ერთპიროვნული მმართველები მსოფლიო ფეხბურთში - პერესი, აბრამოვიჩი, ელ ხელაიფი და სხვები

AutoSharing Option
თანამედროვე მსოფლიო ფეხბურთში რამდენიმე ისეთი მმართველია, თავისუფლად რომ უწოდებ ერთპიროვნულს. ჩვენი დღევანდელი წერილი სწორედ ასეთებზეა - სახელიან ბოსებზე, წლებმა რომ დაუგდო დიდი სახელი. ისინი მარტონი იღებენ ყველა გადაწყვეტილებას და ნაკლებად ითვალისწინებენ გარშემო მყოფთა აზრს.

ნასერ ელ ხელაიფი
ყატარელმა ბიზნესმენმა 10 წლის წინ ჩაიბარა კომპანია "ალ ჯაზირა სპორტი". ამის შემდეგ მთავარ კომპანიას გამოეყო და განახორციელა წარმატებულზე წარმატებული ბიზნესპროექტი. Qatar Sports Investments- ასე ქვია დღეს მის კომპანიას, რომელსაც მთელ მსოფლიოში იცნობენ.

როცა ამ კომპანიამ "პარი სენ-ჟერმენი" იყიდა, ნასერ ელ ხელაიფიმ პრაქტიკულად საკუთარი
თავი დაინიშნა პრეზიდენტის პოსტზე. ბევრისათვის მოულოდნელად, არაბი ბიზნესმენი საკმაოდ დაკვირვებული მმართველი აღმოჩნდა.

ის ერთპიროვნულად კი იღებს გადაწყვეტილებებს, თუმცა ხშირ ცვლილებებს ერიდება. მისი მმართველობის პირველ წლებთან შედარებით, ფინანსური ბალანსიც უკეთესადაა დაცული.

მანსურ იბნ ზაიდ ალ- ნაჰაიანი
აბუ-დაბის სამეფო ოჯახის წევრი. საამიროების პრემიერმინისტრი. ნავთობმაგნატი, უზომოდ მდიდარი ადამიანი. იყო დრო, მისი ოჯახი ნიკოლა სარკოზის საპრეზიდენტო კამპანიას აფინანსებდა.

ეს უმდიდრესი პერსონა ძალიან ბევრ საქველმოქმედო პროექტში მონაწილეობს. ეხმარება გაჭირვებულ ქვეყნებს, ავითარებს სხვადასხვა სფეროებს. შეიხ მანსურმა ფეხბურთისათვისაც გამონახა დრო და გახდა "მანჩესტერ სიტის" მფლობელი.

მან დააფუძნა კომპანია "სიტი ჰოლდინგ გრუპი". მასში ინგლისური კლუბის გარდა შედიან "მელბურნ სიტი" და "ნიუ იორკ სიტი". "სიტის" მართვაში შეიხს მისი საიდუმლო მრჩეველი ხალდუნ ალ-მუბარაქი ეხმარება. მათი მთავარი შეცდომა კლუბის მთავარ მწვრთნელად მანუელ პელეგრინის დანიშვნა იყო, თუმცა ახლა "ეტიჰადზე" პეპ გვარდიოლა მუშაობს.

რომან აბრამოვიჩი
"ჩელსი" ჯერ კიდევ მაშინ იყიდა, როცა კლუბების ყიდვა მოდაში არ იყო. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ სწორედ აბრამოვიჩმა აქცია "ჩელსი" მსოფლიო ფეხბურთის ნამდვილ გრანდად.

ეგაა, მფლობელი ყოველთვის ერთპიროვნულად იღებდა გადაწყვეტილებას კლუბის მომავალთან დაკავშირებით. მან 12 მწვრთნელი გაათავისუფლა 13 წლის განმავლობაში. ინგლისური პრესა აბრამოვიჩს დღესაც კი შემთხვევით ადამიანად მიიჩნევს ფეხბურთში, მაგრამ მისი შეფობით კლუბმა ყველა ტიტული მოიგო. მათ შორის - ჩემპიონთა ლიგაც.

ახლა "ჩელსიში" თაობათა ცვლის რთული პერიოდი დგას, თუმცა კლუბის ხელმძღვანელი მზადაა, ამასაც გაუძლოს...

სილვიო ბერლუსკონი
ბოლო "დინოზავრი" იტალიური "დიდი სამეულიდან". "იუვენტუსში" ხელმძღვანელობა შეიცვალა. "ინტერში" მასიმო მორატის წასვლის შემდეგ უკვე მეორე მფლობელი შეიცვალა. "მილანი" ჯერ დგას, თუმცა არავინ იცის, როდემდე გაგრძელდება ეს "ჯერ". ერთ დროს მსოფლიოსი საუკეთესო შემადგენლობის მყოლი გუნდი ახლა თავისუფალი აგენტების ბაზარზე აქტიურობს. ბერლუსკონი მალე ჩინელებს დაუთმობს გუნდს. მაშინ კი თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ "მილანის" ცხოვრებაში ერთი დიდი ეპოქა დსრულდა.

ფლორენტინო პერესი
მას შეუძლია, თავისუფლად თქვას: "რეალი" - ეს მე ვარ!" სამშენებლო და სატრანსპორტო მაგნატმა კლუბის პრეზიდენტის არჩევნები 2000 წელს მოიგო. მან გამარჯვება ზიდანის, ფიგუსა და პავონის ყიდვით აღნიშნა. დაერქვა კიდეც ასე "ზიდანისა და პავონის ფილოსოფია".

მისი მმართველობის პერიოდში გუნდში არაერთი ვარსკვლავი მივიდა. მათ შორის - ოუენი, რობინიო, ბექჰემი, რონალდო... 2006 წელს პერესი იძულებით გადადგა. მეორე პრეზიდენტობის შემდეგ და მანამდე ცოტა ხნით ადრე ის სრულად აკონტროლებდა და დღესაც აკონტროლებს კლუბის დირექტორთა საბჭოს. 2009 წელს არჩევნებში გამარჯვება კაკას, კრიშტიანოს, ნეგრედოსა და ბენზემას ყიდვით გაამყარა.

მაურიციო ძამპარინი
ვერ დავთვლით, სულ რამდენი მწვრთნელი გაუშვა "პალერმოს" პრეზიდენტმა. მხოლოდ გასული სეზონის მონაცემებით - შვიდი! ამის მიუხედავად, "პალერმომ" გამოზარდა ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან კავანი, დიბალა, პასტორე, ილიჩიჩი, ამაური, ბარძალი, სირიგუ...

ერთი კვირის წინ თქვა, რომ "პალერმო" ვერ იარსებებს წამყვანი ფეხბურთელების გაყიდვის გარეშე და შეიძლება მოიხსნას იტალიის ჩემპიონატიდან, თუ არ გამოინახება 15 მილიონი ევრო. ამასთან მან დაამატა, რომ გუნდის შენახვის დიდი ენთუზიაზმი აღარ აქვს.

ეს მორიგი ხრიკი უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში, ძამპარინის ქონება 900 მილიონ ევროდაა შეფასებული. როგორც ჩანს, მან რაღაც ჩაიფიქრა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ