ვიქტორ სანიკიძე: მთავარი რუსეთთან მატჩი კი არა, ჯგუფიდან გასვლაა

AutoSharing Option
მიმდინარე კვირას ერთმანეთს ენაცვლება საინტერესო ინფორმაციები ვიქტორ სანიკიძის შესახებ. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ იგი 13 მარტს იტალიის "ოლ სტარში" ლეგიონერთა ნაკრებშიც ითამაშებს და ჩატენვების კონკურსშიც მიიღებს მონაწილეობას. გუშინ კალათბურთის ფედერაციის საიტზე რუბრიკა "ოვერტაიმში" ვიქტორთან ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელსაც ჩვენს მკითხველსაც ვთავაზობთ.

- "ოლ სტარში" მოხვედრას არ ველოდი, რადგან სეზონის დიდი ნაწილი გამიცდა. 1 თვე საერთოდ არ გავსულვარ მოედანზე, 2 თვე კი ფორმის აღდგენას მოვანდომე. ლიგის ხელმძღვანელობა დამიკავშირდა და მითხრა, რომ მომავალ კვირას მილანში გასამართ "ოლ სტარში" ლეგიონერთა ნაკრებში ვითამაშებ. "ყველა ვარსკვლავის"
შოუში მონაწილეობას ჩატენვების კონკურსში ვაპირებდი და ახლა ორმაგად გახარებული ვარ, რომ მილანში "ოლ სტარის" სრულფასოვანი წევრის სტატუსით მივდივარ.

- როგორ ფიქრობ, რა შანსები გაქვს ჩატენვების კონკურსში?
- საკუთარ თავზე ვერ ვილაპარაკებ. ვიცი, რომ ჩატენვების კონკურსში ძალიან სერიოზული მეტოქე მყავს - ამერიკელი ჯეიმს უაიტი. ეს კალათბურთელი, რომ იტყვიან, მართლაც დაფრინავს და მისი დამარცხება ძალიან რთული იქნება. ვაღიარებ, რომ მას უკეთესი შანსები აქვს.

- ახლა შენს ბოლოდროინდელ წარმატებებზე ვისაუბროთ. "ოლ სტარში" მოხვედრაც ამის გამოძახილია.
- განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ. ჯანმრთელობა ხელს მიწყობს და მეც ჩემს შესაძლებლობებს ვავლენ. ტრავმის მორჩენა არაფერს არ ნიშნავს, თუ ფორმაში არ ხარ. ისეთი ტრავმა გადავიტანე, რომ ბოლომდე დატვირთვებს ვერიდებოდი. თავიდან ფეხის მყესი გავიწყვიტე და 1 თვე არ მითამაშია, მერე მოედანზე დავბრუნდი თუ არა, იდაყვი დავიზიანე და კვლავ გამიცდა რამდენიმე თამაში. ამან, დაღი დაასვა ჩემს სპორტულ ფორმას. ნელ-ნელა ფორმაში შევედი და შედეგიც აშკარაა.

- ბოლო მატჩში, "მონტეგრანაროსთან", მწვრთნელმა მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი, 33 წუთი გათამაშა.
- ბოლო ორ მატჩში ჯამში 63 წუთი ვითამაშე. ამის მიზეზი ისაა, რომ ერთ-ერთი ფორვარდი გვაკლია. "ვირტუსი" თანაბრად დაბალანსებული გუნდია. ყველა პოზიციაზე 2-2 კონკურენტუნარიანი მოთამაშეა და დროც მეტ-ნაკლებად თანაბრად ნაწილდება. ერთი კალათბურთელის დანაკლისი, უმალ ისახება იმავე პოზიციაზე მოთამაშე მეორე კალათბურთელზე.

- მწვრთნელი, ლინო ლარდო რას გეუბნება?
- ლარდო მეტად გაწონასწორებული სპეციალისტია. ცდილობს, წარმატებებზე არ ილაპარაკოს. არ უყვარს ტრაბახი და თავისთავად, იმასაც ცდილობს, ზედმეტად არავინ შეაქოს. ის თვლის, რომ კალათბურთელის მოვალეობა მოედანზე მაქსიმალურად დახარჯვაა.

- იტალიაში მოთამაშე ქართველებს მოედნის გარეთ თუ ხვდები?
- მერაბ ბოქოლიშვილს აქამდე არ ვიცნობდი და "აველინოსთან" მატჩისას ვნახე. მანუჩარ მარკოიშვილი ჩემი უახლოესი მეგობარია და ხშირად ვხვდებით ერთმანეთს, თუმცა სერია B-ში მოთამაშე საქართველოს ნაკრების წევრ ნიკა მეტრეველს უფრო ხშირად ვნახულობ. ამის მიზეზი ისაა, რომ იგი ბოლონიასთან ახლოს ცხოვრობს, მანქანით 1 საათის სავალზე. რამდენიმე დღის წინაც მეტრეველთან ვიყავი. მისი დედაა ჩამოსული...

- და, ალბათ, ქართული კერძებიც მიირთვი...
- რა თქა უნდა. თუმცა, ვაღიარებ, რომ იტალიური სამზარეულოც ძალიან კარგია. სხვა ქვეყნებში თამაშისას მენატრებოდა ხინკალი, ქაბაბი და სხვა ჩვენებური კერძები. იტალიაში კი ქართული სამზარეულო არ მენატრება, რადგან აქაც ძალიან გემრიელია ყველაფერი.

- იტალიურ კერძებს ალბათ რესტორანში აგემოვნებ...
- რესტორნებში ადრე დავდიოდი, ახლა - ნაკლებად.

- მაშ, თავად ამზადებ კერძებს, თუ ცოლი შეირთე?
- თავად ვამზადებ. თავს დიდ მზარეულობაზე ვერ დავდებ, თუმცა რაღაც-რაღაცები გამომდის. ცოლი ჯერ არ შემირთავს. საქართველოს ნაკრებში 1-2 ბიჭი დამრჩა დასაქორწინებელი და მათ რომ კარგ ბედში ჩავაგდებ, მერე ჩემს თავზეც ვიფიქრებ. ჯერჯერობით დაოჯახებაზე არ ვფიქრობ.

- როგორც ჩანს, იტალიას კარგად შეეგუე...
- იტალიაში თავს შესანიშნავად ვგრძნობ. რაც შეეხება კარიერის გაგრძელებას, გადაჭრით ვერ ვიტყვი, მინდა თუ არა ბოლონიიდან წასვლა. ის კი ვიცი, რომ სხვა იტალიურ გუნდში არ გადავალ. ამის მიზეზი ის ატმოსფეროა, რომელიც ბოლონიაში სუფევს. იტალიის ყველა ქალაქში კალათბურთს ფეხბურთი ჯაბნის. მიუხედავად იმისა, რომ ბოლონიას უმაღლეს საფეხბურთო ლიგაში გუნდი ჰყავს, ამ ქალაქში ნომერ პირველი სპორტი კალათბურთია. დარბაზი სულ სავსეა, ბოლონია კალათბურთით ცხოვრობს. ძალიან კარგი ქალაქია მილანი, მაგრამ იქ ხალხი ფეხბურთითაა "მოწამლული" - ან "ინტერის" ქომაგები არიან, ან - "მილანის". კალათბურთი იქ ნაკლებად აინტერესებთ.

- უცხოური ვარიანტი რომ გამოგიჩნდეს, კონტრაქტი ბოლონიიდან წასვლის საშუალებას მოგცემს?
- ჩემი კონტრაქტი 2+1 სისტემისაა. აქ ერთი სეზონი უკვე ვითამაშე, რის შემდეგაც, ძალიანაც რომ მდომოდა, კლუბის შეუთანხმებლად ვერსად წავიდოდი. ამ სეზონის ბოლოს კი შესაძლებელია სხვაგან გადასვლა. კონტრაქტის თანახმად, თუ წასვლა მოვისურვე, "ვირტუსს" გარკვეული კომპენსაცია უნდა გადავუხადო (მე ან ჩემმა მომავალმა კლუბმა). ხოლო თუ თავად გუნდს არ ვენდომები, ხელმძღვანელობა გადამიხდის კომპენსაციას. თუმცა ამაზე ახლა ნამდვილად არ ვფიქრობ. ჩემი მიზანი ამ სათამაშო ფორმის შენარჩუნება და სეზონის სტაბილურად ჩამთავრებაა. თუ ეს მოვახერხე, სავარაუდოდ, დაინტერესებაც იქნება.

- 2004 წელს დრაფტზე "სან ანტონიომ" აგირჩია. ვიცი, რომ შენი ოცნებაც NBA-ში თამაშია...
- სან ანტონიოელების დაინტერესება, ალბათ, იმიტომ ვერ მოვახერხე, რომ ტრავმებმა შემიშალა ხელი. ყველაფერი ამერიკაში დაიწყო, სადაც საზაფხულო ლიგაზე ტრავმა მივიღე და მუხლზე ოპერაცია დამჭირდა. წლიდან წლამდე ხან რა მაწუხებდა, ხან - რა. ახლა კარგ ფორმაში ვარ და თუ სეზონს ასეთივე წამატებით ჩავამთავრებ, ალბათ ოკეანის გაღმაც დაინტერესდებიან. დიდი სიამოვნებით გადავალ ევროლიგის რომელიმე გუნდში, სადაც გაცილებით მეტი მატჩის გამართვა მომიწევს, ვიდრე "ვირტუსში". ჩემი გუნდი არც ერთ ევროთასზე მონაწილეობდა, რაც ძალიან ცუდია. კვირაში მხოლოდ 1 თამაში გვაქვს.

- თავად კლუბის ხელმძღვანელთა პოზიცია თუ იცი შენთან მიმართებაში?
- პირადად არავისთან მისაუბრია. გაზეთებში ხან სტატიებში, ხანაც ინტერვიუებში იწერება, რომ "ვირტუსის" ხელმძღვანელობა სანიკიძეს ვერ შეელევა. მისი გუნდში დარჩენა 99 პროცენტით გადაწყვეტილიაო. ერთი სიტყვით, ვნახოთ, რა იქნება.

- ახლა ჩვენს ეროვნულ ნაკრებზე გადავინაცვლოთ. ევროპის ჩემპიონატის წილისყრის შედეგებზე რას იტყვი?
- როგორც ყველა, მეც კმაყოფილი ვარ. წილისყრამდე ჩვენთვის საუკეთესო ჯგუფის ვარიანტი შევადგინე, სინამდვილეშიც იგივე გამოვიდა. სასურველი ჯგუფი შეგვხვდა და თუ რამის დამტკიცება გვინდა, ახლა უნდა დავამტკიცოთ. თანაც, უნიკალური სიტუაციაა: ჯგუფის ყველა წევრი წილისყრით კმაყოფილია. ველაპარაკე იტალიაში მოთამაშე ბელგიის, ბულგარეთის ნაკრების წევრებს, რომლებიც ჩემსავით ფიქრობენ.

- ჯგუფიდან გასვლა რამდენად რეალურია?
- შარშან ბულგარეთს ორივე მატჩი მოვუგეთ, ბელგიასთან კი ორივე წავაგეთ. თუმცა, ვიცით, რომ ბელგიის დამარცხება შეგვიძლია. შესაბამისად, ჯგუფიდან გასვლაც რეალურია. ასევე ფიქრობს ჩვენი ნებისმიერი მოწინააღმდეგე და მხოლოდ იმ შემთხვევაში მივაღწევთ მიზანს, თუ აგვისტო-სექტემბერში ჯანმრთელად და კარგ ფორმაში ვიქნებით.

- რუსეთთან მომავალ დაპირისპირებაზე რას იტყვი?
- წილისყრის ერთადერთი უარყოფითი მხარე ჩვენთვის რუსეთთან მოხვედრაა. მერჩივნა, ეს ნაკრები არ შეგვხვედროდა. არა იმიტომ, რომ რუსეთზე სუსტი მეტოქე მინდოდა. მეორე კალათაში მასზე სუსტი გუნდი მგონი  არც იყო. უბრალოდ, გულშემატკივართა უმრავლესობა უმთავრესად რუსეთთან მატჩს მიიჩნევს. ხალხში ასეთი განწყობაა: ოღონდ რუსეთს მოვუგოთ და თუნდაც ყველასთან წაგვიგიაო. ასეთ დამოკიდებულებას არ ვეთანხმები. ჩვენი მიზანი ჯგუფიდან გასვლაა და ამის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ. რა თქმა უნდა, ძალიან მინდა, რომ ჯგუფიდან ისე გავიდეთ, რომ სხვებთან ერთად რუსეთსაც მოვუგოთ, მაგრამ თუ მეორე ეტაპზე რუსების დაუმარცხებლად გავაღწევთ, ამაზე ნამდვილად არ ვიდარდებ.

- ნაკრებს შენს პოზიციაზე ვლადიმერ ბოისას სახით სერიოზული ძალა შეემატება...
- ვოვას გამოჯანმრთელება ნაკრებს ძალიან წაადგება. მისი გამოცდილება ევროპის ჩემპიონატზე დიდ დახმარებას გაგვიწევს. იმედია, ის ბოლომდე აღიდგენს ფორმას. მე როგორც მძიმე, ისე მსუბუქ ფორვარდად შემიძლია თამაში. ბოლოს ნაკრებში უფრო მსუბუქი ფორვარდი ვიყავი. ოთხ ნომერზე კი ნიკა ცქიტიშვილი, თორნიკე შენგელია იყვნენ. მათ ბოისაც რომ დაემატება, მართლაც ძლიერი წინა ხაზი გვეყოლება.






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული