ევროუქმეები. ტურის ფაქტები და ციფრები: პენალტიდან გოლამდე გზა დაგრძელდა

AutoSharing Option
ორშაბათის მატჩებს თუ არ ჩავთვლით, ტოპ-5 ლიგებში 20 პენალტი დაინიშნა და აქედან 8 (!) არ გავიდა.

ვფიქრობთ, თუ სერხიო აგუეროს ნამუსი შერჩა, პენალტის ნიშნულს აღარ უნდა გაეკაროს, ეს,რა თქმა უნდა, ხუმრობით - ქვემოთ კი ამ უქმეების ყველაზე საინტერესო ფაქტებსა და ციფრებს გაგაცნობთ...

პრემიერლიგა: პენალტები, პენალტები...
* "ლესტერმა" ზედიზედ მესამე ტურში ვერ შეძლო მოგება.

* აარონ კრესველმა (ვესტ ჰემი) ორი ბარათი 53-წამიან შუალედში მიიღო.

* ამ სეზონში პენალტის რეალიზების პროცენტი არის 69. მხოლოდ ორ სეზონში ყოფილა ამაზე ნაკლები (1992/93 და 2001/02).

*
"არსენალმა" პრემიერლიგის საშინაუ მატჩებში 1002 ქულა მოიპოვა. მეტი მხოლოდ "მანჩესტერს" აქვს - 1103.

* "არსენალი" ერთადერთი გუნდია პრემიერლიგაში, რომელსაც გაძევების შემდეგ წაგებაზე მეტი მოგება აქვს (30-26).

* ნასერ ჩადლიმ "ვესტ ბრომვიჩის" 6 გოლში მიიღო მონაწილეობა (4 გოლი, 2 საგოლე პასი).

* რაც დავიდ სილვა (სიტი) ინგლისში თამაშობს, ის საგოლე პასების მეფეა - ესპანელის ანგარიშზე 59 საგოლე პასია (ამ პერიოდში ყველაზე მეტი).

* მარტენ სტეკელენბურგმა (ევერტონი) "სიტისთან" თამაშში ორი პენალტი მოიგერია. აქმადე პრემიერლიგაში ასეთი რამ 8 მეკარეს გაუკეთებია.

* გრანიტ ჯაკამ (არსენალი) მე-4 წითელი ბარათი მიიღო, ყველაზე მეტი ტოპლიგებში.

* 11 ტურში "მშრალი" სერიის შემდეგ, რომელუ ლუკაკუმ (ევერტონი) 5 მატჩში 6 გოლი გაიტანა.

* ჯო ალენმა (სტოკი) უკვე შეძლო თავისი საუკეთესო მაჩვენებლის გამეორება - 4 გოლი სეზონში. არადა, სეზონი ჯერ ახლა ხურდება.

* "ბორნმუთმა" პრემიერლიგის ისტორიაში პირველად შეძლო პირველ ტაიმში სამი გოლის გატანა.

* თეო უოლკოტმა (არსენალი) 8 მატჩში 5 გოლი გაიტანა, გასულ სეზონში მან 5 გოლი მთელ სეზონში (28 მატჩი) გაიტანა.

* "ბორნმუთმა" და "ჰალ სიტიმ" პირველად ითამაშეს პრემიერლიგაში. ეს ლიგის ისტორიაში 819-ე წყვილია.

* რაც პრემიერლიგაში თამაშობს (2012 წლის აგვისტოდან) ედენ აზარმა (ჩელსი) ყველაზე მეტი გოლი გაიტანა ნახევარმცველებს შორის - 44.

* დიეგო კოშტამ "ჩელსის" 50 გოლში მიიღო მონაწილეობა (39 გოლი, 11 საგოლე პასი). ამისთვის ესპანელ ფორვარდს 62 მატჩი ეყო.

* ტომ ჰიტონმა (ბარნლი) "საუთჰემპტონთან" მატჩში 11 "სეივი" შემოგვთავაზა, ყველაზე მეტი ამ სეზონში.

* "საუთჰემპტონმა" "ბარნლის" კარისკენ 34-ჯერ დაარტყა, ყველაზე მეტჯერ ამ სეზონში.

* გასულ და ახლანდელ სეზონში ყველაზე მეტი პენალტი მაიკ დინმა დანიშნა -
19.

* "საუთჰემპტონის" მშრალი სერია 612 წუთი გაგრძელდა.

* მას მერე, რაც იგებდა, "მიდლსბრომ" ამ სეზონში ყველაზე მეტი ქულა დაკარგა - 7.

ლა ლიგა: პასების დიდოსტატი
* "ლას პალმასი" პირველი გუნდია ამ სეზონში, რომელმაც მეტოქის კარში 8-ჯერ დაარტყა ზუსტად, მაგრამ გოლი ვერ გაიტანა.

* მარკო ლივაია (ლას პალმასი) გახდა პირველი ფეხბურთელი ჩემპიონატში, ვინც მე-5 ყვითელი ბარათი მიიღო და შესაბამისად, დისკვალიფიკაციაც დაიმსახურა.

* ზინედინ ზიდანის ხელმძღვანელობით, "რეალმა" პირველად გაიტანა სტუმრად 6 გოლი.

* 1:6 "რეალთან" "ბეტისისთვის" ლა ლიგის ისტორიაში ყველაზე დიდი მარცხია შინ.

* "რეალის" რიგებში საგარეო მატჩში ისკომ პირველად შეასრულა დუბლი, მან "რეალის" მაისურით მე-100 გოლი გაიტანა.

* ტონი კროოსის (რეალი) ანგარიშზე 5 საგოლე პასია, ყველაზე მეტი ამ სეზონში ხუთივე მოწინავე ლიგაში.

* ამ სეზონში პირველმა ფეხბურთელმა მოახერხა ერთ მატჩში 5 გოლში მონაწილეობა - იანიკ ფერეირა-კარასკომ (ატლეტიკო) ჰეთ თრიკს 2 საგოლე პასიც დაუმატა.

* რაც დიეგო სიმეონეა მწვრთნელი, "ატლეტიკომ" მეორედ მოახერხა თამაშში 7 გოლის გატანა.

* ნიკოლას გაიტანმა მოედანზე გამოსვლიდან 31 წამში გაიტანა.

* ფერეირა-კარასკოსთვის ეს პირველი ჰეთ თრიკია პროფესიულ კარიერაში.

* ლეო მესიმ (ბარსელონა) 2013 წლის მერე პირველად გაიტანა გოლი "კამპ ნოუზე" შეცვლაზე შესულის სტატუსით.

* ლუის სუარესმა (ბარსელონა) ამ სეზონში 9 გოლში მიიღო მონაწილეობა (6 გოლი, 3 საგოლე პასი), ეს საუკეთესო შედეგია ლა ლიგაში.

* ჟერარდ პიკემ ლა ლიგაში "ბარსელონას" მაისურით 250-ედ ითამაშა.

* "სევილიამ" 22-ტურიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა სტუმრად.

* ფრან ესკრიბამ ("ვილიარეალის" მწვრთნელი) პირველად შეძლო 5-გოლიანი უპირატესობით მოგება ლა ლიგაში.

* "ვალენსიას" და "ბილბაოს" ჯერ ფრე არ უთამაშიათ ამ სეზონში.

* არიც ადურისმა (ბილბაო) მონაწილეობა მიიღო ლა ლიგის 6 გოლში, ესპანელ ფეხბურთელთა შორის ყველაზე მეტში ამ სეზონში.

* ინიაკი ვილიამსმა (ბილბაო) კარიერაში პირველად შეძლო ერთ თამაშში გატანაც და საგოლე პასიც გაკეთებაც.

* "ბილბაომ" "რეალ სოსიედადთა" 8-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.

ბუნდესლიგა: დაუმარცხებელი ლაიპციგი
* "დორტმუნდმა" ახალი რეკორდი დაამყარა - გუნდი ჩემპიონატის საშინაო მატჩში უკვე 25 ტურია, არ აგებს.

* ვედად იბიშევიჩმა (ჰერტა) მონაწილეობა მიიღო გუნდის ბოლო 6 გოლში (4 გოლი, 2 საგოლე პასი).

* "ვერდერმა" ბუნდესლიგაში 750-ე გამარჯვება იზეიმა.

* კაი ჰავერცი "ლევერკუზენის" ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტია - 17 წლის, 4 თვის, 4 დღის.

* 2016 წელს სტანდარტული მდგომარეობების შემდეგ ყველაზე მეტი გოლი "ვერდერმა" გაიტანა - 18.

* უსმან მანეს (ვერდერი) გოლი პირველი გამბიური გოლია ბუნდესლიგის ისტორიაში.

* ანტონი მოდესტემ 7 მატჩში 7 გოლი გაიტანა "კიოლნის" მაისურით. ბოლოს ასეთი (ოდნავ უკეთესიც) რამ 32 წლის წინათ მოხდა, მაშინ კლაუს ალოფსი "კიოლნს" 7 მატჩში 8 გოლით შეეშველა.

* ჯოშუა კიმიხმა (ბაიერნი) კარიერაში პირველად გაიტანა ზედიზედ სამ ტურში.

* "მაინცისა" და "დარმშტადტის" მატჩში 3 პენალტი დაინიშნა, 2014 წლის მერე ეს ბუნდესლიგაში პირველად მოხდა.

* 7 ტურია გასული და "ლაიპციგი" კვლავ დაუმარცხებელია, ეს ბუნდესლიგის დებიუტანტისთვის საუკეთესო მაჩვენებელია.

სერია A: სან ვივიანო
* ტურინის "იუვენტუსმა" შინ ჩემპიონატის ბოლო 20 მატჩი მოიგო, 46 გოლი გაიტანა და მხოლოდ 6 გაუშვა.

* პაულო დიბალა (იუვენტუსი) "უდინეზეს" სპეციალისტად ჩამოყალიბდა - 6-ჯერ ეთამაშა ამ გუნდს და 8 გოლში მიიღო მონაწილეობა.

* ემილიანო ვივიანომ (სამპდორია) 2015 წლიდან მოყოლებული მე-5 პენალტი მოიგერია, ამ პერიოდში საუკეთესო შედეგია მეკარეებში.

* რაც მაურიციო სარია "ნაპოლის" თავკაცი, გუნდმა ჩემპიონატში პირველი მატჩი წააგო შინ.

* ედინ ჯეკომ (რომა) საწყის 8 მატჩში 7 გოლი გაიტანა, ეს მის კარიერაში საუკეთესო სტარტია.

* "მილანმა" 16 ქულა მოაგროვა, ამდენ ტურში ბოლოს 16 ქულა "მილანმა" 2010/11 წლების სეზონში მოაგროვა.

* "ლაციოს" ფეხბურთელები "ბოლონიას" საჯარიმოში ბურთს 54-ჯერ შეეხნენ, ეს სეზონის საუკეთესო შედეგია ჩემპიონატში.

* მაურო იკარდიმ (ინტერი) ვერ გაიტანა ბოლო 4 პენალტიდან 3.

* დიეგო ფალსინელიმ (სასუოლო) ჩემპიონატის უსწრაფესი გოლი გაიტანა, მან წუთსა და 21 წამში შეაგდო.

ლიგა 1: ისევ პენალტი
* ტოპ-5 ლიგებში მარიო ბალოტელიმ ჯერ ზედიზედ 13 პენალტი გაიტანა, შემდეგი 7-დან კი 4 ვერ გამოიყენა.

* "ლორიანი" ერთადერთი კლუბია, რომელსაც ამ ჩემპიონატში ფრე არ აქვს.

* ბოლო სამ სეზონში (ახლანდელის ჩათვლით) "გენგამს" 16 წითელი ბარათი დაუგროვდა, ამდენივე აქვს "ბასტიას".

* ედინსონ კავანიმ ლიგა 1-ში გაუტანა 25 გუნდს (სულ 27 გუნდის წინააღმდეგ ითამაშა).

* ალუ დიარამ (ნანსი) მე-8 კლუბში ითამაშა ლიგა 1-ში, ეს დღევანდელ ფეხბურთელთა შორის რეკორდია.

* "მარსელმა" ლიგა 1-ში 2 369-ე მატჩი ითამაშა. ეს ახალი რეკორდია, აქამდე ყველაზე მეტი მატჩი "მარსელსა" და "სოშოს" ჰქონდათ ჩატარებული უმაღლეს დივიზიონში.

* "სენტ ეტიენმა" ამ სეზონში 4 გოლი მას მერე გაიტანა, რაც 90 წუთი გასული იყო.

* 8 ტურია, "დიჟონი" სტუმრად ვერ იგებს ლიგა 1-ში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ