ვინ არიან გრინი და ჰოსლი?

AutoSharing Option
თბილისის საერთაშორისო ტურნირამდე ცნობისმოყვარეობით ვკითხულობდით: ვინ არიან ტორინ გრინი და ქუინტონ ჰოსლი? შეჯიბრების დასრულების შემდეგ იგივე კითხვა უფრო აქტუალური გახდა. მასზე პასუხის გაცემა უკვე შესაძლებელია.

ტორინ გრინი იოაკიმ ნოასთან და ელ ჰორფორდთან ერთად 2006 წელს "ფლორიდას" სასტარტო ხუთეულის წევრი იყო. იგი ხუთეულში პროტექციით არავის დაუყენებია. გრინი კარგი კალათბურთელი რომ არის, იგორ კოკოშკოვმა ამიტომაც მიიწვია ნაკრებში. ქართველმა გულშემატკივარმა გრინის შესაძლებლობები თბილისური ტურნირის მესამე მატჩის ბოლო წუთებზე ნახა. მანამდე იგი გუნდთან გაშინაურებას ცდილობდა...

სწორედ მასზე თქვა მაისში კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა
- ტაირონ ელისის შემცვლელად ახალგაზრდა, ნიჭიერი მოთამაშე ჩამოვიყვანეთო. ბატონმა ბესიკმა იქვე დასძინა: მეორე ამერიკელსაც მივცემთ საქართველოს პასპორტს, თუმცა ის უფრო სათადარიგო ვარიანტია. წინ რთული სეზონია, პირველი ამერიკელი შეიძლება გადაიღალოს, მცირე ტრავმებისგანაც არავინაა დაზღვეული, მეორე უცხოელი ამიტომაც გვინდა.

სათადარიგო ვარიანტი ქუინტონ ჰოსლი აღმოჩნდა. იგი ფორვარდია და გასულ სეზონში თურქულ "იზმირში" დაახლოებით 18 ქულასა და 8 მოხსნას აგროვებდა. ჰოსლის სტატისტიკაზე ლაპარაკისას ვეტერანმა კალათბურთელმა და ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ნოდარ ქორქიამ აღნიშნა: არ არის გამორიცხული, რომ კლუბში თამაში ჰოსლიზე ეწყობოდა და ამიტომაც ჰქონდა ეფექტური მონაგარი. შეიძლება, მართლაც მაღალი დონის მოთამაშეა... ყველაფერი საქართველოს ნაკრების მატჩებისას გამოჩნდება.

ქუინტონ ჰოსლის თბილისის საერთაშორისო ტურნირზე სამი შეხვედრის ჯამში 4 ქულა და 5 მოხსნა ჰქონდა. ბელარუსთან მატჩის შემდეგ ნოდარ ქორქიამ აღნიშნა:

- ჰოსლის კოჭებში ეტყობა, რომ კარგი კალათბურთელია, თუმცა თავისი თამაშის ჩვენებაში რაღაცა უშლის ხელს... შეიძლება, ფორმაში არ არის ან აქაურ გარემოსთან ადაპტატაცია უჭირს...

ასეა თუ ისე, 6 საკონტროლო მატჩის შემდეგ გრინმა ჰოსლიზე უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა. ოფიციალურ მატჩების განაცხადში ერთი ნატურალიზებულის შეყვანა შეიძლება. ამიტომ, უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2 აგვისტოს პოლონეთთან ტორინ გრინი ითამაშებს.


გრინი: მინდა, წარმატებაში ჩემი წვლილიც გავურიო

აქამდე საქართველოს ნაკრებში შემონდ უილიამსი და ტაირონ ელისი თამაშობდნენ. შემონდი უფრო ინდივიდუალისტი იყო და გამთამაშებლად ირჯებოდა, ელისი მსროლელი გახლდათ და ქულას ქულაზე აგროვებდა.
გრინს იგორ კოკოშკოვი პლეიმეიკერადაც ათამაშებს და მსროლელადაც. მას უილიამსივით კარგად ეხერხება დრიბლინგი და გადამწყვეტ მომენტში ელისივით ისვრის. შემონდისა და ტაირონისგან განსხვავებით, გრინი ძალიან ახალგაზრდაა _ 24 წლის. ინტერვიუს ჩაწერისას, სულაც ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს 17-18 წლის ბიჭს ველაპარაკებოდი. თუმცა, ეტყობა,რომსაქმესაც სერიოზულად უდგება და საუბარსაც.
- ვიდრე იგორ კოკოშკოვი დამირეკავდა, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე საქართველოში ჩამოვიდოდი. ვიდრე "ჯორჯიელთა" ნაკრებში
თამაშს შემომთავაზებდა, მწვრთნელმა გუნდიც კარგად გამაცნო, დასახული მიზნებიც გამანდო და დამარწმუნა, რომ საქართველოს ნაკრებს ვჭირდებოდი. ბევრი არ მიფიქრია, იგორ კოკოშკოვს თანხმობა ვუთხარი, რადგან მსგავს გუნდში და ასეთი მიზნებისთვის ბრძოლა ჩემთვისაც საინტერესოა. ვეცდები, წარმატებაში წვლილი მეც შევიტანო.

მიზანზე საუბრისას გრინმა აღნიშნა, ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების კარგი შანსი გვაქვსო, ხოლო ნაკრების შემადგენლობაზე შედარებით ვრცლად ილაპარაკა:

- საქართველოს ნაკრები ძალიან კარგი გუნდია. მასში არაერთი მაღალი კლასის კალათბურთელია, რომლებთან თამაშიც სასიამოვნოა. რაც მთავარია, ახალგაზრდული შემადგენლობაა და დიდი პერსპექტივა აქვს. ერთი თვე არცაა, რაც აქ ვარ, თუმცა ყველასთან კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა.

გრინს ნაკრების მზადებაზეც ვკითხე:

- ჩემი აზრით, გუნდს უკეთესად თამაშიც შეუძლია. ამისთვის აუცილებელია ყოველდღიური შრომა. ივლისის დასაწყისიდან ნაკრებთან ერთად ვარ და ვატყობ, რომ დღითი-დღე ვუმატებთ. ფიზიკურად მომძლავრებასთან ერთად არანაკლები მნიშვნელობა აქვს გუნდურ თამაშს. ნაკრებში ორი ახალი კალათბურთელი ვართ და მაქსიმალურად ვცდილობთ გუნდის სქემებთან მორგებას.
ტორინ გრინთან საუბრისას თბილისის ტურნირსაც შევეხეთ. მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ სამივე მატჩი თითქმის ერთი სცენარით წარიმართა:

- ყველა შეხვედრა დამაჯერებლად დავიწყეთ და სამი პერიოდის განმავლობაში გარკვეული უპირატესობაც მოვიპოვეთ, თუმცა ბოლოს მეტოქეებს სხვაობის შემცირების საშუალება მივეცით, რაც დაუშვებელია. მჯერა, ოფიციალურ შეხვედრებში მსგავს შეცდომებს აღარ დავუშვებთ და უფრო გუნდურად ვითამაშებთ.
ტორინ გრინმა გასული სეზონი ბერძნულ აეკ-ში გაატარა, საიდანაც სეზონის დასრულების შემდეგ ისე წამოვიდა, რომ კუთვნილი თანხა არ აუღია...

- ფინანსებთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები შემექმნა, მისაღები ფული ბოლომდე ჯერაც არ ამიღია, თუმცა, ახლა მთავარია, რომ უკეთესი ვარიანტი მოვძებნე. მომავალ სეზონში კარიერას ესპანეთში გავაგრძელებ - "გრან კანარიასთან" 2-წლიანი კონტრაქტი გავაფორმე.


ჰოსლი: მეტი შემიძლია

ქუინტონ ჰოსლიც დაწინაურდა - ესპანურ "ხუვენტუდში" ჩაირიცხა. ამ საქმეში მას საქართველოს მოქალაქეობაც დაეხმარა - "ხუვენტუდში" ამერიკელად აღარ ითვლება (ესპანეთში ამერიკელებსა და ევროპელებზე სხვადასხვაგვარი ლიმიტია).

ჰოსლისთან საუბარი თბილისური ტურნირით დავიწყეთ:

- მიხარია, რომ გავიმარჯვეთ. სამუშაოა დაცვაზეც და გუნდურ თამაშზეც, მაგრამ მთავარი ისაა, რომ გუნდს სათანადო ენერგია აქვს და აგვისტომდე კიდევ უნდა მოვუმატოთ.

ქუინტონმა თითების დახმარებით გვიჩვენა, რომ საქართველოს ნაკრები ოპტიმალური ფორმის ნახევრამდეა ასული. საკუთარ თამაშზე კი ეს თქვა:

- ახალ გუნდში ვარ და ვსწავლობ. მონდომებით ვვარჯიშობ, რათა ნაკრებთან კარგად შევთამაშდე. მეტი შემიძლია.
მართალია, საკუთარი გარჯით მთლად კმაყოფილი არ არის, მაგრამ ჰოსლი საქართველოში ჩამოსვლას დადებით მოვლენად აფასებს _ კარგ გუნდში მოვხვდი. ქართველებთან ურთიერთობა საინტერესოა და ქვეყანაც ლამაზი გაქვთო.

კითხვაზე, რატომ გადაწყვიტა საქართველოს ნაკრებში თამაში, მოკლედ მომიგო:

- მწვრთნელს ვჭირდებოდი და აქ ამიტომაც ვარ.

ტანმაღალ ამერიკელთან საუბარი ოფიციალური მატჩებით დავასრულე:

- აგვისტოში გაცილებით ძლიერ გუნდებთან უფრო მძიმე ბრძოლების გადატანა მოგვიწევს. დღევანდელ მზადების პროცესში სწორედ ოფიციალური მატჩების გათვლებია ჩადებული. პოლონეთზე, ბულგარეთსა და ბელგიაზე არანაკლები გუნდი გვყავს და ვფიქრობ, წარმატების მიღწევაც შეგვიძლია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული