გავიმეოროთ: პარგო? არა ჩემო კარგო!

AutoSharing Option
გუშინ ნაკრების სპონსორთან ერთად მოწყობილი პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, კალათბურთის ფედერაციაში პრეზიდენტ ბესიკ ლიპარტელიანთან ინტერვიუ ჩავწერე. ვისაუბრეთ საქართველოს პირველობაზე, ეროვნულ ნაკრებზე, თავის მწვრთნელ-ნატურალიზებულებიანად.

ბატონმა ბესომ გვითხრა, რომ მწვრთნელი, იგორ კოკოშკოვი ლიტვაში ტორინ გრინის წაყვანას აპირებს...

ვიდრე ინტერვიუს დასაწერად "მელანში ბუმბულს ჩავაწობდი", ინტერნეტ-სივრცეში საკალათბურთო სიახლეები გადავამოწმე. გასაკვირ ამბავს წავაწყდი: ევროპის ერთ-ერთ მთავარ საკალათბურთო საიტ "ევრობასკეტზე" წერია, რომ, შესაძლოა, ისრაელის "მაქაბის" გამთამაშებელმა, ჯერემი პარგომ საქართველოს მოქალაქეობა მიიღოს და ჩვენს ნაკრებში ითამაშოს. იქვე ნახსენებია მისი მონაგარი ევროლიგაზე: საშუალოდ 13 ქულა, 3.5 მოხსნა, 3.9 პასი.
...და რაც მთავარია, პარგოს გარჯის შედეგად "მაქაბი" ევროლიგის ფინალურ ოთხეულში გავიდა.

აქვე გამახსენდა შარშანდელი ამბავი: ვიდრე ტორინ გრინის გაქართველების ამბავს შევიტყობდით, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა კალათბურთელმა მკითხა - მართლა პარგო ჩამოჰყავთო? მაშინვე დავურეკე ფედერაციის გენერალურ მდივან მერაბ რატიშვილს. აღმოჩნდა, რომ ჯერემი პარგო კანდიდატთა შორის არ მოიაზრებოდა. მაშინ საგაზეთო წერილს სათაურად დავარქვი: "პარგო? არა ჩემო კარგო!" 2010 წელს ეროვნულ ნაკრებში ტორინ გრინმა ითამაშა.

...და ვინ დაიცავს ეროვნული გუნდის ღირსებას 2011 წლის ევრობასკეტზე? მართალია, თუ არა პარგოსთან დაკავშირებით "ევრობასკეტზე" გამოქვეყნებული ინფორმაცია? - ამ კითხვებით გუშინ ფედერაციის პრეზიდენტ ბესიკ ლიპარტელიანს მივმართე.

- არ ვიცი, საიდან გაჩნდა ეს ინფორმაცია, მაგრამ ფაქტია, რომ არავის ნატურალიზებაზე ლაპარაკი არ ყოფილა, რადგან მწვრთნელ იგორ კოკოშკოვს ტორინ გრინის იმედი აქვს და ევრობასკეტზე მის წაყვანას აპირებს.

როგორც ხედავთ, პარგოს ჩამოყვანა არ იგეგმება, არადა, ასეთი მაღალი დონის კალათბურთელის გაქართველება ურიგო ნამდვილად არ იქნებოდა.

ფედერაციის პრეზიდენტს ვკითხეთ გრინის შესახებ, რომელმაც გასულ კვირას ფეხის ტრავმა მიიღო და სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს.

- რამდენად სერიოზულია ტრავმა და რა დრო დასჭირდება გრინის რეაბილიტაციას, დღეს-ხვალ გაირკვევა. სხვა კალათბურთელის ნატურალიზებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიზრუნებთ, თუ გაირკვევა, რომ გრინი ვერ დაგვეხმარება.

დავინტერესდით ტაირონ ელისის საკითხითაც, რომელსაც საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან კავშირი ჯერაც არ გაუწყვეტია და მზადაა გუნდს დაეხმაროს.

- თუ გრინი გვეყოლება, მწვრთნელი ელისს ლიტვაში, ალბათ, აღარ წაიყვანს. ნაკრებს გამთამაშებელი სჭირდება. ელისი უფრო მსროლელია, გრინი კი კარგი პლეიმეიქერია. მწვრთნელ იგორ კოკოშკოვს ორივესთან უმუშავია და კარგად იცის, ნაკრებს რომელი უფრო გამოადგება.

ნაკრებში ასევე ორი გამთამაშებელია, გიორგი ცინცაძე და ლაშა გამყრელიძე... ერთი შეხედვით, გრინის პლეიმეიქერად გამწესებამ შესაძლოა მათ სათამაშო დრო შეუკვეცოს, მაგრამ რეალურად ასე არ მოხდება, რადგან საქართველოს ნაკრებს 6 დღეში 5 მატჩის ჩატარება მოუწევს.

- გასულ წელს 3 დღეში ერთხელ ვთამაშობდით და გუნდს დაღლა ეტყობოდა. ევრობასკეტზე გაცილებით რთული გრაფიკია და აქამდეც არაერთხელ მითქვამს - მოიგებს ის, ვინც ენერგიას ბოლომდე შეინარჩუნებს. ერთ მატჩში მხოლოდ 8 კაცი რომ დაიტვირთოს, მეორე დღისთვის სათანადო ენერგია არ შერჩებათ. წარმატებისთვის თორმეტივე კალათბურთელის გამოყენებაა უცილებელი.

ბევრს აინტერესებს, ნაკრების თავკაცი იგორ კოკოშკოვი შეკრებამდე საქართველოში ჩამოსვლას თუ აპირებს, რათა კანდიდატები საქმეში საკუთარი თვალით იხილოს...

- საქართველოში მოთამაშე ეროვნული გუნდის ყველა კანდიდატს იგორ კოკოშკოვს მისი ასისტენტი დავით უსტიაშვილი წარუდგენს. გაუგზავნის საინტერესო კალათბურთელების მატჩების ვიდეოჩანაწერებსაც და საკუთარ აზრსაც მოახსენებს.

როცა ნაკრების მოსამზადებელი გეგმა გამოცხადდა, გაურკვეველი იყო ორი გუნდის ვინაობა, რომლის წინააღმდეგ საქართველოს ამხანაგურად მოუწევს თამაში, ჯერ ესტონეთის საერთაშორისო ტურნირზე, შემდეგ - ჰოლანდიაში. ცნობილია, ეს ამერიკის კოლეჯების ლიგის წარმომადგენლები იქნებიან, თუმცა მათი ვინაობა ჯერ არ გარკვეულა.


სუპერლიგა
გამოგიტყდებით, გუშინ, ინტერვიუ შაბათს დასრულებული სუპერლიგის რეგულარული ეტაპით დავიწყეთ, თუმცა ჯერემი პარგოს მოულოდნელმა ამბავმა სტატიის წერისას ზემოთ საქართველოს ნაკრების ამბები აანაცვლა.

- მიმდინარე ჩემპიონატი წინამორბედებთან შედარებით განსხვავებულად დაიწყო და ასევე გრძელდება - საინტერესოა, რომ რეგულარული ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე არაერთი გუნდის საკითხი იყო გასარკვევი: რომელ ადგილს დაიკავებდა, ან სულაც მოხვდებოდა თუ არა პლეი ოფში. ეს კონკურენციის შედეგია, - თქვა ბესიკ ლიპარტელიანმა და განაგრძო:

- დაძაბულობის მატება გარკვეულწილად ლეგიონერების მომრავლებითაა გამოწვეული. ეს პირველობას სანახაობრივ მხარეს მატებს. იმედი მაქვს, სუპერლიგაში კიდევ უფრო ძლიერ უცხოელებს ვიხილავთ.

ჩემპიონატის მსვლელობისას არაერთი გუნდი იყო უკმაყოფილო მსაჯობით. ფედერაციის პრეზიდენტს ამ საკითხზეც ვკითხეთ...

- საერთაშორისო კატეგორიის სამი მსაჯი გვყავს. მათ ევროპა ენდობა და მათი ჩვენც ბოლომდე გვჯერა. თუმცა უშეცდომო არავინაა.

არსებობს სათანადო ორგანო, რომელიც მსაჯების მოქმედებას აკონტროლებს და რეაგირებასაც ახდენს. სხვათა შორის, ამ სეზონშიც იყო არბიტრის დასჯის პრეცედენტი. რაც შეეხება გუნდებს, ჩვენი დებულების მიხედვით მათ აქვთ მატჩის შემდეგ გარკვეულ დროში პრეტენზიის წერილობით შეტანის საშუალება. რასაც შესატყვისი გამოხმაურება მოჰყვება, თუმცა ასეთი წერილი არავის შემოუტანია. ასევე მნიშვნელოვანია, ყველა მწვრთნელი და კალათბურთელი კარგად იცნობდეს ჩემპიონატის დებულებას, რომელიც სეზონის დასაწყისში ფედერაციამ კლუბებთან შეთანხმებით დაამტკიცა.

მაისში სუპერლიგის პლეი ოფია, რომლის მსვლელობისას ბესიკ ლიპარტელიანს ლიტვაში მოუწევს გამგზავრება.

- მაისში მატჩები კიდევ უფრო დაიძაბება და სანახაობრივი მხარეც იმატებს. ჩემი აზრით მეოთხედფინალში გასული 8 გუნდიდან ექვსს აქვს მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი. მაისში ფიბას კონგრესი იმართება, რომლის დასრულების შემდეგ ლიტვის ყველა არენას დავათვალიერებთ. ევროპის ჩემპიონატის მასპინძლებმა ამ ღონისძიებისთვის პირველობის მონაწილე ყველა ქვეყნის დელეგაცია მიიწვიეს.







.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული