მაშ რამდენი? - სამი!

AutoSharing Option

მინუს ორი კალათბურთელი, პლუს ერთი თამაში

გუშინ, 13 საათზე საქართველოს ნაკრებმა დილის ვარჯიში დაასრულა. თუ ავსტრიაში ქართველ კალათბურთელთა ამოცანა ფიზიკური კონდიციების ამაღლება იყო, თბილისში დაბრუნების შემდეგ სპორტის სასახლის კალათებთან მოთამაშეთა შეჩვევა გახლავთ. ვარჯიშის ბოლოს თეთრ-წითელ მაისურებში გამოწყობილნი დიდხანს ესროდნენ საშუალო და შორი დისტანციებიდან. ცენტრები სამქულიანის რკალის შიგნიდან სტყორცნიდნენ, ხოლო უკანახაზელ-ფორვარდები ერთმანეთს პერიმეტრიდან სროლებში ეჯიბრებოდნენ.

ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ განვლილ 20 დღეში ქუინტონ ჰოსლი და ტორინ გრინი ახალ თანაგუნდელებს კარგად დაუახლოვდნენ. დადებითი პიროვნებებიც ჩანან. რაც შეეხება თამაშს... მათ გარჯას დღესაც ვნახავთ (18

საათზე რუმინეთის ნაკრებს დავუპირისპირდებით) და იმედს დავიტოვებთ, რომ 2 აგვისტომდე გუნდს სათანადოდ შეეწყობიან.

ვარჯიშის ბოლოს მწვრთნელმა, იგორ კოკოშკოვმა კალათბურთელები მოედნის ცენტრში შეკრიბა, კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ სამამდე დათვალა და... სა-ქართ-ვე-ლო! ამ შეძახილის შემდეგ ნიკა ცქიტიშვილი და გიორგი ცინცაძე ფიზმომზადების მწვრთნელის, ავთო ბერიძის მითითებით სიმაღლეზე სირბილში (დარბაზის კიბეებზე) ვარჯიშს შეუდგნენ. მთავარი მწვრთნელი, იგორ კოკოშკოვი ასისტენტ ჯეისონ სტაუდტთან ერთად მოედანზე იდგა და ინდივიდუალურად მოვარჯიშე სპორტსმენებს აკვირდებოდა. მოედნის ერთ კიდეზე ტელეოპერატორების წინ ვიქტორ სანიკიძე იდგა, ხოლო მეორე კიდეზე იგივე საქმით ზაზა ფაჩულია იყო დაკავებული.
სათადარიგოთა სკამთან მანუჩარ მარკოიშვილი მოვიხელთეთ და გუნდის ფიზიკური კონდიციების შესახებ ვკითხეთ...

- როგორ ფორმაში ვართ, ჯერ ვერ ვიტყვი. ნაკრების კონდიციები მატჩებისას გამოჩნდება, - გვითხრა მანუჩარმა. მას სლოვაკეთთან და უნგრეთთან ჩატარებული შეხვედრების გახსენებაც ვთხოვეთ.
- იმ მატჩებში მწვრთნელმა ყველა კალათბურთელი ათამაშა. მოგება კი გვინდოდა, თუმცა, მთავარი აქცენტი კალათბურთელებზე დაკვირვებას დაეთმო.

ყოველდღიური გაზეთი ლელო
მწვრთნელების დაკვირვების შედეგი თბილისში დაბრუნების შემდეგ გამოჩნდა: 16-კაციანი შემადგენლობა 14-მდე შეიკვეცა, გუნდს გამოაკლდნენ მიხეილ ბერიშვილი და კოკა ტომარაძე.

- საქართველოში ჩამოსულებმა მზადება 14 კალათბურთელით განვაგრძეთ. აგვისტოშიც არაფერი შეიცვლება - ოფიციალური მატჩების განაცხადში 12 კალათბურთელს შევიყვანთ, ერთი ამერიკელი და ერთიც ქართველი დაისვენებს. თუმცა, კონკრეტული მატჩის განაცხადში ვინ ვერ მოხვდება, ჯერ არ გადაწყვეტილა, - აღნიშნა იგორ კოკოშკოვის პირველმა ასისტენტმა დავით უსტიაშვილმა.
მასვე სლოვაკეთის მატჩის ოქმის "ასავალ-დასავალი" ვკითხეთ. მოგეხსენებათ, იმ შეხვედრიდან მხოლოდ ის ვიცით, რომ ნიკა ცქიტიშვილს, ზაზა ფაჩულიას და ტორინ გრინს 10-10 ქულა ჰქონდათ. დავით უსტიაშვილმა დამაიმედებელი ვერაფერი გვითხრა - სლოვაკეთში ქულები არ დაუთვლიათ და შეხვედრის დასრულების შემდეგ ოქმი ჩვენთვის არავის გადმოუციაო. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, თითოეული კალათბურთელისთვის ინდივიდუალურად გვეკითხა საკუთარი მონაგარის შემდეგ, თუმცა გამოკითხვა გუშინ ვერ დავასრულეთ.
კოტე ტუღუშმა გვითხრა, სლოვაკეთთან 4 ქულა ჩავაგდეო. მას შუაგულ ევროპაში ჩატარებულ ორ შეხვედრაზე აზრის გამოთქმა ვთხოვეთ...

- რატომ ორი? - გაიკვირვა კოტემ.
- მაშ რამდენი?
- სამი!

როგორც ხედავთ, ტუღუშთან დიალოგმა ძველქართული თამაშის სახე მიიღო. ამ "თამაშში" საინტერესო სიახლე შევიტყვეთ - ჩვენს ნაკრებს თურმე სამი საკონტროლო შეხვედრა ჩაუტარებია...
 - ქართველმა გულშემატკივარმა უნგრეთთან მატჩი ინტერნეტით იხილა. ეს იყო ჩვენი მეორე შეხვედრა. ერთი დღით ადრე იმავე უნგრელებთან პირველი მატჩი ჩავატარეთ, თუმცა მას არც გულშემატკივარი დასწრებია და არც ოქმი შეუდგენიათ, - განაგრძო ტუღუშმა.

- პირველ მატჩში რა შედეგი დაფიქსირდა?
- პირველ შეხვედრაშიც დავმარცხდით. სლოვაკეთთან და უნგრეთთან დაპირისპირებები ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, გამოჩნდა დადებითი და უარყოფითი მხარეები. მინუსების აღმოფხვრაზე თბილისში დაბრუნების შემდეგ ვიმუშავეთ, ვფიქრობ ნაყოფიერადაც. ასე რომ, ხვალინდელ ტურნირს საბრძოლო განწყობით ვხვდებით და იმედი მაქვს, რომ ეს შეჯიბრება 2 აგვისტომდე (პოლონეთს ვუმასპინძლებთ) ფორმაში შესვლაში დაგვეხმარება.
სპორტის სასახლეში ჟურნალისტებმა ყველაზე მეტად გიორგი ცინცაძე და ზაზა ფაჩულია შეაყოვნეს. გიორგის კოჭზე ყინული ედო... ფეხი ოდნავ მაწუხებს, თუმცა თამაშში ხელს არ შემიშლისო, - დაგვამშვიდა ცინცაძემ.
ბოლოს ჩვენი ეროვნული ნაკრების 14-კაციან სიას გაგაცნობთ...

  • კალათბურთელი დაბ. თარ სმ გუნდი
    ზაზა ფაჩულია 10.02.1984 210 "ატლანტა ჰოქსი" (NBA)
    ნიკოლოზ ცქიტიშვილი 14.04.1983 212 "ფუენლაბრადა" (ესპანეთი)
    მანუჩარ მარკოიშვილი 17.11.1986 196 "კანტუ" (იტალია)
    ვიქტორ სანიკიძე 01.04.1986 203 "ვირტუსი" (იტალია)
    გიორგი ცინცაძე 07.02.1986 192 "სოპოტი" (პოლონეთი)
    ლაშა გამყრელიძე 04.02.1986 183 "მიტელდოიჩერი" (გერმანია)
    ანატოლი ბოისა 09.09.1983 194 "ენერჯი"
    კოტე ტუღუში 03.06.1984 193 "ენერჯი"
    გიორგი შერმადინი 02.04.1989 216 "პანათინაიკოსი" (საბერძნეთი)
    თორნიკე შენგელია 05.10.1991 198  "ვალენსია" (ესპანეთი)
    ნიკა მეტრეველი 14.01.1991 211 "მონტეპასკი" (იტალია)
    ლევან შენგელია 31.08.1990 206 "როდ აილენდი" (აშშ)
    ტორინ გრინი 28.11.1985 183 აეკ (საბერძნეთი)
    ქუინტონ ჰოსლი 25.03.1984 198 "ხუვენტუდი" (ესპანეთი)


 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული