ისტორიასთან გადაჯაჭვული დღევანდელობა

AutoSharing Option
გადაწყვეტილი საქმეა: საქართველოს ნაკრები ლიტვაში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების დასკვნით ეტაპს ლატვიაში გამართავს. 22 აგვისტოს ის რიგაში ლატვიელთა ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო მომდევნო დღეს ორივე გუნდი ლიტვაში გაემგზავრება და 24 აგვისტოს ქალაქ შაულიაიში მეორე ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა თებერვლის დასაწყისშივე გამოთქვა სურვილი, რომ ნაკრების მზადების გარკვეული ეტაპი ისეთ ქვეყანაში ჩატარებულიყო, სადაც ლიტვასთან მიახლოვებული კლიმატია. ამისთვის ხომ ლატვია იდეალური ვარიანტია - ლიტვას მხოლოდ კლიმატით კი არა, სახელითაც ძალიან ჰგავს. თან, რაც მთავარია, ლიტვა-ლატვიაში შეკრების სწორედ დასკვნითი ეტაპი
გაიმართება.

ჯერჯერობით მხოლოდ ლატვიასთან მატჩების თარიღებია გადაწყვეტილი, ფედერაცია მოსამზადებელ ციკლზე ჯერაც აქტიურად მუშაობს და გვპირდება, რომ შეკრების გეგმა საბოლოო სახეს მალე მიიღებს და ჩვენც აუცილებლად შეგატყობინებთ.


ლატვიელთა თვალით
ლატვიის ნაკრებს აინარს ბაგაცკისი წვრთნის, რომელიც ამჟამად თბილისშია   - "სოხუმის" მთავარი მწვრთნელია. იგი დღეს იუბილარია. ბაგაცკისს საქართველო-ლატვიის მომავალ დაპირისპირებებზე ვკითხეთ.

- ქართველებთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. მათთან თანამშრომლობა საინტერესოა. ამასთან, მომწონს თქვენი კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის საქმისადმი მიდგომა. მათთან შეთანხმებით საქართველო და ლატვია აგვისტოში ორჯერ ითამაშებენ. ჯერ რიგაში, 12-ათასიან დარბაზში, შემდეგ - შაულიაიში. ლატვიელები ევროპის ჩემპიონატის მატჩებს სწორედ შიაულიაიში გავმართავთ. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ნაკრებთან შეხვედრები ჩვენთვის ძალიან სასარგებლო იქნება.


2:1, იგებს ლატვია
საქართველოსა და ლატვიის ნაკრებები ერთმანეთს სამჯერ შეხვედრიან: ორჯერ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, ერთხელ - ამხანაგურად. ამ გუნდებმა ბოლოს რიგის საერთაშორისო ტურნირზე 2009 წელს ითამაშეს. შეხვედრას აინარს ბაგაცკისი ტრიბუნებიდან ადევნებდა თვალს. აი, როგორ იხსენებს იგი ქართველებთან მარცხს:

- მატჩის წინა დღეს ლატვიამ საფრანგეთს სძლია და დარწმუნებული იყო, რომ ქართველებსაც დაამარცხებდა. მე კი ბიჭებს ვუთხარი - პროფესიულ სპორტში შესაძლებლობების დამტკიცება ყოველ მატჩშია საჭირო - საფრანგეთის ძლევა იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოზე უკეთესები ვართ-მეთქი. დღეს ევროპაში საკალათბურთო დონე გათანაბრდა და "ფავორიტი" მხოლოდ არაფრისმთქმელ სიტყვად დარჩება, თუ მატჩს სათანადოდ არ მიუდგები. კალათბურთს სახელები და უხვშემოსავლიანი კონტრაქტები კი არა, სპორტსმენები თამაშობენ. რიგაში საქართველოს ნაკრებმა დამსახურებულად გაიმარჯვა.

საკონტროლო მატჩი
27.08.2009
ლატვია-საქართველო 72:80
19:22, 15:22, 17:20, 21:16
საქართველო: ცინცაძე (22 წთ, 5 ქა, 3 პ), ელისი (30 წთ. 10 ქ. 3 პ.), სანიკიძე (28 წთ. 5ქ. 7 მ), ცქიტიშვილი (24 წთ. 9 ქ. 7 მ), ფაჩულია (25 წთ. 14 ქ. 8 მ); ვ. ბოისა (23 წთ. 18 ქ), შერმადინი (7 წთ. 3 მ. 2 დ), გამყრელიძე (25 წთ. 14 ქ. 3 პ), ა. ბოისა (13 წთ. 5 ქ), ტუღუში (2 წთ)


***
საქართველოსა და ლატვიის ნაკრებები ევრო-1999-ის შესარჩევ ტურნირზე ერთ ჯგუფში მოხვდნენ. ჯერ ლატვიაში ითამაშეს, რამდენიმე თვეში - თბილისში. ვენტსპილსური მატჩი ერთი უსიამოვნო ფაქტის "მოწმეა" - გუნდის მაშინდელმა ლიდერმა ვლადიმერ სტეფანიამ პირველ ტაიმში 18 წუთი ითამაშა, მეორე ნახევარში მოედანზე აღარ გამოჩენილა. ამის მიზეზი მუხლის ტრავმა იყო.

...სტეფანიას ნაკრების მაისური მას შემდეგ ერთხელაც არ მოურგია.

საყურადღებო დამთხვევაა: ვოვას წასვლას ვოვას მოსვლა დაემთხვა - სწორედ ლატვიაში შედგა ვლადიმერ ბოისას დებიუტი.

"ვენტსპილსური შეხვედრის პირველ ტაიმში ვლადიმერ სტეფანიამ ფეხი იტკინა და მეორე ნახევარში შეუცვლელად ვითამაშე. სხვათა შორის, ლატვიის კალათში ჩაგდებული 18 ქულა ჩემი სანაკრებო რეკორდია. მახსოვს, ნაკრებში პირველად გამოჩნდა ახალგაზრდა ვლადიმერ ბოისა. იმ მატჩში მნიშვნელოვანი სხვა არაფერი მომხდარა, გარდა იმისა რომ დიდი სხვაობით წავაგეთ", - იხსენებს კახა შენგელია.

ახლა აინარს ბაგაცკისს მოვუსმინოთ:

- ნაკრებში დიდი ხანი ვითამაშე და მხოლოდ ორჯერ ვერ მოვხვდით ევროპის ჩემპიონატზე. ერთხელ სწორედ ის შესარჩევი ბარიერი ვერ დავძლიეთ, რომელშიც საქართველოს ნაკრებთან მოგვიწია თამაში. მაშინ ნამდვილად ძლიერი გუნდი გვყავდა და ფავორიტებადაც ვითვლებოდით, მაგრამ ამის დამტკიცება მოედანზე იყო საჭირო. ვენტსპილსში ეს მოვახერხეთ. მახსოვს საქართველოს ნაკრების თამაში მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული ვლადიმერ სტეფანიაზე, რომელიც იმხანად სლოვენიის "ოლიმპიაში" თამაშობდა. იგი ძლიერი მეფარე და საშიში მოწინააღმდეგე იყო.

ევრო-1999-ის შესარჩევი
25.02.1998. ვენტსპილსი
ლატვია-საქართველო 99:63
58:35, 41:28
ლატვია: ჰელმანისი (10ქ, 5მ), აზაცისი (1ქ), შტელმაჰერსი (13ქ, 9პ), ბუსკევიჩისი (3ქ, 6მ), ვალტერსი (8ქ), ვალეიკო (8ქ), ბაგაცკისი (24ქ, 5მ), სკრიმანტსი (2ქ), ბერნატსი (14ქ, 6მ), ვეჩვაგარსი (11ქ, 5მ).
საქართველო: მაისურაძე (26წთ, 10ქ, 2პ), სტეფანია (18წთ, 13ქ, 3მ), ხოშტარია (26წთ, 0ქ, 2პ), ბეჟანიშვილი (28წთ, 4ქ, 4მ, 5პ, 1ჩ), გოგობერიშვილი (19წთ, 2ქ, 3მ, 1ჩ), ვაშაკიძე (21წთ, 2ქ, 6მ, 2პ, 1ჩ), შენგელია (29წთ, 18ქ, 8მ, 1პ, 2ჩ), ჯაფარიძე (17წთ, 9ქ, 1მ), ბოისა (16წთ, 5ქ, 5მ, 1ჩ)

24.02.1999. თბილისი
საქართველო-ლატვია 96:98
38:50, 58:48
საქართველო: მაისურაძე (10წთ, 2ქ, 2მ), ბოისა (28წთ, 17ქ, 6მ, 1პ, 1ჩ), ხოშტარია (14წთ, 4ქ, 1მ), აბრამიძე (30წთ, 12ქ, 3მ, 2პ, 1ჩ), ბერძენიშვილი (18წთ, 18ქ, 7მ), ჯაფარიძე (28წთ, 12ქ, 4მ, 1ჩ), ოთიურიძე (11წთ, 7ქ, 2მ, 1პ), ქარაბაკი (27წთ, 6ქ, 7მ, 1პ), ჩხეიძე (34წთ, 18ქ, 4მ)
ლატვია: ჰელმანისი (15ქ, 5მ), ვიტოლსი (5ქ, 5მ), შტელმაჰერსი (13ქ), ლაკსა (13ქ, 6მ), მიგლინიეკსი (7ქ, 3პ), ბაგაცკისი (27ქ), ბერნატსი (4ქ), ვეჩვაგარსი (14ქ, 3ჩ).

- მეორე მატჩი თბილისში ორი ქულის სხვაობით მოვიგეთ, - განაგრძობს ბაგაცკისი, - კარგად მახსოვს, მთელი თამაშის განმავლობაში წინ ვიყავით, თუმცა ქართველები ბოლოს დაგვეწივნენ და დასკვნით მონაკვეთში სიტუაცია დაიძაბა. თუმცა, ვფიქრობ, ძლიერმა გაიმარჯვა - მაშინ საქართველოში ომი ახალი დასრულებული იყო და ქვეყანა ეკონომიკურად დასუსტებული იყო. ომებისა და არასახარბიელო ეკონომიკური თუ პოლიტიკური ფონის მიუხედავად, ქართველები კალათბურთს მაინც გულიდან თამაშობდნენ. ეს ნათლად მიუთითებს ხალხის ქვეყნის ღირსებისადმი მიდგომის მაღალ ხარისხზე, ამიტომ იმ დროის კალათბურთელების წინაშე ქუდი უნდა მოვიხადოთ. სხვათა შორის, ნებისმიერი მატჩი, საფეხბურთო თუ საკალათბურთო მინი-ომია - სპორტში ხომ აგრესია ლეგალურია...

ლატვიასთან მეორე მატჩს საინტერესო კომენტარი გაუკეთა ნაკრების მაშინდელმა მწვრთნელმა ლევან მოსეშვილმა, რომელსაც ფინანსური პრობლემების გამო რთულ პირობებში უწევდა მუშაობა:

- შინ ლატვიასთან სტეფანიას გარეშე დავრჩით, ნაცვლიშვილიც, პრაქტიკულად, ცალი ფეხით თამაშობდა. ამის მიუხედავად, ბოლო წამებზე ორი ქულის სხვაობით დავმარცხდით, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ეს ზოგიერთს სენსაციურ შედეგად ეჩვენა, მაგრამ მალე დამტკიცდა რომ ბალტიისპირელები ურიგო კალათბურთს არ თამაშობდნენ. ისინი ჩვენგან იტალიაში ჩავიდნენ და მაშინდელ ევროპის ჩემპიონს აპენინებზე აჯობეს.

ერთ მატჩში აინარს ბაგაცკისმა 24 ქულა ჩააგდო, მეორეში - 27. როგორც ჩანს იგი მაშინ ოპტიმალურ ფორმაში იყო:

- 1999 წელს პოლონეთის ჩემპიონატში ვთამაშობდი და იმ სეზონში საუკეთესო კალათბურთელად დამასახელეს. მანამდე, 1997 წელს, ესპანეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ვიცე-სნაიპერი გავხდი. ლატვიელებმა მაქსიმუმს 2001 წელს თურქეთში გამართულ ევრობასკეტზე მივაღწიეთ: დავამარცხეთ სლოვენია და ლიტვა, თურქეთთან ბოლო წამებზე წავაგეთ. გავედით მეორე ეტაპზე, თუმცა, რუსეთთან და სერბეთთან დავთმეთ. ჩემპიონი სწორედ სერბეთი გახდა.

ვფიქრობთ, საქართველო-ლატვიის დაპირისპირებებზე ამომწურავად ვილაპარაკეთ. ახლა ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ იმის გარკვევას, კიდევ ვის წინააღმდეგ ითამაშებენ ქართველები აგვისტოში.






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული