საქართველო-რუსეთი 77:83 (ვირტუალურად)

AutoSharing Option
გასულ შაბათს საქართველოსა და ბელგიის ნაკრებები გავშიფრეთ, პლუს-მინუსები დავუწერეთ და მივიღეთ ქართველთა მცირე უპირატესობა - 81:79. იქვე მოგახსენეთ, რომ შაბათობით საქართველოს ნაკრებს რუსეთთან, სლოვენიასთან, უკრაინასთან და ბულგარეთთან შევახვედრებთ (ასევე ვირტუალურად). ეს გუნდები ხომ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი მეტოქეები არიან.

საქართველო VS რუსეთი
დღეს დიდი მატჩია - საქართველო-რუსეთი. ვიქტორ სანიკიძემაც აღნიშნა, რომ ამ შეხვედრისთვის პოლიტკური სარჩულის დადება არამართებულია. წაგება ტრაგედია ნამდვილად არ იქნება, რადგან საქართველოს ნაკრების მიზანი ევრობასკეტზე არა რუსეთის დამარცხება, არამედ ჯგუფიდან გასვლაა.

რუსული გამოცემა "სპორტს.რუ"-ს ჟურნალისტმა ივარაუდა: რუსებისთვის ქართველებთან შეხვედრა
რიგითი მატჩი იქნება, ქართველებისთვის კი ტურნირის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშიო... ასეცაა, ქართველები სპორტულად ეცდებიან დამტკიცებას, რომ არა მხოლოდ 15/15-ზე (რაგბში), არამედ 5/5-ზეც რუსებზე უკეთესები ვართ. ეს კალათბურთელებმა ერთხელ უკვე დაამტკიცეს - ჩრდილოელი მეზობელი ამხანაგურ მატჩში 87:71 დაამარცხეს (2004 წელს).


I პერიოდი
ჩემპიონატი, ევროთასები, განწყობა
შევუდგეთ საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების შედარებას და თითო მეოთხედში 40 ქულა ორად გავყოთ. ვნახოთ, ვის რამდენი ერგება.

რუსეთის პირველობის ორი წარმომადგენელი წლეულს ევროლიგაზე თამაშობდა. მხოლოდ ეს ფაქტიც საკმარისია იმისთვის, რომ ჩემპიონატების შედარებისას რუსეთს დიდი ფორა მივანიჭოთ.
"ხიმკი" და ცსკა - ევროლიგაზე, "უნიქსი" და "კრასნიე კრილია" (წითელ ფერს ვერ ელევიან) - ევროთასზე, ექვსი კლუბი - ევროჩელენჯზე. რუსული კლუბები საერთაშორისო ასპარეზზე გასვლის წინ შემადგენლობას სერიოზულად აძლიერებენ. მათ ჩემპიონატში რეალმოვლილი მეისი, სიენამოვლილი დომერკანტი და ეზე, კიდევ უამრავი ვარსკვლავი თამაშობს. მათ გვერდით თუნდაც ხვოსტოვი დიდ გამოცდილებას მიიღებს, იმაზე მეტს, ვიდრე საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე კალათბურთელები. თუმცა, ერთიც უნდა გავითვალისწინოთ: წამყვან რუსულ კლუბებში მთავარ როლს ლეგიონერები თამაშობენ.

რუსებიც და ქართველებიც კარგად მომზადებულები რომ შეხვდებიან ევრობასკეტს, წინასწარ შეიძლება დაბეჯითებით ვთქვათ. ფსიქოლოგიურ მომზადებაზე კი ორი სიტყვით აუცილებლად უნდა შევჩერდეთ: საქართველოს ნაკრებისთვის პოლონეთთან 2010 წლის 2 აგვისტოს მატჩს ისეთივე მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც აქაფებული შამპანურისთვის საცობის მოხსნას - იფეთქა, ძლიერი პოლონელების 19 ქულის სხვაობით დამარცხებამ ევროპა საქართველოზე აალაპარაკა.

ასეთ მატჩებს ქართველები ყოველთვის გაორმაგებული ენერგიით თამაშობენ, თუმცა მთავარია ენერგია ჰქონდეთ და 20 აგვისტოს ბელგიასთან მატჩის მსგავსად გამოფიტულები არ იყვნენ. ვერავინ დამარწმუნებს, რომ უშუალოდ მატჩის წინ რუსები ქართველებზე მეტად შემართულები იქნებიან.

შევაჯამოთ პირველი მეოთხედი: ჩემპიონატსა და ევროთასებზე რუსებს დიდი უპირატესობა აქვთ, რასაც ოდნავ ანეიტრალებს ფსიქოლოგიური ფონი. 40 ქულიდან რუსეთს პირობითად 29 მივანიჭოთ, საქართველოს - 11.


II მეოთხედი
უკანახაზელები
პირველ რიგში ჯეი არ ჰოლდენი უნდა ვახსენოთ, რომელმაც 2007 წლის ევრობასკეტის ფინალში რუსეთის ნაკრებს გადამწყვეტი ორქულიანით ჩემპიონობა მოაპოვებინა. ჰოლდენი ახლა 34 წლისაა, მოსკოვის ცსკა-ში თამაშობს და რუსეთის ნაკრებში დაუბრუნების სურვილიც საჯაროდ დააფიქსირა.

რუსეთის ნაკრების უკანახაზელთა სტატისტიკას გავეცნოთ:
ჯეი არ ჰოლდენი (ცსკა, რუსეთი): 14თ, 31.5წთ, 10.1ქ, 3.4პ.
სერგეი ბიკოვი (ცსკა, რუსეთი): 18თ, 13.5წთ, 4.6ქ, 1.1პ.
ვიტალი ფრიძონი ("ხიმკი", რუსეთი): 15თ, 23.2წთ, 10.7ქ, 1.9პ.
დიმიტრი ხვოსტოვი ("დინამო", რუსეთი): 18თ, 32.9წთ, 9.3ქ, 4.4პ.
ანტონ პონკრაშოვი ("პეტერბურგი", რუსეთი): 18თ, 33.3წთ, 12.9ქ, 5.5პ.

რუსეთის ნაკრებს სამი კარგი უკანახაზელი ჰყავს: პონკრაშოვი, ფრიძონი და ჰოლდენი, თუმცა თამამად შეიძლება ითქვას, რომ გრინი, მარკოიშვილი და ცინცაძე (შევთანხმდით, რომ შედარებისას ორივე გუნდის კალათბურთელები სათანადო ფორმაში უნდა იყვნენ) რუს თანაამპლუელებს თუ არ სჯობიან, არც ჩამოუვარდებიან.

შეიძლება, ვინმემ თქვას - ჰოლდენი ყველა ჩვენს უკანახაზელს გადაწონისო. შეიძლება ასეც ყოფილიყო 2007 წელს, მაგრამ ახლა იგი 34 წლისაა. თუ იგი საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულ გრინს გამოცდილებით სჯობნის, სისწრაფეში უპირატესობა ტორინის მხარესაა.

ჩემი აზრით, უმნიშვნელო უპირატესობა მაინც ქართველ უკანახაზელთა მხარესაა - 21:19. პირველი ტაიმის ანგარიშია 48:32.


III პერიოდი
ფორვარდები
დაისვენეთ? მაშ, ფორვარდებს მივხედოთ.

ანდრეი ვორონცევიჩი (ცსკა, რუსეთი): 17თ, 21.9ქ, 5.6მ.
სერგეი მონია ("ხიმკი", რუსეთი): 17თ, 31.1წთ, 12.1ქ, 6.2მ.
ანდრეი კირილენკო ("იუტა", NBA): 64თ, 30.8წთ, 5.1მ, 3.0პ.

რუსების იმედი NBA-ს ვარსკვლავი ანდრეი კირილენკოა, რომელმაც 2010 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე არ ითამაშა და ჯერ არ უთქვამს, დაეხმარება თუ არა ნაკრებს 2011 წლის ევრობასკეტზე.
სერიოზული ტრავმა აქვს ვიქტორ ხრიაპას, რომელიც რამდენიმე წლის წინათ ამერიკაში თამაშობდა.

გვრჩება ორი მაღალი დონის ფორვარდი: ანდრეი ვორონცევიჩი და სერგეი მონია.

- თუ რუსეთის ნაკრებს კირილენკო დაბრუნდება, წინ ვერავინ დაგვიდგება, - დაიმუქრა რუსების მწვრთნელმა დევიდ ბლატმა.

ჩემი აზრით, კირილენკომ რომც ითამაშოს, საქართველოს ნაკრებზე ძლიერი ფორვარდთა ხაზი მაინც არ ეყოლება - ჩვენს გუნდში მოიძებნებიან ისეთები, რომლებიც ანდრეის მეურვეობას იკისრებენ, აკი თქვა 2005 წელს გერმანიის ნაკრების თავკაცმა დირკ ბაუერმანმა: ნოვიცკის წინააღმდეგ ვლადიმერ ბოისამ რომ ითამაშა, ასე ბევრს არ შეუძლიაო.

ეგება ზოგი არ დაგვეთანხმოს, მაგრამ ვფიქრობ, ფორვარდებშიც მცირე უპირატესობა გვაქვს - 21:19.


IV პერიოდი
ცენტრები და მწვრთნელები
შევაჯამოთ სამი ათწუთეული: 11:29, 21:19, 21:19. მეოთხე პერიოდის წინ რუსეთი 14 ქულის სხვაობით იგებს (67:53). ვნახოთ, ცენტრები და მწვრთნელები თუ აღმოფხვრიან ასეთ დეფიციტს.

ტიმოფეი მოზგოვი ("ნიუ იორკი"/"დენვერი", NBA): 42თ, 12წთ, 3.7ქ, 2.7მ.
საშა კაუნი (ცსკა, რუსეთი): 6თ, 19.7წთ, 6.5ქ, 2.8მ.

კაუნს ტრავმა ჰქონდა და ამ სეზონში ცსკა-სთან ერთად თებერვლის შემდეგ თამაშობს. მოზგოვი კი პირიქით: სეზონის დასაწყისში "ფინიქსში" კარგად ირჯებოდა, შუა სეზონში "დენვერში" გადავიდა და ზოგჯერ საერთოდ არ უწევს მოედანზე გამოსვლა.

რუსებს ტიმოფეი მოზგოვის იმედი აქვთ, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ზაზა ფაჩულიასთან ჭიდილში მოზგოვსაც ისეთი ბედი ეწევა, როგორიც 2 აგვისტოს პოლონელ გორტატს (რომელსაც ამ სეზონში, NBA-ში მოზგოვზე უკეთესი სტატისტიკაც აქვს და ფაჩულიაზეც). მით უმეტეს, რომ წინა სეზონში ტიმოფეის "პანათინაიკოსი"-"ხიმკის" მატჩისას გიორგი შერმადინმაც დიდი თავსატეხი გაუჩინა. მას მერე გიორგიმ სერიოზული პროგრესი განიცადა. მისი და ფაჩულიას დუეტი მოზგოვი-კაუნისას ნამდვილად სჯობს. გავთამამდები და სხვაობას ასეთ სახეს მივცემ: 15:5 ჩვენს სასარგებლოდ.

მატჩის ბოლო ხუთ წუთში მწვრთნელებზე შევჩერდეთ. დევიდ ბლატი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია. სწორედ მისი დამსახურებაა რუსებმა 2007 წელს ევრობასკეტი რომ მოიგეს, ხოლო შარშანდელ მსოფლიოზე მეშვიდე ადგილი დაიკავეს - სტანდარტული (ერთი-ორის გამოკლებით) კალათბურთელებისგან მონოლითური გუნდი შეკრა. ცხადია, ბლატს იგორ კოკოშკოვთან შედარებით უპირატესობა აქვს, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ კოკოშკოვს საქართველოს ნაკრების თამაშის მოწესრიგებაში დიდი წვლილი მიუძღვის.

ბლატი-კოკოშკოვი - 11:9.

მწვრთნელებისა და ცენტრების შედარების შედეგად მეოთხე პერიოდი 24:16 მოვიგეთ.

ვირტუალური მატჩის საბოლოო ანგარიში ასეთია: 83:77, მოიგო რუსეთმა. ასე რომ, "საგაზეთო თამაშში" საწყისი ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს თითო მოგება-წაგება აქვს. მომდევნო შაბათს ჩვენი ვირტუალური მეტოქე სლოვენიაა.

ვერ წარმოიდგენთ, ამ პუბლიკაციაზე მუშაობისას როგორ მინდოდა რუსების დამარცხება. წერა ხალისით დავიწყე და უხალისოდ დავამთავრე... მაგრამ მჯერა, რომ ჩვენი კალათბურთელები ყოველგვარ ლოგიკას "დაამსხვრევენ", თავსზემოთ და ფარსზემოთ ახტომაც შეუძლიათ, დაამტკიცებენ, რომ 5 ქართველი 5 რუსზე ძლიერია.

...დიდ ფორას მოგვცემს კირილენკოს არყოფნაც. არც ჰოლდენის თამაშია გადაწყვეტილი.







.
მკითხველის კომენტარები / 3 /
კაროჩე რა ისე გაგვიმართლა კენჭისყრაში რომ 3 ზე გასვლა და ჯგუფიდან გასვლა შეგვილია. მაგარია რაგბივით უმოტივაციოთ არ ვიქნებიტ და გასვლისთვის ვიბრძოლებთ
kutaisiii
14:49 03-04-2011
0
მოეშვით რა ამ ურა პატრიოტიზმს,ცოტა რეალურად იმსჯელეთ,ამ გულზე მჯიღების რტყმამ რაც მოგვიტანა კი ნახეთ ისრაელთან თამაშში ფეხბურთში.ბელგია,უკრაინა,ბულგარეთს მოვუგეთ უკვე?ბელგია არ იყო ორივე თამაში რო მოგვიგო?ან უკრაინას რო ვითომ ტურნირზე მოვუგეთ აქ იმას თვლით აქტივში?ევროპაზეც რო იტალიის ფედერაციის წვალების შედეგად მოვხვდით ხო არ დაგავიწყდათ?სამივე გუნდთან გვაქვს თანაბარი შანსები.რაც შეეხება რუსეთს და სლოვენიას,საერთოდ უნდა დავისვენოთ,ეგეც იმ შემთხვევაში,თუ ბელგიას მოვუგეთ პირველი თამაში.რუსეთის მწვრთნელიც გაითვალისწინეთ,ევროლიგას თუ უყურებთ,გამოიტანთ სწორ დასკვნებს
dato444
10:22 03-04-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული