არავინ ვიცით, რას უნდა ველოდეთ საქართველოსგან!

AutoSharing Option
ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მეტოქე უკრაინაა. ამ გუნდთან დაკავშირებით არაერთი სიახლე დაგროვდა, რომლებზეც დღეს დავწერთ. უკრაინელებმა ჩამოიყვანეს ამერიკელი სპეციალისტი მაიკ ფრატელო, იმატებენ ოკეანისგაღმელ გამთამაშებელს... თუმცა, ჩვენთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, რას ფიქრობენ მეტოქენი საქართველოს ნაკრებზე.

VS საქართველო
უკრაინულ გამოცემა "სპორტში" D ჯგუფის ყველა გუნდია დახასიათებული. ავტორი მსჯელობას საქართველოს ნაკრებით იწყებს:

"ჩვენი ჯგუფის თითოეული წარმომადგენელი წილისყრის შემდეგ შვებით ამოისუნთქებდა, როცა შეიტყობდა, რომ მეტოქედ უკრაინა ერგო. ჩვენ ხომ გასული წლის შესარჩევი ცუდად ჩავატარეთ, მაგრამ, სწორედ ასეთ უკრაინას შეუძლია ნებისმიერი მეტოქის ძლევა.

დავიწყოთ საქართველოს ნაკრებით,
რომელიც ზოგს შეიძლება ჯგუფში ერთ-ერთ ყველაზე სუსტად მიაჩნია. ორიოდე წლის წინათ იგორ კოკოშკოვის გუნდი B დივიზიონიდან თავის დაღწევისთვის იბრძოდა და სადღეისოდ ღირებულისთვის არაფრისთვის მიუღწევია.

ამის მიუხედავად კავკასიელებს შეუძლიათ სტატისტიკა და ხასიათი ჩვენი ჯგუფის ნებისმიერ ნაკრებს გაუფუჭონ. ქართველთა მთავარი კოზირი ისაა, რომ მათ სათამაშო სტილს ევროპული კალათბურთის ლიდერები ჯერაც არ იცნობენ. ევრობასეკტზე მეტოქეებმა არ იციან, რისთვის მოემზადონ, რას უნდა ელოდნენ საქართველოს ნაკრებისგან.

ზემოთხსენებულს უნდა დავუმატოთ რამდენიმე კალათბურთელის პერსონალური თვისებები (მანუჩარ მარკოიშვილის, ვიქტორ სანიკიძის, ზაზა ფაჩულიასი) და სერიოზულ გუნდს მივიღებთ. ძლიერს, მაგრამ არა უძლეველს."

უკრაინელი ჟურნალისტის ნათქვამს ერთს დავამატებთ: ჩვენს ნაკრებში ნატურალიზებულიც სხვების ანალოგია - ტორინ გრინი, შესაძლოა, ერთ მატჩში არაფრით გამოირჩეს, მაგრამ, მეორე დღეს ისეთი თამაში ჩაატაროს, მის წინააღმდეგ ვერც უკრაინის ნაკრები დადგეს და ვერც "რეალი" (გრინს უკრაინაც პირადად ჰყავს დამარცხებული და სამეფო კლუბიც).

მივადექით ნატურალიზებულების თემას. უკრაინელებმაც გადაწყვიტეს ამერიკელის დამატება...

ბურტი გაათამაშებს
ქვესათაურში შეცდომა არაა - უნდა ეწეროს ბურტი და არა ბურთი. სტივენ ბურტი 27 წლის, 185 სმ სიმაღლის გამთამაშებელია, "დნიპროს" ღირსებას იცავს. ბურტი სტატისტიკის მიხედვით უკრაინის ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესოა: საშუალოდ 23 ქულასა და 4.8 შედეგიან გადაცემას აგროვებს. იგი ევროპაში 2006 წელს გადმოვიდა და მას მერე "ბენფიკას" (პორტუგალია), "აშქელონის" (ისრაელი), "აპოლონის" (კვიპროსი) და "ფეროს" (უკრაინა) ღირსებას იცავდა.

როგორც უკრაინელები ამბობენ, სტივენის ოჯახს კარგად იცნობს მაიკ ფრატელო - ბურტის მამა (ისიც სტივენი) 1994-დან 1992 წლებში NBA-ში თამაშობდა.

რამდენად მაღალი კალსის გამთამაშებელი დაიმატეს უკრაინელებმა, ზაფხულში, სანაკრებო შეკრებებისას გამოჩნდება, თუმცა ფაქტი ერთია - სტივ ბურტი უკრაინის ნაკრების ახალგაზრდულ და ერთფეროვან უკანა ხაზს აშკარად გააძლიერებს.

ფრატელო
ჩვენი გაზეთის მკითხველს თებერვალში მოვახსენეთ, რომ ცნობილი ამერიკელი სპეციალისტი მაიკ ფრატელო უკრაინაში აპირებდა ჩასვლას. იქაური კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ალექსანდრე ვოლკოვის მიწვევით ფრატელო ამას წინათ უკრაინას ესტუმრა და ნაკრებიც ჩაიბარა.

ვიდრე მის კომენტარებს გაგაცნობდეთ, შეგახსენებთ, რომ 64 წლის ფრატელო წვრთნიდა "ატლანტას", "ნიუ იორკს", "კლივლენდს" და "მემფისს". ბოლოს სწორედ მემფისელ "დათვებში" მუშაობდა - 2004-06 წლების სეზონში.

უკრაინელთა ახალმა დამრიგებელმა დანანებით აღნიშნა, რომ ევროპაში მუშაობის გამოცდილება არ აქვს...

- თუმცა სხვადასხვა დროს ვავარჯიშებდი ევროპელ კალათბურთელებს: ალექსანდრე ვოლკოვს, ვიტალი პოტაპენკოს, ჟიდრუნას ილგაუსკასს, პაუ გასოლს... ასევე ხშირი კონტაქტი მქონდა ალექსანდრე გომელსკისთან, რომელიც ამერიკაში ხშირად ჩამოდიოდა. ახლა მოუთმენლად ველი სანაკრებო სეზონის დაწყებასა და უკრაინის ნაკრების წევრების პირადად გაცნობას.
მწვრთნელმა იქვე დასძინა, რომ უკრაინულ კალათბურთზე ბევრი არაფერი იცის:

- თუმცა, მაქვს დისკები ნაკრების მატჩების ჩანაწერებით და ინფორმაცია ეროვნული გუნდის ყველა კანდიდატზე. მთავარი მაინც პირადადა ნახვაა - საინტერესოა როგორ გადაადგილდებიან მოედანზე, როგორ აზროვნებენ... საშა ვოლკოვს სურს ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ეროვნულ გუნდში უმტკივნეულო შერწყმას. ამ საქმეში ძალიან დაგვეხმარება ჩინეთში გასამართი უნივერსიადა, რომელშიც 25-წლამდელთა ნაკრები მიიღებს მონაწილეობას.

საინტერესო კითხვა დაუსვეს უკრაინელმა ჟურნალისტებმა: ფინანსურის გარდა სხვა ინტერესი თუ გაქვთო?
- ვიდრე დავთანხმდებოდი, ბევრი ვიფიქრე. არაერთ კოლეგასთან გავიარე კონსულტაცია. დღეს ერთის თქმა შემიძლია: უკრაინის ნაკრებში მუშაობა ჩემთვის დიდი მოტივაციაა, რადგან საერთაშორისო სარბიელზე მომიწევს გამოსვლა, რისი საშუალებაც აქამდე არ მქონია.

კენ შილდსი, გორდონ ჰერბერტი, იგორ კოკოშკოვი... საქართველოს ნაკრების ეს მწვრთნელები ერთხელაც არ დასწრებიან შიდა ჩემპიონატის მატჩებს. საინტერესოა მაიკ ფრატელო თუ აპირებს უკრაინის პირველობაზე დასწრებას:
- რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე კიევში ვეღარ დავბრუნდები. მერე ამის საშუალება მექნება. ასევე ვგეგმავ უკრაინის ჩემპიონატის მატჩების ინტერნეტით ხილვას.

მაიკ ფრატელოსთვის დასახულ მიზნებზე ალექსანდრე ვოლკოვმა ილაპარაკა:
- პროგრამა მინიმუმი ჯგუფიდან გასვლაა. ამის მერე გამოჩნდება მეორე მიზანი - ოლიმპიადის საგზურის მოპოვება. თუ საუკეთესო შემადგენლობა შევკრიბეთ, მაიკი მიზნის მიღწევაში ძალიან დაგვეხმარება.

ევრობასკეტი-2015
ცინცხალი და მეტად საინტერესო ინფორმაციით დავასრულებთ: უკრაინა ევროპის 2015 წლის ჩემპიონობის მასპინძლობას აპირებს.

- გვაქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს განაცხადს ფიბა-ევროპაში დადებითად მიუდგებიან, - დასძენს ალექსანდრე ვოლკოვი.





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული