სამი უკრაინაში, ორი ესტონეთში

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული და ჭაბუკთა ნაკრებების პარალელურად კადეტთა გუნდიც B დივიზიონის მატჩებისთვის ემზადება. 16-წლამდელები გია კაზანჯიანის ხელმძღვანელობით ვარჯიშობენ. მათ წვრთნა თბილისში დაიწყეს, 6 ივნისს დუშეთში ჩავიდნენ და შეკრებას იქ გადიან, 15 ივლის, კი თბილისში დაბრუნდებიან და 19 ივლისამდე აკადემიის დარბაზში ივარჯიშებენ. შემდეგ ელით უკრაინულ-ესტონური სპარინგები...

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი სწორედ ესტონეთში ჩატარდება. შეჯიბრება 5 აგვისტოს დაიწყება. ქართველები გახსნის მატჩში რუმინელებს დაუპირისპირდებიან.

ვიდრე ნაკრების მწვრთნელის, გია კაზანჯიანის ინტერვიუს შემოგთავაზებდეთ, შესარჩევი ტურნირის სისტემას გაგაცნობთ. 20 მონაწილე 4 ჯგუფადაა გაყოფილი (თითოში 5 გუნდი). ქართველი კადეტები ჩ

ჯგუფში მოხვდნენ, სადაც მათ გარდა რუმინელები, სლოვენიელები, ლუქსემბურგელები და ბელგიელები ითამაშებენ.

პირველი ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ ორ-ორი საუკეთესო ორ ჯგუფში გადანაწილდება და ჩემპიონობისთვის ბრძოლას გააგრძელებს. მეორე ჯგუფური ეტაპი კი ნახევარფინალისტებს გამოავლენს და ტურნირი პლეი ოფის სისტემით გაგრძელდება. ორი ფინალისტი ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის საგზურს მიიღებს. ვფიქრობთ, გარკვევით გაგაცანით გზა, რომელიც ამა თუ იმ გუნდმა ფინალისკენ უნდა გაიაროს. რაც შეეხება ჯგუფში ჩარჩენილებს, ისინი საკლასიფიკაციო მატჩებში მიიღებენ მონაწილეობას.

ახალგაზრდულ ასაკში ყველაზე რთულად პროგნოზირებადი 16-წლამდელთა გუნდებია. ამიტომ წინასწარ ძნელი განსასაზღვრია, რას უნდა ველოდოთ ჩვენი კადეტებისგან. ზოგადად კი იმის თქმა შეიძლება, რომ ჩ ჯგუფში ფავორიტი სლოვენია უნდა იყოს, კარგი გუნდი ეყოლება ბელგიასაც. შარშანდელი შედეგის გათვალისწინებით, რუმინელებსაც უნდა ვუფრთხილდეთ. ქართველებს სწორედ ამ სამ ნაკრებთან მოუწევთ ორ უკეთესში მოხვედრისთვის "ჭიდაობა".

16-წლამდელთა შემადგენლობაზე ახლა ბევრს ვერ ვილაპარაკებთ, რადგან შეკრებაზე 18 კალათბურთელია... ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე კი განაცხადში 12 კადეტი უნდა იყოს.

ახლა კი, ინტერვიუ მთავარ მწვრთნელ გია კაზანჯიანთან. საუბარი მზადების პროცესით დავიწყეთ.

- წვრთნას თბილისში შევუდექით. გავიარეთ ფიზმომზადების ეტაპი და 6 ივლისს დუშეთში ჩავედით, სადაც 15-მდე დავრჩებით.

- პირობებით, ალბათ, თქვენც კმაყოფილი ბრძანდებით...
- ოლიმპიურ ბაზაზე ვართ. საცხოვრებელი პირობებიც შესანიშნავია და სავარჯიშოც. სრულყოფილად მოსამზადებლად ყველა პირობაა შექმნილი.

- საკონტროლო მატჩებს სად და ვისთან გამართავთ?
- უკრაინელებთან და ესტონელებთან. დუშეთიდან დაბრუნების შემდეგ მზადებას თბილისში განვაგრძობთ, ხოლო 19 ივლისს კიევში გავფრინდებით. იქაურ კადეტთა ნაკრებთან სამ სპარინგ-მატჩს ჩავატარებთ - 20, 21 და 22 ივლისს. მეორე დღეს, 23-ში ტალინში გავფრინდებით. ესტონეთის ნაკრებთან 24 და 25 ივლისს ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩავატარებთ, 26-დან მზადებას ისევ თბილისში შევუდგებით.

- გუნდში ამჟამად რამდენი კალათბურთელია?
- 18 მოთამაშე ვარჯიშობს. უკრაინაში გამგზავრების წინ შემადგენლობას 14 კალათბურთელამდე შევამცირებთ.

- დაბოლოს, რა შეგიძლიათ თქვათ B დივიზიონში საქართევლოს ნაკრების მეტოქეებსა და პერსპექტივებზე?
- 16 წლის ასაკში ძნელია, წინასწარ განსაზღვრო, რომელ ქვეყანას როგორი ნაკრები ეყოლება. ზოგს ძლიერი თაობა ჰყავს, ზოგს - პირიქით. რაც ჩვენზეა დამოკიდებული, ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ტურნირზე წარმატებით გამოვიდეთ...

- ჯგუფში უშუალო კონკურენტებად ვის მიიჩნევთ?
- ბელგიასა და სლოვენიას ყოველთვის ძლიერი ნაკრებები ჰყავთ. თუმცა არც რუმინეთია ჩამოსაწერი. მეტსაც ვიტყვი: რუმინელებმა შარშან ანალოგიურ ტურნირში მერვე ადგილი დაიკავეს, ბელგიელებმა - მეცხრე, ჩვენ - მეათე. სლოვენია მეოთხე იყო. ასე რომ, ჯგუფიდან გასვლისთვის ხუთიდან ოთხნი ვიბრძოლებთ.

ბოლოს გაგაცნობთ ქართველი 16-წლამდელების 18 - კაციან შემადგენლობას:

ირაკლი მიქელაძე ("ბათუმი"), ნიკოლოზ რამიშვილი ("ბათუმი"), ვალერი კვანტალიანი ("აკადემია"), ბექა ნადირაძე ("აკადემია"), ლევან ლოლიშვილი ("ორბი"), მიხეილ ანანიაშვილი ("ორბი"), ლევან გრძელიძე ("ქუთაისი"), გიორგი ცირეკიძე ("ქუთაისი"), თემურ ფხაკაძე ("ქუთაისი"), გიორგი იაშვილი ("ქუთაისი"), ბექა ბურჯანაძე ("სევილია", ესპანეთი), რობერტ გიორგობიანი ("აკადემია"), შოთა გოლეთიანი ("სოხუმი"), გიორგი იაკობიძე ("ვერე"), დავით ხეთაგური ("აკადემია"), ლევან ცხაკაია (აკადემია"), სანდრო ბოლქვაძე ("ორბი"), ბექა დარახველიძე ("აკადემია").

მთავარი მწვრთნელი: გია კაზანჯიანი.

მწვრთნელი: არჩილ ჟღენტი.

ექიმი: დავით ხარაბაძე

ჩ ჯგუფის კალენდარი

5 აგვისტო
18:00 ბელგია-სლოვენია
21:30 საქართველო-რუმინეთი

6 აგვისტო
19:00 ლუქსემბურგი-რუმინეთი
21:15 საქართველო-ბელგია

7 აგვისტო
16:45 ბელგია-ლუქსემბურგი
19:00 საქართველო-სლოვენია

8 აგვისტო
14:30 რუმინეთი-ბელგია
16:45 ლუქსემბურგი-სლოვენია

9 აგვისტო
14:30 სლოვენია-რუმინეთი
14:30 საქართველო-ლუქსემბურგი


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული