიჟას" (სლოვენია) აღმასრულებული საბჭოს წევრი (2005); საფეხბურთო კლუბ "ოლიმპიას" (ლუბლიანა) დირექტორთა საბჭოს წევრი (2006-2011);
2011 წელს აირჩიეს სლოვენიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად;
2016 წლის 14 სექტემბერს აირჩიეს უეფას პრეზიდენტად;
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. ფლობს ინგლისურ და იტალიურ ენებს.

უეფას პრეზიდენტები
პრეზიდენტი ეროვნება ვადა
ებე შვარცი დანია 1954-1962
გუსტავ ვიდერკერი შვეიცარია 1962-1972
შანდორ ბარში* უნგრეთი 1972-1973
არტემიო ფრანკი იტალია 1973-1983
ჟაკ ჟორჟე საფრანგეთი 1983-1990
ლენარტ იოჰანსონი შვედეთი 1990-2007
მიშელ პლატინი საფრანგეთი 2007-2015
ანხელ მარია ვილიარი* ესპანეთი 2015-2016
ალექსანდერ ჩეფერინი სლოვენია 2016-
* - დროებით არჩეულები

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული