საქართველო-ბელგია 81:79 (ვირტუალურად)

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის წილისყრა 30 იანვარს გაიმართა. საქართველოს ნაკრები D ჯგუფში სლოვენიასთან, რუსეთთან, ბელგიასთან, ბულგარეთთან და უკრაინასთან მოხვდა. ზამთარში წილისყრასთან დაკავშირებით არაერთი კომენტარი მოვისმინეთ; ზაფხულში ჩვენი ნაკრები საკონტროლო მატჩებს გამართავს; ხოლო 31 აგვისტოდან ევროპის პირველობაში ჩაებმება.

...და გაზაფხულმა უქმად რომ არ ჩაიაროს, გადავწყვიტეთ ჩვენი ჯგუფის მეტოქეები ერთმანეთთან ვირტუალურად ვათამაშოთ. არც კომპიუტერულ თამაშს ვგულისხმობ და არც "ფანტაზიას" (Fantasy), საგაზეთო თამაშს გთავაზობთ: კვირაში ერთხელ ერთმანეთს ჩვენი ჯგუფის წარმომადგენლები შევახვედროთ, მათი შესაძლებლობები, შემადგენლობები შევადაროთ, სხვადასხვა კომპონენტებში უპირატესობა ქულებით აღვრიცხოთ, ბოლოს მიღებული შედეგები ანგარიშის სახით
დავწეროთ და გავიგებთ, ვინ ვის აჯობებს.

კალათბურთი არაპროგნოზირებადი სპორტია და შეიძლება ერთი მატჩი სუსტი შემადგენლობის გუნდმაც მოიგოს, მაგრამ ჩვენი "საგაზეთო თამაში" ზოგად სურათს მაინც დაგვიხატავს და რაც მთავარია - მეტოქეთა უკეთ გაცნობაში დაგვეხმარება.

სხვათა შორის, ასეთი შედარება შარშანაც გავაკეთე და მოგება-წაგებათა შეფარდების მიხედვით საქართველოს ნაკრები შესარჩევ ტურნირში მეორე ადგილზე აღმოჩნდა. სინამდვილეშიც ასე მოხდა: 2010 წლის შესარჩევზე ქართველები მართლაც მეორეები იყვნენ - რვიდან ხუთი მატჩი მოიგეს და მხოლოდ ბელგიას ჩამორჩნენ.

ახლა "საგაზეთო თამაშისთვის" თარიღები შევარჩიოთ. საკალათბურთო ჩემპიონატები ძირითადად უქმეებზე იმართება. ჩვენი გაზეთი კვირას არ გამოდის, ამიტომ დაგვრჩა შაბათი: დღეიდან ყოველ შაბათს საქართველოს ნაკრები თითო მატჩს გამართავს. დღეს ბელგიას დაუპირისპირდება, 2 აპრილს - რუსეთს, 9 აპრილს - სლოვენიას, 16 აპრილს - უკრაინას, 23 აპრილს - ბულგარეთს. ვირტუალური კალენდრის თანმიმდევრობა ევრობასკეტის განრიგის მიხედვით შევადგინეთ:

31 აგვისტო: საქართველო-ბელგია
1 სექტემბერი: საქართველო-რუსეთი
3 სექტემბერი: საქართველო-სლოვენია
4 სექტემბერი: საქართველო-უკრაინა
5 სექტემბერი: საქართველო-ბულგარეთი


საქართველო-ბელგია 81:79
პირველ რიგში უნდა გავარკვიოთ, რაზეა დამოკიდებული ნებისმიერი მატჩის შედეგი. რადგან შეხვედრები ლიტვაში იმართება, გულშემატკივრის ფაქტორი უნდა გამოვრიცხოთ. ასევე გავლენას ვერ მოახდენს კალენდარი, რადგან ყველა თანაბარ პირობებშია და შერშანდელი შესარჩევისგან განსხვავებით, ერთი დასვენებული, ხოლო მეორე დაღლილი არ იქნება. სწორედ საქართველოს ნაკრებთან დაპირისპირების წინ მოუწია ბელგიას ორი დასვენება და, ჩემი აზრით, ჩვენი ნაკრების ორივე შემთხვევაში დამარცხების მთავარი მიზეზი დაღლილობა იყო.

აი, რა განაპირობებს შედეგს: შიდა ჩემპიონატი, ევროთასებზე თამაშის გამოცდილება, ნაკრების უკანა ხაზი, ფორვარდები, წინა ხაზი და მწვრთნელი. ეს შვიდი კომპონენტი მეოთხედებად დავყოთ. თითო ათწუთეული 40-ბალიანი სისტემით შევაჯამოთ...

I პერიოდი
ჩემპიონატი და ევროთასები
2010 წლის 5 აგვისტოს ზაზა ფაჩულიას წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშა კრისტოფ ბეგინმა, ხოლო ტაბუ-ებომამ სამქულიენებით გაგვტეხა. ორივე კალათბურთელი მაშინ ბელგიის ჩემპიონატის წარმომადგენელი იყო. თუნდაც ეს ფაქტი გვიჩვენებს, რა მნიშვნელობა აქვს ძლიერ შიდა ჩემპიონატს. არ გაგიკვირდეთ, მაგრამ სადღეისოდ ბელგიის ჩემპიონატში 52(!) ამერიკელი კალათბურთელი თამაშობს. ამას დავუმატოთ ევროპელი (მათ შორისაა თორნიკე შენგელია) და აფრიკელები და იოლი მისახვედრია, რა დონის გუნდები ასპარეზობენ ბელგიურ პირველობაზე. თითო კლუბიდან ერთი კარგი ბელგიელიც რომ გამოჩნდეს, მათი ნაკრებისთვის ესეც საკმარისია.

საქართველოს ჩემპიონატში კი შვიდი ლეგიონერია, რომლებიც ზოგიერთ ქართველს ნამდვილად არ აღემატება. ასე რომ, საქართველო-ბელგიის მატჩის საწყის ხუთ წუთში (ჩემპიონატების შედარება) ბელგიელთა უპირატესობა აშკარაა 5:15.

საწყისი მეოთხედის მეორე ხუთწუთეულში კლუბების ევროტურნირებზე გამოსვლა უნდა შევადაროთ. უფრო სწორად, ბელგიელთა ევრომონაგარზე ვთქვათ, თორემ საქართველოდან ამ სეზონში ევროპაში არც ერთი კლუბი გამოჩენილა. ბელგიის უმაღლესი ლიგის ცხრა გუნდიდან ევროპაზე ექვსმა ითამაშა: ხუთმა - ევროჩელენჯზე, ხოლო "შარლერუამ" - ევროლიგაზე. იოლი წარმოსადგენია, რა გამოცდილებას მიიღებდა რიგითი ბელგიელი ევროლიგის მატჩებისას.

ამ ხუთწუთეულში (ევროთასები) ბელგიის ნაკრებმა უშანსოდ დაგვტოვა - 20:0.

ასე რომ, ქართველებმა I პერიოდი 5:35 დათმეს. საინტერესოა, თუ გვყავს ბელგიელებზე ერთი-ორად უკეთესი კალათბურთელები, რათა მომდევნო სამ მეოთხედში 30-ქულიანი ჰანდიკაპი აღმოვფხვრათ.

II პერიოდი
უკანახაზელები

ჯერ ბელგიის ნაკრების უკანახაზელებს გავეცნოთ:
როელ მოორსი ("ანტვერპენი", ბელგია): 19 მატჩი, 30.9 წუთი, 9.7 ქულა, 2.6 პასი).
სემ ვან როსომი ("სარაგოსა", ესპანეთი): 26 მატჩი, 22.9 წუთი, 6.3 ქულა, 2.9 პასი.
დიმიტრი ლაუერსი ("აველინო", იტალია): 22 მატჩი, 17.3 წუთი, 6.3 ქულა, 0.4 პასი.
ტაბუ-ებომა ("კანტუ", იტალია): 20 მატჩი, 15.5 წუთი, 7.1 ქულა, 1.0 პასი.
გაი მუია ("ლიეჟი", ბელგია): 20 მატჩი, 31.1 წუთი, 8.8 ქულა, 2.5 პასი.

როგორც ხედავთ, ამ სეზონში ბელგიის ნაკრების არც ერთ უკანახაზელს 10-ზე მეტი ქულა არ აქვს. თუმცა, ზაფხულის მატჩებისასაც დავრწმუნდით, რომ პერიმეტრიდან ყველა კარგად ისვრის.
ახლა საქართველოს ნაკრების უკანახაზელებს გავეცნოთ.

გიორგი ცინცაძე ("როკი", ბალტიის ლიგა): 23 მატჩი, 21.1 წუთი, 9.5 ქულა, 2.9 პასი.
ტორინ გრინი ("გარნ კანარია", ესპანეთი): 26 მატჩი, 23.6 წუთი, 9.2 ქულა, 3.7 პასი.
მანუჩარ მარკოიშვილი ("კანტუ", იტალია): 15 მატჩი, 19.8 წუთი, 10.4 ქულა, 1.2 პასი.
ლაშა გამყრელიძე ("გისენი", გერმანია): 21 მატჩი, 23.6 წუთი, 6.0 ქულა, 4.1 პასი.
კოტე ტუღუში ("არმია", საქართველო): 16 მატჩი, 32.6 წუთი, 15.7 ქულა, 5.7 პასი, 9.0 მოსნა.
ანატოლი ბოისა ("არმია", საქართველო): 16 მატჩი, 27.7 წუთი, 11.3 ქულა, 2.6 პასი, 5.8 მოხსნა.

მანუჩარ მარკოიშვილი და ტაბუ-ებომა "კანტუში" ერთად თამაშობენ. მანუ თუ მწყობრშია, გუნდის უპირობო ლიდერია. ტაბუ კი რიგითი მოთამაშეა. იტალიაშივე თამაშობს დიმიტრი ლაუერსი, რომელიც ძირითადად სამქულიანებით გამოირჩევა და ვერ ვიტყვით, რომ მასზე ნაკლებად სარგებლიანი გიორგი ცინცაძეა (როცა სათანადო ფორმაშია). ესპანეთის ჩემპიონატში ბელგიელებს ვან როსომი ჰყავთ, ხოლო ქართველებს - ტორინ გრინი, რომლის გუნდიც უკეთეს პოზიციაშია (მერვეზე) და სტატისტიკით თავად გრინიც სჯობს ვან როსომს.

შეიძლება ვინმე არ დამეთანხმოს, მაგრამ ჩემი აზრით, უკანა ხაზში ბელგიელებთან შეადრებით მცირე უპირატესობა გვაქვს. შესაბამისად, მეორე პერიოდში "ბელგიელ ლომებს" 16 ბალი მივანიჭოთ, "ჯვაროსნებს" - 24.

შევაჯამოთ ორი მეოთხედის ანგარიში (5:35, 24:16) და პირველი ტაიმის შედეგს მივიღებთ: 29:51 - ბელგიის სასარგებლოდ.

III პერიოდი
ფორვარდები

ისევ ბელგიელი თავდამსხმელებით დავიწყოთ.
მარკუს ფეისონი ("ოოსტენდე", ბელგია): 20 მატჩი, 23.8 წუთი, 8.0 ქულა, 1.7 პასი, 3.4 მოხსნა.
აქსელ ერველე ("ბისკაია", ესპანეთი): 22 მატჩი, 19.3 წუთი, 5.4 ქულა, 4.2 მოხსნა, 1.5 პასი.
რენდი ოვენეკე ("ანტვერპენი", ბელგია): 7 მატჩი, 19.4 წუთი, 7 ქულა, 2.4 მოხსნა, 0.6 პასი.
ჯეფ ვან დერ იონკჰეიდი ("ანტვერპენი", ბელგია): 11 მატჩი, 13.5 წუთი, 3.5 ქულა, 1.6 მოხსნა, 0.4 პასი.
კრისტოფ ონგენაეტი ("მონტეგრანარო", იტალია): 7 მატჩი, 3.9 წუთი, 1.3 ქულა, 1.0 მოხსნა, 0.1 პასი.

მოკლედ, როგორც შარშან, ევროპის ჩემპიონატზეც ბელგიელები მესამე ნომრის პოზიციაზე მარკუს ფეისონის იმედად იქნებიან, მეოთხე ნომრად - აქსელ ერველესი... მათ ღირსეული შემცვლელები არ ჰყავთ, თუმცა, შარშან მწვრთნელი ფეისონს უკანახაზელით ცვლიდა და სამი ტანდაბალი ბელგიელი ბუზებივით ირეოდა პერიმეტრზე...

საქართველოს ნაკრებს კი მესამე-მეოთხე ნომრების პოზიციებზე საქმე ასარჩევად აქვს:
ვლადიმერ ბოისა ("ოლიმპია", სლოვენია): ტრავმის შემდეგ ფორმას იბრუნებს.
ვიქტორ სანიკიძე ("ვირტუსი", იტალია): 18 მატჩი, 20.2 წუთი, 8.2 ქულა, 6.6 მოხსნა, 0.5 პასი.
ნიკა ცქიტიშვილი ("ლაგუნ არო", ესპანეთი): 23 მატჩი, 14.3 წუთი, 5.3 ქულა, 2.7 მოხსნა, 0.3 პასი.
თორნიკე შენგელია ("პეპინსტერი", ბელგია): 21 მატჩი, 16.1 წუთი, 6.1 ქულა, 4.1 მოხსნა, 0.4 პასი).

ახალგაზრდა თორნიკე წლეულს ძლიერ ჩემპიონატში ირჯება და ევრობასკეტზე გაცილებით თამამად ითამაშებს. ვლადიმერ ბოისა, ნიკა ცქიტიშვილი და ვიქტორ სანიკიძე არათუ ბელგიელ, არამედ ევროპის არაერთ წამყვანი ნაკრების ფორვარდებს სჯობიან.

40-ქულიანი შკალიდან ქართველ ფორვარდებს 27 ბალი მივაკუთვნოთ, ბელგიელებს კი ერველეს და ფეისონის "ხათრით" - 13. "საგაზეთო თამაშში" მესამე პერიოდიც ქართველთა სასარგებლოდ დასრულდა: 27:13. გადამწყვეტი მეოთხედის წინ ჩვენმა ნაკრებმა სხვაობა 8 ქულამდე შეამცირა - 56:64.

IV პერიოდი
ცენტრები და მწვრთნელები
პირდაპირ ვიტყვით, საქართველოს ნაკრებს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო წინა ხაზი ჰყავს: ზაზა ფაჩულია NBA-ში საშუალო დონის ცენტრია, ნორმალურ სეზონს ატარებს, ხოლო ნაკრებში ყოველთვის გაორმაგებული ენერგიით თამაშობს. აკი ათქმევინა შარშან პოლონელ მარცინ გორტატს - ზაზამ გამანადგურაო. გიორგი შერმადინმა წლეულს არც მეტი, არც ნაკლები, ევროლიგის ჩემპიონი "ბარსელონას" ცენტრები "ოლიმპიას" ფარქვეშ არ "გააჭაჭანა". აქამდე იგორ კოკოშკოვს არ უცდია, მაგრამ იმედია ევროპის ჩემპიონატზე, ეპიზოდებში მაინც ათამაშებს შერმადინსა და ფაჩულიას ერთდროულად. ოღონდ, ეს, ალბათ, სწრაფ ბელგიასთან არ მოხდება.

ზაზა ფაჩულია ("ატლანტა", NBA): 69 მატჩი, 14.4 წუთი, 4.2 ქულა, 4.0 მოხსნა, 0.7 პასი.
გიორგი შერმადინი ("ოლიმპია", ევროლიგა): 16 მატჩი, 15.1 წუთი, 7.4 ქულა, 3.4 მოხსნა, 0.3 პასი, 1.1 დაფარება.

შარშანდელი მატჩებისას ბელგიის ნაკრები ფარქვეშ კრისტოფ ბეგინის (207 სმ) იმედად იყო. მან მწვრთნელის მოლოდინი გაამართლა, ქართველ წინახაზელებს ფარქვეშ თევზივით უსხლტოდა და სამქულიანებსაც არ ერიდებოდა. ბეგინს ჩვენი წინახაზელები უკვე კარგად იცნობენ, ეცოდინებათ რა დაუპირისპირონ და თუ კრისტოფი შებოჭეს, ბელგიელები 215 სმ სიმაღლის დრიესენის იმედად დარჩებიან, რომელიც ესპანურ "ესტუდიანტესში" კი ირიცხება, მაგრამ არ თამაშობს. შარშანაც დაგვარწმუნა, რომ წამყვან ევროპულ კლუბებში მხოლოდ სიმაღლის წყალობით მოგზაურობს.
ბელგიური გაზეთები ბოლო დროს "ნიუ ორლეანის" ცენტრის დიდიე მბენგას ნაკრებში დაბრუნებაზე ალაპარაკდნენ. ამის სურვილს თავად კონგოელი ცენტრიც გამოთქვამს, რომელმაც ბელგიის მოქალაქეობა 2004 წელს მიიღო და სურს ნაკრებში არა ნატურალიზებულის, არამედ ბელგიელის სტატუსით მოხვდეს (ნატურალიზებული ფეისონია). მბენგას საკითხს ფიბა-ევროპა მაისში განიხილავს.

გამოგიტყდებით, ძალიან მინდა ბელგიის ნაკრებში მბენგამ ითამაშოს, რადგან მისი მოედანზე გამოჩენით "ლომებს" ხუთეულიდან ერთი კარგი მსროლელი მოაკლდებათ - მბენგა დაცვაზე ორიენტირებული ცენტრია და სროლის სიზუსტით დიდად არ გამოირჩევა. თავად ფაჩულიასაც სურს მბენგას წინააღმდეგ თამაში და დარწმუნებულნი ბრძანდებოდეთ, აჯობებს კიდეც...

დიდიე მბენგა ("ნიუ ორლეანი", NBA): 38 მატჩი, 7.7 წუთი, 1.4 ქულა, 2.1 მოხსნა.
კრისტოფ ბეგინი ("შარლერუა", ბელგია): 15 მატჩი, 23.1 წუთი, 10.3 ქულა, 4.8 მოხსნა, 1.1 პასი.

ბევრს არ გავაგრძელებთ, ფაჩულიასა და შერმადინის სასარგებლოდ 16:4 მეოთხე პერიოდის საწყის ხუთწუთეულში.

ამბობენ, ბოლო წუთებს მწვრთნელები იგებენო. ჰოდა ბელგია-საქართველოს ვირტუალური მატჩის ბოლო ხუთი წუთიც მწვრთნელების შედარებას დავუთმოთ. მეტოქეს ედი კასტელსი წვრთნის, ჭკვიანი, ეშმაკი მწვრთნელი, რომელმაც 2010 წლის 5 აგვისტოს მატჩის წინ თქვა: საქართველოს ნაკრები ჩვენთან შედარებით დიდი მთაა, მაგრამ ჩემი ბიჭები მთებთან შესაჭიდებლად მზად არიანო. მართალიც აღმოჩნდა - მას საქართველოს ნაკრები შესანიშნავად ჰყავდა შესწავლილი და ორივე მატჩი გონივრული თამაშით მოუგო.

არც საქართველოს ნაკრების მწვრთნელია ურიგო სპეციალისტი. იგორ კოკოშკოვის ხელმძღვანელობით ხომ ქართველებმა შესარჩევ ტურნირში ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს, უკან მოიტოვეს პოლონეთი, ბულგარეთი, პორტუგალია...

მწვრთნელთა დაპირისპირებაში შარშანდელი გამოცდილების გათვალისწინებით მცირე უპირატესობას მაინც ედი კასტელსს მივანიჭებთ - 11:9. ცენტრებისა და მწვრთნელების შეჯამების შემდეგ მეოთხე პერიოდის ანგარიში მივიღეთ: 25:15, ქართველთა სასარგებლოდ.

პერიოდების ანგარიშები ასეთია: 5:35, 24:16, 27:13, 25:15. ასე და ამგვარად: საქართველო-ბელგია 81:79.

მომდევნო შაბათს, 2 აპრილს რუსეთს დავუპირისპირდებით.





.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს სტატია ფეხბურთის ბუმი რო ჩაცხრებოდა ჯობდა მერე დაგედოთ ეხლა მაინც არავინ არ წაიკითხავს არადა მაგარი საინტერესო სტატიაა
saba
16:35 26-03-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული