[პორტრეტი] ვინ არის მაიკლ დიქსონი?

AutoSharing Option
ვიქტორ სანიკიძეს საბერძნეთში რომ დავუკავშირდი, ათენში მოასპარეზე მაიკლ დიქსონზე ვკითხე - ევრობასკეტისთვის საქართველოში ჩამოსვლაზე ხომ არ გისაუბრია-მეთქი. ვიქტორმა გაიკვირვა: რატომ არ უნდა ჩამოვიდეს? იგი ევრობასკეტს ჩვენზე ნაკლებად როდი ელისო?!

ასე და ამგვარად, ევროპის 2017 წლის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ღირსებას მაიკლ დიქსონი დაიცავს.

შარშანდელი სეზონის შემდეგ მას კარგად უნდა იცნობდეთ. არა? მაშ, კითხვა განაგრძეთ.

იქნებ იუკადრისა?
ჩემთვის უჩვეულოდ, სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" დროულად მივედი - ფეხი რომ შევდგი, საათი 22:15-ს უჩვენებდა. სავარძლებშემოწყობილი მაგიდა მოვძებნე, კარგად მოვკალათდი და ინტერვიუსთვის დიქტოფონი "შევაყენე". გავიდა წუთი, მეორე,
ხუთი, ათი...

რატომ არ ჩამოვიდა? იქნებ, იუკადრისა? ან დაეზარა უცხო ქვეყნის ჟურნალისტთან საუბარი და სასტუმროს რბილ საწოლში ძილი ამჯობინა? ასეთი შეკითხვები ნებისმიერ ადამიანს შეიძლებოდა გასჩენოდა, მითუმეტეს, მაშინ, როცა ამერიკელს ელოდა. ოკეანისგაღმელებს ხომ სხვა შეხედულებები, სხვა მენტალიტეტი აქვთ.

გამახსენდა 2015 წლის ამბავი: ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას საბერძნეთის ნაკრებისა და "მილუოკის" ფორვარდ იანის ანტეტოკუნმპოს სასტუმროში მივაკითხე. მინდოდა, ზაზა ფაჩულიაზე მელაპარაკებინა. ქართველმა ცენტრმა ხომ დიდი წვლილი შეიტანა იანისის ათამაშებაში... სასტუმროს მისაღებში ტელეფონში მოთამაშე ახალგაზრდა ბერძენს ინტერვიუ რომ ვუხსენე, სწორედ მაშინ დაფაცურდა, გაახსენდა, რომ მწვრთნელი ეძახდა ვიდეოგანხილვისთვის.

საუბარი არ სურდა. არ მწყენია, თავის გზაზე გაუმარჯვოს ზევსმა.

მეორედ ხაჭაპურისთვის
ერთი წლის შემდეგ თბილისში, "ქორთიარდ მერიოტის" მისაღებში საქართველოს ნაკრების ახალწვეულ მაიკლ დიქსონს ველოდი. დარწმუნებული ვიყავი, კი არ იუკადრისა, უბრალოდ შეთანხმება დაავიწყდა. რაშიც მალევე დავრწმუნდი: მიმღებში მივედი და მის ოთახში დარეკვა ვთხოვე. ახლავე ჩამოვაო, მითხრეს. ყურმილი დადებული არ ჰქონდა, ლიფტის კარი გაიღო და საქართველოს ნაკრების სავარჯიშო მაისურში გამოწყობილი მაიკლ დიქსონი გამოვიდა. მზად ვარო, მითხრა, ვიდრე სავარძლებს მივუახლოვდებოდით.

რესპონდენტებს ერთი საერთო თვისება აქვთ: ელიან შეკითხვებს და შემდეგ ზოგი ამომწურავად პასუხობს, ზოგი - ვალის მოხდის მიზნით. დიქსონი მესამე ტიპის რესპონდენტი აღმოჩნდა: გარდა იმისა, რომ ცდილობდა, შეკითხვებზე ამომწურავად ეპასუხა, თავადაც ეტყობოდა სურვილი ჩემგან მეტი რამ გაეგო საქართველოზე, ჩვენს ტრადიციებსა და ნაკრებზე.

იმაზე მეტი სცოდნია საქართველოზე, ვიდრე მეგონა. ტაირონ ელისზეც მესაუბრა, ჩვენი ნაკრების წარსულზეც და ქართულ კერძებზეც.

- საქართველოში პირველად ჩეხეთის "ნიმბურკთან" ერთად ვიყავი. მომეწონა, ლამაზია, კერძებიც გავსინჯე, მშვენიერი იყო. განსაკუთრებით პურში ჩადებული ყველი მომეწონა... მაშინ სახელი ვერ დავიმახსოვრე, თუნდაც ამისთვის ღირდა მეორედ ჩამოსვლა. დიახ, დღეს, როდესაც უკვე ქართველი ვარ, ხაჭაპური ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი კერძია.

ამასთან, თბილისში რომ ვიყავი, მშვენიერი ამინდი დამხვდა - დეკემბერში ჩამოვედით, მაგრამ არ ციოდა. ყველა პირობა იყო საიმისოდ, რომ საქართველოში მეორედ უკვე ნაკრების წევრის სტატუსით ჩამოვსულიყავი. სწორი ნაბიჯი გადავდგი. ყველა გულთბილად შემხვდა, ბიჭები ჩემი ძმებივით არიან. სამწვრთნელო შტაბი შესანიშნავია. ძალიან კარგი ხალხი მუშაობს კალათბურთის ფედერაციაში. ნამდვილად სასიამოვნოა.

რატომ ელისი?
საქართველოს ნაკრებში დიქსონამდე ექვს ნატურალიზებულ ამერიკელს უთამაშია. მათგან მხოლოდ ერთისგან მაქვს მოსმენილი - ქართველი ვარო. ტაირონ ელისმა 2009 წელს მითხრა - ელისაშვილი გახლავართო. მას მერე სწორედ დიქსონმა გაამახვილა ყურადღება ქართველობაზე.

ცხადია, არავის სჯერა, რომ მან ამერიკა გულიდან ამოიღო და მის ადგილას საქართველო ჩადო, მაგრამ საიმისო თვალსაწიერი ნამდვილად აღმოაჩნდა, რომ მოკლე დროში გაეცნობიერებინა ქართული მენტალიტეტის თავისებურებანი. ჟურნალისტთან თქმა, ქართველი ვარო, თავისთავად ნიშნავს გულშემატკივრებში სიმპათიის მოპოვებას. თუ ამას კარგი თამაშიც დაერთო, ჩათვალე, რომ ქართველი ქომაგი არასოდეს დაგივიწყებს. მას ხომ დღესაც ახსოვს შვიდი წლის წინ საქართველოს ნაკრებში ნათამაშები ტაირონ ელისი. მაიკ დიქსონსაც ახსოვს...

- ხშირად მეუბნებიან, მეორე ელისი ხარო, - მითხრა დიქსონმა ღიმილით, - ვიცი, რომ სამი წელი ითამაშა, საქართველოს ნაკრებისთვის ბევრი გააკეთა, მაგრამ ხომ იყვნენ სხვა არანაკლები დონის მოთამაშეები? რატომ მადარებენ მაინცდამაინც ელისს?

ამ შეკითხვის შემდეგ რესპონდენტად მე ვიქეცი. რამდენიმე მიზეზი დავუსახელე:

- დავიწყოთ შედეგით: დიდი ხნის წვალების შემდეგ ელისთან ერთად მოვახერხეთ მეორე დივიზიონიდან თავის დაღწევა; მეორე მიზეზი - ტაირონი საქართველოს ნაკრებს პერიმეტრიდან ძალიან ეხმარებოდა, ბევრს არ სტყორცნიდა, თუმცა 5-6 სამიანიდან 3-4-ს აგდებდა. და კიდევ ერთი მიზეზი - იგი გუნდზე თამაშობდა, საკუთარ ინტერესებს ნაკრებზე წინ არასოდეს აყენებდა.

ევრო 2017-ის შესარჩევი ეტაპის შემდეგ ზედა აბზაცში ელისის ნაცვლად მაიკლ დიქსონი რომ ჩავსვათ, შინაარსი ნამდვილად არ შეიცვლება. შედეგი: დიქსონთან ერთად საქართველოს ნაკრებმა შესარჩევ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

მეორე მსგავსება - სამქულიანები: ელისის დარად დიქსონიც ძალიან ცოტას სტყორცნიდა. საშუალოდ მატჩში 5.8-ს და აგდებდა 3.2-ს. მანუჩარ მარკოიშვილის არყოფნაში მატჩში 3 სამიანი საქართველოს ნაკრებისთვის დიდი დახმარებაა. დიქსონის გარდა მხოლოდ დუდა სანაძე აგდებდა ერთ სამიანს თამაშში (1.2).

- ყველა მატჩი სხვადასხვაგვარია. ზოგჯერ მეტი ტყორცნის შესაძლებლობა გეძლევა, ზოგჯერ - პირიქით. კალათბურთელი ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს. თუმცა მთავარი ის არის, რომ მე აქ ვარ და გავაკეთებ ყველაფერს, რომ საქართველოს დავეხმარო, - თქვა დიქსონმა სლოვაკეთთან მოგებული მატჩის შემდეგ, რომელშიც მხოლოდ ერთი სამიანი ჩააგდო.

...და გუნდური თამაში: საკონტროლო მატჩში ბელარუსის წინააღმდეგ დიქსონმა ოთხჯერ გაისროლა შორიდან და ოთხჯერვე ჩააგდო. ძალიანაც კარგი! მაგრამ, მაშინ, როდესაც ოთხივე სამქულიანს იყენებ, რატომ არ უნდა სტყორცნო მეხუთედ, მეექვსედ? შემონდ უილიამსი, ჯეიკობ პულენი და ბევრი ამერიკელი ოთხზე არ გაჩერდებოდა.

დიქსონი შეჩერდა, იმიტომ, რომ გუნდს სჭირდებოდა ასე. მწვრთნელ ილიას ზუროსს თამაში ფარქვეშიდან შეტევაზე ჰქონდა აწყობილი, ახალწვეულ დიქსონს კი ანსამბლიდან ამოვარდნა არ სურდა, აცნობიერებდა, რა სჭირდებოდა გუნდს და თავის შანსს ელოდა.

ეს შანსი 17 სექტემბერს "დადგა", როდესაც მონტენეგრომ საფინალო სირენამდე ორი წუთით ადრე ხუთი ქულით გაგვასწრო: წუთშესვენებისას მწვრთნელმა ილიას ზუროსმა თითი დიქსონისკენ გაიშვირა - შენ უნდა ისროლოო. შესვენებიდან დაბრუნებულმა მაიკლმა ბურთი მიიღო, აიწია, სამქულიანი! ...და სხვაობა ორამდე შეამცირა, შემდეგ იყო ვიქტორ სანიკიძის თითქმის ცენტრიდან ჩაგდებული და 90:84, გამარჯვება მონტენეგროში!

"ეს მოგება შენთვისაა, საქართველო", - დაწერა მაიკლმა თავის "ტვიტერზე" და ტექსტს საქართველოს სამი დროშა მიამაგრა.

გუნდისთვის
"მაიკლი ძალიან სასარგებლო იმიტომაც იყო, რომ ცდილობდა, გუნდზე ეთამაშა, - გაგვიზიარა თავისი შთაბეჭდილება ილიას ზუროსმა, - დაცვაში ბევრს შრომობდა. იგი კარგი ხასიათის მშვენიერი კალათბურთელია. სწორედ ამიტომ, ნაკრებთან შერწყმა არ გასჭირვებია".

ზოგჯერ, ამერიკელები სხვა ქვეყნის პასპორტს მიიღებენ და შემდეგ ნაკრებზე აღარ ფიქრობენ. მაიკლ დიქსონი სხვანაირია. იგი საქართველოსთვის მოედანზე გულს დებდა. ამისთვის მადლობა ეკუთვნის და იმედი დავიტოვოთ, რომ მომავალ წელს ჯანმრთელად იქნება და ჩვენს გუნდს ასევე დაეხმარება.

დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ დიქსონმა ნაკრებშიც დაიმკვიდრა ადგილი და ქართველი გულშემატკივრის მახსოვრობაშიც. მან ეს მხოლოდ ქართველობაზე ლაპარაკით კი არა, საქმით მოახერხა. ყველაფერი კი რუსეთთან მატჩით დაიწყო. სიტუაცია რომ დაიძაბა, თამაში ქულა-ქულაში წარიმართა, დიქსონი რამდენჯერმე მივიდა ტრიბუნასთან და ქომაგს აყოლისკენ ემოციურად მოუწოდა.

"ეს სიმპათიის მოპოვებისთვის არ გამიკეთებია, საქართველოს ნაკრებს სწორედ გულშემატკივრის დახმარება სჭირდებოდა. ყველას კარგად გვესმოდა რუსეთთან მატჩში გამარჯვების მნიშვნელობა, - მითხრა მაიკლმა და განაგრძო:

- ძალიან მიყვარს სავსე ტრიბუნების წინაშე თამაში. საქართველოში დიდი დარბაზია და ბევრი მაყურებელიც ეტევა. ეს ორმაგად სასიხარულოა. ასევე მიყვარს, როცა თამაშში მხოლოდ კალათბურთელები კი არა, გულშემატკივრებიც ბოლომდე არიან ჩართულნი.

ფანები ენერგიით გვკვებავენ, გამარჯვებაში ძალიან გვეხმარებიან. ამასთან, როდესაც გულშემატკივარი მეტოქის შეტევისას გამაყრუებლად ყვირის, მოწინააღმდეგეზე უარყოფითად მოქმედებს, კალათბურთელებს ერთმანეთის შეძახილები არ ესმით და ბევრ იერიშს აფუჭებენ. სწორედ ასეთი გულშემატკივრობის გამო მიყვარს კალათბურთი".

თუ დაგჭირდებით...
მაიკლის სიტყვებით დავასრულოთ:

"ძალიან მინდა ჩემი ქვეყნის, ამერიკის ნაკრებში თამაში, მაგრამ იქ ბევრი მაღალი დონის კალათბურთელია და მასში მოხვედრა რთულია. რადგან ასეა, რატომ არ უნდა დავიცვა სხვა ქვეყნის ღირსება იმ საქმეში, რაც შემიძლია და რაც მიყვარს - კალათბურთში.

2016 წელს ხომ საქართველოს ნაკრებთან ერთად ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპი მქონდა სათამაშო, რომლის გავლის შედეგ ევროპის 2017 წლის ჩემპიონატია. კიდევ ერთი გამოწვევა, კიდევ ერთი შანსი. თუ დაგჭირდებით, ევრობასკეტზეც თქვენს გვერდით მიგულეთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
დიქსონს მართლა დიდი სარგებელი მოაქვს და გუნდური მოთამაშეა, განსხვავებით იმავე რიკი ჰიკმენისგან, რომელიც ზედმეტად ბევრს იღებდა თავის თავზე, ელისის მერე მართლა არ გვყოლია ასეთი ნატურალიზებული კალათბურთელი, წარმატებები მაიკ!
nika
16:35 16-04-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული