გიორგი შერმადინი ახტა და ევროვარსკვლავებში ჩახტა

AutoSharing Option
ხუთშაბათს ევროლიგაზე გამოსვლა დაასრულა სლოვენიის "ოლიმპიამ" და მასთან ერთად ევროტურნირებს დაემშვიდობა საქართველოს ნაკრების ორი კალათბურთელი - გიორგი შერმადინი და ვლადიმერ ბოისა.

მართალია, ევროლიგის უმთავრესი მატჩები ახლა იწყება (პლეი ოფები), მაგრამ როგორც უნდა დასრულდეს ეს ტურნირი, ჩვენთვის მთავარ თამაშად "ოლიმპია"-"ბარსელონა" დარჩება. ამ შეხვედრას დიდი დატვირთვა ჰქონდა: სწორედ ევროლიგის 2010 წლის ჩემპიონ "ბარსელონასთან" უნდა გამოჩენილიყო გიორგი შერმადინის რეალური ძალა. კატალონიელთა რიგებში თამაშობენ ესპანეთის ნაკრების მეფარე ფრან ვასკესი და NBA-მოვლილი ცენტრი ბონიფაც ნდონგი.

...23 წუთში 14 ქულა, 6 მოხსნა - და კიდევ არაერთი
სასარგებლო ციფრი დაფიქსირდა "ბარსასთან" მატჩის ოქმში შერმადინის გასწვრივ, მაგრამ მთავარი არა სტატისტიკა, არამედ მისი სარგებლიანობა იყო: მაშინ, როცა გიორგი მოედანზე გახლდათ, ესპანელებს შეტევისას ფარქვეშ არაფერი გამოსდიოდათ (ვერც ნდონგი და ვერც ფრანი 216 სმ სიმაღლის ქართველს ვერ გაურბოდნენ), ხოლო კატალონიელებს დაცვაში რომ უჭირდათ, ამას შერმადინის 14 ქულაც მოწმობს და მის წინააღმდეგ თამაშისას მიღებული 6 ჯარიმაც.

მატჩის შემდეგ მივიღეთ ერთმნიშვნელოვანი პასუხი: გიორგი ევროლიგის დონის ცენტრია.

აქამდე მან დიდი გზა გაიარა და, რაც მთავარია, ნაბიჯ-ნაბიჯ უმატებდა: 2008-09 წლების სეზონში ევროლიგაზე "პანათინაიკოსის" მაისურით ერთი მატჩი ჩაატარა და ბერძნებთან ერთად ევროლიგის მოგებით გაიხარა. 2009-10 სეზონში გიორგიმ ევროსარბიელზე თამამად შეაბიჯა: მწვრთნელი ჟელკო ობრადოვიჩი ცოტას ათამაშებდა და უმთავრესად დაცვაში კარგ მოქმედებას სთხოვდა. შეტევაში ახალგაზრდა ქართველი პასებსაც იშვიათად იღებდა და საშუალოდ 4.5 ქულას აგროვებდა.

შერმადინისადმი მწვრთნელის მიდგომა არც მემდინარე სეზონის დასაწყისში, ევროლიგის პირველ ჯგუფურ ეტაპზე შეცვლილა: "პანათინაიკოსიდან" განათხოვრების წესით "ოლიმპიაში" გადავიდა და მწვრთნელი, იურე ჟდოვჩი მას საშუალოდ 12.1 წუთს ათამაშებდა. რეგულარულ ეტაპზე გიორგის მონაგარი 5.9 ქულასა და 2.4 მოხსნას შეადგენდა. არადა, იყო მატჩები, როცა ქართველის მოედანზე შესვლის შემდეგ "ოლიმპიას" თამაში უმჯობესდებოდა, მაგრამ მწვრთნელი მას მოედანზე დიდი ხნით მაინც არ ტოვებდა.

ძნელი სათქმელია, "ოლიმპიას" თავკაცი ევროლიგის ტოპ-16-ს რა აზრებით შეხვდა, მაგრამ ფაქტია - შერმადინის სათამაშო დრო თითქმის გაორმაგდა, იგივე დაემართა მის მონაგარსაც: 21.2 წუთი, 10 ქულა, 5.2 მოხსნა...

ტოპ-16-ში, დაფარებებში გიორგი რაშო ნესტეროვიჩთან ერთად საუკეთესოა - 2.2.

და რაც მთავარია - შერმადინი ტოპ-16-ში ყველაზე სარგებლიან კალათბურთელთა შორის მეათე ადგილზეა. მისი მქკ 15.7-ს შეადგენს. ამ მაჩვენებლით საუკეთესოა "კახა ლაბორალელი" ფერნანდო სან ემეტერიო - 23.4.

თუ სეზონის დასაწყისში ქართველი ცენტრის მთავარი ამოცანა თანაგუნდელთათვის სივრცეების გამოთავისუფლება იყო, ბოლო მატჩებში მწვრთნელმა არაერთხელ უთხრა ოლიმპიელებს - ბურთი შერმადინს ჩაუგდეთო.

სასიხარულოა, რომ ხანგრძლივი შესვენების შემდეგ ევროლიგას  ვლადიმერ ბოისა დაუბრუნდა. მასზე მომდევნო კვირაში მოგითხრობთ და სტატისტიკასაც შემოგთავაზებთ.





.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული