პაატა გურასპაულმა Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა

AutoSharing Option
Sportall.ge-ს რუბრიკის, "ინტერნეტკონფერენციის" მორიგი სტუმარია საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული.

პაატა გურასპაულმა მკითხველთა კითხვებს უპასუხა და საუკეთესო კითხვაც აირჩია: "მოგესალმებით. როგორ ფიქრობთ, რომელი უფრო რთულია: პრეზიდენტობისკენ მიმავალი გზა თუ გზა პრეზიდენტობიდან მიზნების განხორციელებამდე?"

- ბ-ნო პაატა, ერთხელ პელეს დაუსვეს კითხვა, როდის გახდება საბჭოთა კავშირი მსოფლიოს ჩემპიონი ფეხბურთშიო. მან უპასუხა, როცა ბრაზილია გახდება ჰოკეიში მსოფლიო ჩემპიონიო. ჩემი კითხვაც დაახლოებით ასე ჟღერს: როდის გახდება სავარაუდოდ მსოფლიო ჩამპიონი საქართველოს ნაკრები (ევროპის, მჯერა, 3-4 წელში ვიქნებით)? პატივისცემით, თამაზ ჩოხელი (მახსოვს თქვენი "დალნი ბრასოკები").
- მინდა დავიჯერო, რომ ჩემი შვილიშვილების თაობისთვის ამ ურთულესი მიზნის მიღწევა ფანტასტიკის სფეროდან ნამდვილად აღარ იქნება.

- მოგესალმებით, ბატონო პაატა. რაც უნდა ვთქვათ და შევადაროთ, ფეხბურთის ჩემპიონატს ხალხი დაუბრუნდა საყურებლად. ძალიან მინდა, იგივე მოხდეს კალათბურთზე. თუნდაც, რომ გაკეთდეს შეხვედრების პირდაპირი ეთერები "იუთუბის" საშუალებით. რა გეგმა გაქვთ ამასთან დაკავშირებით?
- ინტერნეტის საშუალებით თამაშების ყურების შესაძლებლობა რომ ჰქონდეს მაყურებელს, ამაზე უკვე მიდის მუშაობა და მალე ეს საკითხი აუცილებლად მოგვარდება.

- გამარჯობა, პაატა. მაინტერესებს, რამდენად სამართლიანად მოიგეთ არჩევნები? და რატომ არის ანატოლი ბოისა ნაკრებში (ბოლოს როდის ჩააგდო ნაკრებში ბურთი საშუალო დისტანციიდან)?უამრავი ახალგაზრდა და პერსპექტიული მოთამაშე გვყავს ესპანეთში და იტალიაში და არ შეიძლება ახალგაზრდებს მივცეთ შანსი?
- არჩევნების სამართლიანობაზე შედეგები მეტყველებს, რაც შეეხება ბოისას:
ა) პირადად მე მას დიდ პატივს ვცემ, როგორც ადამიანს და როგორც მოთამაშეს;
ბ) იგი ბუნებით ლიდერია და ამ ფუნქციას ნაკრებშიც კარგად ასრულებს;
გ) ვინ უნდა იყოს მოედანზე, ამას წყვეტს ნაკრების მწვრთნელი და არა ფედერაცია ან პრეზიდენტი.

რაც შეეხება ახალგაზრდებისთვის შანსის მიცემას, ნაკრების ბოლო მატჩებში, ალბათ, დავინახეთ ეს ტენდენცია, თუმცა უფრო მეტია საჭირო. იმედი მაქვს, რომ ნაკრების ხელმძღვანელობას ექნება არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა იმ ნიჭიერი ახალგაზრდა პერსპექტიული მოთამაშეებისგან, რომლებიც არცთუ ისე მცირერიცხოვანნი არიან.

- გამარჯობა, პაატა. რა კეთდება იმისთვის, რომ სუპერლიგა გაძლიერდეს და ქართულმა გუნდებმა სისტემატურად ითამაშონ ევროტურნირებზე? რეგიონებში გაკეთდეს კალათბურთის მოედნები და მასობრივი რომ გახდეს კალათბურთი?
- ამ მხრივ მიმდინარეობს ძალიან სერიოზული მუშაობა - ღრმა ანალიზი და შემდეგ სწორი გადაწყვეტილებების მიღება. ჯერ შეიძლება ქართული გუნდები მზად არ არიან ევროტურნირებზე სათამაშოდ, მაგრამ ჩვენ აუცილებლად უნდა მივაღწიოთ ამას. რაც შეეხება რეგიონებში მოედნების გაკეთებას, რამდენიმე რეგიონში აშენდა ძალიან კარგი საკალათბურთო დარბაზი და ასევე იგეგმება ახალი დარბაზების მშენებლობა, თუმცა ფედერაციამ ყველა ღონე უნდა იხმაროს, რომ რაც შეიძლება მეტი დარბაზი აშენდეს და შევიდეს ექსპლუატაციაში.

გვაქვს ღია მოედნების გაკეთების პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც ხელს შეუწყობს კალათბურთის მასობრიობასა და პოპულარიზაციას.

რაც შეეხება რეგიონებში კალათბურთის განვითარებას, ფედერაცია წლების მანძილზე მთელი ქვეყნის მასშტაბით ატარებს სხვადასხვა ტურნირს 3X3 კალათბურთში, მათ შორის, საქართველოს ჩემპიონატს.

ფიბას სტანდარტების მქონე სპეციალური მოედანი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იშლება. საქართველოს მასშტაბით ტარდება ჟუნიორ NBA-GBF ლიგა, სადაც მონაწილეობას სხვადასხვა რეგიონის გუნდები იღებენ და ქვეყნის მასშტაბით უამრავი მოზარდი კალათბურთელია ჩართული.

იმ რეგიონებში, სადაც ჯერ არ არის განვითარებული კალათბურთი, ფედერაციას დაწყებული აქვს ამ მხრივ მუშაობა და ატარებს გარკვეულ ქმედებებს.

- რა არის თქვენი საკალათბურთო მიზანი?
- მიზანი ერთია: რაც შეიძლება მეტი სარგებელი მივცე ქართულ კალათბურთს და რაც შეიძლება მეტი სწორი ნაბიჯი გადავდგა ქართული კალათბურთის ხვალინდელი დღის წარმატებისთვის.

- სალამი. ასეთი შეკითხვა მაქვს: თქვენი აზრით, აქვს თუ არა პოტენციალი საქართველოს ნაკრებს, ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზოს?
- მჯერა, რომ რამდენიმე წელში ამის პოტენციალი საქართველოს ნაკრებს აუცილებლად ექნება. ერთ-ერთი საფუძველი ასე ფიქრისა, 3X3 კალათბურთში ლიცენზიის მიღებაა ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე.

- რატომ არის კალათბურთის ფედერაციაში განუკითხაობა? გაუმჭვირვალობა? და ასე შემდეგ...
- ფედერაციაში არის სრული თანხმობა, გამჭირვალობა და სურვილი, ყველამ ერთად ვაკეთოთ საქმე ქართული კალათბურთის საკეთილდღეოდ.

- გამარჯობა. მაინტერესებს, ერთი ნებისმიერი რამის შეცვლა რომ შეგეძლოთ მთლიანად საკალათბურთო სამყაროში, რა იქნებოდა ეს?
- ყველას (ვიმეორებ - ყველას!) მიდგომას სპორტის ამ სახეობის მიმართ, რაც შეიძლება მეტი ხელშეწყობა, მეტი პროფესიონალიზმი, თავმდაბლობა და სურვილი, ვისწავლოთ; შემდეგ მოვარგოთ ქართულ კალათბურთს ყველა ის გამოცდილება, რაც ჩვენზე წარმატებულ ქვეყნებს დაუგროვდათ ამ კუთხით.

- მოგესალმებით. პირველ რიგში, წარმატებულ მოღვაწეობას გისურვებთ აღნიშნულ უაღრესად საპასუხისმგებლო პოსტზე. ჩემი შეკითხვა მდგომარეობს შემდეგში: მოგეხსენებათ, თანამედროვე სპორტი და ბიზნესი ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან, შესაბამისად, ფედერაციის მიზანსაც კერძო ინვესტორების მოზიდვა წარმოადგენს. კონკრეტულად როგორ აპირებს ფედერაცია კალათბურთის, როგორც სპორტის კომერციალიზაციას და შექმნის თუ არა ის ხელსაყრელ პირობებს, რომელიც კერძო ბიზნესისთვის იქნება საინტერესო და მიმზიდველი?
- ეს მხოლოდ ფედერაციაზე არ არის დამოკიდებული - ეს სახელმწიფოს პრეროგატივაა, თუმცა სხვა სპორტის ფედერაციებთან ერთად უკვე მიდის მუშაობა ამ საკითხებზე. ჩვენს მოსაზრებებს, ყველა ერთად, აუცილებლად გავაჟღერებთ და შევთავაზებთ სახელმწიფოს.

- გამარჯობა, ბატონო პაატა. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ თქვენი ფედერაციის პრეზიდენტად არჩევის მერე, ჩვენი ნაკრების წამყვანი კალათბურთელები არიდებენ თავს ნაკრებში თამაშს და კლუბებს აბრალებენ ამას. გადამწყვეტი 2 თამაში გვაქვს და როგორ აპირებთ ნაკრების ამ მძიმე თამაშების წინ მდგომარეობის გამოსწორებას? ბოდიში ჩემი პირდაპირობისთვის.
- მე ასეთი შთაბეჭდილება არ დამრჩენია - ყველას, ვინც ვერ ითამაშა ნაკრების ბოლო მატჩები, ნამდვილად ჰქონდა საპატიო მიზეზი. კალათბურთის ახალმა სისტემამ, რომელიც ითვალისწინებს ეროვნული ნაკრების თამაშების ჩატარებას არა მხოლოდ ზაფხულში, არამედ მთელი წლის მანძილზე, ასეთი რეალობა შექმნა. არ მეგულება არცერთი ქართველი კალათბურთელი, ვისაც რაიმე მიზეზით ეროვნულ ნაკრებში თამაში არ სურს. აქვე იმედს გამოვთქვამ, რომ მოახლოებულ მატჩებში ნაკრები მთელი შემადგენლობით წარდგება მაყურებლის წინაშე.

- უკეთესი არ იქნებოდა, როგორც NBA-ში ამზადებენ, ისე დავტვირთოთ ჩვენი ბიჭები? მით უმეტეს, ახალგაზრდები?
- და როგორ ამზადებენ თქვენი აზრით NBA-ში მოთამაშეებს? მინდა გითხრათ, რომ NBA-ს საზომები (ყველანაირი) ჩვენთვის მაგალითი ვერ იქნება ძალიან ბევრი მიზეზის გამო.

- ბატონო პაატა, რა აზრის ხართ სკოლების საკალათბურთო ჩემპიონატის შექმნის შესახებ?
- სასკოლო ფედერაციასთან ერთად ჩვენ ისედაც ვთანამშრომლობთ ამ კუთხით და ამ ეტაპზე ვატარებთ 3X3 კალათბურთში ჩემპიონატებს სკოლებს შორის. ფედერაცია ამუშავებს პროექტს, რომ უფრო მეტად გაიზარდოს ჩემპიონატების მასშტაბი და მეტი აქტივობები განხორციელდეს. ამ საკითხზე მუშაობა მიდის სხვადასხვა სამინისტროს ჩართულობასთან ერთად.

- ბატონო პაატა, გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს... საქართველოს ნაკრებში რომ თამაშობდეთ, რომელ ქართველ კალათბურთელს ისურვებდით პარტნიორად? და რომელ მწვრთნელს, თუნდაც უცხოელს? მადლობა.
- დაგვიანებით მეც გილოცავთ. რაც შეეხება კითხვას, აუცილებლად - მიშიკო ქორქიას და ნიკოლოზ დერუგინს. მწვრთნელი კი, ალბათ, დევიდ ბლატი.

- რატომ დარჩა ფედერაციაში წინა გუნდი უკლებლივ, პრეზიდენტის გარდა?
- ფედერაციაში მუშაობენ უაღრესად პროფესიონალი, საქმისადმი თავდადებული და კალათბურთზე უზომოდ შეყვარებული ადამიანები და ასე იქნება მომავალშიც.

- გამარჯობა, ბატონო პაატა. მიხარია, რომ საქართველოს კალათბურთის ნაკრები დროდადრო ვითარდება. ვიცით, რომ ეგ განვითარება დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს და ამისთვის საჭიროა, რომ მოთმინება ვიქონიოთ. ჩემი კითხვა მდგომარეობს იმაში, რომ უკვე დროა, განვითარება დავიწყოთ ბავშვთა ასაკიდან, რადგან ნასწავლს ვერ შევცვლით და უსწავლელს გავზრდით. რას აკეთებთ ამისთვის?
- გეთანხმებით, რომ ბავშვთა კალათბურთია საფუძველი ზოგადად ქვეყნის საკალათბურთო წარმატებებისა. ფედერაცია უდიდეს ყურადღებას აქცევს და მიაქცევს ამ საკითხს.

- გამარჯობა. საინტერესოა, რა გეგმები აქვს ფედერაციას სპორტული მედიცინის, მწვრთნელთა გადამზადების და ასაკობრივი ნაკრებების განვითარებასთან დაკავშირებით?
- დავყოთ კითხვა სამ ნაწილად:

სპორტული მედიცინა - ამ მხრივ, სულ მალე შეიტყობთ და ნახავთ ფედერაციის ახალ ინიციატივას. არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო და წინასწარ ვისაუბრო;

მწვრთნელთა გადამზადება - აქამდეც მიმდინარეობდა ეს პროცესი და გპირდებით, უფრო მეტი ენერგიითა და ახალი ინიციატივებით გაგრძელდება ეს უმნიშვნელოვანესი პროგრამა;

ასაკობრივი ნაკრებები - ახალი საკალათბურთო სეზონიდან ბევრი ახალი იდეის განხორციელებას ვაპირებთ ამ კუთხით. ვფიქრობ, ახლებული მიდგომა უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება ასაკობრივი ნაკრებების განვითარებისთვის.

- მოგესალმებით, ბატონო პაატა. კიდევ ერთხელ გილოცავთ პრეზიდენტობის არჩევნებში გამარჯვებას. საინტერესოა, რა იქნება ფედერაციის უახლოესი მიზნები იმისათვის, რომ გაძლიერდეს შიდა ჩემპიონატი და ექნება თუ არა საქართველოს შანსი, რომ ევრობასკეტ 2021-ს უმასპინძლოს? მადლობა წინასწარ.
- მადლობა მოლოცვისთვის. შიდა ჩემპიონატის გაძლიერებისთვის ჩვენ მუხლჩაუხრელად ვმუშაობთ და ვშრომობთ ყველა კუთხითა და მიმართულებთ (დარბაზი, შესვენებებს და თამაშებს შორის ახალი, საინტერესო ღონისძიებების ჩატარება, გათამაშებები, პიარი და ინტერნეტსივრცის უკეთესად გამოყენება და სხვა).

რაც შეეხება 2021 წლის ევრობასკეტის მასპინძლობას, ჩვენ არაოფიციალური განაცხადი უკვე გავაკეთეთ. როცა დრო იქნება, ოფიციალურ განაცხადსაც გავაკეთებთ და დიდი იმედი გვაქვს, ჩვენ ამას მივაღწევთ. იქამდე თბილისში ჩატარებული ყველა - დიდი თუ შედარებით პატარა საკალათბურთო ღონისძიება უნდა ჩავატაროთ უმაღლეს დონეზე, ყველა თვალსაზრისით, რაც აუცილებლად დაგვეხმარება ამ მიზნის მიღწევაში.

- მოგესალმებით, ბატონო პაატა! ქომაგთა სახელით მსურს გკითხოთ, რამდენად ახერხებთ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტისა და იმავდროულად, ტელეკომენტატორის როლის შეთავსებას? სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, არ ფიქრობთ, რომ პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მთელი თქვენი ყურადღება მენეჯერულ საქმიანობას უნდა დაუთმოთ?
- ჩემი და ჩემი მეგობრების ძალისხმევით, 2010 წელს შეიქმნა ის სპორტული არხები, რაც ძალზე დიდი მოწონებით სარგებლობს. ჩვენ ამ ტელევიზიას ჩვენს შვილად ვთვლით და ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ტელევიზიაში საქმიანობა. რასაკვირველია, რთულია, მაგრამ ვფიქრობ, ამ ორივე, კალათბურთისთვის საჭირო საქმეს თავს გავართმევ.

- გამარჯობა, ბატონო პაატა. გილოცავთ არჩევნებში გამარჯვებას. ასევე ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველოს 3X3 ნაკრებმა მოახერხა ახალგაზრდული ოლიმპიადის ლიცენზიის აღება და იმედია, წარმატებით გამოვალთ. მაინტერესებს, ქალთა კალათბურთის განსავითარებლად რა ნაბიჯები იდგმება და ასევე, როგორ ემზადებიან ახალგაზრდული ნაკრებები ევროპის ჩემპიონატისთვის?
- ქალთა კალათბურთის განვითარებისთვის პირველი ნაბიჯები ჩემამდე იქნა გადადგმული ფედერაციაში. ასევე გაგრძელდება მომავალშიც. ქალთა კალათბურთი აუცილებლად უნდა აღორძინდეს.

3X3 კალათბურთში მოპოვებული ლიცენზიის მოლოცვისთვის მადლობა და თქვენთან ერთად, მეც დიდი იმედი მაქვს, რომ გუნდი ოლიმპიადაზე წარმატებით გამოვა.

ასაკობრივი ნაკრებების მომზადების პროცესს რაც შეეხება, ფედერაცია თითოეულ ნაკრებს უქმნის ყველა პირობას, რათა მომზადების პროცესი ნაყოფიერად და წარმატებულად წარიმართოს.

- ბატონო პაატა, მოგესალმებით! მაინტერესებს მომრავლებული მწვრთნელების მომზადების ის დონე. როგორ შეიძლება მათ უტარებდნენ ტრენინგებს ასევე თავად არასაკმარისი საკალათბურთო განათლების მქონე პირები? როგორ შეიძლება რამდენიმე დღეში მწვრთნელის ლიცენზიის მიღება მაშინ, როდესაც ევროპასა და აშშ-ში წლობით სწავლობენ ამ პროფესიისთვის. რატომ არ ხდება ვიდეორეფერის დანერგვა სუპერლიგაში? ამით ხომ საბოლოოდ დასრულდება უამრავი პრობლემა მსაჯების ირგვლივ!
- მწვრთნელების გადამზადება მოიცავს რამდენიმე ეტაპს და ერთ ან ორ დღეში ლიცენზიას შემთხვევით ნამდვილად ვერავინ აიღებს. რაც შეეხება მათ, ვინ ატარებს ამ სემინარებს, ისინი საკმაოდ დამსახურებული და კომპეტენტური პიროვნებები არიან საკალათბურთო თვალსაზრისით.

რაც შეეხება ვიდეორეფერის საკითხს სუპერლიგაში, ეს დამოკიდებულია სხვადასხვა პროცესზე, მათ შორის, ლაივ-სტრიმინგზე, რომელზეც ზემოთ ვისაუბრე.

- ფაჩულია და სანიკიძე დაუბრუნდებიან ნაკრებს? თუ გქონიათ ამაზე საუბარი?
- სანიკიძემ ტრავმის გამო დაამთავრა საკალათბურთო კარიერა. რაც შეეხება ფაჩულიას, ის ჯერ კიდევ მოქმედი კალათბურთელია, თუმცა მან ოფიციალურად განაცხადა ნაკრებიდან წასვლის შესახებ და რაიმე საპირისპირო მოსაზრება მე არ გამიგია.

- გამარჯობა, პაატა. მაინტერესებს, თუ მომავალშიც გაგრძელდა ფიბასა და ევროლიგას შორის არსებული დავა სანაკრებო კალენდართან დაკავშირებით, გააჩნია თუ არა ფედერაციას გეგმა, რომლის მიხედვითაც ნაკრების წამყვანი კალათბურთელები აქ ჩამოსვლას შეძლებენ?
- ვფიქრობ, ეს საკითხი საბოლოოდ მოგვარდება ფიბასა და ევროლიგას შორის. თუკი არ მოგვარდა, მოგვიწევს იმ კონტინგენტით თამაში, რაც გვეყოლება იმ კონკრეტულ მომენტში.

- რომ არა კალათბურთი, თქვენი ცხოვრება როგორი იქნებოდა ან რას სფეროში იქნებოდით?
- სპორტი დიდი დოზებით აუცილებლად იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში და ძალიან დიდი შანსი იქნებოდა, რომ ჩემი ინტერესთა სფერო ყოფილიყო ისტორია და არქეოლოგია.

- იქნებ მოხერხდეს სატელევიზიო გადაცემის გაკეთება ("1-ლი არხი", "სილქ ტვ" და ა.შ.), სადაც მოხდება სუპერლიგის და ასაკობრივი ჩემპიონატის თამაშების მიმოხილვა, რაც დამეთანხმებით, უდიდესი სტიმული იქნება განსაკუთრებით, 16-18 წლის მოთამაშეებისთვის? კარგია, ლაივ- სტატისტიკა რომ გააკეთეთ, მაგრამ "იუთუბზეც" თუ გაუშვებთ, მოიხსნება მსაჯების და ბევრი სხვა პრობლემაც! ასაკობრივი მწვრთნელების გადამზადებისთვის რა იგეგმება? "ბასკონიის" გარდა, უნდა ტარდებოდეს თუ არა დამატებით 1-2 კემპი? წარმატებები ქართულ კალათბურთს!
- ნაწილობრივი პასუხი უკვე გაცემულია. რაც შეეხება სპეციალურ გადაცემას, ამაზე მიმდინარეობს კონსულტაციები და ვფიქრობ, შორს არ არის ის დრო, როცა სპეციალური საკალათბურთო გადაცემები იქნება რომელიმე არხის ეთერში.

რაც შეეხება კემპებს, ამ მხრივ გვაქვს გარკვეული გეგმები და ამ საკითხზე ლიტველებთან ერთად ვმუშაობთ.

- ბატონო პაატა, როგორ ფიქრობთ, ხომ არ ჯობია, ფედერაციის სათავეში ის ხალხი მოვიდეს, ვისაც თქვენს გუნდზე დიდი ფინანსების მოძიება შეუძლია, თუნდაც სუპერლიგისთვის და არ იყოს მარტო ხელისუფლების შემყურე?
- ფედერაციის სათავეში არიან საკალათბურთო სამყაროს მიერ ლეგიტიმურად არჩეული ადამიანები. რაც შეეხება ფინანსებს, არავინ არავის უშლის ამ ფინანსების საკალათბურთო განვითარებისთვის მოძიებას და შემდეგ გამჭვირვალედ, კალათბურთის სასიკეთოთ გამოყენებას.

- მოგესალმებით. როგორ ფიქრობთ, რომელი უფრო რთულია: პრეზიდენტობისკენ მიმავალი გზა თუ გზა პრეზიდენტობიდან მიზნების განხორციელებამდე?
- რასაკვირველია, გზა პრეზიდენტობიდან მიზნების განხორციელებამდე.

- რა სიტუაციაა ესპანეთში მოთამაშე ბულაშვილის შესახებ? როდის მოგვარდება კონფლიქტი მასა და კალათბურთის ფედერაციას შორის?
- არანაირი კონფლიქტი ლუკა ბულაშვილსა და ფედერაციას შორის არ არსებობს. ლუკამ უკვე იასპარეზა 20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ახალგაზრდული ლიგის ოთხთა ფინალში (სადაც ჩვენმა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ჩემპიონის ტიტული მოიპოვა) და ასევე, დასახელებულია ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში. მასზე ყველანი დიდ იმედებს ვამყარებთ.

- გამარჯობა, ბატონო პაატა. პირველ რიგში, გისურვებთ წარმატებულ მოღვაწეობას კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე. მაინტერესებს, თუ გეგმავთ სპორტის სასახლის რეაბილიტაციას და თუ გეგმავთ, როდის მოხდება ეს?
- ეს ჩვენი კომპეტენციის ფარგლებს სცდება, თუმცა სასახლის ხელმძღვანელობა ყველა ღონეს ხმარობს, რომ სპორტის სასახლე პასუხობდეს იმ სტანდარტებს, რასაც ფიბას რეგულაციები გვავალდებულებს.

- ჩეხეთის "ბრნოში" თამაშობს ზურაბ კერესელიძე. რა ინფორმაცია გაქვთ ამ ბიჭზე და იგეგმება თუ არა მისი ეროვნულ ნაკრებში გასინჯვა?
- როგორც ჩვენთვის ცნობილია, ზურაბ კერესელიძე ჩეხეთის მოქალაქეა და ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრებში მისი თამაში ვერანაირად ვერ მოხერხდება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ჩემი კომენტარი არ გამოქვეყნდა, არაფერის მაქნია ეს კაცი იმიტომ რომ კორუმპირებულია თავისი დელეგატებიანად.
ებიჯო
09:50 16-05-2018
0
ჩემმა შეკითხვამ გაიმარჯვა და რატომ არავინ მეხმიანება???
tarotaro
21:15 07-05-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული