ნიკა ცქიტიშვილი: ევრობასკეტზე მიზანს შრომითა და ერთობით მივაღწევთ

AutoSharing Option
ფიბა-ევროპის ოფიციალურ საიტზე ჟურნალისტი ჯეფ ტეილორი ევრობასკეტი-2011-ის მონაწილე გუნდებზე რიგრიგობით აქვეყნებს ინფორმაციებს. ბელგიის, ესპანეთისა და უკრაინის შემდეგ საქართველოს ჯერი დადგა. ტეილორი ვალენსიაში დაესწრო "ლაგუნ აროსა" და "ვალენსიას" დაპირისპირებას, რომელიც ლაგუნელთა მაისურით ნიკა ცქიტიშვილისთვის ბოლო იყო. ჯეფ ტეილორი ნამატჩევს შეხვდა ქართველ ფორვარდს და ელაპარაკა როგორც კლუბზე, ასევე ნაკრებზე. გთავაზობთ პუბლიკაციის ქართულ ვერსიას.


საქართველო
"ნიკოლოზ, ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებში თამაშს თუ აპირებ? - ვკითხე ცქიტიშვილს. იგი "ვალენსიასთან" წაგების გამო უხასიათოდ ჩანდა, თუმცა ნაკრები რომ ვახსენეთ გახალისდა:

- დაუჯერებელია - საქართველო ევრობასკეტზე! სხვადასხვა ასაკის
ნაკრებებში მითამაშია, ეროვნულის ღირსებას 1999 წლიდან ვიცავ. მანამდეც და მას მერეც ბევრს ვმუშაობდით, მაგრამ ევროპის პირველობის საგზური ერთხელაც ვერ მოვიპოვეთ. ევრობასკეტი 2011-ის შესარჩევ ეტაპზე მეორე ადგილზე გავედით და საკვალიფიკაციო ტურნირში თამაში დავიბევეთ, მაგრამ მოულოდნელად ჩემპიონატის მონაწილეთა რაოდენობა 24-მდე გაზარდეს და სასიხარულო ინფორმაცია მივიღეთ - საქართველო ევრობასკეტზე ითამაშებს.

საქართველოს ნაკრებმა შესარჩევ ეტაპზე რვიდან ხუთი მატჩი მოიგო და მხოლოდ ბელგიას ჩამორჩა. თუმცა, სექტემბერში ფიბა-ევროპამ ევროპის ჩემპიონატის მონაწილეთა რაოდენობა 16-დან 24-მდე გაზარდა და საქართველოს ნაკრების ცაზე მზემ გამოანათა.


ევრობასკეტი
ნიკა ცქიტიშვილის გუნდი D ჯგუფში სლოვენიასთან, რუსეთთან, უკრაინასთან, ბელგიასთან და ბულგარეთთან მოხვდა. ჯგუფიდან საუკეთესო სამეული გადის. ქართველებს წარმატების იმედს ნაკრების შემადგენლობა აძლევს: ზაზა ფაჩულია გასულ შესარჩევზე გუნდის მთავარი მექულე იყო (15.8 ქულა), ვიქტორ სანიკიძეს ყველაზე მეტი მოხსნა ჰქონდა (9.4). ასევე დიდ როლს ასრულებდნენ მანუჩარ მარკოიშვილი, ტორინ გრინი (ნატურალიზებული ამერიკელი "გრან კანარიადან") და გიორგი ცინცაძე.

- კარგი გუნდი გვყავს, რომელშიც ბევრი ნიჭიერი კალათბურთელია შეკრებილი. მთავარ მწვრთნელად ძლიერი სპეციალისტი, იგორ კოკოშკოვი მუშაობს. ერთობითა და დაუღალავი შრომით ევრობასკეტზე წარმატების მიღწევის იმედი გვაქვს, - ამბობს ნიკა ცქიტიშვილი და დასძენს:

- წინასწარ ვიცით, რომ რთული ბრძოლები გველის. ჩვენს ჯგუფში ხომ რუსეთი, სლოვენია, უკრაინა, ბელგია და ბულგარეთი ითამაშებენ. თუმცა, სამეულში მოხვედრის შანსი გვაქვს, რაც იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ კონდიციებში შეხვდება საქართველოს ნაკრები ევრობასკეტს. ამისთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ.


NBA
ცქიტიშვილი 2002 წლის დრაფტზე "დენვერ ნაგეტსმა" აიყვანა, მაგრამ ქართველს ამერიკული კარიერა სათანადოდ ვერ აეწყო. იგი ევროპაში 2006 წელს დაბრუნდა, ითამაშა ესპანეთსა და იტალიაში.

- ამერიკა საინტერესო იყო. მქონდა რთული დროება და საკუთარი გარჯით გაწბილებული ვარ, რადგან მიმაჩნია, რომ მეტის გაკეთება შემეძლო. დღევანდელი გადასახედიდან მსჯელობა იოლია - ამერიკაში წასვლა არ უნდა მეჩქარა, იტალიაში რამდენიმე წელი კიდევ მეთამაშა, მაგრამ იმდენად მიმზიდველი იყო NBA-ს კლუბიდან მიღებული წინადადება და ამერიკაში თამაშის პერსპექტივა, რომ ევროპაში დარჩენაზე უარი ვთქვი.

სკიტა აშშ-ში დაბრუნებას აპირებს:
- ამერიკაში ცხოვრება სასიამოვნო იყო. ამ ზაფხულსაც ვაპირებ ოკეანის გაღმა გამგზავრებას.


ესპანეთი
ნიკოლოზ ცქიტიშვილმა სეზონის დასაწყისში რამდენიმე თამაში მაღალ დონეზე ჩაატარა, თუმცა ბოლო დროს სიტუაცია გაუარესდა. ამიტომ, ქართველი კალათბურთელისა და "ლაგუნ აროს" გზები გაიყო.

- ყველაფერი კარგად იქნება, საკუთარ თავზე კვლავაც ბევრს ვმუშაობ და იმედი მაქვს, რომ მომავალ სეზონში ისეთ კლუბში ვითამაშებ, სადაც საკმარისი დრო მექნება, - ამბობს ცქიტიშვილი."


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული