თორნიკე შენგელია: ბელგიელები იმუქრებიან...

AutoSharing Option
საქართველო და ბელგია ერთმანეთს ევროპის ჩემპიონატზეც შეხვდებიან. ისიც ბევრს მოეხსენება, რომ ჩვენი მეტოქის ნაკრების ძირითად ბირთვს ბელგიის ჩემპიონატში მოასპარეზეები წარმოადგენენ. თუმცა, იქაური პირველობა ჩვენთვის სხვა მხრივაა საინტერესო - 19 წლის თორნიკე შენგელია "პეპინსტერის" ღირსებას იცავს და პლეი ოფში მოხვედრისთვის იბრძვის.

ყველაზე უკეთ სწორედ თორნიკეს მოეხსენება ბელგიელთა დადებითი და უარყოფითი მხარეები. თუმცა, როგორც მწვრთნელები ამბობენ, მთავარი არა მოწინააღმდეგის პლუს-მინუსები, არამედ საქართველოს ნაკრების სათანადო მომზადებაა. სხვა ლეგიონერებთან ერთად თორნიკეც წარმატებულ სეზონს ატარებს - კვირაში ერთხელ, ზოგჯერ ორჯერ უწევს ევროთასისა და ევროლიგის წარმომადგენელი
ბელგიური კლუბების წინააღმდეგ თამაში, რაც ახალგაზრდა ქართველს გამოცდილებას მატებს. იგი აქამდე "ვალენსიაში" ირიცხებოდა, ძირითად გუნდთან ვარჯიშობდა, თამაში კი დუბლშემადგენლობასთან ერთად ება-ს ლიგაზე უწევდა. ესპანეთის უმაღლეს ლიგაში ჩატარებულ თითზე ჩამოსათვლელ მატჩებს თუ არ ჩავთვლით, შენგელიას პირველად სწორედ ბელგიაში უწევს დიდ საკლუბო კალათბურთში ტრიალი. საქართველოს ნაკრებში ჩატარებულმა მატჩებმა დაგვანახა, რომ მას ეს შეუძლია.

შენგელიას წარდგენა აქ დავასრულოთ და ინტერვიუს მივხედოთ.

- ბელგიის ჩემპიონატის დასრულებამდე 8 ტურია დარჩენილი. "პეპინსტერს" პლეი ოფში გასვლის რა შანსი აქვს?
- მომდევნო ეტაპზე 6 გუნდი ითამაშებს. 5 კლუბის საკითხი უკვე გადაწყვეტილია, დარჩენილი ერთი საგზურისთვის სამი პრეტენდენტი აცხადებს პრეტენზიას: "ლუვენი", "ლიეჟი" და ჩემი "პეპინსტერი". სამივეს თანაბარი ქულა აქვს და მეექვსე-მერვე ადგილებს ინაწილებს. მეტოქეებთან შედარებით ჩვენ უფრო რთული თამაშები გვაქვს დარჩენილი - ძლიერ მოწინააღმდეგეებს ვხვდებით, თუმცა ვთვლი, რომ პლეი ოფის საგზურის მოპოვება შეგვიძლია.

- ბოლო ტურში უშუალო კონკურენტ "ლუვენთან" დამარცხდით.
- იმ მატჩისთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდით, ლუვენში მოსაგებადაც ჩავედით. მესამე პერიოდში მეტოქემ უკეთესად ითამაშა, თუმცა მეოთხე რაუნდში მდგომარეობა გამოვასწორეთ და გამარჯვებამდე ძალიან ცოტა დაგვაკლდა. "ლუვენთან" უკვე სამი მატჩი ჩავატარეთ, რომელთაგან ორში დავმარცხდით. დაგვრჩა ერთი საშინაო შეხვედრა და მისი მოგების იმედიც გვაქვს.

- უახლოესი შეხვედრა ევროლიგაზე ნათამაშებ "შარლერუასთან" გაქვთ...
- იგი პირველ ადგილზეა და გამარჯვება ძალიან გაგვიჭირდება. თუმცა გამორიცხული არაფერია, რადგან ბელგიის ჩემპიონატში ნებისმიერ აუტსაიდერს შეუძლია ფავორიტის დამარცხება. მაგალითად, ორი ტურის წინ ბოლოადგილოსანმა "გენტმა" "შარლერუასთან" თანაბრად ითამაშა და მხოლოდ ბოლო წუთებზე დამარცხდა. "შარლერუას" ბოლო ურთიერთშეხვედრაში ჩვენც კარგად ვეთამაშეთ, მესამე პერიოდის შემდეგ დავწინაურდით კიდეც, მაგრამ ბოლოს დავმარცხდით.

- კონტრაქტით "შარლერუას" ეკუთვნი, "პეპინსტერში" ერთი სეზონით ხარ განათხოვრებული. ხომ არ გარკვეულა, მომავალ სეზონში სად ითამაშებ?
- ამაზე ჯერ არაფერი თქმულა და მეც არ ვფიქრობ. ყველაფერი სეზონის დასრულების შემდეგ გადაწყდება.

- პირველი წრის შემდეგ "პეპინსტერში" მწვრთნელი შეიცვალა. მას მერე გუნდმა სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა...
- მთავარ მწვრთნელად იანვარში აარონ მაკკარტი დაინიშნა. თუმცა, თავიდან ისიც მხოლოდ ამერიკელებს ენდობოდა. ალბათ იმიტომ, რომ შედეგზე ფიქრობდა და სხვებზე დაყრდნობას ვერ რისკავდა. არადა, თავად ამერიკელებიც უჩიოდნენ დაღლას, თითქმის შეუცვლელად თამაშობდნენ. შემდეგ მწვრთნელს კლუბის ხელმძღვანელობა დაელაპარაკა, რასაც დადებითი შედეგი მოჰყვა - სათამაშო დრო არაამერიკელებსაც გაგვეზარდა.

- მოგებების რაოდენობამაც იმატა და პირადი სტატისტიკაც გაგიუმჯობესდა.
- სათამაშო დროის ზრდასთან ერთად მონაგარის მატებაც ლოგიკურია. თუმცა მთავარი მაინც გუნდური წარმატებაა.

- ასეა თუ ისე, "პეპინსტერს" მაინც ჰყავს გამოკვეთილი ლიდერი - ჯექსონი.
- იგი გამოცდილი კალათბურთელია, ბელგიამდე თურქეთისა და საბერძნეთის ჩემპიონატებში გამოდიოდა. რაც შეეხება გუნდურ თამაშს, შემოდგომასთან შედარებაც არ არის - მაკკარტის ხელში "პეპინსტერი" გუნდურად ერთი-ორად უკეთ თამაშობს, ვიდრე მისი წინამორბედის დროს.

- ახლა ნაკრებზე გკითხავ. წილისყრის შედეგები რომ გაიგეს, ბელგიელები საქართველოს ნაკრებთან შეხვედრაზე რას ამბობენ?
- სანაკრებო თემაზე აქ ბევრი მელაპარაკება. მეც საკუთარ მოსაზრებას ვუზიარებ. ბელგიელები იმუქრებიან, მე ყველას ერთს ვეუბნები - მოვლენებს ნუ გავუსწრებთ-მეთქი. მოვლენებს რეალურად რომ შევხედოთ, შედარებით იოლ ჯგუფში მოვხვდით. თუმცა, ჩვენთან ისეთი არავინაა, რომელზეც წინასწარ იტყვი - ამას მოვუგებთო. ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ, ჩემპიონატისთვის კარგად მოვემზადოთ და შედეგიც ამის შემდეგ გვექნება.

- სანაკრებო გეგმას გაეცანი?
- რა თქმა უნდა. საინტერესოდაა შედგენილი, ყველა პირობაა იმისთვის, რომ ევრობასკეტს სათანადოდ მომზადებულები შევხვდეთ.

- ბელგიის ჩემპიონატში მათი ნაკრების არაერთი კალათბურთელია. საქართველოსთან მატჩებისას ძალიან გამოირჩა კრისტოფ ბეგინი. იგი ბელგიის ჩემპიონატშიც მნიშვნელოვანი ფიგურაა?
- ბეგინი "შარლერუაშია" და 20-25 წუთს თამაშობს, ძირითადად მძიმე ფორვარდად. შეიძლება ერთი შეხედვით არ ეტყობა, მაგრამ ფიზიკურად მეტად ძლიერია, დიდი ენერგია აქვს.

- ნატურალიზებულმა მარკუს ფეისონმაც დიდი თავსატეხი გაგვიჩინა...
- ფეისონს ამასწინათ ველაპარაკე. მითხრა, ბელგიის ნაკრების მწვრთნელს ჯერ არ გადაუწყვეტია, მე წამიყვანს ევრობასკეტზე, თუ მეორე ნატურალიზებულ დიდიე მბენგასო. თუმცა, ბელგიელებს ფიბა-ევროპაში წერილი აქვთ შეტანილი, იმედი აქვთ, რომ მბენგას როგორც ბელგიელს ისე ათამაშებენ.

- ვფიქრობ, თუ ასარჩევადაა საქმე, ქართველებს გვირჩევნია ბელგიის ნაკრებში ფეისონის ნაცვლად მბენგამ ითამაშოს...
- ძნელი სათქმელია. თუმცა, ფაქტია, ფეისონმა შარშან ბელგიელებს დიდი სამსახური გაუწია. კარგი კალათბურთელია.


დოსიე
თორნიკე შენგელია
დაიბადა: 05.10.1991
სიმაღლე: 205 სმ.
წონა: 98 კგ.
ამპლუა: ფორვარდი

კარიერა
2008-09 ვალენსია (ესპანეთი)
6თ, 10.7 წთ, 3.3ქ, 1.7მ, 0.5პ.
2009-10 ვალენსია (ესპანეთი)
2თ, 13.5 წთ, 4.5ქ, 2.5მ, 0.5პ.
2010 საქართველოს ნაკრები
8თ, 12.6 წთ, 4.9ქ, 2.9მ, 0.5პ.
2010-11 პეპინსტერი (ბელგია)
24თ, 16.9 წთ, 6.6ქ, 4.2მ, 0.6პ.







.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული